4.23.1 Филетизм, национализм в церкви

Филети́зм, или филетисм (греч. ... -греч. ἔθνος — «народ» + φυλή — «род, колено», племя"), — тенденция в поместных Православных церквях приносить общецерковные интересы в жертву национально-политическим, племенным. Осуждён как ересь на Поместном Константинопольском соборе 1872 года.

4.23.1 ფილეტიზმი, მეტომეობა, ნაციონალიზმი ეკლესიაში

ფილეტიზმი მეტომეობას ნიშნავს. სიტყვის ძირი ბერძნულია და ტომის, გვარის ნათესავის, ჯიშის, ჯილაგის სიყვარულზე მიუთითებს. (ბერძ. ἔθνος — «ხალხი» + φυλή — «ტომი, გვარი»)

.

ტერმინ „ფილეტიზმით“ ისეთი საზოგადოებრივ-პოლიტიკური ურთიერთობა აღინიშნება, როგორიცაა პიროვნებათა შერჩევა, ვთქვათ, სამსახურისთვის, თანამდებობისთვის, ეროვნების, ტომის, გვარის, მოჯიშ-მოჯილაგეობის მიხედვით. ვერ ვიტყვით, რომ ასეთი მიდგომა ყოველთვის ცუდია, მით უმეტეს - ყოველთვის კარგი. ზოგადად, რა თქმა უნდა, ცუდია. ცუდია, პირველ რიგში, ეკლესიის პოზიციიდან. ამიტომ საღვთო წერილსა და საღვთო გადმოცემას, ე.ი. მაცხოვარს, მის მოციქულებს, მოციქულთა სწორ კაცებს, ეკლესიის მამებსა და მასწავლებლებს მეტომეობის, მოგვარეობის, მონათესავეობის, მოჯიშ-მოჯილაგეობის, როგორც ურთიერთობის განმსაზღვრელი მოვლენის, ნებისმიერი გამოვლინების მიმართ მკვეთრად უარყოფითი დამოკიდებულება აქვთ.

'

__ ფილეტიზმის საწინააღმდეგო მუხლები __

გალატელთა 3

28. და აღარ არსებობს არც იუდეველი და არც ბერძენი, არც მონა და არც თავისუფალი, არც მამრი და არც მდედრი, ვინაიდან თქვენ ყველანი ერთი ხართ ქრისტე იესოში.

კოლასელთა 3

10. და შემოსილნი ხართ ახლით, რომელიც განახლებულია შემეცნებით მისი შემოქმედის ხატისამებრ,

11. სადაც არ არის არც ბერძენი, არც იუდეველი, არც წინადაცვეთა, არც წინადაუცვეთელობა, არ არის ბარბაროსი, სკვითი, მონა და თავისუფალი, არამედ ქრისტეა ყოველივე და ყოველივეში.

__ ფილეტიზმის წინააღმდეგ წერდნენ __

***

მრავალნი კაცთაგანნი ამპარტავან და ზვავ არიან და იქადიან გვარსა და ტომობასა ქვეყანისა ნათესავთასა. რომელი იქადის ნათესაობითა ქვეყანისაითა და ხორციელითა , უარუყოფიეს მას ნათესაობაი იგი ზეცისაი,სულიერი, რამეთუ ჩვენ ყოველნი ერთ ვართ და ერთი მამაი გვივის, რომელ არს ცათა შინა.

__ წმ. იოანე ოქროპირი ''მშვიდობისათვის''__

***

ეკლესია არ არის რომელიმე ქვეყნის მკვიდრი, ის მხოლოდ მყოფობს ამ ქვეყანაში, როგორც ხიზანი, ის წუთისოფლის გერია. ის არსებობს ამ წუთისოფელში მაგრამ არ ეკუთვნის ამ წუთისოფელს. ამიტომაც ავტოკეფალურ ეკლესიათა მიღებული სახელწოდების - "საქართველოს ეკლესია", "საბერძნეთის ეკლესია" და ა.შ. - ეკლესიოლოგური აზრია: -"ეკლესია, რომელიც იმყოფება საქართველოში", "ეკლესია, რომელიც იმყოფება საბერძნეთში" და ა.შ. . .

თუ დავუკვირდებით ქართულ "მარტვილობებს", დავინახავთ, რომ ის უცხოტომელნი, რომელნიც ქრისტესათვის ეწამნენ ქართლის მიწაზე, წარმოდგენილნი არიან არა როგორც ქართველობასთან ეროვნულად ინტეგრირებულნი, არამედ როგორც ქრისტეს მხედრობაში შემოსულნი. ისნი გახდნენ კათოლიკე სამოციქულო (ანუ უნივერსალური) ეკლესიის წმინდანნი საქართველოში მყოფი ეკლესიის გზით, რომელიც ასევე კათოლიკე და სამოციქულოა. სხვგვარად ჩვენს ქრისტიან წინაპრებს არც უფიქრიათ. დღეს ჩვენში დაკარგულია ეს შეგნება და ჩვენ, უნივერსალურის წინაშე თავისთავადობის დაკარგვის შიშით შეპყრობილებს, გვირჩევნია ვეძებოთ "ჩვენი ქრისტიანობა", "ჩვენი მართლმადიდებლობა", "ჩვენი ეროვნული ქართული ეკლესია" და ეს პატრიოტულ და მამულიშვილურ წმიდათაწმიდა მოვალეობად მიგვაჩნია. და ვერც კი ვამჩნევთ რომ ამ გზას ეკლესიის გადაგვარებამდე მივყავართ.

__ ზურაბ კიკნაძე __

***

ფილეტიზმი, როგორც ეკლესიოლოგიური ტერმინი, შედარებით ახალია. იგი 1872 წელს კოსტანტინოპოლის ადგილობრივ, მაგრამ გაფართოებულ კრებაზე შეიმუშავეს, როდესაც დაგმეს ეკლესიური ნაციონალიზმი ანუ, კონკრეტულად, ნაციონალური პრინციპით ეკლესიების დაყოფის გაუკუღმართებული წესი და მავნე პრაქტიკა, მწვალებლობა ანუ ერესი. კრებამ გაკიცხა ბულგარელი მართლმადიდებლები

ბულგარულ ფილეტიზმს ერისა და ეკლესიის იგივეობის რწმენა განაპირობებდა. მის მიმდევრებს სწმდათ, რომ ბულგარელი ერი და ბულგარეთის ეკლესია ერთი და იგივეა; ეს ბულგარული ეკლესიაა, რომელსაც საზღვრები არ აქვს. იგი მოქმედებს ყველგან, სადაც თუნდაც ერთი ბულგარელი მართლმადიდებელი ცხოვრობს. ასე რომ, ბულგარული ეკლესია ეროვნულ-ეკლესიური ცნებაა და არა ტერიტორიული.

მრავლისმეტყველი და დამაფიქრებელია რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის პოზიცია. უწმინდესმა სინოდმა აღნიშნულ ფორუმში მონაწილეობა არ მიიღო და კომენტარიც არ ინება, მაგრამ ყველამ იცოდა, რომ იგი სხვადასხვა არსით ბულგარულ საეკლესიო ნაციონალიზმს ახალისებდა. ანალოგიურ პოზიციაზე იდგნენ რუსი და ქართველი ლიბერალი პოლიტიკოსები.

საქართველოს საეკლესიო და პოლიტიკური ელიტა XX ს-ის პირველ ოცეულში როგორც პოლიტიკის, ისე რელიგიის სფეროში უფრო ლიბერალურ და პროდასავლურ პოზიციაზე იდგა, ამავე ქვეყნის ელიტა მალე, იმავე საუკუნის მიწურულსა და XXIს-ის დასაწყისში, ორმაგი სტანდარტის პოზიციაზე დადგა და უკიდურესი ეკლექტიზმი გამოიჩინა. ჩვენს პოსტრევოლუციურ სინამდვილეში ეს ეკლექტიზმი ღრმავდება: ჩვენი ქვეყნისა და საზოგადოების მმართველი ფენა პოლიტიკის განხრით თითქოს მკვეთრად პროდასავლური და ლიბერალურია, გნებავთ, - პროამერიკული, რწმენისა და ეკლესიის სფეროში - მკვეთრად ანტიდასავლური და ანტილიბერალური, გნებავთ, - პრორუსული, თუმცა ამ კვალიფიკაციას ყველა რატომღაც დიდ შეურაცხყოფად აღიქვამს.

ვითარება მართლაც არალოგიკური და წინააღმდეგობრივია, თუ კომიკური არა. პრეზიდენტები შევარდნაძე და სააკაშვილი, მაგალითად, ერთი მხრივ, თავმომწონედ გაიძახიან: დასავლური დონისა და სულისკვეთების მოღვაწეები ვართო! მეორე მხრივ, ეთანხმებიან და ტაშს უკრავენ ყველაფერს, რაც, ობსკურანტული და ნაცისტურ-ფუნდამენტალისტური სუნითაა გაჟღენთილი და მართლმადიდებლობას იჩემებს. ერთსაც და მეორესაც ლომის წილი მიუძღვის იმ ატმოსფეროს გამძაფრებასა და საკონსტიტუციო რანგის დოკუმენტის შემუშავებაში, რომლის სავალალო ნაყოფს დღეს უხვად ვიმკით და რომლის შთაგონების წყარო და საფუძველი ისევ და ისევ ფილეტიზმია.

საბჭოთა საქართველოს ნგრევისა და ნანგრევების ლანძღვა-ძაგების ჟამს როგორც საერო აქტივისტებს, ისე სასულიერო პირებს საერო მართლმადიდებლობა ანუ ეკლესიური ნაციონალიზმი მოეძალათ. ამ მოვლენამ ჩვენში ერისა და ბერის გონება გზადაგზა გლობალურად დაიპყრო. დავაკონკრეტებთ: მართალია, საქართველოს მართლმადიდებელმა ეკლესიამ ფილეტიზმი და ფილეტისტები მაღალი და ავტორიტეტული ხმით დაგმო, მაგრამ ის, რაც იგივე ფილეტიზმია, როგორც სასულიეროთა, ისე საეროთა დიდი უმრავლესობის შეგნებაში უვნებლად დარჩა. ეკლესიური ნაციონალიზმის აღმოფხვრა არამც თუ ვერ ხერხდება, არამედ იგი დროდადრო ძლიერდება და ნაირ-ნაირ ფორმებში იჩენს თავს. თანამედროვე ქართველ საზოგადოებაში უფრო და უფრო მყარდება ილუზია, რაც მეტად ახერხებ ქართველი ერის მართლმადიდებელ ეკლესიასთან იდენტიფიკაციას, თითქოს უფრო ძლიერი პატრიოტი ხარ.

ეკლესიური თვალსაზრისით სავალალო რეალობის წინაშე ვდგავართ. ლოზუნგს - ქართველი ერი და მართლმადიდებელი ეკლესია ერთი და იგივეა! - სხვადასხვა კონტექსტითა და ვარიაციებით ბოლო არ უჩანს. საქართველოშიც ზუსტად ის ხდება, რაც - რუსეთში. ამ აზრით, ეს ქვეყნები გაჭრილი ვაშლივით ჰგავს ერთმანეთს. ერთგანაც და მეორეგანაც გაიგონებთ: „მართლმადიდებლობა ჩვენი გენეტიკური კოდია!“ ტყუილად გვგონია, რომ საქართველომ ან რუსეთმა ფილეტიზმი დაძლია.

საკონსტიტუციო შეთანხმება, რომელსაც ჩვენში კონკორდატსაც ეძახიან, საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიასა და სახელმწიფოს შორის 2002 წელს გაფორმდა. უცნაურია, მაგრამ ფაქტია, რომ ამისათვის ყველაზე მეტად ის პოლიტიკოსები იღწვოდნენ, რომლებიც დემოკრატიასა და ლიბერალობაზე, ზოგადად პროდასავლურობაზე დებდნენ თავს. მათ შორის პრემიერ-მინისტრი ზურაბ ჟვანია და იუსტიციის მინისტრი მიხეილ სააკაშვილი აქტიურობდნენ. რა შინაარსის დოკუმენტი მოგვიმზადეს მათ?

გარემო და საფუძველი, რამაც ეს დოკუმენტი შვა, ფილეტური ცნობიერებაა, ე.ი. ეკლესიური ნაციონალიზმი, რაც მართლმადიდებლობის დამჩემებელი ჩვენი ერისა და ბერის ნადვილი სენია. მას არაერთგზის უჩენია თავი, რის გამოც პრობლემები შეგვქმნია როგორც ჩვენს თანამემამულე და თანამორწმუნე არაქართველებთან, ისე სხვადმორწმუნე და სხვადმადიდებელ ქართველებთან. საპატრიარქოს მესვეურებისა და ხელისუფლებისათვის დამაფიქრებელი უნდა ყოფილიყო ის, რაც ერთი ფილეტური დადგენილების გამო 1989 წელს აფხაზეთში მოხდა და რამაც იქ ვითარება უკიდურესად დაძაბა (მეტი დაკონკრეტებისგან თავს შევიკავებ). სამწუხაროა, რომ ეს და მსგავსი ინციდენტები ჩვენში განსჯისა და შეფასების საგანი არ გამხდარა; არ მომხდარა იმ საფუძველთა და გარემოებათა გამოკვლევა, რამაც აღნიშნული დადგენილების შემუშავებას ნოყიერი ნიადაგი შეუქმნა. პირიქით, ეკლესიურ ნაციონალიზმს ამ ამბის შემდგეგ მწვანე შუქი უფრო მეტად აენთო; იგი სახელმწიფო პოლიტიკად იქცა და იურიდიულადაც გაფორმდა. ფაქტი, რომ სახელმწიფო ღიად და თავმომწონედ მხოლოდ ერთ ეკლესიას მფარველობს, სხვის მიმართ უყურადღებობასა და უპატივცემულობას იჩენს, არის ფილეტიზმის აღზვების ნიშანი. სახეზეა ეროვნული და რელიგიური ნიშნებით საზოგადოების დახარისხება და დისკრიმინაცია.

„კონსტიტუციური შეთანხმების: დისკრიმინაციული შინაარსი კონცენტრირებულია პრეამბულაში:

„- მართლმადიდებლობა.. საქართველოში ისტორიულად სახელმწიფო რელიგია იყო, რომელმაც ჩამოაყალიბა მრავალსაუკუნოვანი ქართული კულტურა, ეროვნული მსოფლმხედველობა და ფასეულობები“.

დემოკრატიისა და კონსტიტუციის ზოგად კონტექსტში სქ ყველა დეტალი საკამათო და საკორექტუროა. რა დანიშნულება აქვს აქ, საკონსტიტუციო დოკუმენტში ხაზგასმას: საქართველოში მართლმადიდებლობა „ისტორიულად სახელმწიფო რელიგია იყო?“ სამი ათასი წლის განმავლობაში იყო ჟამნი, როდესაც მართლმადიდებლობა სახელმწიფო რელიგია არ იყო. გვეტყვიან: ჩვენ აქ ჟამებს და ჟამნებს კი არ ვგულისხმობთ, არამედ ამ რელიგიის მნიშვნელობას სახელმწიფოს აღმშენებლობაშიო. ესეც არაკორექტული მიდგომაა როგორც მეცნიერული, ისე საკონსტიტუციო რეგლამენტის თვალსაზრისით. არის თუ არა „მრავალსაუკუნვანი ქართული კულტურა“ მართლმადიდებელი და მხოლოდ მართლმადიდებელი რელიგიის ნაყოფი, მეცნიერული საკითხია და ამ თემაზე აზრთა სხვადასხვაობაა მოსალოდნელი. ყოველ შემთხვევაში ეს პრობლემა დემოკრატიული სახელმწიფოს გასარჩევი არ არის. თავისთავად საეჭვო მოვლენისა და ცნების „ეროვნული მსოფლმხედველობის“ (ეროვნული იდეოლოგიის?) მხოლოდ და მხოლოდ ერთ რელიგიასთან, მართლმადიდებლობასთან გაიგივება და ისიც საკონსტიტუციო რანგის ხელშეკრულებაში წმინდაწყლის ფილეტიზმი გახლავთ, დისკრიმინაცია მათი, რომლებიც საქართველოს მოქალაქეა (ტომით ქართველი თუ არაქართველი), მაგრამ სხვადმადიდებელი. მათ და მათთან ერთად ათეისტებს სახელმწიფო ამ დოკუმენტით „მრავალსაუკუნოვანი ქართული კულტურისაგან, ეროვნული მსოფლმხედველობისა და ფასეულობებისაგან“ მიჯნავს და რიყავს. ასეთი მიდგომით იგი მართლმადიდებელ ეკლესიასა და ქართველ ერს შორის ტოლობის ნიშანს დებს და, ნებსით, თუ უნებლიედ, სამოქალაქო დაპირისპირების ყუმბარას ამზადებს.

ნუ გავაკეთებთ, რაც არ გვინდა გაგვიკეთონ ჩვენ

ეს შეგონება საღვთო წერილსა და საღვთო გადმოცემაში არაერთგზის გაისმის (ტობ. 4:15; მატე 7:12; ლუკა 6:31; დიდაქე 2), მაგრამ ჩვენ, რომლებსაც მართლმადიდებლებად მოგვაქვს თავი, იგი არ გვახსოვს. ამიტომ ვაკეთებთ იმას, რაც არ გვინდა, რომ გაგვიკეთონ ჩვენ.

ჩვენ არ გვინდა, რომ ვინმემ სადმე, მაგალითად, იერუსალიმში, ჩვენ კულტურის ძეგლი და, კერძოდ, სათაყვანებელი შოთა რუსთაველის ფრესკა შეურაცხყოს, მაგრამ გვავიწყდება, რომ ასევე არ უნდათ ქართველ კათოლიკეებს, ვინმემ მათი წინაპრების საფლავები და ეკლესიათა ფესკები იავარყოს.

__ ნუგზარ პაპუაშვილი __