4.12.15 Убежища - места помилования убийц

4.12.15 თავშესაფარი ქალაქები მკვლელთა შესაწყალებლად

პატრიარქების ჟამს, მოსემდე და მის შემდეგაც ადამიანის სიცოცხლე მეტად ფასობდა. კაცის განზრახ მკვლელს ელოდა სიკვდილი, მოყვასის უნებლიე მკვლელსაც შეიძლებოდა მოსწეოდა შურისმაძიებლის ხელი, ამიტომ იქნა დადგენილი, რომ ლევიანების კუთვნილი ქალაქებიდან 6 ქალაქი გამოყოფილიყო თავშესაფრად გარკვეულ დრომდე, ვიდრე საზოგადოების სამსჯავროზე წარდგებოდა, სადაც უხუცესები განსჯიდნენ განზრახ იყო ჩადენილი მკვლელობა თუ არა. თუ მკვლელი თავშესაფარ ქალაქში შეასწრებდა, მას აღარ ეხებოდნენ რიცხ.35,11.12.32 რჯ.4,41-43; 19,2-10 იესნ.20,2-9; 1მფ.19,18.19

ბიბლიის მუხლები

რიცხვნი 35

11. მაშინ აირჩიეთ ქალაქები, რათა იყოს თავშესაფრად თქვენთვის; გაიქცევა იქ მკვლელი, რომელსაც განზრახ არ მოუკლავს კაცი.

12 გექნებათ ეს ქალაქები თქვენს თავშესაფრად შურისმაძიებელთაგან, რათა თემის სამართლის წინაშე წარდგომამდე არ მოკვდეს მკვლელი.

32. და ნუ აიღებთ გამოსასყიდს თავშესაფარ ქალაქში გაქცეულისგან, მის სამკვიდრებელში დასაბრუნებლად, ვიდრე მღვდელმთავარი გარდაიცვლებოდეს.

მეორე რჯული 4

41. მაშინ გამოყო მოსემ სამი ქალაქი იორდანეს გამოღმა, მზის აღმოსავლეთით,

42. მკვლელის გასაქცევად, რომელსაც უნებლიეთ შემოაკვდა მოყვასი და არ ჰქონია მანამდე მისი სიძულვილი; რომ გაქცეულიყო ერთ-ერთ ამ ქალაქთაგანში და ეცოცხლა.

43. ბეცერი უდაბნოში, ვაკეზე, რეუბენისა იყო, რამოთი გილყადში - გადისა, ხოლო გოლანი ბაშანში - მენაშესი.

მეორე რჯული 19

2. გამოყავი სამი ქალაქი შენს ქვეყანაში, რომელსაც გაძლევს უფალი, შენი ღმერთი დასამკვიდრებლად.

3.მოიწყვე გზა და სამ ნაწილად გაყავი შენი ქვეყანა, რომელსაც გიწილადებს უფალი, შენი ღმერთი; იქ შეაფაროს თავი ყოველმა მკვლელმა.

4. ესაა წესი მკვლელისა, რომელმაც უნდა შეაფაროს იქ თავი, რათა იცოცხლოს: ვისაც უნებურად შემოაკვდება თავისი მოყვასი, ისე, რომ არ სძულებია იგი არც გუშინ და არც გუშინწინ;

5. წავა თავის მოყვასთან ერთად ტყეში შეშის მოსაჭრელად, ცულს მოიქნევს ხის წასაქცევად, გასძვრება ტარს რკინა, მოხვდება მოყვასს და მოკლავს; გაიქცეს ეს კაცი ერთ ამ ქალაქთაგანში და იცოცხლოს.

6. რომ ცხელ გულზე არ დაედევნოს მკვლელს მესისხლე, არ დაეწიოს, რადგან დიდია გზა, და არ მოკლას; ის კი არ იმსახურებს სიკვდილს, არ სძულებია იგი არც გუშინ და არც გუშინწინ.

7. ამიტომ გიბრძანებ: გამოყავი სამი ქალაქი.

8. როცა გააფართოვებს უფალი, შენი ღმერთი, შენს საზღვრებს, როგორც შეჰფიცა შენს მამებს და მოგცემს მთელ ქვეყანას, რომლის მიცემაც აღუთქვა შენს მამებს,

9. თუ დაიცავ ყველა ამ მცნებას და შეასრულებ, რომელსაც გიბრძანებ დღეს, რათა გიყვარდეს უფალი, შენი ღმერთი, და ყოველთვის მის გზაზე დადიოდე, მაშინ ამ სამს კიდევ მიუმატე სამი ქალაქი.

10. ნუ დაიღვრება უდანაშაულო სისხლი შენს ქვეყანაში, რომელსაც გაძლევს უფალი, შენი ღმერთი სამკვიდრებლად და ნუ იქნება შენზე სისხლი.

იესო ნავეს ძე 20

2. "ელაპარაკე ისრაელის ძეებს და უთხარი: დაიდგინეთ თავშესაფარი ქალაქები, რაზეც გელაპარაკეთ მოსეს მეშვეობით.

3. რათა მკვლელი, რომელსაც უნებლიედ, შეცდომით შემოაკვდება კაცი, გაიქცეს და თავშესაფრად ჰქონდეს მესისხლესგან.

4. გაიქცეს ერთ ამ ქალაქთაგანში, დადგეს ქალაქის კარიბჭესთან და გამოაცხადოს თავისი ამბავი იმ ქალაქის უხუცესთა გასაგონად; და შეიფარებენ ქალაქში, მისცემენ ადგილს და იცხოვრებს მათ შორის.

5. თუ დაედევნა მესისხლე, არ უნდა გადასცენ მკვლელი, რადგან უნებლიედ შემოაკვდა თავისი მოყვასი, არ სძულებია იგი არც გუშინ, არც გუშინწინ.

6. და იცხოვროს ამ ქალაქში, ვიდრე არ წარსდგება განსასჯელად თემის წინაშე, ვიდრე არ მოკვდება იმ დღეებში მყოფი მღვდელმთავარი. მაშინ დაბრუნდეს მკვლელი და მივიდეს თავის ქალაქში, თავის სახლში იმ ქალაქში, საიდანაც გამოიქცა”.

7. და გამოყვეს კედეში გალილეაში, ნაფთალის მთაში; შექემი ეფრემის მთაზე და კირიათ-არბაყი იგივე ხებრონი იუდას მთაზე.

8. და დაადგინეს იორდანეს გაღმა იერიხოს აღმოსავლეთით: ბეცერი უდაბნოში, ტაფობზე, რეუბენის ტომიდან; რამოთი გილყადში, გადის ტომიდან და გოლანი ბაშანში, მენაშეს ტომიდან.

9. განეკუთვნა ეს ქალაქები ყველა ისრაელიანსა და ხიზანს, რომელიც ხიზნობს მათ შორის, რომ თავი შეაფაროს იქ უნებლიე მკვლელმა და არ მოკვდეს მესისხლეს ხელით სანამ თემს წარუდგება.

1მეფეთა 19

18. გაიქცა დავითი და გადარჩა. მივიდა სამუელთან რამაში და უამბო ყველაფერი, რაც საულმა გაუკეთა. წავიდნენ ის და სამუელი და ნაიოთში გაჩერდნენ.

19. შეატყობინეს საულს: "აჰა, რამას ნაიოთშია დავითი”.