1.8.102 Лот

Быт.11,27.31; 12,5; 13,1.5-12; 14,12-16; 19,1-10.14-22.26.29-38; 2Пет.2,7.8

1.8.102 ლოტი

ბიოგრაფიული მონაცემები:

- აბრამის ძმისშვილი, ნახორის ძე დაბ.11,27

- დაობლებული, ბიძამ, თერახმა წაიყვანა აბრამთან ერთად ხარანში დაბ.11,31

- გაჰყვა აბრამს ქანაანში დაბ.12,5

- ახლდა აბრამს ეგვიპტეში დაბ.13,1

- დასახლდა სოდომში დაბ.13,5-12

- იხსნა მტრებისგან აბრამმა დაბ.14,12-16

- გაუწია მასპინძლობა ანგელოზებს დაბ.19,1-8

- იცავდა სტუმრებს დაბ.19,6-8

- სურდა სასიძოების გადარჩენა დაბ.19,14

- იქნა დახსნილი დაბ.19,15.16

- ღმერთმა იხსნა აბრაამის ლოცვის შედეგად დაბ.19,29

- მისი დაუმორჩილებელი ცოლი იქცა მარილის სვეტად დაბ.19,17.18.26

- დაათვრეს მისმა ასულებმა და მიუწვნენ დაბ.19,30-38

- მისი ნების გარეშე იქცა მოაბელთა და ყამონელთა მამად დაბ.19,37.38

.

მისი ხასიათი:

- ეგოისტურია დაბ.13,5-12

- არ არის მორალურად მყარი დაბ.19,6-10

- თავნება დაბ.19,14.19-22

- იტანჯებოდა თავისი მართალი სულით სოდომელთა ცოდვების შემხედვარე 2პეტ.2,7

.

ბიბლიის მუხლები

დაბადება 11

27. ეს არის თერახის შთამომავლობა: და შვა თერახმა აბრამი, ნახორი და ხარანი. ხარანს შეეძინა ლოტი.

31. წაიყვანა თერახმა აბრამი, თავისი ძე, ლოტი, ხარანის ძე - თავისი შვილიშვილი, სარაი, თავისი რძალი - აბრამის ცოლი, და მათთან ერთად წავიდა ქალდეველთა ურიდან ქანაანის ქვეყანაში. მივიდნენ ხარანამდე და იქ დამკვიდრდნენ.

დაბადება 12

5. თან წაიყვანა აბრამმა სარაი, თავისი ცოლი, ლოტი, თავისი ძმისწული, მთელი ქონება, რაც მოიხვეჭეს, ყმები, რომლებიც ხარანში შეიძინეს და გაუდგნენ ქანაანის ქვეყნის გზას; და მივიდნენ ქანაანის ქვეყანაში.

დაბადება 13

1. ეგვიპტიდან ნეგებისაკენ გაემართა აბრამი, თავის ცოლთან და ლოტთან ერთად; და ყველაფერი, რაც გააჩნდა, თან ჰქონდა.

5. ლოტსაც, რომელიც აბრამთან ერთად მგზავრობდა, ასევე ჰყავდა მსხვილფეხა და წვრილფეხა საქონელი და ჰქონდა კარვები.

6. და ვერ იტევდა მათ ის ქვეყანა ერთად საცხოვრებლად, რადგან დიდძალი ქონება ჰქონდათ და არ შეეძლოთ თანაცხოვრება.

7. დავა ჰქონდათ ერთმანეთში აბრამისა და ლოტის მწყემსებს; ქანაანელები და ფერიზელები ცხოვრობდნენ მაშინ იმ ქვეყანაში.

8. და უთხრა აბრამმა ლოტს: "ნუ იქნება უთანხმოება ჩვენ შორის, ჩემსა და შენს მწყემსებს შორის, რადგან ძმები ვართ.

9. განა მთელი ქვეყანა ჩვენს წინ არ არის? გავიყაროთ; თუ შენ მარცხნივ წახვალ, მე მარჯვნივ წავალ; ხოლო თუ მარჯვნივ წახვალ, მე მარცხნივ წავალ”.

10. აღაპყრო თვალები ლოტმა და დაინახა, რომ იორდანეს მთელი ტაფობი, ცოყარის მისადგომამდე კარგად ირწყვებოდა, როგორც უფლის ბაღი, როგორც ეგვიპტის მიწა. ეს იქამდე, ვიდრე უფალი სოდომსა და გომორს მოსპობდა.

11. და აირჩია ლოტმა იორდანეს მთელი ტაფობი. დაიძრა ლოტი აღმოსავლეთისკენ და გაეყარა კაცი თავის ძმას.

12. აბრამი ქანაანის ქვეყანაში დამკვიდრდა, ხოლო ლოტი ტაფობის ქალაქებში და სოდომამდე დასცა კარვები.

დაბადება 14

12. ლოტიც, აბრამის ძმისწულიც წაიყვანეს, მთელი მისი ქონებითურთ და წავიდნენ.

13. და მოვიდა ერთი ლტოლვილი ებრაელ აბრამთან და შეატყობინა ეს ამბავი. მაშინ იგი ამორელი მამრეს, ეშქოლისა და ყანერის ძმის მუხნარში ბინადრობდა; აბრამის მოკავშირენი იყვნენ ისინი.

14. როცა აბრამმა მისი ძმისშვილის დატყვევების ამბავი გაიგო, აღჭურვა თავის სახლში შობილი სამას თვრამეტი კაცი და სდია მტერს დანამდე.

15. გაიყვნენ ღამე აბრამი და მისი კაცნი, დაამარცხეს ისინი და ხობამდე სდიეს, რომელიც დამასკოს მარცხნივაა.

16. დაიბრუნა მთელი ქონება და თავისი ძმისშვილი ლოტიც, მისი ქალებითა და ქონებითურთ.

დაბადება 19

1. საღამო ჟამს ორი ანგელოზი შევიდა სოდომში, ლოტი კი ქალაქის კარიბჭესთან იჯდა. ისინი რომ დაინახა, ადგა, წინ მიეგება და მიწამდე სცა თაყვანი.

2. თქვა: "ჩემო ბატონებო, შემობრძანდით თქვენი მსახურის სახლში; ფეხს დაიბანთ, ღამეს გაათევთ და დილაადრიან თქვენი გზით წახვალთ!” უპასუხეს: "არა, მოედანზე გავათევთ ღამეს”.

3. მაგრამ ფრიად ემუდარა მათ ლოტი და მათაც შეუხვიეს და შევიდნენ მის სახლში. ნადიმი გაუმართა ლოტმა; ხმიადები დაუცხო და ჭამეს.

4. სანამ დაწვებოდნენ, მოვიდნენ სოდომის მკვიდრნი ჭაბუკიდან მოხუცამდე და სახლს შემოეხვივნენ ყველანი.

5. დაუძახეს ლოტს და უთხრეს: "სად არიან ის კაცები, ღამით რომ გესტუმრნენ? გამოიყვანე ჩვენთან, უნდა შევიცნოთ”.

6. გამოვიდა ლოტი მათთან გარეთ და გამოიხურა კარი.

7. უთხრა: "ძმებო, ნუ იზამთ ამ უკეთურებას.

8. აჰა, ორი ქალიშვილი მყავს, რომელთაც ჯერ არ შეუცვნიათ მამაკაცი; თქვენთან გამოვიყვან და რაც გენებოთ, ის უყავით; ოღონდ ამ კაცებს ნურაფერს დაუშავებთ, რადგან ჩემს ჭერქვეშ შემოვიდნენ”.

9. უთხრეს: "აქედან მოშორდი!” კვლავ უთხრეს: "ვიღაც უცხო მოსულხარ ხიზნად და უკვე სამართალს სჯი? ახლა მათზე უარესს შენ დაგმართებთ!” მიესივნენ ლოტს და კარების შემტვრევა მოინდომეს.

10. მაგრამ ხელი გამოიწოდეს ლოტის სტუმრებმა, ლოტი შინ შეიყვანეს და კარი ჩაკეტეს.

14. გამოვიდა ლოტი და ელაპარაკა თავის სასიძოებს, მისი ასულები რომ უნდა ეთხოვათ. უთხრა: "ადექით, წადით აქედან, რადგან ამ ადგილის განადგურებას აპირებს უფალი”. სასიძოებს ეგონათ ხუმრობსო.

15. განთიადისას, ააჩქარეს ანგელოზებმა ლოტი ამ სიტყვებით: "ადექი და წაიყვანე შენი ცოლი და ორი ქალიშვილი, აქ რომ არიან, რათა შენც არ დაიღუპო ქალაქის ურჯულოების გამო”.

16. მაგრამ აყოვნებდა ლოტი და ჩასჭიდეს ხელი იმ კაცებმა მას, მის ცოლსა და ორ ასულს, მათდამი უფლის წყალობის გამო, და ქალაქის გარეთ გაიყვანეს ისინი.

17. გარეთ რომ გაიყვანეს, უთხრა ერთმა მათგანმა: "თუ თქვენი სიცოცხლის ხსნა გინდათ, უკან ნუ მიიხედავთ და ნურც ამ დაბლობზე გაჩერდებით! მთას შეეფარეთ, თორემ დაიღუპებით!”

18. და უთხრა ლოტმა: "არა, ბატონო!

19. აჰა, რადგან მადლი ჰპოვა შენმა მსახურმა შენს თვალში და დიდია წყალობა, რომელიც არ დაიშურე ჩემი სიცოცხლის გადასარჩენად, მთას ვერ შევეფარები, ვაითუ უბედურებას გადავაწყდე და მოვკვდე!”

20. აჰა, ახლოსაა ეს ქალაქი გასაქცევად, თანაც უმნიშვნელოა. იქ შევეფარები და გადავირჩენ თავს”.

21. უთხრა: "ამ თხოვნასაც შეგისრულებ და არ დავამხობ ამ ქალაქს, შენ რომ ახსენე.

22. იჩქარე, იქ შეაფარე თავი, რადგან არაფრის ქმნა არ ძალმიძს შენს იქ მისვლამდე!” ამიტომ ეწოდა ამ ქალაქს ცოყარი ანუ უმნიშვნელო.

26. უკან მიიხედა ლოტის ცოლმა და იქცა მარილის სვეტად.

29. როცა ამხობდა ღმერთი იმ მხარის ქალაქებს, გაიხსენა ღმერთმა აბრაამი და გაარიდა ლოტი ნგრევას, როცა ანგრევდა იმ ქალაქებს, სადაც ცხოვრობდა ლოტი.

30. აიყარა ლოტი ცოყარიდან და თავის ორ ასულთან ერთად მთაში დასახლდა, რადგან ცოყარში ცხოვრების ეშინოდა და ცხოვრობდნენ ისინი მღვიმეში.

31. უთხრა უფროსმა ქალიშვილმა უმცროსს: "მოხუცდა მამაჩვენი, აქ კი მამაკაცი არ არის, რომ დაწვეს ჩვენთან, როგორც ქვეყნის წესია.

32. მოდი, დავალევინოთ მამაჩვენს ღვინო, დავათროთ, მივუწვეთ და გავაგრძელოთ მამაჩვენის შთამომავლობა.

33. დაალევინეს თავიანთ მამას ღვინო იმ ღამეს; მივიდა უფროსი და მიუწვა მამას. ლოტმა ვერც დაწოლა გაიგო მისი და ვერც ადგომა.

34. და მეორე დღეს უთხრა უფროსმა უმცროსს: "აჰა, ვიწექი წუხელ მამაჩემთან. ამაღამაც დავალევინოთ ღვინო; მიდი, შენც მიუწექი და გავამრავლოთ მამაჩვენის შთამომავლობა”.

35. იმ ღამითაც დაალევინეს ღვინო მამას; და უმცროსი დაც მიუწვა მამას. ლოტმა ვერც დაწოლა გაიგო მისი და ვერც ადგომა.

36. და დაორსულდა ლოტის ორივე ასული თავისი მამისაგან.

37. ეყოლა უფროსს ძე და სახელად მოაბი დაარქვა. ის არის მოაბელთა მამა დღემდე.

38. უმცროსსაც ეყოლა ძე, დაარქვა სახელად ბენ-ყამი და თქვა: "ძე ჩემი მოდგმისა”. ის არის ყამონელთა მამა დღემდე.

2პეტრე 2

7. ხოლო მართალი ლოტი, ურჯულოთა ლაგამახსნილი ქცევით დაჩაგრული, იხსნა,

8. რადგან ეს მართალი კაცი, რაკი მათ შორის ცხოვრობდა, დღითი-დღე იტანჯებოდა თავისი მართალი სულით, რაკი ხედავდა და ისმენდა მათ უკანონო საქმეებს.

-----------------------

სურათზე: გვიდო რენი - "ლოტი და მისი ასულები"