1.6.24 Воображение

Быт.15,28; 18,11; 22,3 Матф.5,28; 6,34 Рим.8,24; 1Кор.2,9; 2Кор.4,18; 5,7 Евр.11,3.27; 12,2.3

1.6.24 წარმოსახვა

(ადამიანის უნარი, წარმოიდგინოს აღუქმელი და უნახავი, ხშირ შემთხვევაში ადრე აღქმულის მიმსგავსებით. ესაა უნარი გადაადგილების გარეშე კაცი ფიქრში აღმოჩნდეს სხვა ადგილზე, იმის მიღმა, რასაც ჩვეულებრივ ხედავს რეალობაში)

 

წარმოსახვის სიავკარგე:

- ნუ გამოვიყენებთ წარმოსახვას შეუფერებელ დროს და ნუ ვიფიქრებთ ღვთისთვის მიუღებელ თემებზე მათ.5,28

- ნუ წარმოვიდგენთ მომავალს ნეგატიურად და დღეს ნუ ვიზრუნებთ მასზე მათ.6,34

- მატერიალური ნივთები ნამდვილად საჭიროა. თუმცა აუცილებლად გაგვიცრუვდება იმედი, თუ მათ უსაფრთხოებისა და ბედნიერების გარანტად წარმოვიდგენთ იგავ.18,11

- განვჭვრიტოთ ხიფათი და ავარიდოთ თავი იგავ.22,3

- დავფიქრდეთ და ავწონდავწონოთ პასუხი იგავ.15,28

 

წარმოსახვა და რწმენა:

- თვით რწმენა ნიშნავს ვხედავდეთ (წარმოვისახავდეთ) უხილავს 2კორ.4,18; 5,7 ებრ.11,3.27; 12,2.3

- ვიცით, რომ უხილავი იმედით ვართ დახსნილნი რომ.8,24

- ვფიქრობდეთ უფალთან შეხვედრაზე და იმაზე, რაც კაცს გულში არ გაუვლია, ღმერთმა რომ მოუმზადა თავის მოყვარულებს 1კორ.2,9

 

ბიბლიის მუხლები

 

იგავნი 15

28. დაფიქრდება მართლის გული სანამ უპასუხებს, ბოროტთა პირი კი სიავეს აფრქვევს.

 

იგავნი 18

11. მდიდრის ქონება მისი ძლიერი ქალაქია და მაღალი გალავანივითაა მის ფიქრებში.

 

იგავნი 22

3. გონიერი წინასწარ ხედავს ბოროტებას და თავს არიდებს, ბრიყვი კი გზას აგრძელებს და ისჯება.

 

მათე 5

28. ხოლო მე გეუბნებით თქვენ: ყველამ, ვინც ნდომით შეხედა ქალს, უკვე იმრუშა მასთან საკუთარ გულში.

 

მათე 6

34. მაშ, ნუ დარდობთ ხვალინდელ დღეზე, ვინაიდან ხვალინდელი დღე თვითონ იზრუნებს თავის თავზე. ყოველ დღეს საკმარისად აქვს თავისი გასაჭირი”.

 

რომაელთა 8

24 . ვინაიდან იმედით ვიქენით დახსნილნი, ხილული იმედი კი აღარ არის იმედი; რადგან, თუ ხედავს კაცი, რაღას იმედოვნებს?

 

1კორინთელთა 2

9. მაგრამ, როგორც წერია: რაც თვალს არ უნახავს, ყურს არ სმენია და კაცს გულში არ გაუვლია, ღმერთმა ის მოუმზადა თავის მოყვარულებს.

 

2კორინთელთა 4

18. რადგან ვუყურებთ არა ხილულს, არამედ - უხილავს, ვინაიდან ხილული დროებითია, ხოლო უხილავი - საუკუნო.

 

2კორინთელთა 5

7. ვინაიდან რწმენით დავდივართ და არა ხილვით.

 

ებრაელთა 11

3. რწმენით ვგებულობთ, რომ საუკუნენი ღმერთის სიტყვით არის მოწყობილი, რადგან უხილავისგან წარმოიშვა.

27. რწმენით დატოვა ეგვიპტე და არ შეუშინდა მეფის რისხვას, რადგანაც მტკიცე იყო, როგორც მხილველი უხილავისა.

 

ებრაელთა 12

2. თვალი მივაპყროთ იესოს, რწმენის წინამძღვარსა და სრულმყოფს, მის წინაშე მდებარე სიხარულის წილ რომ დაითმინა ჯვარი, უგულებელყო სირცხვილი და დაჯდა ღვთის ტახტის მარჯვნივ.

3. იფიქრეთ იმაზე, ვინც ყოველივე ეს დაითმინა ცოდვილთაგან, რათა არ შემდრკალიყავით და არ მიგხდოდათ სულის სიმხნევე.

 

__თემაზე წერდნენ__

***

ჩვენ გვეჩვენება, რომ სამყაროში ბევრი რამ არამართებულია, მაგრამ ხომ შეუძლებელია აღიქვა მთელი შენობის მშვენიერება, თუკი კუთხეში დგახარ ქანდაკივით. ზუსტად ასევე ცალკეულ ჯარისკაცსაც არ ესმის მთელი არმიის მოქმედება, ხოლო პოეზიაში ერთი რომელიმე სიტყვა, ცოცხალიც რომ იყოს და მგრძნობელობის მადლით ცხებულიც, ვერ გაიცხადებდა მთელი პოემის მშვენიერებას, რომლიოს შექმნაშიაც მას თავისი ღვაწლი მიუძღვის.

__ნეტარი ავგუსტინი__

 

***

ყოველივე იმას, რისი დანახვაც შეგიძლია, საკუთარი თვალებით უყურე, მაგრამ უხილავზე და მარადიულზე მსჯელობისას მხოლოდ ღვთის სიტყვას დაემყარე.

__წმ.იოანე დამასკელი__

 

***

თითქმის ყველა ფილოსოფოსის აზრით, მეხსიერება და წარმოსახვა სხვა არაფერია, თუ არა ანაბეჭდი იმ გრძნობადი საგნებისა, რომლებიც დავინახეთ, მოვისმინეთ, შევეხეთ, ვიგემეთ, ვიყნოსეთ. შეიძლება ითქვას, რომ წარმოსახვა და მეხიერება არსებითად ერთი შინაგანი საერთო გარძნობაა, რომელიც წარმოისახავს და იხსენებს ყველაფერს, რაც კი ხუთი გარეგანი გრძნობის მეშვეობით შეიგრძნო. გარკევული თვალსაზრისით, გარეგანი გრძნობები და გრძნობადი საგნები მოგვაგონებენ ბეჭედს, ხოლო წარმოსახვა მის ანაბეჭდს.

წარმოსახვა და მეხსიერება იმისათვის მოგვეცა, რომ მათით ვისარგებლოთ მაშინ, როდესაც ჩვენი გარეგანი გრძნობები ისვენებენ და თვალწინ არა გვაქვს ის გრძნობადი საგნები, რომლებმაც ჩვენი გრძნობები გაიარეს და მათი მეშვეობით ჩვენს მეხსიერებასა და წარმოსახვაში აღიბეჭდნენ. რადგან საშუალება არა გვაქვს, მუდამ თვალწინ გვქონდეს დანახული, მოსმენილი, ნაგემი, შეხებული თუ ნაყოსი საგნები, ჩვენ მათ საკუთარ ცნობიერებაში წარმოსახვისა და მეხსიერების მეშვეობით გამოვიძახებთ ხოლმე და ისე განვიხილავთ და განვსჯით, თითქოსდა ეს საგნები გარეგნულადაც ხელმისაწვდომი იყოს ჩვენთვის.

მაგალითად, ოდესღაც მოხვდი სმირნაში, შემდეგ დატოვე და თვალით მეტად აღარ გინახავს. მაგრამ როდესაც მოისურვებ, შინაგანი გრძნობებით - წარმოსახვითა და მეხსიერებით წარმოიდგენ სმირნას, ხელახლა გადახედავ თუ როგორია სიდიდით, ხედით, მდებარეობით. ეს იმას კი არ ნიშნავს, რომ სულმა დაგტოვა და სმირნაში გადავიდა, როგორც ზოგიერთ უვიცს ჰგონია, ეს ნიშნავს, რომ საკუთარ თავში ხედავ სმირნას ხატებას - შენში აღბეჭდილს.

გრძნობადი საგნების ამგვარი წარმოსახვა სიმშვიდეს ურღვევს და თავს აბეზრებს მას, ვინც მოშურნეა და სურს, მუდამ ღმერთში ჰგიებდეს, რადგან წარმოსახვა ღვთისაგან წარიტაცებს ჩვენს გულისყურს და ყურადღება ამაო, ხანდახან კი ბიწიერ საგნებზე გადააქვს. ამით კი ჩვენი შინაგანი კეთილგანწყობა ირღვევა. ეს ხდება არა მხოლოდ ცხადში, არამედ სიზმარშიც, რომლისგან მიღებული შთაბეჭდილებაც ხშირად რამდენიმე დღე გასტანს ხოლმე.

რადგანაც წარმოსახვა არაგონებისმიერი ძალაა, რომელიც მეტწილად მექანიკურად, სახეთა შეხამების კანონით მოქმედებს, სულიერი ცხოვრება კი აბსოლუტური თავისუფლების გამოხატულებაა, ამიტომ თავისთავად ცხადია, ერთი მეორეს ვერ უთანხმდება.

__ნიკოდიმოს მთაწმინდელი__

 

***

წარმოსახვა – ესაა ადამიანის უნარი, ცთუნების სათავე, შეცდომებისა და სიცრუის წყარო, მით უფრო ცბიერი, რომ ყოველთვის როდი ცბიერობს. წარმოსახვა რომ მუდამ ცრუობდეს, მაშინ ის ჭეშმარიტების უცვლელ საზომად გამოდგებოდა. მაგრამ, თუმცა უმეტესწილად ცრუობს, შეუძლებელია სიცრუეში მისი მხილება, ვინაიდან ერთი და იგივე საზომით ზომავს სიმართლესაც და სიცრუესაც.

მე აქ ბრიყვებს კი არ ვგულისხმობ, არამედ ყველაზე უფრო ჭკვიანსა და გონიერ ხალხს. უპირატესად სწორედ მათ აცთუნებს ხოლმე წარმოსახვა. ამაოა გონების წინააღმდეგობა. მას არ შეუძლია ჭეშმარიტი სახით დაგვანახოს წარმოსახვის მიერ გაყალბებული საგნები.

ეს ამაყი და მძლავრი ძალა, გონების მტერი, გონებისა, რომელიც ამაოდ ცდილობს მის მართვას, მის მოთოკვას და დაურვებას, - თავისი ძალმოსილების დასამტკიცებლად თითქოს მეორე ბუნებას ქმნის ადამიანში. მას თავისი მრევლი ჰყავს: თავისი ბედნიერნი და უბედურნი, თავისი ჯანსაღნი და სნეულნი, თავისი მდიდარნი და ღატაკნი. ის აიძულებს გონებას იწამოს, დაეჭვდეს, უარყოს; ის აჩლუნგებს და ამძაფრებს გრძნობებს; აბრძენებს და აჩლუნგებს ხალხს; და, რაც ყველაზე სავალალოა, ისეთი უხვი საბოძვრითა და წყალობით ავსებს თავის ერთგულთ, რასაც გონება არასოდეს არ იმეტებს თავის რჩეულთათვის; მდიდარი წარმოსახვით დაჯილდოებულნი უაღრესად თვითკმაყოფილნი არიან, რაც, გონივრული განსჯის გამო, სრულიად უცხოა კეთილგონიერთათვის. პირველნი ყველას ეპყრობიან, თამამად და თავდაჯერებულად ეკამათებიან, მაშინ როდესაც მეორენი ქედმოდრეკილნი არიან და საკუთარი თავის მიმართ ეჭვით აღვსილნი. მხიარული იერი ყოველთვის კეთილად განაწყობს მსმენელს წარმოსახვისმიერ ბრძენკაცთა მიმართ... წარმოსახვა ბრძნად ვერ აქცევს რეგვენს, სამაგიეროდ ბედნიერებას ანიჭებს მას, გონების თვალდასავსებად...

__პასკალი__

 

***

წარმოსახვა თავის ნებაზე ატრიალებს ყველაფერს, რაც კი რამედ ფასობს ამქვეყნად, - მშვენიერებას, სამართლიანობას, ბედნიერებას. რას არ მივცემდი, რომ წამეკითხა ერთი იტალიური წიგნი, რომელსაც მხოლოდ სატაურით ვიცნოდ და რომელსაც ათას წიგნშიაც არ გავცვლიდი: "წარმოსახვის - სამყაროს დედოფლის შესახებ". წაუკითხავად მზად ვარ ხელი მოვაწერო მას, რასაკვირველია თუკი შიგ ყველაფერი მართებულადაა გადმოცემული.

აი, დაახლოებით ამ ცრუ უნარის ყველა შედეგი, უნარისა, რომელიც თითქოს იმიტომ გვებოძა, რომ შეუმცდარად შეგვაცდინოს და შეუცდომლად გვაცდუნოს...

__პასკალი__

 

***

წარმოსახვა ისეთნაირად აზვიადებს და ისე წარმოუდგენელ ფასსა სდებს ყოველგვარ წვრილმანს, რომ სულში სხვა რამისათვის აღარ გვიტოვებს ადგილს. მეორეს მხრივ, თავისი ურცხვი თავხედობით უცნაურად აკნინებს და თავის ტოლფარდად წარმოგვიჩენს ყოველივე დიადს, როგორც, მაგალითად, ღმერთს.

__პასკალი__

 

***

ადამიანური წარმოსახვა დემონია - ნუ გააღვიძებთ მას, თორემ დავიღუპებით, ის ჩვენ შეგვჭამს.

__ედგარ ალან პო__

 

***

ადამიანის გონებას სამი, ყველაფრის ამომხსნელი, გასაღები აქვს: ცოდნა. აზრი, წარმოსახვა, – ყველაფერი ამათშია.

__ჰიუგო__

 

***

წარმოსახვის უნარი ბევრად უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ცოდნა. ცოდნა შეზღუდულია. წარმოსახვის უნარი კი მსოფლიოს იპყრობს.

__აინშტაინი__

 

***

ლოგიკით შესაძლებელია A–დან Z–მდე მიხვიდეთ, წარმოსახვის უნარი კი ყველგან მიგიყვანთ.

__აინშტაინი__

 

***

ადამიანებს ჩვენ მხოლოდ პუნქტირული მოხაზულობით ვიცნობთ. ამრიგად მათი სურათიც კი, ვისაც ჩვენ კარგად ვიცნობთ, რამდენადმე მაინც ჩვენი წარმოსახვის ნაყოფია. თუკი ჩვენი საუკეთესო მეგობრები ჩვენივე წარმოსახვის ძაფზე ასხმულ დატეხილი ხაზების ნაწყვეტებს წარმოადგენენ, მაშინ ვიცნობთ თუ არა ჩვენ საერთოდ ვინმეს და გვიცნობს თუ არა ჩვენ ვინმე სხვაფრივ თუ არ ამ დაწყვეტილი, დანაწევრებული სახით. მაგრამ ამ ჭუჭრუტანებში რომ გარეშეთა წარმოსახვის შუქი იღვრება, იქნებ სწორედ ეგა ქმნიდეს სიახლოვეს კაცთა შორის.

__რაბინდრანათ თაგორი__