3.20.8. Песны прославления из поэзии

3.20.8. ღვთის სადიდებელი ნიმუშები პოეზიიდან

***

1. სიბრძნით განმგებელო იესუ,

სიტყუაო დაუბადებელო,

დაბადებულნი გადიდებენ

მამისა თანა სულით წმიდითურთ,

მარადის დაუდუმებელად

გიგალობენ ანგელოზნი

და გმონებენ ადამეანნი!

2. სუფევაჲ შენი სუფევა არს

უკუნითი უკუნისამდე.

შენ გადიდებენ,ქრისტე,

ერნი ზეცისანი, სულნი უჴორცოთანი.

შენ მოსცემ ლოცვასა

მდაბალთა ქუეყანისათა,

მორწმუნეთა სათნოთა,შენთა!..

__ იოანე მინჩხი მე-10 ს. __

***

რომლისაცა წინაშე ქედ-დადრეკილ არს ყოველი,

მუჴლი ყოველი მოდრკების და ენაჲ ყოველი

შენსა ჴმობს აღსარებასა, მეცა, სიტყუაო,

აღმსარებელსა მომხედენ!

__ დავით აღმაშენებელი __

***

ცასა ცათასა დამწყებ არს ღმერთმთავრობა,

ძე საუკუნობს პირველი და კვალადი,

სულმან მან ღმერთმან სრულყო მოქმედებადი,

სამებით სრულმან ერთითა ღმრთაებითა,

მიწით პირველის, პირმშოისა კაცისა.

შენ მიერ მისთვის დრკუსა მის განმგებელი

დრკუი მიდრკა უვნებელი ვნებისადმი,

ივნო და ვნება პირველი უვნებელ ყო...

__ თამარ მეფე __

***

რომელმან შექმნა სამყარო ძალითა მით ძლიერითა,

ზეგარდმო არსნი სულითა ყვნა ზეცით მონაბერითა,

ჩვენ, კაცთა, მოგვცა ქვეყანა, გვაქვს უთვალავი ფერითა,

მისგან არს ყოვლი ხელმწიფე სახითა მის მიერითა.

__ შოთა რუსთაველი __

***

შენ ხარ ვენახი, ახლად აღყვავებული,

მორჩი კეთილი, ედემს შინა ნერგული,

ალვა სულნელი, სამოთხესა მოსრული,

ღმერთმან შეგამკო, ვერავინ გჯობს ქებული,

და თავით თვისით მზე ხარ გაბრწყინვებული.

__ მეფე დემეტრე I __

__ ჩიტების ლოცვა __

ჩემო პაწია დაიებო, ჩიტუნიებო,

თქვენ ღვთისაგან ხართ, შემოქმედისგან!

ყველგან, ყოველთვის ღვთის ქება გმართებთ!

მან მოგანიჭათ სილაღე და ფრენის უნარი,

მოგცათ ფერადი შესამოსელი,

და უფრო მეტიც, _

უფალმა ნოეს კიდობანში

მიგიჩინათ თქვენი ადგილი,

რომ ფრინველთ მოდგმა შემოენახა,

და აგაცილათ გადაშენება.

ღმერთს უმადლოდეთ თქვენ ჰაერის სტიქიისათვის,

თქვენს სამყოფელად რომ განაწესა,

სანავარდოდ რომ დაგისაკუთრათ;

და უფრო მეტიც, _

არ თესავთ, არ მკით,

უფალი გკვებავთ და გასაზრდოებთ.

ღმერთმა გიბოძათ მორაკრაკე ნაკადულები,

რომ წყალი შესვათ;

თავშესაფარად მოგცათ მთები, მოგცათ ველები,

ხეები ზარდა, ტანმაღალი და რტომრავალი,

რომ მათ ტოტებში გამართოთ ბუდე;

თქვენ ხომ ჭრა-კერვა, ანდა ქსოვა არ გეხერხებათ, _

ღმერთმა დაგმოსათ თქვენც და თქვენი ნაშიერებიც.

უყვარხართ დიდი სიყვარულით უფალს, შემოქმედს!

უფალმა ღმერთმა თქვენ მოგმადლათ სიკეთე დიდი,

ამიტომ ჩემო ჩიტუნებო, პაწია დებო,

ნუ გაიკარებთ უმადურობას,

შეუსვენებლივ იგალობეთ,

გაიწაფეთ ღვთის ქებაში,

ღვთის დიდებაში!

__ ფრანჩესკო ასიზელი (1181/2 _ 1226) __

***

გზა განმიბანე, ნათლის ნაკადო,

რომ გამარჯვების საგალობელი ცის დარბაზებში ამოგღაღადო....

აჰა, ტრედს ვუხმე ჩემი კარვიდან...

ხრმლით მოვუნიშნე ცათა შორეთი, ქვე განვუფინე მზე და მთოვარე,

ფრთე დავუმძიმე ეპისტოლეთი და ღრუბლებისკენ ავაფრთოვანე....

- გასწი, გაფრინდი, ჩემო უსტარო, ჩემო კუშტო და ჩემო უშტარო,

რომ ზენაარის საუფლოებში ავამზევო და ამამუშთარო.

ტრედო, წარუძეხ ქროლვას ფიქრისას!..

ცის საკრებულოს შეატყობინე, რა სასოებით ვხმობდი აქამდე

და ღვთაებრივი ენამზეობით აამჭევრე და აალაქარდე.

__ შემუელ ჰანაგიდი მე-12 საუკუნის ესპანეთში მოღვაწე ებრაელი პოეტი __

***

მხოლოდ შენ გელტვი, შენთვის ვიგალობ, შენს საფიხვნოში ვჯდები მეფურად,

ჩემო ციხევ და, კლდეო პიტალოვ, შენ გესიტყვები კვლავინდებურად;

შენთვის ძალს მაძლევს ძალი ძლიერი, შენსკენ მომაქცევს ჩემი ოცნება

და სიხარული სულისმიერი კვლავ სიმღერებად შეგეფრთოსნება.

__ შემუელ ჰანაგიდი __

***

ნათებაო, ნათებაო, ჭეშმარიტო ნათებაო, სიყვარულის ნათებაო, ელვე!

ღამეს მიკვლევს უფლის თვალი, ბნელში მეორნატებაო, - ბნელში მეორნატებაო, ელვე!...

აღარც ცრემლი მწყლავს, აღარც ნაღველი,

ბაღში ბზა ბრწყინავს, ზვარში - კედარი,

მზით მოოჭვილი სანიდაყვენი, მზე - ოქროებით ნაპირკეთალი...

განიხარეთ, განიხარეთ, მზეობს სიტყვა მეფისაო,

ცაო, შეგთხოვთ - მადლი გადმოგვაპკურო!...

ძალს მეუფისას დავევედრები, ვეღარც მტერი მძლევს, ვეღარც მეკობრე,

კვლავ დავიმგზავრე ცეცხლის ეტლები, მზის ასაბიას დავემეგობრე,

ვერც მაწყევარი შემომაწყევლის, ფრთე სინათლისა თავზე მევლება,

ვაზო, უფლის დანერგულო, - ზრდილო ოქროს მტევნითაო,

სად მოსულხარ სადაური, ვისი ქარი გდევნიდაო!..

ფრთეო ქერუბიმისაო, ნათლით გარე-შემოსილო,

კურთხეულო სიყვარულის საკურთხევლითაო!...

- სძალო, ვაზის მტევანი ხარ, - უფლის ბაღში მოწეული!..

მესიის სატევარი ხარ, ბაღი ხარ, მოშადრევანე!..

ისევ..

- ტაძარი ხარ, გაბრწყინებული!..

- სათნოებისა ჩემის ვანი ხარ, ამღერებული!..

მემუსიკენი ვარსკვლავს გადრიან... ძმის გალიაკში შეხვალ ადრიან...

და მოწყენილი შიმუნვარები ყრუ საწადელით შემოგნატრიან?

თაფლად მოიღვრები საღვთო ბარძიმიდან,

წმინდა საკურთხევლებს მოეშარბათები....

განიხარეთ, მესაყდრენო, აღხდა სიტყვა მეფისაო,

აღორძინდა ძლევის ნაშთი, აღჩნდა ნადარბაზალი...

აღსდგა სახლი შვებისაო, სახლი სასოებისაო,

ახმიანდა სათნოების ტაძარი!..

შიგ სიყვარული შემოვასახლე, ბადაგს ვასმევ და გვირგვინს ვუკონი,

ისევ ისე ფშვენს ვარდის სასახლე, კვამლს გამოსცემენ საგუნდრუკონი....

ისევ შენსკენ მოვიქცევი, სახლო სათნოებისაო, შენსკენ ვილტვი, სასოების სადგურო!...

მწყემსი ისევ მწყსის, იძოვს მძოვარი, ცხოვარს არ სწადის მინდვრის დაგდება,

კვლავ ოქროდ მიჩანს ნაოქროვალი და სამაგდანიც მიასმაგდება.

__ იეჰუდა ჰალევი მე-12 საუკუნის ესპანეთში მოღვაწე ებრაელი პოეტი. მთარგმნელი ჯემალ აჯიაშვილი __

__შაბათის საგალობლები__

....სადით სად დაძრწის მაცნე მეუფის, რად აყოვნებენ მალემსრბოლები?

- ელოე, ელოე, სულთა საესაო, რისთვის აგვიანებ, ელოე!..

აღარც ღვინო ჩანს აღარც ტაგანი, გაღმით არ ხმობენ შენი ბუკები,

ტანად - ვერ მატკბობ, ნაქანდაკარი, ვერც სურნელებად მეგუნდრუკები.

- ელვე სიხარულისაო, ელვე სიყვარულისაო, რისთვის აგვიანებ, ელვე!..

მე კვლავ მტვერში ვძრწი, ქარში ვილევი, გარე - მერტყმნიან ბნელი ჩრდილები,

მაინც შენ გელტვი საგულდაგულოდ, მაინც გესავ და გეჩურჩულები....

გესმის? - მრევლი გთხოვს ბინდი შებურო, ცით გარდმოფინო ცეცხლის ნიშები...

როდის - სად მოხვალ, ოქროცხებულო, რა საფიცარით შემემტკიცები?...

ძალო დღისავ და ძალო ღამისავ, - სათავისავ და შესართავისავ!...

მამცნე შენი ხმა, ზრახვა გამანდე, კვლავ განმიკაფე ზვარში ბინდები,

რომ შესაქმიდან მოაქჟამამდე დღე გამოვიხმო იმჟამინდელი.

- მაშინ მზე ენთო, მთვარეც ნათობდა, როკვით ვიდოდა გუნდი მნათობთა

და სიყვარულის საბაღნაროში ხმა მეუფისა დახალვათობდა...

მე კი უბრად ვჯექ... არა მჯეროდა, რომ ირღვეოდა კალთა ჩეროთა

და საღამეულ სიმარტოვეში ცის მოციქული გადმომცქეროდა.

გარნა რომ აღვსდექ, ნიში მენიშნა: თურმე ვიდრე ვწექ, ვიდრე მეძინა,

მზე ჩამოცრილა ცეცხლის ფიორად,

ფრთე მოქცეულა აღმაფრენისა და შემხებია ქერუბიონად.

ცით გადმოღვრილა სისხლის მორევი, შენ შემოსულხარ ბაღში მდუმრიად,

ბჭეს მოსდგომიან მალემსრბოლები და გალავნისთვის გარე-უვლიათ.

ბევრი უვლიათ... ცოტა უვლიათ...

მაგრამ შემკრთალან: თურმე სხივი ჩნდა, შენც იდუმალი ჰანგი ჩაგესმა

და ჩამიარე ბადემდუმრიად - ასე ტკბილმა და უსპეტაკესმა

ნეტავ, რატომ განმიდექი, ფრთეო სიხარულისაო,

რატომ გარე-მიიქცევი, ელოე!..

გული კვლავ ბორგავს, ბორგავს სხეული... კვლავ უდაბნოში დრტვინვენ სულები,

კვლავ სიბნელიდან გარე-ქცეული ცის საუფლოებს ვეჩურჩულები

მაინც თაფლად ფშვენს შენი სახელი...

ისევ მოვდგები მწყემსი უდები, კვლავ გამიხმობენ ბაღში თუთები,

შენც კვლავ აიკრავ ძუძუს აზღუდით, კვლავ კადნიერად ამეზღუდები.

მე კი შენს შუქში დავინაცრები, - შენი ჩრდილი ვარ! - გეტყვი ბეჩავად,

ისევ ვაშლობენ შენი ვაშლები, გარნა რა ხელვყრი გაუკბეჩავად.

მე მიწყივ ასე: მთიების, შვიდის, შვიდფერადოვან გვირგვინს გიკონი

და მიდის, მიდის, წვალებით მიდის, მზეს მინდობილი ქორონიკონი...

__ იეჰუდა ჰალევი __

***

- ისევ უცვროა ბაღი სულისა, ისევ უწყლო და უშადრევანო.

...როდის გარდმოხვალ, ცათა ნათელო, სასოს სულისას როდის მოიტან!

წარხდა ძველი დრო, განქრა ქარდაქარ, - კურთხეულ იყოს მისი ხსენება:

....შუქში ბოლავდა უცხო დრო-ჟამი, თეთრი შროშანი ფშვენდა ღელეში

და ძალი იგი, კელაპტროსანი, უტკბეს იყო და ...უსულგრძელესი.

....მივტიროდი დღეებს ყრმობისას, ჩემი ცხოვრება მიჩნდა სთვეულად...

მან კი მკლავებზე მეყვსეულად დამდო ბეჭედი

და სიყვარული განმიღვიძა ანაზდეულად....

საზრდო არ მქონდა, არცრა მებადა... მან მომაწოდა თაფლის ფიალა,

თვალწინ დამიდი წიგნი მცნებათა და შემეცნება ამიფრთიანა.

აღარც მაწვიმდა, აღარც მათოვდა, ვაშად ბრუნავდა გუნდი მნათობთა

და ნათლიერის სიკამკამეში ცის ანგელოსი დაფარფატობდა...

...ხალხიც ილტვოდა გულთა საოხად, სასოს სულისას მოიძიებდა...

და მაშრიყიდან მრევლი დაიძრა, გარემოიქცა ჯარი მლოცავთა....

შემწედ გზა მიჩნდა სათნოებათა, სულთა საოხად ჩანგი მებადა...

და აღიძვროდა ზეციერის სადიდებელი,

ცის გუმბათებში მაღლდებოდა ქება-ქებათა:

ქებას კადრებ, საქებარო, ქება ჩემი - კანდელიო, ჰალელუ!

შეგეყრები შორიახლო, შეგეშარავანდედიო, ჰალელუ!

ჰალელუ და უგალობდეთ უფალსა!

მღერდე, უფლის უფლებაო, ღამეს ცეცხლი უქრებაო, ჰალელუ!

მიირხევა ღრუბლის კალთა, ბნელში მიიქუფრებაო, ჰალელუ!

ჰალელუ და ადიდებდეთ, ჰალელუ!

დამსაზღვრელო სავანთაო, მზემან შუბი ამართაო, ჰალელუ!

ბინდის მაცნე მოიხელთა, ნისლი მოაქამანდაო, ჰალელუ!

ჰალელუ და, გიხაროდენ, ჰალელუ:

მოიეც სულთა სიამეო, კვლავაც ცეცხლად იალეო, ჰალელუ!

გარდმოაგე ნათლისვეტი, სული აგვიმზიანეო, ჰალელუ!

ჰალელუო, ძალთა ძალნო, ჰალი, ჰალი, ჰალელუო!

კვლავაც: "ჰალელუ!:" - აღმა ვიარე, ცას შევუსართე ცეცხლის სიალე

და სამეუფო საგალობლები მზის საუფლოებს შევუმზიანე.

მის წიაღებში დავიბინადრე,

დავიბინადრე: ფშვენდა ვენახი, ყრუდ ნანაობდა კალთა ნიავთა,

მაგრამ განმოდგა უცხო სინათლე და შემოქცევა დაუგვიანდა

დიდხანს ველოდი, გარნა ამაოდ: ვერ მოუბრუნდა წყალი სათავეს,

ვეღარც მზემ მორთო ცათა სამრეკლო, ვერც აისებმა ითანდათანეს.

გასრულდა ლხინი, დარბაზები დაცარიელდა,

ბნელში ჩარიგდნენ სეფეწულები, მიწყდა ძახილი ჩემი ირმისა

და კიდეები დასალიერთა ჩამავალი მზის ბრწყინვალებამ მოაყირმიზა...

მაშინ გავძახე ტაძრის გუმბათებს, ვეღარც თაღი ვცან, ვეღარც სათაღე

და განშორების საგოდებელი ცის სამკვიდროებს ამოვქადაგე.

მეუფეო ჟამისაო, მტერმან ციხე დამიცაო, ავაი!

სასოებან განმირიდა, ჭმუნვან გამითავისაო, ავაი!

ავაი, ზარო მოზარეთაო, ავაი!

გელტვი, ნათლის სახებაო, მიმძიმს ჩქამის გაღებაო, ავაი!

ბაგე კეთილმოსავისა კრძალვით შეგეზარებაო, ავაი!

ავაი, ზარო მოძალეთაო, ავაი!

სინათლეო, სინათლეო, ისევ ძრწოლვით გინატრეო, ავაი!

წარმიძეხი უფლის ვანში, შუქში დამაბინადრეო, ავაი!

ავაიო, ძალთა ძალო, ცრემლით გეტყვი: ავაიო!

... კვლავ კარიბჭესთან ავეყუდები....

ცრემლით მოგიხმობ ცით მომძახიან ნისლის ტბორები,

ისევ შენ გიმღერ შენთვის ვიგალობ, შენს ნაფეხურებს ვეამბორები...

...როდის გარდმოხვალ ცათა ნათელო, სასოს სულისას როდის მოიტან?..

__ იეჰუდა ჰალევი __

***

სულმან შენი ხმაც მოისაკლისა, ისევ მჭლე ვარ და ისევ ძაბუნი....

მეც განშორებით შეიწრებული, შენ მოგძახოდი უწინდებურად;

გარნა ვეღარ ვცან შენი ნიშანი: გულმიწურვილმან წარვთქვი ვაი და...

მცველნი შემომხვდნენ ქალაქისანი, ვთქვი: "- სახელითა წმიდისაითა!.."

- მცველნო, რად გაკრთობთ ჩემი კანდელი, - უფლის მადლი მწევს, მადლი მაზევებს,

რომ დავუბრუნო შარავანდედი ტაძრის ნაშთებს და ნადარბაზევებს...

ძალი უშრეტ მაქვს, ცეცხლი - ულევი, მწადს - მოვიძიო ნათლის საბადო,

სძით განვიბანო სასძეურები, თაფლი ვიცხო და ვიანდამატო....

მაგრამ შემომწყრა ღმერთი მაღალი: დამცეს მცველებმა, მტვერი მაყარეს....

და ვაკვირდები ნამტირალევი - როგორ მშორდება შენი ზმანება....

და მწუხრეული შენი ნათელი ცის კალთებისკენ მიიკვამლება...

__ იეჰუდა ჰალევი __

***

"- ვაი და ვაი!" - ტირის კედარი, "ვაი და ვაი!" - მრევლი ვალალებს,

"ვაი და ვაი!" - ძალნი მძლეთანი ქვე აბრუნებენ ზეაღმავალებს.

"ვაი და ვაი!" - მოსთქვამს მდინარე... მე კი რა გკადრო შუქთა ზიარო,

ახლაც... აქ ვდგავარ, ნათლის წინარე, მაგრამ რას იტყვით შეგეხმიანო?

"დიდება შენდა!" - გავკადნიერდე?

" - დიდება შენდა!" - ჩანგი ვაქეზო?

თუმცა... რად გასცდი სამუტრიბოებს, რად გარდახვედი, უსპეტაკესო!

შუქი გთხოვე და... ბნელთან მაუბნე, მზე დამიჩრდილე, დამიჩეროე...

რაისთვის დამიტევე, რაისთვის დამაობლე, რაისთვის ამატირე, ელოე!...

გარნა რატომ მომირღვიე ბჭენი სიტკბოებისანი,

რაისთის განმიტევე, ელოე!..

ელო შეწყალებისაო, ელოე შებრალებისაო,

სასოების, სათნოების ელოე!:

__ იეჰუდა ჰალევი __

***

ახლოა იგი, შორია იგი - ჭეშმარიტების კეთილი თესლი.

ახლოა იგი... შორია იგი... უდრეკ ვარ, უდრეკ - მოვილტვი მაინც,

მაგრამ შენს მიერ შეცნობილია, მე ტანჯვით უნდა შევიცნო რაიც.

მაინც მოვდივარ, შუქთა მფინარო, რა უარია - ჩრდილში ვინანო...

თვალნი რად მომეც აღსახილველად, რად შემასმინე, შემასმინარო!

სიზმრად რად ვსახე ყოფნა ყოფადის, რად დაგვიმძიმე მოძღვნა ნობათის,

თუმცა... ვინ ახსნა შენი განგება, ცნობა ვინ შესძლო შეუცნობადის!..

ცით გვეზრახვები, ვედაფთაფები, ხელში გიპყრიეს ცეცხლი მარადი;

შენ ნათელი ხარ, სულთა ნათელი - უსხეულო და თავისთავადი.

დაბლით მზე გიფენს ცეცხლის ბისონებს: რა უმჯობეა - შუქში ბრწყინავდე!..

და წამისყოფა გაშორიშორებს არარაიდან სრულყოფილამდე.

ჩვენი მეზვრე ხარ, მეიალაღე, ჩრდილში ღიღინებს შენი გუთანი...

თესლი მოეც და წყალზე აღაგე შენი საყმო და აღსაყუდარი.

სასო შენ მიეც სასო მიხდილებს, შენ წარახდინე ძალი ძლიერთა,

შენგნით აღივსო კალთა ქვეყნისა, გზა უდაბნოსი განპოხიერდა.

ცის საუფლოში იშვებ მდუმრიად, ნუვის უფლიედ ახლო ევანოს...

და ვარსკვლავები გარე უვლიან შენს მოზეიმე სატახტრევანოს.

ვითარ გამშვენებს შუქში მგზავრობა; ცად გაიელვებს შენი სავსება

და საწუთროის დავლა-მრავლობა მტვრის უდაბნოებს დაემსგავსება.

სულს აგვიზევებ, მადლო ღვთისაო, რომ მარადიულ შუქში გვიზაო...

რა სათვალავით აღირიცხები, რიცხო, - დედაო ურიცხვისაო!

იტყვი - მზე ჩავა, ჩაიქუფრება, სათავეებად აქცევ ბოლოებს,

მხოლოდ მრავლად ხდის შენი უფლება, მრავალს - დაშლის და დაამხოლოებს.

კვლავ ქმნადობისთვის განემზადები, - ცამან შვება თქვას, მიწამ - კირთება

და ცისიერი შენი ნათელი ჩვენს მიწურებში შემობრწყინდება.

ხელში მოსინჯავს საღვთო პინაკებს, წილს განარიგებს ყოვლის მწირველი

და უდრტვინველად განაწილადებს თავად ერთი და განუწილველი;

ასეა, ასე: "თვალი თვალის წილ!.." - უხმოდ განწილავს ზღვას და ფრიალოს

რომ დაკარგული ჩვენი კავშირი ისევ შეკრას და შეამთლიანოს

მორთავს ფუძე-კარს, მორთავს ერდოებს, ტაბლას მიკურთხებს წმინდა მარილით,

სულს დაიხელთებს, დაიკერძოებს და წარუძღვება წინამძღვარივით...

__ აბრაჰამ იბნ ეზრა მე-12 საუკუნის ესპანეთში მოღვაწე ებრაელი პოეტი, ახსენებს შოთა რუსთაველი __

***

რაიც ყოფილი, თაო ჩემო, იგიც ყოფადი:

- აღარც წარსული, აღარც აწმყო, აღარც მყოფადი...

დღემდე ვერ სძლია სინათლემან უსინათლობას.

ვერც ცნობადისამ გადასწონა შეუცნობადი...

მიქრის ნათლის ფრთე, მიიფრთოსნება, ცის უდაბნოში ეტლად ისახვის

და ემზადება ჩემი ოცნება ამ სანეტარო ზეაღსვლისათვის.

დაბლა ვერ ვპოვე ნავსაყუდელი, ახლა შენ გელტვი, ზესთა საფარო,

უნდა გავლიო ქვეყნის ზღუდენი, მიჯნებს გავცდე და გავიმთაბარო.

უნდა შეგძრა და შეგაბარბაცო, უნდა მოგიზღო წილი საშენო,

ჩემო ციხევ თუ ჩემო დარბაზო, ძველის ნაშთო თუ ახალნაშენო!..

სხივს მივეწევი თვალსაწიერზე, - გულთ აღმებეჭდე უფლის ბეჭედო,

რომ განვიფინო დისკო მთოვარის და ვარსკვლავები გავიქვეშეთო...

მზის სამოსელი შემომეცრიცა, ფრთე ზუალისა გულზე მესობა,

გარე-მოვლით მწერს სიმრგვლე ეტლისა და სფეროების მრავალკეცობა.

გზებზე მინელდა ნისლის თარეში, ცით გარდამოდის გარდმოსადენი

და აღმაფრენის სინეტარეში წინ მიმიძღვება შენი ნათელი.

წინ მიმიძღვება... ბრუნავს ბოძალი, შვებას რა მომცემს: შენი ხსენება!

და რაობანი საწუთროსანი არარაობად მომეჩვენება.

თუმცა ვინ მიხმობს: - "უკუმომყევი!.."

ვისი ლანდი მდევს ღრუბლის ფრთესავით,

ვინ მეზრახება - თესლის მომღები კვლავ შეცვალეო უკუმთესავით!..

ვინ მეზრახება... ვზივარ წყლის პირად, ყრუდ ნანაობენ ნელი ჭავლები

და უხილავის თეთრი ეტლებით ბნელ სანახებში მივემგზავრები.

... კვლავ უდაბნოში ბინდი ისახვის, გმადლობ, უფალო, აჰა, ესერა:

ჩანს უნაყოფო ქმედებისათვის მეც უწინდელთა ხვედრი მეწერა.

ხილვად მეწადა ზესთა კრებული, გარნა შენი გზა ვეღარ მოვლანდე,

სული კი, სული, - შეჭირვებული, რბის გარემოის გარე-მოვლამდე.

გარნა რა ისმის: უსაძრაობაო, იგივ დუმილი ცათა კრებულის...

ვერა, ვერ ავხსენ ბედის რაობა, არსი ვერ ვცანი ზეარსებულის.

ბოლოს აქ შევდექ... კარი შევაღე, ცრემლი შევფინე ღრუბლის კარბაზე

და მწუხრეული საგალობლებით ცის ჩრდილოვანში შევიდარბაზე...

__ აბრაჰამ იბნ ეზრა მე-12 საუკუნის ესპანეთში მოღვაწე ებრაელი პოეტი __

***

...იესო ტკბილო, სიყვარულო, უფალო ჩემო,

შენა ხარ ჩემი მაცხოვარი, ხარ მხსნელი ჩემი!

როს გავნაპირდი წუთისოფლის სიამეთაგან,

მას აქეთია, აღარსაით მიმიწევს გული.

უფალო იესო, ჩემი გული შენი ტყვე არის.

როს ხელთუქმნელი მშვენიერება

დაეპატრონა ჩემს სულსა და გულს, _

ჩემი დიდება წალეკა და ქარს გაატანა;

შენმა მშვენებამ როს ჩემს სულში დაისადგურა, _

მას აქეთია, უფალო ჩემო,

აღარ მაქვს გულში მე ადგილი სხვა სტუმრისათვის.

__ ემანუილ სვედენბორგი (1688-1772) __

***

ერთი ვჰთქვა ქვეყნად უფალი, ღვთისებრ მსაჯულად მქცეველი

მასწავლებელი უსწავლელთ, უსჯულოთ მომაქცეველი,

აღმ[მ]ართებელი დაცემულთ, აღმართულთ გარდამქცეველი;

თვისთა სამწყსოსა ცხვართათვის სისხლისა დამაქცეველი.

__ დავით გურამიშვილი __

***

როცა მიბრძანებ გიგალობო,

ასე მგონია, სიამაყით გამისკდება გული და ვუმზერ,

მე შენს სახეს ვუმზერ მაშინ და ცრემლები მადგება თვალზე,

ჩემი ცხოვრების სიდუხჭირე და სალმობანი

ერთ ტკბილხმოვან გალობად ისმის.

და შენდამი თაყვანისცემა ფრთებსა შლის ლაღი ჩიტივით,

ზღვა რომ უნდა განვლიოს ფრენით.

ო, მე ვიცი, შენ გახარებს ჩემი სიმღერა,

და მე ვიცი, შენს წინაშე გალობით რომ უნდა წარმოვდგე

ჩემი სიმღერის შორს გატყორცნილ ფრთათა ბოლოთი

მე ვეხები შენს ფერხთ, სადამდეც ვერასოდეს ვერ ავმაღლდები,

და მე სიმღერის სიხარულით მთვრალს

მავიწყდება ჩემივე თავი.

და შენ - ჩემს მოძღვარს - მეგობარს გარქმევ.

__ რაბინდრანატ თაგორი მე-20 საუკუნის ინდოელი მსოფლიო კლასიკოსი __

***

ღმერთო – სასოებავ ცრემლით სოველთაო!

ღმერთო _ სიყვარულო, ღმერთო ყოველთაო!

ყოველწამიერად შემოშველებაო,

ტაძრის დანგრეულის ახლად შენებაო!

ღმერთო _ დედამიწის ნატვრის ახდომაო,

ღმერთო _ სიცოცხლეო!

ღმერთო _ აღდგომაო!

გულთა ხრიოკთათა ცვართა პკურებაო,

ღმერთო _ აღმდგენელო!

ღმერთო _ კურნებაო!

ღმერთო დაგმანულ[.... კართა შეღებაო]

__ გოჩა ხარანაული __

***

როცა დავინახე

მადლი ღვთისა

მუხლზე დაჩოქილმა

შემოგბედე,

ღმერთო ცოდვილი ვარ,

შემომხედე...

გთხოვ, ხელს ნუ გამიშვებ,

შენ მოგენდე...

__ აკაკი გორგიაშვილი __

--------------------

ნიმუშები წარმოდგენილია შემოკლებებით (....)

--------------------

სურათზე: მოშე იბნ ეზრა