3.49.37 Данную Богом свободу воли не применяем для выбора греха

3.49.37 ღმერთისგან მოცემულ თავისუფალ ნებას ნუ გამოვიყენებთ ცოდვის ასარჩევად

დაბ.3,6; 4,7 გალ.5,13

ბიბლიის მუხლები

დაბადება 3

6. და დაინახა ქალმა, რომ საჭმელად კარგი ჩანდა ის ხე, თვალთათვის საამური და მიმზიდველი, რადგან შემეცნებას იძლეოდა. მოწყვიტა ნაყოფი და შეჭამა. თავის კაცსაც მისცა და მანაც შეჭამა.

დაბადება 4

7. თუ სიკეთის მქნელი ხარ, განა თავაწეული არ უნდა იყო? ხოლო, თუ სიკეთის მქნელი არა ხარ, ცოდვაა ჩასაფრებული კართან და შენკენ აქვს ლტოლვა, მაგრამ შენ უნდა იბატონო მასზე”.

გალატელთა 5

13. ხოლო თქვენ, ძმებო, თავისუფლებისთვის ხართ მოწოდებულნი, ოღონდ ეს თავისუფლება არ გახდეს საბაბი ხორცის საამებლად, არამედ სიყვარულით ემსახურეთ ერთმანეთს.

__თემაზე წერდნენ__

***

ღმერთმა ადამიანი ბუნებით უცოდველი და ნებით თავისუფალი შექმნა. უცოდველიო, რომ ვამბობთ, იმას კი არ ვგულისხმობთ, რომ, თითქოს, იგი მიდრეკილიც არ იყო ცოდვისაკენ და სრულიად განშორებოდა მას, - არა, არამედ ამით ჩვენ ვამტკიცებთ, რომ შეცოდების შესაძლებლობა თვით ადამიანის ბუნებაში როდი მდგომარეობდა, - იგი თავისუფალ ნებაზე იყო დამოკიდებული და ნებიდან გამომდინარეობდა, ხოლო უცოდველი მხოლოდ ერთი ღმერთია. ეს იმას ნიშნავს, რომ ღვთაებრივი მადლის შეწევნით ადამიანს შეეძლო, თუკი ამას ნამდვილად ისურვებდა, მარადის სიკეთეში ჰგიებულიყო და სათნოებაში წარმატებულად ეცხოვრა, თუმცა იმავდროულად, თავისუფალი ნებელობის ძალით, ასევე შეეძლო განშორებოდა სიკეთეს და ბოროტებას მიმთხვეოდა, რამეთუ სათნოებად ვერ მიიჩნევა ის, რაც გარედან იძულებით კეთდება.

__ წმ. იოანე დამასკელი __

***

ზოგიერთნი ფიქრობენ, რომ ადამიანის ბუნება თავის არსითაა ვნებებს დაქვემდებარებული. და ამ თავისი შეხედულების დასასაბუთებლად მიუთითებენ ადამიანის ისეთ თვისებებზე, როგორიცაა მრისხანება და ნდომა-სურვილი, მაგრამ ეს სულაც არ არის ისე, როგორც ისინი ამტკიცებენ, რამეთუ მრისხანება და ნდომა ღმერთმა ადამიანის ბუნებას როგორც ვნებები როდი მიანიჭა (ვნებები ისინი ამჟამად არიან), არამედ როგორც კეთილი გამწყობილებანი და ადამიანმაც მიიღო ეს სიკეთენი სახიერი ღმერთისაგან, როგორც ისეთი ნიშან-თვისებანი, რომლებიც მასში განიერს ხდიდნენ საცნაურად. და თუკი მრისხანება და მოსურვება პირუტყვ ცხოველებსაც მიეცა, მათ ეს იმავე მნიშვნელობით როდი აქვთ, რაც ადამიანებს. ადამიანის სხეულიც ხორცია, მაგრამ იმავე ღირსების როდია, რაც პირუტყვთა ხორცია, რადგან მას ღმერთისაგან მიეცა გონებაც, მსწრაფველი ღმერთის აზრისმიერ სიკეთეთადმი . . .

__ წმ. სვიმონ ახალი ღვთისმეტყველი __

***

ჩვენი ადამიანური ბუნება ადვილად იღებს კეთილსაც და ბოროტსაც, საღმრთო მადლსაც და მის მოწინააღმდეგე ძალასაც, და იგი ყოველთვის თავისუფალია არჩევანში – შეუძლებელია მიმძლავრებული იყოს ვინმესაგან და იძულებით მიიღოს ან კეთილი, ან ბოროტი. ასე, რომ ადამიც თავისი საკუთარი თავისუფალი ნებით გარდახდა ღმერთის მცნებას და მზაკვარს დაუჯერა . . . უდიდესი სიმდიდრე და უდიდესი მემკვიდრეობა ჰქონდა მისთვის განმზადებული ღმერთს, მაგრამ რადგან ადამი ბოროტი ზრახვებითა და გულისთქმებით აღივსო, უმალვე დაიღუპა ღმერთისთვის და სიკვდილს ეწია, რადგან მოაკლდა საღმრთო მადლს.

__ წმ. მაკარი დიდი __

***

ღმერთის წინამძღვრობით წარმართებული ადამიანი საკუთარი თავისუფალი ნებით იყენებს ამქვეყნიური ცხოვრების სიძნელეებს იმისათვის, რომ სულის სიმტკიცე შეიძინოს. სიამეთა სიუხვისა და წარმავალ სიკეთეთა საცდურის წინაშე გამოსცდის იგი თავშეკავების უნარს და კეთილკრძალული ხდება. ცთუნებათა და განსაცდელთა შორის სწავლობს კეთილმოშიშებას და, გონიერებით აღვსილი, ცდილობს არასდროს არაფერში დაუთმოს მათ და კიდევ უფრო გულმოდგინე იყოს ჭეშმარიტების სიყვარულში, რომელიც არასდროს გვატყუებს და არასდროს გვარცხვენს.

__ ნეტარი ავგუსტინე __

***

ცოდვა არის მარადიული კანონის წინააღმდეგ მიმართული სიტყვა, საქმე ან სურვილი.

__ ნეტარი ავგუსტინე __

***

ღმერთს, თავისი წინამსწრობელი ნებით, სურს ჩვენგან კეთილი საქმეები მიიღოს და სწყალობს კიდეც მათ თავისმიერი შეწევნით. ხოლო ბოროტი საქმეები მას არ სურს ჩვენგან, არც თავისი წინამსწრობელი ნებით და, არც თავისი შემდგომი ნებელობით. მაგრამ ღმერთი მიუშვებს ხოლმე ჩვენს თავისუფალ ნებას ბოროტის საქმნელადაც, რამეთუ იძულებით რაიმეს მოქმედება არც სათნოებად შეგვერაცხება და არც გონიერ საქმედ.

__ წმ. იოანე დამასკელი __

***

ჩვენ ვიცით, რომ ბოროტს არა აქვს არსი, არც სხვა რამ დასაბამი, თუ არ გონიერ ქმნილებათა დაცემისა, ცდუნებისა, რომლებმაც ბოროტად გამოიყენეს ღმერთისგან მონიჭებული თავისუფალი ნება.

__ წმ. გრიგოლ პალამა __

***

კმარა, კმარა, ნუღარა სცოდავ, სულს აგების მიხვდეს შვება.

__ დ. გურამიშვილი __

***

ცხვირს აცემინებს კაცი თუ ბუნებრივ მოთხოვნილებას იკმაყოფილებს, - ამას მთელი მისი ძალა სჭირდება. მაგრამ რამდენადაც ორივე ეს მოქმედება თვითნებურია, ამდენად სულაც არ ბღალავს კაცის ღირსებას. და თუმცა ამას თავად სჩადის, თავისდა უნებურად სჩადის; არა ზემოაღნიშნულ მოქმედებათა გულისთვის, არამედ სულ სხვა მიზნით, ასე რომ არ შეიძლება მას სისუსტე ან რაიმე უღირსის მიმართ მონური მორჩილება დავწამოთ.

კაცისთვის სულაც არაა სამარცხვინო ვერ გაუძლოს მწუხარებას, მაგრამ სამარცხვინოა ვერ გაუძლოს განცხრომის სურვილს. მიზეზად ნუ მოვიდებთ იმას, რომ მწუხარება თავად გვეწვევა, განცხრომას კი, პირიქით, თვით ჩვენ დავეძებთ, რადგან შეიძლება მწუხარებაც თვითონ ვეძებოთ და მთელის არსებით მივეცეთ მას, ისე რომ ოდნავადაც არ დავიმდაბლოთ თავი. მაგრამ საკითხავია, რატომ ინარჩუნებს ღირსებას, მწუხარებას მინებებული სული და რატომ ისხამს თავზე ლაფს, როცა ნებდება განცხრომის სურვილს? იმიტომ, რომ მწუხარება არ გვაღორებს, არ გვაცდუნებს; ჩვენ თვითონ ვიხრით ქედს მის წინაშე, თვითონ ვაღიარებთ მის ძალმოსილებას და, ამრიგად, მდგომარეობის ბატონ-პატრონი ვრჩებით; ასე რომ, თუ ვინმეს ვნებდებით, ისევ და ისევ ჩვენსავე თავს. განცხრომისას კი განცხრომის მონები ვხვდებით. თვითფლობა, თავდაჭერილობა ყოველთვის განადიდებს ადამიანს, მონობა კი ამდაბლებს და ამცირებს.

__ ბლეზ პასკალი __

***

როგორც ნატურალისტები ამბობენ, მსოფლიოში ხილის ხეების 2500 სახეობა არსებობს. ნახეთ, როგორი ხელგაშლილია ღმერთი, რომელმაც გააშენა ბაღი და ეუბნება ადამს: შეგიძლია 2499 ხის ნაყოფი იგემო, ოღონდ არ ჭამო 1 ხიდან მხოლოდ

დაბ.2,16.17

16. უბრძანა უფალმა ღმერთმა ადამს: "ბაღის ყოველი ხისგან შეგიძლია ჭამო,

17. ოღონდ კეთილისა და ბოროტის შემეცნების ხისგან არ შეჭამო, რადგან რა დღესაც შეჭამ სიკვდილით მოკვდები”.

მაგრამ ნახეთ ეშმაკის ცბიერება, მას სურს, რომ ღმერთის გულუხვობა ვერ დავინახოთ:

დაბ.3,1

1. ღმერთის მიერ შექმნილ ველურ ცხოველებს შორის გველი ყველაზე ცბიერი იყო. ჰკითხა გველმა ქალს: "ნუთუ მართლა გითხრათ ღმერთმა, ბაღის არცერთი ხის ნაყოფი არ ჭამოთო?”

და მართლაც მისი სიტყვის მოსმენის შემდეგ ევას თვალში ფასს კარგავს 2499 ხის ნაყოფი და აკრძალული ხის ნაყოფს ირჩევს.

__ ჯონ ბევირი __

__ვიდეო__