1.4.14 Грех не скрывается

Сирах.1,30 Матф.10,26 Мар.4,22 Лук.8,17; 12,2 Ин.8,3-9 Рим.2,16; 1Кор.3,13; 4,5; 2Кор.4,2 Еар.4,13

1.4.14 ცოდვა არ დაიმალება

- ხშირ შემთხვევაში კონტექსტიდან მოწყვეტით ციტირებენ ბიბლიის ამ მუხლებს და გულისხმობენ, რომ "ცოდვა არ დაიმალება" მათ.10,[26] მარ.4,22 ლუკ.8,17; 12,2

 

- თუმცა, ის მართალია, რომ არ დაიფარება, რასაც სირცხვილის გამო ფარავენ 2კორ.4,2

 

- უფალმა უწყის თითოეულის ცოდვა ინ.8,3-9

 

- არ არსებობს ქმნილება, დაფარული რომ იყოს მისთვის. არამედ ყველაფერი გაშიშვლებული და გაცხადებულია მის თვალთა წინაშე ებრ.4,13

 

- როცა მოვა უფალი, ნათელს მოჰფენს ბნელში დაფარულს და გაამჟღავნებს გულის ზრახვებს ზირ.1,30 რომ.2,16; 1კორ.3,13; 4,[5]

 

ბიბლიის მუხლები

 

ზირაქი 1

30. თავს ნუ აიმაღლებ, რათა არ დაეცე და შენს სულს უპატიობა არ მოაწიო, რადგან უფალი გააცხადებს შენს დაფარულს და საკრებულოში დაგამხობს, რომ არ მიეახლე შიშით უფალს და გული სავსე გქონდა მზაკვრობით.

 

მათე 10

26. მაშ, ნუ გეშინიათ მათი, ვინაიდან არ არსებობს დაფარული, რომ არ გამოჩნდეს, და არც რამ საიდუმლო, რომ არ გამჟღავნდეს.

 

მარკოზი 4

22. არ არსებობს დაფარული, რომ არ გამოჩნდეს, და არც რამ საიდუმლო, რომ არ გამჟღავნდეს.

 

ლუკა 8

17. ვინაიდან არ არსებობს დაფარული, რომ არ გამოჩნდეს, და არც რამ საიდუმლო, რომ არ გამჟღავნდეს და გაცხადდეს.

 

ლუკა 12

2. ვინაიდან არ არსებობს დაფარული, რომ არ გამოჩნდეს, და არც რამ საიდუმლო, რომ არ გამჟღავნდეს.

 

იოანე 8

3. ხოლო მწიგნობრებმა და ფარისევლებმა მოიყვანეს ქალი, რომელიც მრუშობისას შეეპყროთ, შუაში დააყენეს

4. და უთხრეს იესოს: მოძღვარო, ეს ქალი მრუშობისას შევიპყარით;

5. მოსემ კი რჯულში გვამცნო ამნაირების ჩაქოლვა; შენ რაღას იტყვი?

6. ხოლო ამას საცდუნებლად ეუბნებოდნენ, რათა ბრალი დაედოთ მისთვის. იესო კი დაბლა დახრილიყო და თითით რაღაცას წერდა მიწაზე.

7. მაგრამ რაკი დაჟინებით ეკითხებოდნენ, წამოიმართა და უთხრა მათ: ვინც თქვენს შორის უცოდველია, პირველად იმან ესროლოს ქვა.

8. მერე კვლავ დაიხარა და მიწაზე წერა განაგრძო.

9. ხოლო ისინი, ამ სიტყვების გაგონებისას, უხუცესებიდან მოყოლებული, სათითაოდ გაიკრიფნენ. დარჩა მარტო იესო და შუაში მდგომარე ქალი.

 

რომაელთა 2

16. საიმდღისოდ, როცა, ჩემი სახარებისამებრ, ღმერთი განსჯის კაცთა ფარულ საქმეებს იესო ქრისტეს მიერ.

 

1კორინთელთა 3

13. თვითეულის საქმე გამომჟღავნდება, რადგანაც ცხადყოფს დღე; ვინაიდან ცეცხლით მჟღავნდება და ცეცხლითვე გამოიცდება, ვინ რას აკეთებს.

 

1კორინთელთა 4

5. ამიტომ ნუ განსჯით უდროოდ, ვიდრე არ მოვა უფალი, ნათელს რომ მოჰფენს ბნელში დაფარულს და გაამჟღავნებს გულის ზრახვებს; მაშინ თვითეულს მიეგება ქება ღვთის მიერ.

 

2კორინთელთა 4

არ არსებობს ქმნილება, დაფარული რომ იყოს მისთვის. არამედ ყველაფერი გაშიშვლებული და გაცხადებულია მის თვალთა წინაშე

 

ებრაელთა 4

13. არ არსებობს ქმნილება, დაფარული რომ იყოს მისთვის. არამედ ყველაფერი გაშიშვლებული და გაცხადებულია მის თვალთა წინაშე, ვისაც ვაბარებთ ანგარიშს.

 

__თემაზე წერდნენ__

***

ქურდი სამ დღეს ბარმა მალა, სამასი - მთამ, მაგრამ მაინც გამოჩნდაო.

__ქართული ხალხური__

 

***

ბოროტი საქმე დღის სინათლეს ვერსად წაუვა, თუნდ დასამალად დედამიწა გადაეფაროს.

__შექსპირი__

 

***

ის ფიქრი ენაზე მოახტა და ურცხვი როსკოპივით გააშიშვლა.

__მიხეილ ჯავახიშვილი__

 

***

[გაგის და ჯარჯის იამზე უყვარდათ. მეგობრები იყვნენ და სანადიროდ წავიდნენ. მოინადირეს ჯიხვი და მწვადი შეწვეს გამოქვაბულში.] შემოსასვლელში ნარი იყო ამოსული და ლურჯად ყვაოდა...

- ხედავ სადამდე ამოსულა? - თქვა ჯარჯიმ.

- რა? - იკითხა გაგიმ.

- ნარი.

გაგიმ თოფში ტყვია ჩადო და გაიღიმა. მერე ჯარჯის უთხრა:

- ახლა რომ მოგკლა, ხომ ვერავინ გაიგებს.

- რას ვერ გაგებს? - გაიცინა ჯარჯიმ.

- იმას, რომ მე მოგკალი, - ისევ გაეღიმა გაგის.

- აი, იმ ნარს ხომ ხედავ?

- ვხედავ.

- აი იმ ნარს ვათქმევინებ, რომ შენ მომკალი.

გაგიმ გაიცინა და თოფიდან ტყვია ამოიღო.

ჯარჯიმ ცეცხლს შეშა დააყარა და მწვადები წამოაცვა ჯოხზე. ზურგით გაგისკენ იყო შებრუნებული.

უცებ დაიგრიალა თოფმა და ჯარჯი პირქვე ჩაემხო ცეცხლში.

[გაგიმ ჯარჯის ცხედარი ჭიუხებში დამარხა და საქმე ისე მოაწყო, რომ ყველას ეგონა ჯარჯი დაიკარგა.]

თხუთმეტი წლის მერე ნისლაურთ სოფელში, შემოდგომით, ზამთრის პირზე ხარებით ძნასა ლეწავენ ქალი და კაცი.

კაცი გაგი არის, ქალი - იმისი ცოლი იამზე...

კალოს შემოსასვლელში ნარი ამოსულა და ქარი აქეთ-იქით აქანებს.

გაგის გაეცინა.

- რა გაცინებს? ჰკითხა ცოლმა.

- არაფერი, - თქვა გაგიმ.

აღარ მოეშვა ცოლი, მითხარი რატომ გაიცინეო. გაგი არაფრით არ ამბობდა. აღარც ღამე მოასვენა ცოლმა. გაგიმ იფიქრა, ჩემი ცოლია, მას მერე თხუთმეტი წელია გასული და, მერე რა, ვეტყვიო.

- აი იმ ნარს ხომ ხედავ?

- ვხედავ, - თქვა ქალმა.

- მაგაზე გამეცინა, ჯარჯიმ მითხრა, რომ მომკლა, ნარს ვათქმევინებ, რომ მომკალიო. იმიტო გამეცინა. ნარს რისი თქმა შეუძლია.

მეორე დილით ცოლი აღარ დახვდა გვერდით. გაგის ზემოთი ბანიდან ფეხის ხმა მოესმა. აიხედა, ჯარჯის ძმას მოჰკრა თვალი.

იმავე წუთში იგრიალა თოფმა და სანამ მთლად წაერთმეოდა ამქვეყნიური ხილვები, ერთხელ კიდევ უკანასკნელად, კალოს შემოსასვლელში, ნარს მოჰკრა თვალი გაგიმ.

ქარი ქროდა და ნარს აქეთ-იქით აქანებდა.

__გოდერძი ჩოხელი__