1.8.84 Переживания после вступления в вере

***

„Лучше верить, чем не верить, потому что с верой всё становится возможным.“ — Альберт Эйнштейн

***

„Вера — это возможность видеть всё как чудо.“ — Андрей Ильич Мерзликин

***

„Вера состоит в том, что мы верим всему, чего не видим; а наградой за веру является возможность увидеть то, во что мы верим.“ — Аврелий Августин

***

„Все, во что вы верите, становится вашей реальностью.“ — Брайан Трейси

1.8.84 განცდები რწმენაში შესვლის შემდეგ

__თემაზე წერდნენ__

***

პირველი, რასაც ღმერთი შთააგონებს სულს, რომელსაც იმის ღირსად მიიჩნევს, რომ თავისი დაფარული არსის გამოცხადებით შესძრას, ესაა ყოვლად უჩვეულო შემეცნება და უჩვეულო ხედვა, რომლითაც სული სრულიად ახლებურად ჭვრეტს საგნებს.

---

ეს ახლად მოვლენილი ნათელი აძრწუნებს და უცნაური ძალით აშფოთებს მთელს მის არსებას; და ეს ძრწოლა, ეს შეშფოთება აშკარად ჩრდილავს იმ სიმშვიდეს და აუმღვრევლობას, რასაც აქამდე ანიჭებდა მისთვის ესოდენ სანუკვარი საგნების ჭვრეტა.

---

მას აღარ ძალუძს, მშვიდად დატკბეს ყოველივე იმით, რაც აქამდე ასე ხიბლავდა. მუდმივი ეჭვი ამღვრევს ამ ტკბობას, და ეს შინაგანი ხედვა მთლიანად აქარწყლებს მისთვის ჩვეულ სიტკბოებას, მოგვრილს იმ სანუკვარი საგნების ჭვრეტით, რომლებშიაც ესოდენი თავდავიწყებით ინთქმებოდა და ესოდენ სრულად ითქვიფებოდა მისი გულის მთელი სინაზე.

---

მაგრამ ის ღვთისმოსაობაში კიდევ უფრო მეტ სიმწარეს ხედავს, ვიდრე ამა სოფლის ამაოებაში. ერთის მხრივ, ხილულ საგანთა ხიბლი უფრო მეტად სძრავს და აღელვებს, ვიდრე სასოება უხილავ საგანთა მიმართ, ხოლო მეორეს მხრივ, უხილავ საგანთა უცვლელობა უფრო გულისშემძვრელად მოქმედებს მასზე, ვიდრე, ხილულთა ამაოება. და ასე, ამ ორი გრძნობის ჭიდილი იწვევს მის გულაყრილობას და გულაცრუებას, რაც დასაბამს აძლევს სრულ ქაოსს და უწესრიგობას; ესაა მის არსებაში ღრმად ფესვგადგმული ძველი შთაბეჭდილებების, ძველი გრძნობებისა და ახალ განცდათა სამკვდრო–სასიცოცხლო ბრძოლის შედეგი.

---

ის ჭვრეტს ცვლადსა და მსწრაფლწარმავალ საგნებს, როგორც ხრწნადთ ან უკვე ხრწნილებაქმნილთ. და რაკი აშკარად გრძნობს, როგორ იავარიყოფა ყველაფერი, რაც მას უყვარდა, როგორ ყოველწამიერად არყოფნაში გადადის ის, რასაც შეჰხაროდა და ელოლიავებოდა, შეძრწუნებული ფიქრობს, რომ ერთ მშვენიერ დღეს ჭკუიდან გამოეცლება ყველაფერი, რაზედაც ამყარებდა მთელს თავის იმედს, თავის სასოებას. და მისთვის უკვე ცხადი ხდება, რომ, რაკი გულით მხოლოდ ხრწნადსა და მსწრაფლმავალ საგნებზე იყო მიჯაჭვული, ამიტომ სხეულთან გაყრისას მისი სული თავისი თავის ანაბარა დარჩება, ყველაფრისგან განძარცული, ყველას მიერ მოტოვებული, რადგან უგულებელყო ჭეშმარიტი, თვითმყოფი და უხრწნელი სიკეთე, რომელსაც შეეძლო მწედ მოვლენოდა როგორც ამ ქვეყნად, ისე საუკუნო ცხოვრებაშიც.

---

ამიერიდან ის არარაობად აღიქვამს ყოველივე იმას, რაც არარაობად უნდა იქცეს: ზესკნელს თუ ქვესკნელს, საკუთარ სულს, საკუთარ ხეულს, მშობლებს, მეგობრებს, მტრებს, სიმდიდრეს, სიღატაკეს, უბედურებას, ბედნიერებას, პატივს, სახელს, უსახელობას, ზიზღს, გავლენას, ძალა–უფლებას, გაჭირვებას, ჯანმრთელობას, სნეულებას და თვით სიცოცხლეს. და ბოლოს, ყოველივე ის, რასაც მასზე უფრო მოკლე დღე უწერია, ვეღარ აკმაყოფილებს ამ სულის იდუმალ ზრახვებს თუ მისწრაფებებს, სულისა, რომელიც თავგანწირული ძალისხმევით ცდილობს დაიმკვიდროს ისეთივე წარუვალი ბედნიერება, როგორც წარუვალია თავად.

---

ამიერიდან ის გაკვირვებით ეკითხება საკუთარ თავს: როგორ მოხდა, რომ მთელი ამ ხსნის განმავლობაში ბრმასავით ვცხოვრობდიო; და როცა აზრით მოიცავს, ერთი მხრივ, დროის იმ ხანგრძლივობას, რომლის განმავლობაშიც არაფერი ამდაგვარი არ განუცდია, და მოყვასთა ურიცხვ სიმრავლეს, რომელთა მთელი სიცოცხლე არაფრით არ განსხვავდება მისი უწინდელი ყოფისაგან, ხოლო მეორეს მხრივ, იმას, რომ თავისი ბუნებით უკვდავი სული ვერასოდეს ეზიარება ჭეშმარიტ ბედნიერებას მოკვდავ არსთა და წარმავალ საგანთა შორის, რომლებიც, უმალ თუ არა, სიკვდილის შემდეგ მაინც გამოეცლება ხელიდან, – წმინდათაწმიდა განცვიფრება თუ გაოგნება, ცხოველმყოფელი შეშფოთება ეუფლება მთელს მის არსებას.

---

რადგან მისთვის აშკარა ხდება, რომ, რაგინდ ურიცხვიც უნდა იყოს იმათი სიმრავლე, ვისთვისაც სიკვდილამდე შეუცნობელი რჩება ამ სოფლის ცრუ გამოცანა, და რაგინდ წინააღუდგომელიც უნდა იყოს ამ ურიცხვი ხალხის პირადი მაგალითის ძალა, ხალხისა, რომელიც ბედნიერებას ცხოვრებით ტკბობაში, მხოლოდ განცხრომაში ხედავს, – მაინც უეჭველია, რომ ამ ბედნიერებას, რაგინდ მყარიც უნდა იყოს და მუდმივიც (თუმცაღა ეს ვარაუდი თავისთავად უარყოფილია ესოდენ საბედისწერო და ესოდენ ურიცხვი პირადი ცდითა თუ გამოცდილებით,) სიცოცხლე თუ არა, სიკვდილი მაინც იავარყოფს, და, ამრიგად, ამდენ წარმავალ სიკეთეს ხარბად დაწაფებული სული, სულერთია, რას ვიგულისხმებთ, – ოქროს, ცოდნას, ძალაუფლებას თუ სხვა მისთანათ, – ადრე თუ გვიან უცილობლად დაუტევებს თავისი ტკბობის წყაროს, რომელსაც, ვთქვათ და, მართლაც შეუძლია დააცხროს მისი წადილი, მაგრამ არა სამუდამოდ, მაგრამ არა სამარადისოდ, და თუ ესაა ჭეშმარიტ ბედნიერებასთან ზიარების წყურვილი, უნდა ითქვას, რომ ეს ბედნიერება საკმაოდ დღემოკლე ყოფილა და მსწრაფლმავალი, რაკიღა მისი ხანგრძლივობა უფრო ვიწრო რკალით თუ არა, ჩვენი ამქვეყნიური არსებობის ყავლით, ხომ მაინცაა შემოფარგლული.

---

ასე რომ, წმიდა ქედმოდრეკილობის წყალობით, რომელსაც ღმერთი ზვაობაზე მაღლა აყენებს, ეს სული თანდათანობით მაღლდება კაცთა ანგარებაზე; ის გმობს მათ ქცევას, ის ზიზღით ემსჭვალვის მათ მცნებებს, ის დასტირის მათ სიბრმავეს, ის მიიქცევა ჭეშმარიტი სიკეთის ძებნად და შეიცნობს, რომ ამ სიკეთისათვის ნიშნეულია შემდეგი ორი თვისება: ჯერ ერთი, ის მასავით წარუვალია და ვერავინ წარსტაცებს მანამ, სანამ თვითონ არ ისურვებს წარსტაცონ იგი, და,მეორეც, ის, რომ არაფერია უფრო სასურველი.

---

ის ხედავს, რომ სამყაროსადმი სიყვარულის წყალობით სწორედ სამყაროს მიაწერდა, საკუთარი სიბრმავის გამო, ამ მეორე თვისებას, ვინაიდან არაფერს თვლიდა უფრო სასურველად. მაგრამ რაკი ვეღარსად ჰპოვებს პირველს, იძულებულია აღიაროს, რომ ეს როდია უზენაესი სიკეთე; ამიტომ სხვაგან დაეძებს მას, და რა შეიცნობს წმიდათაწმიდა ნათლის წყალობით, რომ უზენაესი სიკეთე არც თვით მასშია, არც მის მიღმაა და არც მის წინაშე (მაშასადამე, არაფერია მასში, არაფერი მის ირგვლივ), – თავის თავზე მაღლა სახავს და სიმაღლეთა მიმართვე მიიქცევა მისდა საძებნად.

---

ეს ამაღლება ისერიგად ზეაღმტაცია, რომ ის დაბლა იტოვებს ცას, რომელიც ვერაფრით დააცხრობს მის წადილს, დაბლა იტოვებს ცისმიღმიერს, დაბლა იტოვებს ანგელოსებს და ყველაზე უფრო სრულყოფილ არსთ. ის მაღლდება უფლის ყველა ქმნილებაზე და ვერცერთ მათგანზე ვერ აჩერებს თავის გულისთქმას, სანამ არ მიეახლება თვით უფლის საყდარს, სადაც სიმშვიდეს და ჭეშმარიტ სიკეთეს ჰპოვებს, რომელზე უფრო სასურველი არა არის რა ამ ქვეყნად, და რომელსაც, მისდა უნებურად, ვერავინ წარსტაცებს.

---

რადგან თუმცა ჯერ კიდევ მთელი სავსებით ვერა გრძნობს იმ მადლს, რომლითაც ღმერთი ღვთისმოსავს გულმოდგინების სანაცვლოდ მიაგებს, – ის მაინც ესმის, რომ არ შეიძლება ქმნილება შემოქმედზე უფრო სასურველად გვიჩნდეს, და მისი აზრი, ღვთიური მადლით გაბრწყინებული, შეიცნობს, რომ არა არის რა ღმერთზე უფრო საყვარელი, უფრო სასურველი, და რომ ვერავინ წარსტაცებს ამ ერთადერთ ჭეშმარიტ სიკეთეს, თუ თვითონ არ უარყოფს მას, რადგან ვისაც სურს ღმერთი, კიდევაც ეზიარება ღვთაებრივ მადლს, ხოლო ღმერთის უარმყოფელი თვითონვე იძარცვავს საკუთარ თავს ჭეშმარიტი სიკეთისაგან.

---

და ის ხარობს, რომ მიაკვლია სიკეთეს, რომელსაც ვერავინ ვერ წარსტაცებს, თუ თვითონვე არ ისურვებს ამას, და რომელზე მაღალი არა არის რა ამ ქვეყნად. და ამ ახალი აზრით, ახალი განცდით გულანთებული, ის ჭვრეტს თავისი შემოქმედის მთელს სიდიადეს, ქედმოხრილი დადრკება და მოწიწებით თაყვანს სცემს მას. ამიერიდან იგი არარაობად მიიჩნევს საკუთარ თავს, მაგრამ რაკი არ შეუძლია საკმარისად დაიმდაბლოს, ან ამ უზენაესი სიკეთის წყალობით, საკმარისად ამაღლებულად იგრძნოს თავი, განახლებული ძალისხმევით ცდილობს დამდაბლდეს თვით არარაობის უფსკრულამდე, ხოლო უფალი უსასრულობის სისავსედ წარმოიდგინოს და უსასრულოდვე განავრცოს ეს სიდიადე. შემდეგ, ამ ახლებური აღქმით, რომელიც მთლიანად ამოწურავს მის ძალებს, ის ბაგემდუმრიად აღმერთებს უფალს, ხოლო თავის თავს მის ფუჭ და უბადრუკ ქმნილებად მიიჩნევს, თავისი უშრეტი გულმოდგინებით კვალად ადიდებს, კვალად თაყვანს სცემს მას, და ისურვებდა ასე ედიდებინა იგი უკუნითი უკუნისამდე. და ბოლოს, ის გრძნობს, ის აღიქვამს, ღვთაებრივ მადლს, რომლითაც ღმერთი მიწის უბადრუკ მატლს თავის უსასრულო სიდიადეს უცხადებს, და რა გადაწყვეტს, საუკუნოდ უფლის მადლიერი იყოს, სირცხვილით იხსენებს წარსულს, როცა ამდენ ამაოებას არჩევდა თავის ჭეშმარიტ მოძღვარს, და სინანულითა და სინიდისის ქენჯნით შეუვრდება უფლის გულმოწყალებას, რათა, ამრიგად, შეაჩეროს მისი წმიდა რისხვა, რომელიც, ღმერთის გონებამიუწვდომელი სიდიადის მჭვრეტელს, ესოდენ საზარელი ეჩვენებოდა...

---

ის გულმხურვალედ ლოცულობს ღმერთის მიმართ, რათა გული მოულბოს და, ამრიგად, რაკი უფალმა თავისი თავი გაუცხადა, იქნებ თავისი შეცნობისა და ჭეშმარიტ სიკეთესთან ზიარების გზაც გაუმჟღავნოს, რადგან მხოლოდ ღმერთს რომ მიელტვის, ღმერთის მიერვე ნაჩვენები გზით მიელტვის მას, რაკიღა მხოლოდ ერთი რამ სურს: დაე, თვით ღმერთი იყოს ღმერთისავე გზა, მისი ლტოლვის ერთადერთი საგანი და მისი საბოლოო მიზანი. და ამ ლოცვის შედეგად ხვდება, რომ ამიერიდან ყველა თავისი მოქმედება უნდა შეუწონოს მხოლოდ ახლად მოფენილ ნათელს.

---

და ის, თითქოს თვალი აეხილაო, ახლაღა იწყებს ღმერთის შეცნობას, მთელის არსებით მიდრკება მისკენ და სურს ეზიაროს მას. მაგრამ, რადგან არ იცნობს უფლის მიმართ მიმავალ გზას, ამიტომ, თუკი მისი სურვილი ჭეშმარიტია და წრფელი, ისე იქცევა, როგორც ყველა მგზავრი, რომელმაც დაკარგა გზა: რაკი მიხვდება, მხარი მექცაო, შემწეობას სთხოვს სხვებს, რომლებიც ზედმიწევნით იცნონენ ამ აადგილის ასავალ–დასავალს. დიახ, ამ მგზავრისა არ იყოს, ისიც რჩევას სთხოვს სხვებს. რომლებსაც შეუძლიათ მიასწავლონ უფლის გზა, ამდენი ხნის წინათ რომ დაუტევა ცოდვით შესვრილმა. ამიერიდან იგი საბოლოოდ ირჩევს, მოძღვართა ნებას შეუთანხმოს მთელი თავისი ცხოვრება. მაგრამ რაკი მისი ბუნებრივი სისუსტის, ისევე როგორც ცოდვის მიმართ მისი თანდაყოლილი მიდრეკილების გამო ვერ აღწევს ნანატრ ნეტარებას და ბედნიერებას, ის შესთხოვს უფლის გულმოწყალებას მიასწავლოს მისკენ მიმავალი გზა, მის სიწმინდესთან ზიარებისა და მასთან სამარადისოდ შეერთების საშუალება. და მისთვის ესოდენ ძველი და ესოდენ ახალი მშვენიერების ჭვრეტაში დანთქმული გრძნობს, რომ ყველა მისი მოძრაობა ამ მიზნის მმართ უნდა ილტვოდეს.

---

ამრიგად, ის გრძნობს, რომ თაყვანს უნდა სცემდეს შემოქმედს, როგორ ქმნილება, მადლს უნდა მიაგებდეს მას, როგორც მოვალე, უნდა ცდილობდეს მისი გულის მოლბობას, როგორც ცოდვილი და მოწყალებას უნდა სთხოვდეს, როგორც გლახაკი, სანამ არ ეზიარება იმ ნეტარებას, რომ მის გარდა აღარაფერი უჩნდეს სახილველად, სასურველად და სადიდებლად უკუნითი უკუნისამდე.

__ ბლეზ პასკალი "ცოდვილის მოქცევისათვის" __

 

***

აი რას ვხედავ და რა მაშფოთებს საითაც არ გავიხედავ, ყველგან განუჭვრეტელი წყვდიადია და უკუნეთი. ყველაფერი, რასაც ბუნება მივლენს, მხოლოდ ეჭვსა და ძრწოლას იწვევს ჩემში. მე რომ ღვთაების ნიშნით აღბეჭდილს ვერაფერს ვჭვრეტდე, ალბათ, ურწმუნო გავხდებოდი; ყველაფერი რომ ღვთაების ნიშნით აღბეჭდილი მევლინებოდეს, სამუდამოდ დავცხრებოდი, რწმენით აღვსილი, მაგრამ მე ვხედავ მეტისმეტად ბევრს, რათა უარვყო და მეტისმეტად ცოტას, რათა აღვივსო ურყევი რწმენით, და ჩემი გული წუხს, ჩემი საბრალო გული.

__ ბლეზ პასკალი __