3.48.32 Воскрешение усопшего с верой

3.48.32 მკვდრის აღდგინება რწმენით

3მფ.17,17-22; 4მფ.4,31-35 მათ.9,23-25 მარ.5,38-42 ლუკ.8,49-55 იოან.11,38-44 საქ.39-41

ბიბლიის მუხლები

3მეფეთა 17

17. ამ ამბების შემდეგ დასნეულდა იმ ქალის, სახლის პატრონის ვაჟი; იმდენად მძიმე იყო მისი სენი, რომ სიცოცხლის სუნთქვა აღარ იყო მასში.

18. უთხრა ქალმა ელიას: "რა საქმე მაქვს შენთან, ღვთისკაცო? ჩემი ცოდვების შესახსენებლად მოხვედი ჩემთან და ძეს მიკლავ?”

19. უთხრა ელიამ: "მომეცი შენი ძე”. უბიდან გამოართვა დედას ვაჟი და აიყვანა ზემოთვალში, სადაც თვითონ ცხოვრობდა; და დააწვინა თავის საწოლზე.

20. უფალს მოუხმო და თქვა: "უფალო, ჩემო ღმერთო! ნუთუ ამ ქვრივზეც მოაწევ უბედურებას, რომელთანაც მდგმურად ვარ, და შვილს მოუკლავ?”

21. სამგზის გადაემხო ბავშვს, უფალს მოუხმო და თქვა: "უფალო, ჩემო ღმერთო, ჩააბრუნე სიცოცხლე ამ ბავშვში!”

22. ისმინა უფალმა ელიას ხმა, დაუბრუნდა ბავშვს მშვინვა და გაცოცხლდა.

4მეფეთა 4

31. მათზე ადრე მივიდა გეხაზი და სახეზე დაადო ყრმას კვერთხი, მაგრამ არც ხმა გაისმა და არც ჩქამი. მობრუნდა მათთან შესახვედრად და შესჩივლა: "ვერ გაიღვიძა ყრმამ”.

32. შევიდა ელისე სახლში და, აჰა, მკვდარია ყრმა, მის საწოლზეა მიწვენილი.

33. შევიდა ოთახში, კარი შეიკეტა და ილოცა უფლის წინაშე.

34. ადგა და ზემოდან დააწვა ყრმას; პირი პირზე დაადო, თვალები თვალებზე, ხელის მტევნები ხელის მტევნებზე, განერთხა მასზე და გათბა ყრმის სხეული.

35. გაიარ-გამოიარა ოთახში და შემდეგ კვლავ განერთხა მასზე. შვიდჯერ დააცემინა ყრმამ და თვალები გაახილა.

მათე 9

23. მივიდა იესო მთავრის სახლში და დაინახა მესტვირეები და შეჩოჩქოლებული ხალხი.

24. უთხრა მათ: "წადით აქედან, რადგან არ მომკვდარა გოგონა, არამედ სძინავს”. და სასაცილოდ აიგდეს იგი.

25. ხალხი რომ გაიყვანეს, შევიდა იესო, ხელი მოკიდა და წამოდგა გოგონა.

მარკოზი 5

38. მივიდნენ სინაგოგის მთავრის სახლში; ხედავს, არეულობაა, ტირიან და მოთქვამენ.

39. შევიდა და უთხრა: "რაზე სწუხხართ და შფოთავთ? არ მომკვდარა ბავშვი, არამედ სძინავს”.

40. დასცინეს მას. მან კი ყველანი გამოაძევა, გაიყოლა ბავშვის დედ-მამა და თანმხლებნი და შევიდა, სადაც ბავშვი იყო.

41. აიღო ბავშვის ხელი და თქვა: "ტალითა კუმ!” რაც ნიშნავს: "გოგონა, შენ გეუბნები, ადექ!”

42. მაშინვე წამოდგა გოგონა და გაიარა, რადგან თორმეტი წლისა იყო; და დიდმა გაოცებამ შეიპყრო ისინი.

ლუკა 8

49. ჯერ სიტყვა არ დაემთავრებინა, რომ ვიღაც მოვიდა სინაგოგის უფროსის სახლიდან და უთხრა მას: "შენი ასული მოკვდა. ნუღარ შეაწუხებ მოძღვარს”.

50. იესომ კი ეს რომ მოისმინა, თქვა: "ნუ გეშინია, მხოლოდ ირწმუნე და გადარჩება”.

51. სახლში რომ მივიდნენ, არავის დართო ნება შიგნით შესულიყო, პეტრეს, იაკობის, იოანესა და გოგონას დედ-მამის გარდა.

52. ყველა ტიროდა და მოთქვამდა, მან კი თქვა: "ნუ სტირით. ის არ მომკვდარა, მხოლოდ სძინავს”.

53. ისინი კი დასცინოდნენ მას, ვინაიდან იცოდნენ, რომ მკვდარი იყო.

54. მან კი დაიჭირა მისი ხელი, შესძახა და თქვა: "გოგონავ, ადექ!”

55. დაუბრუნდა სული და უცებ წამოდგა, მან კი ბრძანა, საჭმელი მიეცათ მისთვის.

იოანე 11

38. იესო კი, კვლავ სულით შეძრული, მივიდა სამარხთან. ეს იყო გამოქვაბული, რომელსაც ლოდი ჰქონდა აფარებული.

39. თქვა იესომ: "მოაშორეთ ლოდი”. უთხრა მართამ, მიცვალებულის დამ: "უფალო უკვე ყარს, რადგან მეოთხე დღეა”.

40. უთხრა მას იესომ: "განა არ გითხარი, თუ ირწმუნებ, ღმერთის დიდებას იხილავ-მეთქი?”

41. და მოაშორეს ლოდი. იესომ თვალები აღაპყრო და თქვა: "მამაო, გმადლობ, რომ მისმინე.

42. მე ვიცი, რომ ყოველთვის მისმენ. ეს გარშემოკრებილი ხალხის გასაგონად ვთქვი, რათა ირწმუნონ, რომ შენ მომავლინე”.

43. ეს რომ თქვა, დიდი ხმით შესძახა: "ლაზარე, გამოდი!”

44. გამოვიდა მიცვალებული; ხელ-ფეხი სახვევებით ჰქონდა შეხვეული, სახე კი - სუდარით დაბურული. უთხრა მათ იესომ: "გახსენით, გაუშვით, იაროს”.

საქმეები 9

39. ადგა პეტრე და წავიდა. როცა მივიდა, ზედა ოთახში აიყვანეს. ნახა იქ ქვრივი დედაკაცები, რომლებიც ტიროდნენ და უჩვენებდნენ მოსასხამებსა და სამოსელს, რომლებსაც ქურციკი უქსოვდა, სანამ მათთან იყო.

40. პეტრემ ყველა გარეთ გაისტუმრა, მუხლი მოიყარა და ილოცა, მოუტრიალდა ცხედარს და უთხრა: "ტაბითა, აღსდექ!” ქალმა თვალი გაახილა და პეტრე რომ დაინახა, წამოჯდა.

41. ხელი გაუწოდა, წამოაყენა, დაუძახა წმიდებსა და ქვრივებს და ცოცხალი წარუდგინა იგი.

__თემაზე წერდნენ__

***

ყრმა ამაზასპანი, იდვა რვისა წლისა. მოიღო დედამან მისმა სარწმუნოებით და დადვა ცხედრითა წინაშე სვეტსა მას ნათლისასა (და ნანდვილვე ნათლისასა!), ევედრებოდა ნინოს:

- მოხედენ დედოფალო, ძესა ამას ჩემსა, სიკვდილად მიახლებულსა! რამეთუ ვიცი, ღმერთი ღმერთთა იგი არს, რომელსა შენ ჰმსახურებ და ჩვენ გვიქადაგებ.

მაშინ წმიდამან ნინო შეახო ხელი სვეტსა მას, დასდვა ყრმასა მას და რქვა:

- გრწმენინ იესო ქრისტე, ძე ღმრთისა, ცხოვრებისათვის ყოვლისა სოფლისა ხორცითა მოსრული! განიკურნე ამიერითგან და ადიდებდი მას, ვისმან ძალმან განგკურნა!

და მსწრაფლ აღდგა ყრმა იგი, ვითარცა უტკივნელი.

__ ლეონტი მროველი __