1.1.57 Для интерпретации истин Библии

Неем.8,8 Лук.24,41-46 Ин.9,39-41 Деян.17,11.22.23.32-34; 2Пет.3,15.16 Рим.12,2; 2Кор.1,13 Евр.11,6

1.1.57 წმიდა წერილის განმარტებისა და ინტერპრეტაციისთვის

რისთვის არის საჭირო ბიბლიის კითხვასთან ერთად მისი განმარტება?

- არსებობს მცდარი მოსაზრება, რომ ბიბლია უბრალოდ უნდა წაიკითხო ყოველგვარი განმარტების გარეშე და მიიღო ისე, როგორც ისაა დაწერილი. წმ. წერილის ტექსტებს ისინი აღიქვამენ როგორც რაღაც საკრალურს. მათ არ ესმით, რომ საჭიროა ღვთის სიტყვის აღქმა, მიახლოება მასთან მაძიებელი გონებით საქ.17,11; 2კორ.1,13 ებრ.11,6

- ღვთის ხალხი არა მხოლოდ კითხულობდა, ისმენდა კიდეც მის განმარტებას ნეემ.8,8

- ღვთის სიტყვის დიდი ხნის მკითხველთათვის ნიშნეულია და არაერთხელ აღუნიშნავთ, რომ ხშირად არის, გესმოდა თითქოს რაღაცა, მაგრამ დროთა განმავლობაში "გადახარშე" და გაიგე სინამდვილეში როგორც უნდა გცოდნოდა. ეს იმის გამოა, რომ წმ. წერილი ღრმა საიდუმლოებათა გაცხადებაა და ყოველთვის ვერ სწვდები. ამიტომ გჭირდება ხელმეორედ ახსნა, ლოცვა, უფლისთვის სული წმიდის ხელმძღვანელობის თხოვნა, გონების გახსნა, გააზრება ლუკ.24,45

---

წაკითხულის ინტერპრეტაცია - გააზრება:

- წაკითხული ან მოსმენილი ჩვენს გონებაში "სუფთა ფურცელზე", "ნოლიდან" კი არ ლაგდება, არამედ იმ ცოდნაზე, რომელიც უკვე გაგვაჩნია.

- ლუკ.24,41-46 რისთვის დასჭირდა აღმდგარ იესო ქრისტეს ხელმეორედ აეხსნა განცვიფრებული მოწაფეებისთვის მისი აღდგომის მნიშვნელობა? - იმიტომ, რომ ისინი იყვნენ იუდეური სწავლების გავლენის ქვეშ, წინასწარმეტყველებებიდან მესიის პირველი და მეორე მოსვლა გაერთიანებულად ესმოდათ და როცა იესო საუბრობდა თავისი სიკვდილისა და აღდგომის შესახებ, მათ ამის გაგონებაც არ სურდათ - როგორ შეიძლება მოკვდეს მხსნელი, მესია? ისინი ელოდებოდნენ მისგან ისრაელზე მეფობას და არა სიკვდილს...

- როდესაც ახალმოქცეულს უხსნი, გიყურებს, ძველი ცოდნის გამო განცდაშია და ვერ გაუგია, რადგან "სუფთა ფურცელი" არ არის. საჭიროა ჩაღრმავება, განხილვა, გადაფასება და გონების განახლება, რაც ხშირად უმალვე არ ხდება და საჭიროებს თვითჩაღრმავებას რომ.12,2

- "სუფთა ფურცლები" არ იყვნენ არეოპაგში მსხდომარე ფილოსოფოსები, რომლებიც პავლეს იქამდე უსმენდნენ, ვიდრე "მკვდრეთით აღდგომა" შემოესმებოდათ, იმიტომ რომ მათ სწამდათ სულები, რომლებიც კავშირში არ შედიოდნენ რეალურ, მატერიალურ სამყაროსთან, არამატერიალური ღმერთის ხორცში აღდგომა იყო წარმოუდგენელი და კატეგორიულად მიუღებელი. აქ ერთმანეთს შეეჯახა კულტურა და რელიგია. სწორედ ასეთ შეჯახებას ვხედავთ ქართულ სინამდვილეში, როდესაც ვუხსნით მეორე მცნებას, რომ არ უნდა ვცემდეთ თაყვანს გამოსახულებებს (ამას ჩვენ ხომ არ ვამბობთ, არამედ ღვთის სიტყვა), გვეტყვიან: აპაპაპა, როგორ გეკადრებათ, ჩვენი მამა-პაპა ყოველთვის სცემდა თაყვანს ხატებსო!

- ერთ მოხუცს ღვთის სიტყვის მოსმენისას ღმერთი შეეხო და თავისი აღფრთოვანება და მადლიერება ასე გამოხატა: უნდა ავიდე ხატში და სანთელი დავუნთოო!.. (ხატი აღმოსავლეთ საქართველოში წარმართული კულტის შენობების ნაშთებია)

---

სწორი ინტერპრეტაციისათვის საჭიროა მონაკვეთის ჟანრის, დროისა და ადგილის, კულტურის დამახასიათებელი თვისებების ცოდნა

- მაგალითად, მდიდრისა და ლაზარეს ამბავი ჟანრობრივად იგავია, თუმცა ზოგმა შესაძლოა რეალობად წარმოიდგინოს და არალოგიკურ აზრამდეც მივიდეს, ვთქვათ, ჯოჯოხეთიდან სამოთხეში გადალაპარაკება შესაძლებელი ყოფილაო.

---

ადამიანებს ისიც აბნევს, რომ ბიბლია ერთია და ამდენი ქრისტიანული მიმდინარეობაა ქვეყანაზე, ხედავენ რა, რომ ისინი სხვადასხვანაირად განმარტავენ ერთსა და იმავე ადგილს... მათ უნდა იცოდნენ, რომ მიმდინარეობები განსხვავებული ინტერპრეტაციებია, რაც ხშირად კონკრეტული ტექსტის ბიბლიის მთლიანი კონტექსტიდან მოწყვეტით აღქმის შედეგია 2პეტ.3,15.16

- უნდა ვიცოდეთ, რომ კარგია ბიბლიის ბიბლიითვე განმარტება, ოღონდ კონტექსტს ჩვენს მიერ გამოტანილი აზრი არ უნდა შეეწინააღმდეგოს, ამიტომაა საჭირო ბიბლიის შესწავლა თემატური პარალელებით, რომლებიც სრულად მოიცავენ ბიბლიის მთელ ტექსტს.

- როდესაც ბიბლიის მთელი კონტექსტი ვიცით ამა თუ იმ ბიბლიური თემის შესახებ, სწორადაც ვიაზრებთ და არჩევანსაც სწორს ვაკეთებთ რწმენაში მოქმედებისთვის.

---

ასევე კარგია მისთვის, ვინც კიდევ ერთი სხვა ენა იცის, აქვს საშუალება წაიკითხოს მისთვის საჭირო ტექსტი სხვა თარგმანში. ყველა თარგმანი მთარგმნელის მცდელობის მიუხედავად წარმოადგენს ერთგვარ ინტერპრეტაციას.

- საქმე იმაშია, რომ ბიბლია იწერებოდა ებრაულ, არამეულ და ბერძნულ (ისიც ძველ ბერძნულ) ენებზე, რომლებიც ჩვენ არ ვიცით. დედნის ენებზე დაწერილ სიტყვებს ყოველთვის ვერ იაზრებენ მთარგმნელები და საკუთარი ინტერპრეტაციით გადიან ფონს, რაშიც მათი კულტურის ან დენომინაციური დოქტრინის თვალსაზრისებსაც გვახვევენ თავს ნებსით თუ უნებლიედ.

- მაგალითისთვის, სიტყვა "გენაცვალე" შეუძლებელია ვთარგმნოთ სხვა ენაზე. სომხებს აქვთ მსგავსი "ცავატანემ", მაგრამ ისინიც ამბობენ, რომ არ ითარგმნება. წარმოიდგინეთ, ბიბლია ქართულად რომ დაწერილიყო და მასში ყოფილიყო ჩვენი კულტურისთვის დამახასიათებელი ფრაზა "შემოევლეთ ერთმანეთს", რაც ნიშნავს კარგ ურთიერთ განწყობას და დამოკიდებულებას. მერე სხვებს რომ ეთარგმნათ სიტყვასიტყვით, რას მიიღებდნენ ამით? - არასწორ გაგებას და პრაქტიკას - ადამიანებს შეეძლოთ შემოევლოთ ერთმანეთის გარშემო!

---

და ბოლოს, უნდა აღინიშნოს, რომ ადამიანებს ახასიათებთ იმის განზრახ არ დანახვა, რაც ხელს არ აძლევთ. თავს იბრმავებენ პირადი თუ საკუთარი მიმდინარეობის კერძო დოქტრინალური ინტერესების დაცვის მიზნით და არ სურთ ჭეშმარიტებას გაუსწორონ თვალი. სიამაყეა მათში, რადგან სიამაყემ იცის უკვე რაღაც და სხვა რამის გაგონება აღარ სურს. სწორედ ასეთი ბრმები იყვნენ იესოს დროს ფარისევლები იოან.9,39-41

 

ბიბლიის მუხლები

 

ნეემია 8

8. კითხულობდნენ ღვთის რჯულის წიგნიდან, განმარტავდნენ და ხალხსაც ესმოდა წაკითხული.

 

ლუკა 24

41. მაგრამ რაკი სიხარულისაგან ვერ დაეჯერებინათ და განცვიფრებულნი იყვნენ, უთხრა მათ: საჭმელი თუ გაქვთ აქ?

42. და მისცეს მას შემწვარი თევზის ნაჭერი და ფიჭის თაფლი.

43. მანაც აიღო და შეჭამა მათ თვალწინ.

44. და უთხრა მათ: აი, სიტყვები, რომელთაც ჯერ კიდევ თქვენთან მყოფი გეუბნებოდით: რომ უნდა აღსრულდეს ყველაფერი, რაც დაწერილია ჩემზე მოსეს რჯულში, წინასწარმეტყველთა მიერ და ფსალმუნებში.

45. მაშინ გაუხსნა მათ გონება, რათა შეეცნოთ წერილი.

46. და უთხრა მათ: ასე დაიწერა და ასე უნდა ვნებულიყო ქრისტე, მესამე დღეს კი აღმდგარიყო მკვდრეთით,

 

იოანე 9

39. იესომ უთხრა: განსასჯელად მოველ ამ ქვეყნად, რათა ბრმებმა იხილონ, მხედველნი კი ბრმებად იქცნენ.

40. ეს რომ გაიგონეს, მასთან მყოფმა ფარისევლებმა უთხრეს: ნუთუ ჩვენც ბრმები ვართ?

41. უთხრა მათ იესომ: ბრმები რომ იყოთ, ცოდვაც არ გექნებოდათ; ახლა კი ამბობთ, ვხედავთო, და ცოდვაც თანა გაქვთ.

 

საქმენი მოციქულთა 17

11. ესენი უფრო კეთილშობილნი აღმოჩნდნენ, ვიდრე თესალონიკელნი, მთელი გულმოდგინებით მიიღეს სიტყვა და ყოველდღე წერილებს არჩევდნენ, ნამდვილად ასე თუ არისო.

22. დადგა პავლე შუა არეოპაგში და თქვა: ათენელებო, ყველაფერი, რასაც ვხედავ, იმას მოწმობს, რომ ძალზე მორწმუნენი უნდა იყოთ.

23. ვინაიდან, როცა ქალაქი დავიარე და დავათვალიერე თქვენი ტაძრები, ვნახე ერთი სამსხვერპლოც, რომელსაც აწერია: „უცნობ ღმერთს“! მეც სწორედ იმას გახარებთ, ვისაც შეუცნობლად ეთაყვანებით.

32. მკვდრეთით აღდგომა რომ გაიგონეს, ზოგიერომა დაცინვა დაუწყო, ზოგი კი ამბობდა: ამას სხვა დროს მოვისმენთ შენგანო.

33. ასე გამოვიდა პავლე მათგან.

34. ზოგიერთი კი მიემხრო და ირწმუნა; მათ შორის იყო დიონისე არეოპაგელი და, სხვებთან ერთად, ერთი ქალიც, რომელსაც დამარისი ერქვა სახელად.

 

2პეტრე 3

15. ჩვენი უფლის სულგრძელობა დასახეთ ხსნად, როგორც ჩვენმა საყვარელმა ძმამ - პავლემაც მოგწერათ მისთვის ბოძებული სიბრძნით.

16. ამასვე გწერთ ყველა წერილში, სადაც ზოგი რამ ისე ძნელი გასაგებია, რომ უმეცარნი და უმტკიცონი სხვა წერილების მსგავსად ამახინჯებენ მათ, რათა წარიწყმიდონ თავიანთი თავი.

 

რომაელთა 12

2. და ნუ მიესადაგებით ამ წუთისოფელს, არამედ გარდაისახენით თქვენი გონების განახლებით, რათა შეიცნოთ, რა არის ღვთის ნება - კეთილი, სასურველი და სრულყოფილი.

 

2კორინთელთა 1

13. რადგან სხვა რამეს კი არ გწერთ, არამედ იმას, რასაც კითხულობთ და ხვდებით, და იმედი მაქვს, რომ ბოლომდე მიხვდებით.

 

ებრაელთა 11

6. რწმენის გარეშე კი შეუძლებელია ესათნოვო ღმერთს, რადგან ვინც მას უახლოვდება, უნდა სწამდეს, რომ ღმერთი არსებობს და სანაცვლოს მიაგებს მის მაძიებელთ.