3.47.13. За веру готовые на смерть

Суд.5,18,, 11,38,, 16,30 Мар.10,37-39 Ин.13,37.38,, 15,13.15,, 17,4,, 21,18.19 Деян.7,58-60,, 8,1,, 14,3,, 20,[24].38,, 21,13,, 1Ин.3,16 Рим.8,35-39,, 2Кор.4,9.16-18,, 5,8,, 6,4.9 Флп.1,20-23,, 2,17 Кол.1,24,, 2Тим.1,12,, 4,6-8 Евр.11,35-40,, 12,1-3 Отк.12,11

3.47.13. რწმენისთვის თავდადება

მსაჯ.5,18,, 11,38,, 16,30 მარ.10,37-39 ინ.13,37.38,, 15,13; 21,18.19 საქ.7,58-60,, 8,1,, 20,[24].38,, 21,13,, 1ინ.3,16 რომ.8,35-39,, 2კორ.4,9.16-18,, 5,8,, 6,4.9 ფლპ.1,20-23,, 2,17 კოლ.1,24,, 2ტიმ.1,12,, 4,6-8 ებრ.11,35-40,, 12,1-3 გმცხ.12,11

ბიბლიის მუხლები

მსაჯულნი 5

18. სიკვდილი არად მიაჩნია ზებულონის ხალხს. ტრამალის ბორცვებზე ნაფთალია.

მსაჯულნი 11

38. უთხრა: წადი. ორი თვით გაუშვა, წავიდა იგი თავის დობილებთან ერთად და მთაში გამოიტირა თავისი ყმაწვილქალობა.

მსაჯულნი 16

30. თქვა სამსონმა: მოკვდი, სულო ჩემო, ფილისტიმელებთან ერთად! და მთელი ძალით მიაწვა. თავზე ჩამოემხოთ სახლი მთავრებსა და მთელ შიგმყოფ ხალხს. დახოცილები, სამსონმა სიკვდილისას რომ დახოცა, იმათზე მეტნი იყვნენ, სიცოცხლეში რომ ჰყავდა დანახოცი.

მარკოზი 10

37. მათ მიუგეს: მოგვეცი ნება, რათა შენს დიდებაში ერთი შენს მარჯვნივ და მეორე შენს მარცხნივ დავსხდეთ.

38. მაგრამ იესომ პასუხად თქვა: არ იცით, რას ითხოვთ. შეგიძლიათ შესვათ სასმისი, რომლითაც მე ვსვამ, და ნათლობით, რომლითაც მე ვინათლები, მოინათლოთ?

39. მათ თქვეს: შეგვიძლია, ხოლო იესომ მიუგო მათ: სასმისს, რომლითაც მე ვსვამ, შესვამთ, და ნათლობით, რომლითაც მე ვინათლები, მოინათლებით.

იოანე 13

37. უთხრა მას პეტრემ: უფალო, რატომ ვერ გამოგყვები ამჟამად? სულს დავდებ შენთვის.

38. იესომ მიუგო: სულს დადებ ჩემთვის? ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნები: მამლის ყივილამდე სამჯერ უარმყოფ მე.

იოანე 15

13. არავისა აქვს იმაზე დიდი სიყვარული, ვინც სულს დადებს თავისი მეგობრისთვის.

იოანე 21

18. ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნები შენ: სანამ ახალგაზრდა იყავი, სარტყელს შემოირტყამდი და მიდიოდი, სადაც გინდოდა; ხოლო როდესაც დაბერდები, ხელებს გაიწვდი, სხვა შემოგარტყამს სარტყელს და წაგიყვანს იქ, სადაც არ გინდა.

19. ხოლო ეს თქვა, რათა ენიშნებინა, როგორი სიკვდილით განადიდებდა იგი ღმერთს. ეს რომ თქვა, უთხრა: მომყევიო.

საქმე მოციქულთა 7

58. ქალაქგარეთ გაიყვანეს და ქვები დაუშინეს; მოწმეებმა კი თავიანთი სამოსი ფერხთით დაუწყვეს ერთ ჭაბუკს, რომელსაც ერქვა სავლე.

59. ქვებს რომ უშენდნენ, სტეფანე ღაღადებდა და ამბობდა: უფალო იესო, მიიბარე ჩემი სული.

60. მუხლი მოიყარა და შესძახა: უფალო, ნუ მიუთვლი მათ ამას ცოდვად. ესეცა თქვა და სული განუტევა.

საქმე მოციქულთა 8

1. ხოლო სავლე იწონებდა მის მოკვლას. იყო იმ დღეს იერუსალიმის ეკლესიის დიდი დევნა და ყველანი, მოციქულების გარდა, იუდეისა და სამარიის სხვადასხვა მხარეს მიმოიფანტნენ.

საქმე მოციქულთა 20

24. მაგრამ სიცოცხლე არად მიღირს, ოღონდაც კი დავასრულო ჩემი სარბიელი და მსახურება, რაც მომენდო უფალ იესოს მიერ, რათა ვმოწმობდე ღვთის მადლის სახარებას. =3.47.13.

38. უფრო იმ სიტყვის გამო იმდუღრებოდნენ, მან რომ თქვა: ვეღარ იხილავთ ჩემს სახესო, და მიაცილეს იგი ხომალდამდე.

საქმე მოციქულთა 21

13. მან კი მოგვიგო: ამას რას სჩადით? ტირილით მიურვებთ გულს? არამცთუ შესაკვრელად, საიმისოდაც მზადა ვარ, რომ იერუსალიმში თავი შევწირო უფალ იესოს სახელს.

1იოანე 3

16. იმით შევიცანით სიყვარული, რომ მან თავისი სული დადო ჩვენთვის; ჩვენც გვმართებს ძმებისათვის სულის დადება.

რომაელთა 8

35. რა განგვაშორებს ქრისტეს სიყვარულს: ვიწროება თუ ურვა, დევნა თუ შიმშილი, სიშიშვლე თუ საფრთხე, ანდა მახვილი?

36. (როგორც დაიწერა: „შენთვის გვხოცავენ ყოველდღე: ცხვრებად გვთვლიან, დასაკლავად განწირულებად“).

37. ყოველივე ამას ვძლევთ მისი წყალობით, ვინც შეგვიყვარა.

38. რადგანაც მწამს, რომ ვერც სიკვდილი და ვერც სიცოცხლე, ვერც ანგელოზნი და ვერც მთავრობანი, ვერც ძალნი, ვერც აწმყო, ვერც მომავალი,

39. ვერც სიმაღლე, ვერც სიღრმე და ვერც რაიმე სხვა ქმნილება ვერ განგვაშორებს ღვთის სიყვარულს ჩვენს უფალ ქრისტე იესოში.

2კორინთელთა 4

9. დევნილნი ვართ, მაგრამ არა მიუსაფარნი; გვამხობენ, მაგრამ ბოლოს ვერ გვიღებენ.

16. ამიტომაც არ ვიტეხთ გულს, რადგან თუ ჩვენი გარეგანი კაცი იხრწნება, დღითი დღე ახლდება შინაგანი.

17. ვინაიდან ჩვენი წამიერი და მცირედი ტანჯვა უზღვავსა და უსაზომო დიდებას შეიქმს ჩვენთვის,

18. როცა ხილულს კი არ მივაპყრობთ მზერას, არამედ უხილავს, ვინაიდან ხილული წარმავალია, უხილავი კი - წარუვალი.

2კორინთელთა 5

8. მაგრამ ნდობით ვართ აღვსილნი და გვიჯობს სხეულიდან გამოვსახლდეთ, რათა უფალთან დავესახლოთ.

2კორინთელთა 6

4. არამედ ყველაფერში ღვთის მსახურებად ვავლენთ თავს: მრავლის თმენაში, ჭირში, სიმძიმილში, ვიწროებაში,

9. თითქოს უცნობნი, მაგრამ ცნობილნი; თითქოს მომაკვდავნი, მაგრამ ცოცხალხი; თითქოს დასჯილნი, მაგრამ სიკვდილს გადარჩენილნი;

ფილიპელთა 1

20. თანახმად ჩემი მოლოდინისა და სასოებისა, რომ არაფერში შევრცხვები, არამედ მთელი სითამამით, როგორც ყოველთვის, ისე ახლაც იდიდება ქრისტე ჩემს სხეულში, სიცოცხლით იქნება თუ სიკვდილით.

21. რადგანაც ჩემთვის სიცოცხლე ქრისტეა, სიკვდილი კი - მონაგები.

22. მაგრამ თუ ხორციელად სიცოცხლე ნაყოფს შემატებს ჩემს საქმეს, არც კი ვიცი, რომელი ვირჩიო.

23. ერთიც მიზიდავს და მეორეც: გული მითქვამს, რომ გასვლა და ქრისტესთან ყოფნა ათასწილ უმჯობესია.

ფილიპელთა 2

17. მაგრამ სისხლადაც რომ ვესხურო თქვენი რწმენის მსხვერპლს და მსახურებას, თქვენთან ერთად ვილხენ და ვხარობ.

კოლასელთა 1

24. ახლა კი ვხარობ ჩემი ვნებების გამო, რომლებიც დავითმინე ჩვენი გულისთვის, და რაც დააკლდა ქრისტეს ურვას, ჩემი ხორცით ვავსებ მისი სხეულისათვის, რომელიც არის ეკლესია.

2ტიმოთე 1

12. ვისი მიზეზითაც ვევნები ასე, მაგრამ სულაც არა მრცხვენია, რადგანაც ვიცი, ვინც ვირწმუნე, და მწამს, რომ ძალუძს შეინახოს ჩემი წინდი იმ დღისათვის.

2ტიმოთე 4

6. რადგან მე უკვე გამზადებული ვარ სამსხვერპლოდ და ახლოვდება ჩემი მიქცევის ჟამი.

7. კეთილი ღვაწლით მიღვაწნია, სარბიელი გამილევია, რწმენა შემინახავს,

8. ამიერიდან მიმელის სიმართლის გვირგვინი, რომელსაც მომცემს მე მართლად განმკითხე უფალი იმ დღეს, და არა მარტო მე, არამედ ყველას, ვინც შეიყვარა მოვლინება მისი.

ებრაელთა 11

35. ქალებს აღმდგარნი უბრუნდებოდნენ თავიანთი მკვდრები, სხვები კი ეწამებოდნენ და უარს ამბობდნენ გამოხსნაზე, რათა გამხდარიყვნენ უკეთესი აღდგომის ღირსნი.

36. სხვებმა დაითმინეს გმობა და გვემა, სხვებმა კი - ბორკილები და დილეგი.

37. იყვნენ ჩაქოლილნი, შუაზე გადახერხილნი, ხმლით განგმირულნი, ცხვრისა თუ თხის ტყავებით მოარულნი, გაჭირვებულნი, ურვილნი, ძვირხილულნი (რომელთა ღირსიც არ იყო ქვეყანა),

38. უდაბნოებსა თუ კლდე-ღრეში მოხეტენი, მღვიმეებსა და ნაპრალებს შეფარებულნი.

39. ყოველ მათგანს კეთილი მოწმობა ჰქონდა თავისი რწმენის წყალობით, მაგრამ ვერ მიიღეს აღთქმული,

40. რადგანაც ღმერთმა წინასწარ განჭვრიტა ჩვენთვის უმეტესი სიკეთე, რათა ისინი უჩვენოდ ვერ გამხდარიყვნენ სრულქმნილნი.

ებრაელთა 12

1. ამიტომ ჩვენც, რაკიღა ღრუბელივით გარს გვახვევია ესოდენ მრავალი მოწმე, ჩამოვიშოროთ ყოველგვარი სიმძიმე თუ ხელ-ფეხ შემკვრელი ცოდვა და მოთმინებით გავლიოთ ჩვენს წინაშე მდებარე სარბიელი.

2. თვალი მივაპყროთ იესოს, რწმენის წინამძღვარსა და სრულმყოფს, მის წინაშე მდებარე სიხარულის წილ რომ დაითმინა ჯვარი, უგულებელყო სირცხვილი და დაჯდა ღვთის ტახტის მარჯვნივ.=2.3.28.

3. იფიქრეთ იმაზე, ვინც ყოველივე ეს დაითმინა ცოდვილთაგან, რათა არ შემდრკალიყავით და არ მიგხდოდათ სულის სიმხნევე.

გამოცხადება 12

11. იმძლავრეს მასზე კრავის სისხლით და მათი მოწმობის სიტყვით, და არ შეიყვარეს მათი სული, თვით სიკვდილამდე.

__თემაზე წერდნენ__

***

მაქსიმიანეს, იმპერატორ დიოკლეტიანეს თანამმართველის ალექსანდრიაში მისვლის ჟამს იქნა დაგზავნილი მაცნეები ყველა ქალაქებში, რათა მოეწვიათ ხალხი წარმართულ დღესასწაულზე. დღესასწაულზე ტაძარში შევიდა ერთი ქალიშვილი სახელად ეკატერინე. ის გამოირჩეოდა სილამაზითა და სიმდიდრით და მრავალი მდიდარი დიდებული ეძიებდა მის ხელს, მაგრამ ყველას უარს ეუბნებოდა. ახლა ტაძარში იგი ამხელდა მაქსიმიანეს, ეუბნებოდა:

“არ გრცხვენია, მეფე, ლოცულობ საზიზღარი კერპების წინაშე? შეიცან ზეციერი ღმერთი, დაუსაბამო და საუკუნო. მისი ნებით მეფობენ მეფენი და დგას სამყარო. ის ჩამოვიდა მიწაზე და იქცა კაცად ჩვენს სახსნელად.”

მაქსიმიანემ გამოამწყვდია იგი საპყრობილეში წარმართული ღმერთების უპატივცემლობისთვის. შემდეგ მან მოიწვია მეცნიერნი, რათა გადაერწმუნებინათ ქალიშვილი, მაგრამ მათ ვერ შესძლეს წინააღმდეგობა გაეწიათ მისთვის და მისი სიტყვებისთვის და თავი სცვნეს დამარცხებულად. მეფეს არ შეუწყვეტია მეცადინეობა მის გადასარწმუნებლად და ცდილობდა ეკატერინეს მოხიბვლას საჩუქრებით. პირდებოდა პატივსა და დიდებას, მაგრამ ის პასუხობდა, რომ მას ურჩევნია და უფრო ლამაზია წამებულის სამოსი, ვიდრე მეფური ბისონი.

იმჟამად მაქსიმიანეს მოუწია ქალაქიდან წასვლა საქმეებზე. დედოფალმა ავგუსტამ, მისმა ცოლმა, ბევრი რამ რომ სმენოდა მის საოცარ სილამაზესა და სიბრძნეზე, გადაწყვიტა ენახა იგი და მასთან საუბრის შემდეგ ისიც მოიქცა ქრისტიანულ რწმენაზე.

როცა მეფე დაბრუნდა, ისევ მოაყვანინა ეკატერინე. წმიდა აღმსარებლის სიმტკიცემ ისევ გაუღვიძა მას სიბოროტე. ბრძანა მოეტანათ ბორბალი ბასრი კბილებით და ემუქრებოდა ამ საშინელ წამების იარაღზე მიბმით, მაგრამ როდი შეაშინა ამან ეკატერინე. მაშინ მეფის ბრძანებით მიაბეს მასზე, მაგრამ როგორც კი დაიწყო წამება, უხილავმა ძალამ დაშალა წამების იარაღი და ეკატერინე გადარჩა უვნებელი.

დედოფალმა ავგუსტამ გაიგო მომხდარი ამბავი, გამოვიდა სასახლიდან და დაუწყო ქმარს ყვედრება, როგორ ბედავ ბრძოლას ღმერთის წინააღმდეგო. მეფე ძლიერ განრისხდა და ბრძანა ცოლის მოკვლა.

მეორე დღეს მეფემ უკანასკნელად მოუწოდა ეკატერინეს, მაგრამ ტყუილად. ნახა რომ ვერაფერს მიაღწევდა, მეფემ მიუსაჯა სიკვდილი.

__ იაკობ ლევენი __

***

[სპარსელებმა ქართლის დაპყრობის შემდეგ მრავალნი აიძულეს ცეცხლისთვის ეცათ თაყვანი. წმ. აბიბოს ნეკრესელმა ეპისკოპოსმა წყალი მიასხა მათ ცეცხლს. სპარსელებმა გადაწყვიტეს მისი დასჯა. გზად ეპისკოპოსი ესიტყვება ერთ წმიდა ბერს]

- ლოცვა ყავ მამაო, რამეთუ ურჯულონი ესე სპარსნი განძვინდეს ჩემ ზედა ამპარტავანებითა თვისითა, რამეთუ დაიპყრეს სოფელი ესე ჩვენი. შენ უწყი, რამეთუ ბაბილოვანი მარადის კერპთ მაწვეველ არს და ღონის მეძიებელ არიან, რაითამცა ყოველნი კაცნი თაყვანის აცემინნეს კერპთა. მაშინ სადამე სამთა ყრმათა, ძისა ღმრთისაისა თანამდგომარეთა, მის მიერითავე ძალითა კერპი იგი დაადნვეს და განაქარვნეს, და მძლავრნი იგი ყოვლით ძალით მისითურთ კდემასა ქვეშე შეაყენეს. და აწცა მათ უსჯულოთა მისთა სახედ ეგულების, რაითამცა კვალად განაგდეს ბადე და შეაყენნეს კაცნი და თაყვანის აცემინნეს ცეცხლსა.

მიუგო ბერმან და ჰრქვა:

- ვიცი, მამაო მფლობელო, რამეთუ დაშრიტე ცეცხლი იგი მათი სრულიად, რომელსა ესვიდეს უსჯულონი იგი. არამედ მოგმადენ უფალმან, რათა აღტკინებულიცა იგი უჩინოი ცეცხლი, რომელ აღუგზნიეს შენთვის ეშმაკსა განსაცდელად, დაჰშრიტო ადვილად. არა უმეცარ არს სიწმიდეი შენი, რამეთუ მრავლითა ჭირითა გვიღირს შესვლად სასუფეველსა ღმრთისასა. ხოლო ნუ შესძრწუნდები მათისა მისგან მძლავრებისა, ვინაითგან იტყვის მოციქული, ვითარმედ: “მაჭირვებელთა თქვენთა – ჭირი, და თქვენ ჭირვეულთა - ლხინი”. უწყოდი, რამეთუ ჭირი მათი შენ დიდება გექნეს წარუვალ და ჭირი ეგე შენი მათ – დაცემა და განბნევა.

და შემდგომად მრავლისა სიტყვისა განმტკიცნა ნეტარი აბიბოს ბერისაგან. და ყვეს ლოცვაი და წარემართა ღვაწლსა მას სიხარულით.

...

[სპარსელებმა სოფელ რეხში გამართეს სასამართლო ხალხის წინაშე და ჰკითხა აბბოს ნეკრესელ ეპისკოპოსს, მარზპანმა:]

- რაისათვის უვარ ჰყავ უფლებაი მეფეთ მეფისაი და მოჰკალ ღმერთი ჩვენი?

მიუგო აბიბოს და ჰრქვა:

- მე არავინ ვიცი მეუფედ, გარნა უფალი ჩვენი იესუ ქრისტე. ხოლო ცეცხლი იგი, რომელ დავშრიტე იგი, რაითამცა საცთური განვაქარვე ეშმაკისაი. ხოლო გლოცავ, რაითა განეყენნეთ უნდოსა მას მსახურებასა და ღმერთი მხოლოი იცანთ, რომლისა მიერ დაებადა ყოველი, და მას მხოლოსა ჰმსახურებდეთ, რამეთუ წერილ არს: “უფალსა ღმერთსა შენსა თაყვანი სცე და მას მხოლოსა ჰმსახურებდე”.

ჰრქვა მას მარზაპანმან მან:

- მე გკითხავ – რაისათვის მოჰკალ ღმერთი ჩვენი, და შენ გნებავს, რაითამცა შენისა ღმრთისა წარგვიყვანნე?

ხოლო ნეტარმან მან აბიბოს ჰრქვა:

- უწყებულ იყავნ შენდა, ვითარმედ ღმერთი არა მომიკლავს, ხოლო ცეცხლი დავშრიტე. არა არს ღმერთი იგი, არამედ სხვათა ბუნებათაგანი არს, ერთისა ნივთისგანი მცირედ ნაწილი, რომელთაგან აღჰმართა ღმერთმან სოფელი ესე. განსწორებით დაბადებულ არიან ნოტიაი, ცივი, ხმელი და ცეცხლი, რომელ ერთიერთისა მპყრობელობაი აქვს სიმრგვლესა მას შინა. ესრეთ განსწორებითა ნაწილთაითა დგანან ესენი. და უკეთუმცა ერთიერთისა აღემატა, გან-მცა-ქარდა მეორე იგი. ხოლო თქვენი იგი ცეცხლი მისვე ცეცხლისა ბუნებისა ნაწილ არს ხმელითა და წვითა, ვითა აღდგომილი შეშისა ჭამითა, მყოვარჟამიერ. ერთი მცირე წყალი დავასხ, მძლე ექმნა და მოკლა იგი, რამეთუ უფროის მისა იპოვა წყალი იგი. აწ მიკვირს თქვენი ესე ესევითარი სიცოფე, ვითარ არა სირცხვილ გიჩნს მისი სახელისდებად ღმრთად, რომელსა ესეოდენი სული აქვს, რამეთუ თქვენი ესე ცეცხლი თქვენდავე მონა არს და კერპთა შეურაცხის მყოფელთა ვერვის ჰხედავს. უკეთუ ღმერთი არს ეგე? თქვენ იტყვით, რამეთუ ოდესმე თქვენსავე სოფელსა განჰმზადეთ მსახურებაი მის კერპისაი, რომელ-იგი ჰქმენით. ოქროსა, სატანჯველად განმზადებულსა მას თქვენ მიერ მაშინდელსა, აწ ღმერთ ეწოდების?

მაშინ განრისხდა ფრიად მარზაპანი იგი მეფისაი და შემდგომად მრავლისა გვემისა და საკვირველთა სატანჯველთაითა ქვითა განტვინეს იგი, ნეტარი აბიბოს, და მოკლეს.

__ აბიბოს ნეკრესული ეპისკოპოსის შესახებ უცნობი ავტორი __

[წმ. მეფე დიმიტრი თავდადებული]

. . . ეს ქვეყანა ღვთისაგან მაქვს მონაბარი . . .

მე დავრჩე და იგი წარხდეს, მითხარით, რა მადლი არი! . .

ჩვენი კაცი ერთი – ასსაც, ვიცი, არ შეუშინდება,

მაგრამ ბოლოს სიმრავლე გვძლევს, ხალხი ურგოდ გამიწყდება . . .

მერე უკაცურს ქვეყანას დასწვავს, დაბუგავს, დაანგრევს . . .

ამდენი სული უბრალო ტანჯვითა ამოწყდებიან . . .

ქვეყნის ამოდენი ცოდვა ჩემს თავზედ დატრიალდება,

წაწყმდება აქაც და იქაც დიმიტრი მეფის ხსენება!

ეს სულ რისთვის? მარტო მისთვის,

რომ მე შიშსა გავექეცი,

ჩემი თავი გადვირჩინე და ერი კი წყალს მივეცი.

მე მეფე ვარ და მეფობის რიგიც ვიცი რაში არი . . .

ფუ, იმ მწყემსსა, თავს უშველოს, მგელს დაუგდოს თავის ცხვარი

სირცხვილს ამბობთ! - რა სირცხვილი?

მე ვეძლევი ნებით მტერსა, ჩემს სიცოცხლეს, ჩემსა სისხლსა

თვითონ ვწირავ მე ჩემს ერსა.

თუ სიკვდილი სახელად მაქვს მაგდენს ჩემთვის – ერთისათვის,

მაშ რად მიშლით თავდადებას მე ერთს – მთელის ერისათვის! . .

არა! წავალ, არ დავდგები, დე ასრულდეს ნება ღვთისა,

ხორცი მოკვდეს, სული ცხონდეს მეფის თქვენის დიმიტრისა.

“შენ რას ბრძანებ მღვდელმთავარო? სიტყვა შენი გვიღირს ძვირად

მართებს თუ არ ერისათვის მეფეს თავი გასაწირად?”

ატირდა და მოახსენა: “ჰე, მეფეო, მე თქმა მიჭირს,

მართალს ვიტყვი, თუმცა შენთვის სული მიწუხს, გული მიტირს.

მეფევ, თავი უნდა დასდო ერისა და ქვეყნისათვის,

ღმერთს შესცოდავს, ვინც გამკიცხავს მე ამ მწარე რჩევისათვის.

მეფევ, რაკი ბედმან დაგდო შენ ეგ მძიმე საზღაური,

სხვას უკეთესს ვერას გირჩევს სიყვარული ბატონ-ყმური . . .

ვსტირ და გირჩევ თავგანწირვას, რაკი რომ ეს დღე გვეწია, -

მოყვასთათვის თავდადება ქრისტე-ღმერთის ანდერძია.

ვსტირ და გირჩევ ღვთის სახელით ხორცი დასთმო სულისათვის,

უკვდავება არ დაჰკარგო წუთისოფლის გულისათვის!”

ხმა გავარდა ქალაქშიაც: მეფე ჩვენთვის სდებს თავსაო,

უშლიდნენ არ დაიშალა, - ვერ ვუღალატებ ხალხსაო . . .

ხალხიც დახვდა თავის მეფეს ვიშითა და წუხილითა,

მეფეს გული ამოუჯდა მათთვის გულის-ტკივილითა.

უბრძანა თუ: - “რასა სწუხხართ? იქმნას, რაც კი საქმნელია! . .

ერისათვის თავდადება მეფისათვის სახელია.

რაც მომივა, მომივიდეს, მე იმისთვის არ ვინაღვლო . . .

თქვენ ჭირს დავხსნით . . . დე ვიქნე მე ქვეყნის ჭირის სანაცვალო”.

. . . უცებ მეფემ თვალი მოჰკრა, ხალხი გაირღვა შუაზედ,

ორს მარჯვე ბიჭს ბერი-კაცი მოჰყავს მის წინ მოედანზედ . . .

მოახსენა: “ჰე მეფეო, ნუ შემრისხავ ერთგულ ყმასა! . .

მეფევ კისრად აგიღია ტვირთი ჩვენი შავი ბედის,

ბედისწერას მისცემიხარ უბედურის ჩვენის ქვეყნის.

ვიცით, რომ არ შეშინდება გული მეფის დიმიტრისა,

როცა ნდომობს თავგანწირვას დიდი საქმე ქვეყნის ხსნისა.

მაგრამ ჩვენ რა გვეშველება, ჩვენ, მეფეო, შენთ დამკარგველთ?

მამობასა ვიღა უზამს შენგან დაობლებულ ქართველთ? . .

გულს რად გვიკლავ? სად მიდიხარ? ნუთუ, მეფევ, ხსნა არ არი! . .

ქუდზედ კაცი დაუძახე, მოაგროვე სპა და ჯარი . . .

უბრძანა თუ: - ბერო-კაცო, მესმის შენი ერთგულება . . .

მაგრამ გეტყვი: ჯარს არ შევკრებ, არ ვინდომებ სისხლის ღვრასა,

მარტო ჩემის გულისათვის არ შევაკლავ მტერს ათასსა.

ჩვენის ქვეყნის შავი ბედი როგორც დროსი იცვლება,

დრო მოვა და თქვენი თავი უფრო მეტად დასჭირდება.

მე ერთი ვარ, თქვენ მრავალი, გვიჯობს ერთით ბევრის რჩენა;

თუ თქვენ მე არ გემეტებით, მე რად გაგიმეტოთ თქვენა?

განა თითონ ქრისტე ღმერთსა გადარჩენა არ ძალ ედვა,

არ ინება და ქვეყნისთვის ღმერთი იყო და ჯვარს ეცვა . . .

არ არის მკვდარი, ვინც მოჰკვდეს და ხალხს შესწიროს დღენია,

მკვდრად იგი თქმულა, ვისაც აქ სახელი არ დარჩენია.

არ დავიშლი, ვსთქვი და კიდეც თავი უნდა გავიწირო,

ისე მოვკვდე, რომ ჩემ გამო დედა შვილზედ არ ვატირო.

წავალ-მეთქი! . . თუ ღმერთს უნდა, მოხდეს იგი, რაც მომელის . . .

ეჰ, რაც სურდა, არ დასცალდა ჩემს წყურვილსა სულისასა! . .

აწ იქმნას ის, რაც სწადიან განგებასა უფლისასა.

თქვენ ხომ მაინც აგცილდებათ ხოცვა-ჟლეტა, სრვა და რბევა . . .

მე კი . . . მეყოს, თუ გამყვება თქვენი ლოცვა და კურთხევა.”

თითქო ზეცით ზარი იყო, თითქო ღმერთი მოევლინა, -

ხალხი პირქვე მყის დაემხო საკვირველის მეფის წინა . . .

მეფეს ერი შეეცოდა, სთქვა: - “მეც ვწუხვარ, რომ გშორდებით

ღმერთს ვსთხოვ, იყვნეთ ჩემს შემდეგა მშვიდობით და გამარჯვებით.

ნურას გიკვირთ, რომ ქვეყნისთვის მეფე თქვენი თავს არ ზოგავს!

ამისა იქმს ყველა, ვინც კი ჭკუით სჭრის და გულით ჰზომავს.

მე მივდივარ! . . მეფე თქვენი დიდს და მცირეს გეთხოვებით,

რაც დაგაკლეთ, ნუ შემრისხავთ, რაც შეგცოდეთ, შემინდევით” . . .

. . .

მითხრა: - “მეფე შენი გვინდა, თუ მოგვეცა თავის ნებით,

არას ვერჩით თქვენს ქვეყანას, აქედამვე დავბრუნდებით . . .”

იამა, ბრძანა: “მადლი ღმერთს, რომ ქვეყანა გადმირჩება

და ცოდვილი ჩემი სისხლი ამაოდ არ დაიღვრება!”

თვით წაბრძანდა სარდლისაკენ, მის წინ შეაყენა ცხენი,

უბრძანა თუ: - “მეფე მე ვარ, რაც გენებოს, იგი ჰქმენი”.

მისცვივდნენ უკადრისადა, ვით ძეს ღვთისას ურიანი,

შეჰკრეს, შეჰბაწრეს ტყვესავით მეფე, ხელმწიფე სვიანი.

მიჰგვარეს ყეინს ურჯულოს, სისხლმსმელს ადამიანისას . . .

საღერღელი აეშალა, ვით კრავის წინ მხეცსა ტყისას . . .

აწამა, ვით სვავმა ტრედი, მეფე იგი საკვირველი

და ვერ გაძღა მის წვალებით ის უღვთო და სისხლის-მსმელი.

ერთხელ მეფე ნაწამები . . . როცა ღონზედ მოვიდა,

ადგა მუხლი მოიყარა, პირქვე დაემხო ლოცვითა . . .

“ღმერთო, ღმერთო! თვალწინ მიდგა დიდტანჯული მე ძე შენი . . .

ვით ძით ყველა, ისეც ჩემით ერი ჩემი დაიხსენი”.

__ ილია ჭავჭავაძე __

***

მოციქულები აწამეს ყველაზე სასტიკი სასჯელებით იმ დროისთვის: პეტრე იქნა ჯვარცმული თავით ქვემოთ; ანდრეი, იაკობ ალფესის ძე, ფილიპე, სიმონი და ბართლომე ჯვარს აცვეს; მათე და იაკობ ზებედეს ძე მოკლეს მახვილით, თადეოზი – ისრებით, თომა – შუბით, იაკობი, იესოს ძმა ქვებით ჩაქოლეს. პავლეს თავი მოჰკვეთეს. მხოლოდ იოანე მოციქული მოკვდა თავისი სიკვდილით.

__ იაკობ ლევენი __

***

ძველ რომაულ ფულზე იყო გამოსახული ცხოველი, რომელიც იდგა გუთანსა და სამსხვერპლოს შორის. ამ გამოსახულების ქვეშ იყო წარწერა: “იყავი მზად ერთისთვისაც და მეორისთვისაც.”

__ იაკობ ლევენი __