3.7.6 Не будь лицемером при молитве перед людьми

3.7.6 ნუ იქნებით თვალთმაქცნი ლოცვისას სხვების დასანახად

მათ.6,5-8; 23,5.14

ბიბლიის მუხლები

როცა ლოცულობთ, ნუ იქნებით, როგორც თვალთმაქცნი, რომელთაც უყვართ სინაგოგებსა და ქუჩის კუთხეებში დგომა და ლოცვა, რათა ხალხს თავი მოაჩვენონ. ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: მათ უკვე მიიღეს თავიანთი საზღაური. შენ კი, როცა ლოცულობ, შედი შენს ოთახში, ჩაიკეტე კარი და ილოცე დაფარულში მყოფი შენი მამისადმი; და შენი მამა, რომელიც დაფარულში ხედავს, მოგიზღავს შენ. ხოლო ლოცვის დროს ნუ ილაპარაკებთ ზედმეტს, როგორც წარმართები, ვინაიდან მათ ჰგონიათ, რომ თავიანთი მრავალსიტყვაობის გამო შესმენილ იქნებიან. ნუ მიბაძავთ მათ, ვინაიდან თქვენმა მამამ იცის, რა გიჭირთ თქვენ, ვიდრე სთხოვდეთ.

მათ. 6,5-8

[ფარისეველნი] ადამიანთათვის საჩვენებლად . . . იფართოვებენ თავიანთ სალოცავ თასმებს. . . მოსაჩვენებლად დიდხანს ლოცულობთ; ამისთვის უფრო მკაცრად დაისჯებით.

მათ. 23,5.14

__თემაზე წერდნენ__

***

არად ჩააგდო და არ დაესწრო ცისკრის ლოცვას როგორც მოძველებულ წესსა და მოდიდან გასულს; ადრე დაიკავო ადგილი, სანამ მწუხრის ლოცვა დაიწყებოდეს; გაიგო ვინ დადის ტაძარში და ვინ დგას გვერდით მხარეს, სად დადგე, რომ ყველამ დაგინახოს და საიდან არ ჩანხარ. ეს გახლავთ ჩვენი დროის ღვთის მოშიშთა უზენაესი ფიქრი და აზრი.

__ ლაბრუიერი __

***

შედის ეკლესიაში, მიიხედ-მოიხედავს და იმისდა მიხედვით, თუ ვინ იმყოფება იქ, ან მუხლს იყრის და ლოცულობს, ან აინუნშიც არ მოსდის, მუხლი მოიყაროს და ილოცოს. გვერდით თუ დაუდგა გავლენიანი და მაღალი ზნეობის კაცი, არათუ ლოცვას, ხმამაღლა ფიქრს, ოხვრა-კვნესასაც მოჰყვება. მაღალი ზნეობის კაცი თუ გასცილდება, ონუფრი მალულად თვალს გააყოლებს და რაკი აქ აღარ ეგულება, მყისვე დაშოშმინდება და კვნესას შეწყვეტს. აგერ, კიდევ ერთხელ შედის ღვთის ტაძარში. გაძვრება მლოცველთა შორის, ამოირჩევს ისეთ ადგილს, ყველამ რომ დაინახოს, რარიგ თავმდაბლად შეჰღაღადებს მაცხოვარს. თუ შემოესმა ხმამაღალი ლაპარაკი და სიცილი კარისკაცთა, რომლებიც ტაძარში უფრო მეტად ხმაურობენ, ვიდრე დიდებულთა მოსაცდელ დარბაზებში, მათ გასაჩუმებლად ისე დაიყვირებს, რომ კარისკაცთა ხმას დაფარავს და ისევ იძირება ღრმა ფიქრებში; ამ ბატონებს თავის თავს ადარებს და შედარება მის სასარგებლოდ მთავრდება.

__ ლაბრუიერი __

***

[ქალებთან] კარგა ხანს რჩება და ხალხს აფიქრებინებს, ვითომდა ლოცვასა და მარხულობაში განდგომოდეს წუთისოფლის ამაოებას. აბა ვის შეეპარება მის სიწმინდეში ეჭვი, როცა საზოგადოებას კვლავ მოევლინება მიტეტკილი და ფერმიხდილი.

__ ლაბრუიერი __