3.27.13. Моляшим идолам не отвечает Бог

Суд.1,14 Ис.42,17; 44,17; 45,20; 46,7 Иез.8,16

3.27.13. კერპებთან მლოცველთ არ პასუხობს ღმერთი

ეს.42,17-20; 44,17-20; 45,20; 46,7 ეზეკ.8,16-18

ბიბლიის მუხლები

ესაია 42

17. უკან დაიხევენ, სირცხვილით შერცხვებიან ქანდაკთა მოესავნი, კერპებს რომ ეუბნებიან: ჩვენი ღმერთები ხართო.

18. ყრუებო, ისმინეთ! ბრმებო, იყურეთ, რომ დაინახოთ!

19. ვინ არის ჩემი მორჩილივით ბრმა და ყრუ ჩემი მოციქულივით, მე რომ გავგზავნე? ვინ არის ბრმა ჩემი გამოსყიდულივით და ბრმა უფლის მორჩილივით?

20. ბევრი გინახავს და არ შეგინახავს; სასმენელი ღია გაქვს და არ გესმის.

ესაია 44

17. მისი მონარჩენი კი ღმერთად აქცია, თავის კერპად, რომლის წინაშე განრთხმულია, თაყვანს სცემს და ლოცულობს, ეუბნება: დამიფარე, რადგან ღმერთი ხარ ჩემიო.

18. არაფერი ესმით, ვერაფერს ხვდებიან, რადგან ამოუქოლათ თვალები, რომ ვერაფერი დაინახონ, და გულები - რომ ვერაფერს მიხვდნენ.

19. გულისხმაში ვერ მოდიან, არც ჭკუა აქეთ და არც გონება, რომ თქვან: ნახევარი ცეცხლში დავწვი, პურიც გამოვაცხვე ნაკვერცხლებზე, ხორცი შევწვი და ვჭამე; დანარჩენი სიბილწედ უნდა ვაქციო, ხის ნატეხის წინაშე უნდა განვერთხაო?

20. ნაცარს მწყემსავს, მოტყუებული გული გზაკვალს ურევს, ვერ იხსნის თავს და ვერ ამბობს: განა სიცრუე არ არის ჩემს მარჯვენაში?

ესაია 45

20. შეგროვდით და მოდით, ახლოს მოდექით ერთად, ხალხებიდან გადარჩენილნო! არაფერი ესმით თავიანთი ხის კერპების მტვირთველებს და იმ ღმერთის მლოცველთ, რომელსაც არ ძალუძს გადარჩენა.

ესაია 46

7. მხარზე შეიდგამენ და ატარებენ, მერე ჩამოდგამენ თავის ადგილზე. დგას და ადგილიდან არ იძვრის, შესძახიან და პასუხს არა სცემს, გასაჭირში ვერ ეშველება.

ეზეკიელი 8

16. მიმიყვანა უფლის სახლის შიდა ეზოში, და აჰა, უფლის ტაძრის შესასვლელთან, კარიბჭესა და სამსხვერპლოს შორის, დამდგარა ოცდახუთიოდე კაცი ზურგით უფლის ტაძრისკენ და პირით აღმოსავლეთისკენ და ეთაყვანებიან მზეს აღმოსავლეთით.

17. მითხრა: თუ ხედავ, ადამის ძევ? ნუთუ არ ეყო იუდას სახლს იმ სისაძაგლეთა ჩადენა, აქ რომ სჩადის, რომ აუვსია ქვეყანა ძალადობით და უფროდაუფრო მანრისხებს? აჰა, ცხვირთანა აქვთ მიტანილი რტოები.

18. მაშინ მეც რისხვით მოვიქცევი, არ ექნება შებრალება ჩემს თვალს და არ დავინდობ; თუნდაც მაღალი ხმით ჩამძახონ ყურში, არ მოვუსმენ მათ.