4.1.2. Не делайте дом Божий торговым домом

2Пар.7,20-22 Пс.92,5 Ис.56,7 Иер.7,9-14 Матф.21,12.[13] Мар.11,15-17 Лук.19,45.46 Ин.2,14-16

4.1.2. ნუ აქცევთ ღვთის სახლს სავაჭრო სახლად

2ნეშ.7,20-22 ფს.92,5 ეს.56,7 იერ.7,9-14 მათ.21,12.[13] მარ.11,15-17; 13,1.2 ლუკ.19,45.46 იოან.2,14-16

ბიბლიის მუხლები

2ნეშტთა 7

20 მაშინ აღმოვფხვრი მათ ჩემი მიწიდან, მათთვის რომ მაქვს მიცემული; და ამ სახლს, რომელიც ჩემი სახელისათვის განვწმინდე, მოვიშორებ ჩემი სახიდან და საიგავოდ და საქილიკოდ გავხდი ხალხთა შორის.

21 და ყველა, ვინც კი ჩაუვლის ამ სახლს, ერთდროს დიდებით მოსილს, გაოცდება და იკითხავს: ასე რისთვის მოექცა უფალი ამ ქვეყანას და ამ ხალხს?

22 იტყვიან: რადგან მიატოვეს უფალი, თავიანთი მამების ღმერთი, რომელმაც ეგვიპტის ქვეყნიდან გამოიყვანა ისინი და შეეთვისნენ უცხო ღმერთებს, თაყვანს სცემდნენ და ემსახურებოდნენ მათ, ამის გამო მოუვლინა მათ უფალმა ყველა ეს ბოროტება!”

ფსალმუნი 92

5 სანდოა შენი მოწმობანი, სიწმიდე შეშვენის შენს სახლს, უფალო, სამარადჟამოდ.

ესაია 56

7 ჩემს წმიდა მთაზე მივიყვან და ჩემს სამლოცველო სახლში გავახარებ; სასურველი იქნება მათი სრულადდასაწველები და მსხვერპლები ჩემს სამსხვერპლოზე, რადგან ჩემს სახლს სამლოცველო სახლი დაერქმევა ყველა ხალხისათვის”.

იერემია 7

9 იპარავთ, კლავთ და მრუშობთ, ცრუდ იფიცებთ, ბაყალს უკმევთ და სხვა ღმერთებს მისდევთ, რომელთაც არ იცნობდით.

10 მერე კი მოხვალთ და დადგებით ჩემ წინაშე ამ სახლში, ჩემი სახელით რომ იწოდება და ამბობთ - გადავრჩითო! რათა მერე ისევ ჩაიდინოთ ყველა ეს სისაძაგლე.

11 ავაზაკთა ბუნაგად იქცა თქვენთვის ეს სახლი, რომელიც ჩემი სახელით იწოდება? აჰა, მეც ვხედავ ამას!” - ამბობს უფალი.

12 "ახლა წადით ჩემს ადგილზე, რომელიც შილოშია, იქ, სადაც პირველად დავავანე ჩემი სახელი და ნახეთ, რა დავმართე მას ჩემი ხალხის, ისრაელის, ბოროტმოქმედების გამო.

13 ახლა კი, რადგან ყველა ეს საქმე ჩაიდინეთ, ამბობს უფალი, რადგან განთიადიდანვე გეუბნებოდით, გელაპარაკებოდით და არ გესმოდათ, გიხმობდით და არ მპასუხობდით,

14 რაც შილოს მოვაწიე, იმასვე მოვაწევ სახლს, რომელიც ჩემი სახელით იწოდება, რომელზეც დაიმედებულხართ და იმ ადგილს, რომელიც თქვენ და თქვენს მამებს მოგეცით;

მათე 21

12 შევიდა იესო ტაძრად და გამორეკა ყველა გამყიდველი და მყიდველი, ვინც ტაძარში იყო; ააყირავა ფულის გადამცვლელთა მაგიდები და მტრედების გამყიდველთა სკამები.

13 უთხრა მათ: "დაწერილია: ჩემი სახლი სამლოცველო სახლად იწოდება, თქვენ კი მძარცველთა ბუნაგად გიქცევიათ იგი!”

მარკოზი 11

15 მივიდნენ იერუსალიმში, შევიდა იესო ტაძარში და დაიწყო ტაძრიდან გამყიდველთა და მყიდველთა გამორეკვა; ააყირავა ფულის გადამცვლელთა მაგიდები და მტრედების გამყიდველთა სკამები.

16 არავის ანებებდა რაიმეს გატან-გამოტანას ტაძარში.

17 ასწავლიდა მათ და ეუბნებოდა: "განა არ წერია: ჩემი სახლი სამლოცველო სახლად იწოდება ყველა ერში? თქვენ კი ავაზაკთა ბუნაგად აქციეთ იგი”.

მარკოზი 13

1 ტაძრიდან გამოსვლისას ერთმა მოწაფეთაგანმა უთხრა: "შეხედე, მოძღვარო, რა მშვენიერი ქვებია და რა მშვენიერი შენობები!”

2 მიუგო იესომ: "ხედავ ამ დიდ შენობებს?! ქვა ქვაზე არ დარჩება აქ, ყველაფერი ჩამოიქცევა”.

ლუკა 19

45 შევიდა ტაძარში და დაიწყო მოვაჭრეთა გამორეკვა.

46 ეუბნებოდა მათ: "დაწერილია, ჩემი სახლი, სამლოცველო სახლია, თქვენ კი ავაზაკთა ბუნაგად აქციეთ იგი”.

იოანე 2

14 ნახა ტაძარში ხარების, ცხვრების და მტრედების გამყიდველნი და მსხდომარე ფულის გადამცვლელნი.

15 საბლისგან შოლტი გააკეთა და გამორეკა ტაძრიდან ყველა, ასევე ხარები და ცხვრები; ფულის გადამცვლელებს ფული დაუბნია და მაგიდები აუყირავა.

16 მტრედებით მოვაჭრეებს კი უთხრა: "გაიყვანეთ ესენი აქედან; და მამაჩემის სახლს სავაჭრო სახლად ნუ გადააქცევთ”.