3.43.2. Не осуждай того, кто ест или не ест

3.43.2. ნურავის განიკითხავთ ჭამისთვის ან არჭამისთვის

ეს.58,4.5 ზაქ.7,5.6 ინ.6,27 რომ.14,2.3.6.15.17.18.20.23,, 1კორ.10,3.4.7.18.21.23-31,, კოლ.2,16,, 1ტიმ.4,3-5

ბიბლიის მუხლები

ესაია 58

4. აჰა, მარხულობთ, რომ იდავოთ და იშუღლოთ, და ბოროტად ურტყათ მუშტები, არ მარხულობთ როგორც დღეს, რათა ცას მისწვდეს თქვენი ხმა.

5. განა ასეთი მარხვაა სასურველი ჩემთვის, როცა კაცი თავს იტანჯავს და ლერწამივით ხრის თავს და ქვეშ ჯვალო და ნაცარი აქვს დაგებული? განა ამას ჰქვია მარხვა და უფლის სათნო დღე?

ზაქარია 7

5. უთხარი ქვეყნის მთელ ხალხს და მღვდლებს: როცა მარხულობდით და გლოვობდით მეხუთე და მეშვიდე თვეში ამ სამოცდაათი წლის მანძილზე, განა ჩემთვის მარხულობდით?

6. როცა ჭამთ და როცა სვამთ, განა თქვენთვის არა ჭამთ და თქვენთვის არა სვამთ?

იოანე 6

27. ხრწნადი საზრდოსთვის ნუკი ზრუნავთ, არამედ იზრუნეთ საზრდოსთვის, რომელიც რჩება საუკუნო სიცოცხლედ, და რომელსაც მოგცემთ ძე კაცისა, ვინაიდან მამა ღმერთმა აღბეჭდა იგი.

რომაელთა 14

2. რადგანაც ზოგიერთს ჰგონია, რომ შეიძლება ყველაფერი ჭამო, რწმენით უძლური კი მარტოოდენ მხალეულსა ჭამს.

3. ვინც ჭამს, ნუ დაამცირებს იმას, ვინც არა ჭამს, ხოლო ვინც არა ჭამს, ნუ განსჯის იმას, ვინც ჭამს, რადგანაც ღმერთმა შეიწყნარა იგი.

6. ვინც დღეზე ფიქრობს, უფლისთვის ფიქრობს; ვინც ჭამს, უფლისთვის ჭამს და მადლს სწირავს ღმერთს; ხოლო ვინც არა ჭამს, უფლისთვისვე არა ჭამს, და მადლს სწირავს ღმერთს.

15. ხოლო თუ საჭმლის გამო წუხს შენი ძმა, უკვე აღარ დადიხარ სიყვარულის გზით. შენი საჭმლით ნუ დაღუპავ მას, ვისთვისაც მოკვდა ქრისტე.

17. რადგანაც ღვთის სასუფეველი სასმელ-საჭმელი კი არაა, არამედ სიმართლე, მშვიდობა და სიხარული სული წმიდაში.

18. ხოლო ვინც ამით ემსახურება ქრისტეს, სასურველია ღვთისათვის და მოსაწონი კაცთათვის.

20. საჭმლის გულისთვის ნუ დაარღვევ ღვთის საქმეს. ყველაფერი წმიდაა, მაგრამ ბოროტია კაცისთვის, ვინც საცდუნებლად ჭამს.

23. ხოლო ვინც ჭამისას ეჭვობს, განიკითხება, რადგანაც რწმენით როდი ჭამს. ვინაიდან ყოველივე ის, რაც რწმენით არ არის, ცოდვაა.

1კორინთელთა 10

3. და ყველანი ერთსა და იმავე სულიერ საჭმელს ჭამდნენ.

4. და ყველანი ერთსა და იმავე სულიერ სასმელს სვამდნენ, რადგანაც სვამდნენ სულიერი კლდიდან, თან რომ მიჰყვებოდა მათ; ხოლო ეს კლდე იყო ქრისტე.

7. ნურც კერპთმსახურნი იქნებით, ზოგიერთი მათგანის მსგავსად; როგორც წერია: „დასხდა ხალხი სასმელ-საჭმელად, და წამოდგა სათამაშოდ“.

18. იხილეთ ისრაელი ხორციელად: განა ისინი, რომელნიც ჭამენ მსხვერპლს, სამსხვერპლოს თანაზიარნი არ არიან?

21. არ შეგიძლიათ სვათ სასმისი უფლისა და სასმისი დემონებისა; არ შეგიძლიათ ეზიაროთ ტაბლას უფლისას და ტაბლას დემონებისას.

23. ყველაფერი ნებადართულია ჩემთვის, მაგრამ ყველაფერი როდი მრგებს; ყველაფერი ნებადართულია ჩემთვის, მაგრამ ყველაფერი როდი მაშენებს.

24. ნურავინ ეძებს თავისას, არამედ ყველა სხვის სარგებელს ეძებდეს.

25. ყველაფერი, რაც საყასბოში იყიდება, ჭამეთ, და ნურაფერს გამოიძიებთ სინიდისის გამო.

26. რადგანაც უფლისაა დედამიწა და სავსება მისი.

27. თუ რომელიმე ურწმუნო მიგიპატიჟებთ და თქვენც ინებებთ ეწვიოთ, ჭამეთ ყველაფერი, რასაც შემოგთავაზებენ, და ნურაფერს გამოიძიებთ სინიდისის გამო.

28. მაგრამ თუ ვინმე გეტყვით: ეს კერპთათვის შენაწირიაო, ნურც მის გამო შეჭამთ, ვინც გეტყვით, და ნურც სინიდისის გამო, რადგანაც უფლისაა დედამიწა და სავსება მისი.

29. ხოლო მე შენს სინიდისს კი არ ვგულისხმობ, არამედ სხვისას, ვინაიდან რად უნდა განისაჯოს ჩემი თავისუფლება სხვისი სინიდისით?

30. თუკი მადლიერებით ვჭამ, რაღად ვიგმობი იმის გამო, რისთვისაც მადლიერი ვარ?

31. ასე რომ, ჭამთ, სვამთ თუ სხვა რამეს აკეთებთ, ყველაფერი ღვთის სადიდებლად აკეთეთ.

კოლასელთა 2

16. ამიტომ ნურავინ განგსჯით საჭმლისა თუ სასმლის, რაიმე დღესასწაულის, ახალმთვარობისა თუ შაბათთა გამო.

1ტიმოთე 4

3. რომელნიც კრძალავენ ქორწინებას და იმის ჭამას, რაც შექმნა ღმერთმა, რათა მორწმუნენი და ჭეშმარიტების მცოდნენი მადლიერებით ჭამდნენ.

4. რადგანაც კეთილია ღმერთის ყოველი ქმნილება და არ არის უარსაყოფი, თუკი მიიღება მადლიერებით,

5. ვინაიდან ღვთის სიტყვით და ლოცვით განიწმიდება.