1.9.40 Слово о кресте для погибающих юродство есть

1.9.40 სიტყვა ჯვრის შესახებ სისულელეა მათთვის, რომლებიც იღუპებიან

ჯვარი - წამებით დასჯის იარაღი, რომელზეც გააკრეს იესო ქრისტე

---

ჯვარი სიმბოლურად არის:

- ქრისტეს ტანჯვა კოლ.1,20

- შერიგება ღმერთთან ეფ.2,16

- მოვალეობა მათ.10,38 მარ.8,34

- ქრისტიანული რწმენა 1კორ.1,[18]

- ქრისტეს ჯვრისთვის (ანუ ქრისტეს რწმენისთვის) დევნა გალ.6,12.13

- "ქვეყანა ჯვარცმულია ჩემთვის, მე კი - ქვეყნისთვის." ანუ მკვდარია რწმენის კაცი ცოდვებისთვის, რაც ქვეყნიერებაზეა გალ.6,14

---

- იესო ქრისტემ ნებაყოფლობით აიღო თავისი ჯვარი ფლპ.2,8

- უფალმა ჯვრის საშუალებით გამოგვიხსნა ცოდვის ტყვეობისგან, რომელიც ამძიმებდა კაცობრიობას ადამის ცოდვის შემდეგ ეფ.2,16

---

- ქრისტიანები ჯვარცმულ ქრისტეს ვქადაგებთ ანუ სახარებას, რაც გადარჩენილებისთვის ღვთის ძალაა 1კორ.1,18.25

ზოგს არასწორად ესმის და ცდუნდება, ადამიანური სიბრძნით ცდილობს გაერკვეს სულიერში 1კორ.1,23-25; 2,14; 3,18.19

- ჯვრის სიტყვა ანუ სახარება მხოლოდ წარწყმედილთათვისაა დაფარული 2კორ,4,3

- ქრისტეს ჯვრის (ანუ სახარების) მტერივით - ურწმუნოსავით იქცევა ზოგი და თავს იღუპავს ფლპ.3,18.19

 

ბიბლიის მუხლები

 

მათე 10

38. ვინც არ აიღებს თავის ჯვარს და არ გამომყვება, არ არის ჩემი ღირსი.

 

მარკოზი 8

34. თუ ვინმეს სურს მე მომყვეს, უარყოს თავი, აიღოს თავის ჯვარი და გამომყვეს.

 

1კორინთელთა 1

18, ვინაიდან სიტყვა ჯვრის შესახებ სისულელეა მათთვის, რომლებიც იღუპებიან, ხოლო ჩვენთვის, რომლებიც გადავრჩებით, ღვთის ძალაა.

23. ჩვენ კი ჯვარცმულ ქრისტეს ვქადაგებთ: იუდეველთათვის - საცდურს, ბერძენთათვის - სიშლეგეს,

24. ხოლო იმავე იუდეველთა და ბერძენთათვის, რომელნიც არიან ხმობილნი, - ქრისტეს, ღვთის ძალას და სიბრძნეს.

25. რადგანაც სიშლეგე ღვთისა კაცთა სიბრძნეზე უფრო ბრძნულია, და უძლურება ღვთისა - კაცთა ძლიერებაზე უფრო ძლიერი.

 

1კორინთელთა 2

14. მაგრამ მშვინვიერი კაცი არ შეიწყნარებს იმას, რაც ღვთის სულისაგან არის, რადგანაც სიშლეგედ მიაჩნია და ვერ მიმხვდარა, რომ ეს სულიერად უნდა განსაჯო.

 

1კორინთელთა 3

18. ნურავინ მოიტყუებს თავს; თუ ვინმეს ამ ქვეყნად ბრძენი ჰგონია თავი, შლეგი გახდეს, რომ სიბრძნეს ეზიაროს.

19. რადგანაც სიბრძნე ამა ქვეყნისა სიშლეგეა ღვთის წინაშე, როგრრც წერია: „მათსავ ცბიერებაში ატყვევებს ბრძენთ“.

 

2კორინთელთა 4

3. ხოლო თუ ჩვენი სახარება დაფარულია, წარწყმედილთათვის არის დაფარული,

 

გალატელთა 6

12. ხორცით თავმოწონების მოსურნენი გაიძულებენ წინადაიცვითოთ, მხოლოდ იმიტომ, რომ არ იდევნებოდნენ ქრისტეს ჯვრისათვის.

13. ვინაიდან თვით წინადაცვეთილნიც არ იცავენ რჯულს, არამედ უნდათ, რომ წინადაიცვითოთ, რათა იქადოდნენ თქვენი ხორცით.

14. ხოლო მე ღმერთმა დამიფაროს, რომ სხვა რამით ვიქადოდე და არა ჩვენი უფლის იესო ქრისტეს ჯვრით, რითაც ქვეყანა ჯვარცმულია ჩემთვის, მე კი - ქვეყნისთვის.

 

ეფესელთა 2

16. და ორივე ერთი სხეულით შეერიგებინა ღმერთთან ჯვრის მეშვეობით, რომელზედაც მოაკვდინა მტრობა.

 

ფილიპელთა 2

8. თავი დაიმდაბლა და მორჩილი გახდა თვით სიკვდილამდე, ჯვარცმით სიკვდილამდე.

 

ფილიპელთა 3

18. რადგანაც ბევრნი, ვის შესახებაც ხშირად მითქვამს თქვენთვის, ახლა კი ტირილით გეუბნებით, ისე იქცევიან, როგორც ქრისტეს ჯვრის მტრები,

19. რომელთა ბოლო წარწყმედაა, ღმერთი - მუცელი, დიდება კი - სირცხვილი, რადგანაც მიწიერზე ფიქრობენ.

 

კოლასელთა 1

20. რათა მისი მეშვეობიი, შემოერიგებინა ყოველი და მისი ჯვრის სისხლით დაეცხრო ყველაფერი - მიწიერიც და ზეციერიც.

 

__თემაზე წერდნენ__

***

ჯვარი...

ვისთვის სამკაული, ვისთვის ცხოვრების გზა, ვისთვის საშიში ნივთი..

ერთი ფაქტია: რომ არა ჯვარი, რომ არა ქრისტეს მიერ ჯვარზე დათხეული სისხლი, ჩვენ იმედი არაფრისა გვექნებოდა.

 

***

რატომ წერია ახალ აღთქმაში ზოგიერთ ადგილას სიტყვა „ძელი“, იესო ქრისტე ბოძზე იქნა გაკრული?

„ძელი“ ძველი ქართული სიტყვაა და ნიშნავს ხეს, მოჭრილ ხეს. ახალი აღთქმის რამდენიმე ადგილას (კერძოდ: საქმ. 5,30; 10,39; 13,29 და სხვა) მითითებულია სიტყვა „ძელი“ და ის აღნიშნავს თუ რა მასალისაგან იყო დამზადებული ქრისტეს ჯვარი. ქრისტეს წამების იარაღი ფორმით ჯვარი იყო, ხოლო მასალად ხე იყო გამოყენებული. რუსულ ბიბლიაში შესაბამის ადგილას წერია არა „სტოლბ“ - ბოძი, სვეტი, არამედ „დრევო“ - ხე. ხის გამო მოხდა ადამის დაცემა (კეთილისა და ბოროტის შეცნობის ხე), ხის გამო მოხდა ადამიანის გამოხსნა (ჯვარი).

 

***

ვისაც არ სწამს ჯვარი დაიღუპებაო. მართლა ასე ამბობს ბიბლია?

მოდით, აქ მოვიყვანოთ ასეთი მტკიცებულების ერთი ტიპიური მაგალითი:

“ჯვრის სიტყვა წარწყმედილთათვის სიცოფეა, ხოლო ჩვენთვის, ხსნილთათვის, ძალაა ღვთისა” (1.კორ. 1.18). ამგვარად, ახასიათებს ჯვარს წმიდა პავლე მოციქული ბიბლიაში. ეს სიტყვები იმას გვაუწყებს, რომ ადამიანთა ნაწილს არ სწამს ჯვრის, ანუ არანაირ მნიშვნელობას არ ანიჭებს მას. ამიტომაც, ისინი წარწყმედილებად ან დაღუპულებად იწოდებიან. მათი მხრიდან ჯვრის ძალის არ აღიარება, სწორედ განსხვავებული რწმენის, ან საერთოდ, ურწმუნოების მანიშნებელია. ჩვენთვის, ხსნილთათვის, ქრისტიანთათვის კი, ჯვარი ძალაა ღვთისა. ე.ი. უდიდესი მნიშვნელობა გააჩნია, რადგან ჯვარი ღვთის ძალას ფლობს, შესაბამისად, ღმერთის სახელთან არის დაკავშირებული. წმიდა ჯვარი ხომ ყოველ ჩვენგანს ეძლევა ნათლობის საიდუმლოს აღსრულების შემდგომ.

წარმოვიდგინოთ საყვარელი და სათაყვანებელი ადამიანი, როგორი ახლობელი ხდება ჩვენთვისაც, მასთან დაკავშირებული საგნები და მოვლენები. აი, მაგალითად, ჩვენი დიდი მეფე ერეკლე II და მისი ბრძოლებში გაცვეთილი ხმალი, რაოდენ დიდ პატივისცემასა და მოკრძალებას იწვევს ჩვენში, ეს უტყვი და უსულო საგანი. ეს კი ორი მიზეზის გამო ხდება. ერთი, როგორც აღვნიშნეთ, პიროვნების სიყვარულისა და მეორე მხრივ, კი ხმლის მიერ აღსრულებული საქმეების, მტერთა განადგურების გამო. ასევეა ქრისტიანთათვის ჯვარი. წმიდა ჯვარს პატივს ვცემთ იესო ქრისტესა და კიდევ იმის გამო, რომ ჯვრის მეშვეობით დაამარცხა ღმერთმა კაცობრიობის მტერი – ეშმაკი. წმ. იოანე დამასკელი ამბობს: “თუკი საწადელია ჩვენთვის, ადამიანთათვის შეყვარებულთა სახლი, მათი საწოლი და სამოსელი, რამდენად უფრო – ყოველივე ის, რაც კი ღვთისა და მხსნელისაა და რომელთა მიერაც ხსნილნი ვართ ჩვენ?!” იგივე წმიდა მამა წერს: “ქრისტეს ყველა საქმე და სასწაულმოქმედება უდიდესია, საღვთოა და საკვირველი, მაგრამ ყველაზე უფრო საკვირველია მისი პატიოსანი ჯვარი”. მნიშვნელოვანია ჯვრის საკვირველებისა და მისი არსის საიდუმლოს განსაზღვრა."

---

პასუხი:

ჩვენს დროში ღვთის მადლით არის შესაძლებლობა ძალიან ადვილად რამდენიმე წუთში მოვიძიოთ ესა თუ ის სიტყვა თუ ფრაზა ბიბლიიდან. ინტერნეტში უკვე არის რამდენიმე ბიბლია საძიებო სისტემით (მათ შორის ეს საიტიც). ამდენად შეგიძლიათ თქვენ თვითონ ჩაწეროთ საძიებო ფანჯარაში ის ფრაზები, რომლებიც აქ მოყვანილ მაგალითში გვხვდება, რათა დავრწმუნდეთ ისინი ბიბლიაში წერია თუ დროთა განმავლობაში ადამიანებმა გამოიგონეს.

---

პირველ რიგში ალბათ დაგაინტერესებთ ფრაზა "ჯვრის რწმენა"

ასეთ სიტყვათწყობას და აზრს ვერ იპოვით. არ იძებნება გარდა ამ მუხლისა:

მარკოზი 15

32. ქრისტე, ისრაელის მეფე, ჩამოვიდეს ახლა ჯვრიდან, რომ ვიხილოთ და ვირწმუნოთ!” მათთან ერთად ჯვარცმულებიც ლანძღავდნენ მას.

---

ახლა ვნახოთ "ჯვრის ძალა"

ჩავწერთ მას და ვიპოვით მხოლოდ შემდეგ მუხლებს, რომლებშიც საუბარია არა ჯვრის, არამედ ღვთის ძალაზე:

1კორინთელთა 1

18, ვინაიდან სიტყვა ჯვრის შესახებ სისულელეა მათთვის, რომლებიც იღუპებიან, ხოლო ჩვენთვის, რომლებიც გადავრჩებით, ღვთის ძალაა.

2კორინთელთა 13

4. რადგანაც თუ უძლურებით ეცვა ჯვარს, ცოცხალია ღვთის ძალით; და ჩვენც უძლურნი ვართ მასში, მაგრამ ღვთის ძალით მასთან ერთად ვიცოცხლებთ თქვენთვის.

კოლასელთა 2

15. ძალისაგან განძარცვა მთავრობანი და ხელმწიფებანი, საჯაროდ განაქიქა და ჯვრით იმძლავრა მათზე.

---

ჩაწერთ "ჯვრის მადლი" - იპოვით:

მარკოზი 15

15. მაშინ პილატემ, ხალხის მოსამადლიერებლად, გაათავისუფლა ბარაბა, ხოლო იესო გაამათრახებინა და ჯვარზე საცმელად მისცა მათ.

---

"ჯვარი საკვირველი", ჩაწერთ საძებნი სისტემის ფანჯარაში და იპოვით ჯვრის მზიდველ სიმონ კვირინელს:

მათე 27

32. როცა გამოდიოდნენ, ნახეს კვირინელი კაცი, სახელად სიმონი; და აიძულეს, მისი ჯვარი ეზიდა.

---

ჩაწერეთ მაგალითში ხსენებული "წმინდა ჯვარი" და იპოვით ძველი აღთქმიდან ასეთ სიტყვებს, შესაძლოა საგულისხმოსაც ამ არაბიბლიური რწმენის ფრაზისთვის:

გოდება იერემიასი 4

1. როგორ დაიბინდა ოქრო, ფერი იცვალა ბაჯაღლომ; გაფანტულია საწმიდრის ქვები ყოველ გზაჯვარედინზე;

---

მაგალითშია "ჯვრის თაყვანისცემა" ან "პატივისცემა" - ჩაწერეთ და იპოვით მხოლოდ:

ეზეკიელი 16

31. როცა სამეძაოებს აშენებდი ყოველ გზაჯვარედინზე და სათაყვანო გორაკებს აგებდი ყოველ მოედანზე, არ ჰგავდი საჩუქრებზე დახარბებულ მეძავს,

---

ჩაწერთ და არაფერი მოიძებნება ბიბლიაში "ჯვარი პატიოსანი" და "ჯვრის საიდუმლო"

---

ასე რომ ეს ფრაზები, როგორც დარწმუნდით და რბილად რომ ვთქვათ, ღვთისთვის სათნო არ არის.

---

ამდენი გამოგონებული ფრაზით, რომლებიც ბიბლიაში არ იხსენიება, ეწინააღმდეგებიან ღვთის სიტყვის ჭეშმარიტებას რწმენაში უმეცარნი

2ტიმოთე 2

8. როგორც იანე და იამბრე წინაღუდგნენ მოსეს, ასევე ესენიც ეწინააღმდეგებიან ჭეშმარიტებას; გონებით გახრწნილი ადამიანები, რწმენაში უმეცარნი.

---

არ გავკადნიერდებით და ყველა სიტყვას არ ვეტყვით მოციქულის ამ ნათქვამიდან, მაგრამ როგორ ფიქრობთ პავლე ამ სიტყვებს გადარჩენილებზე ამბობს თუ დაღუპულებზე? უბრალოდ შევახსენებთ მათ და იქნებ დაფიქრდნენ, რომ ცოდვაა გამოკლებაც და დამატებაც

გამოცხადება 22

18. ვუმოწმებ ყველას, ვინც ისმენს ამ წიგნის წინასწარმეტყველების სიტყვებს: თუ ვინმე რამეს დაურთავს მათ, ღმერთი დაურთავს მას წყლულებს, რომლებიც წერია ამ წიგნში.

19. ხოლო თუ ვინმე რამეს მოაკლებს ამ წიგნის წინასწარმეტყველების სიტყვებს, ღმერთი მოაკლებს მას წილს სიცოცხლის ხიდან, წმიდა ქალაქიდან და იქიდან, რაც ჩაწერილია ამ წიგნში.

---

გწამს ჯვარი?

არასწორადაა დასმული კითხვა. მას არსებობის უფლება არა აქვს, არალოგიკურია, არ არის ჭეშმარიტების წიგნიდან - ღვთის სიტყვიდან. ბიბლია გვეუბნება იმას, რაც საჭიროა რწმენისთვის და ჩვენ ვპასუხობთ მის საფუძველზე, რომ ქრისტე ეწამა ჯვარზე, მოკვდა და აღსდგა მესამე დღეს ჩვენი ცხონებისთვის. - აი ეს გვწამს და არა ჯვარი. ის არ არის რწმენის ობიექტი!

---

ატარებ ჯვარს?

ეს კითხვაც რომ არ არის სწორი, თქვენ უკვე იცით, ამიტომ მოკლედ გიპასუხებთ, ჯვარს თითოეული ჩვენგანი ვატარებთ და რას წარმოადგენს ის მხოლოდ ჩვენ ვიცით და ჩვენმა უფალმა. ჩვენ ვსაუბრობთ მასთან ამის შესახებ ჩვენს ლოცვებში და არ არის აუცილებელი ვინმემ იცოდეს კიდევ. ხოლო როგორც ქრისტიანობის სიმბოლოს ბევრი ჩვენგანი ატარებს ხილულადაც.

---

ვინც არ აიღებს ჯვარს - არ ნიშნავს "ვინც არ ჩამოიკიდებს", ეს არც ჯვრის ფორმის ნივთის ტარებას ნიშნავს, არამედ შინაგანი რაღაც კათარზისია განსაცდელი შენში, რომელიც მხოლოდ შენ იცი და რა თქმა უნდა უფალმა. გარეგნულ ნიშნად, იმისთვის, რომ ქრისტიანი ხარ, ჯვარი საკმარისი არ არის, რადგან კარგად ვიცით ყველამ, ის ფორმალურად ბევრ უკეთურს უკეთია, ან იღებს და ატარებს, მაგრამ სულიერად ქრისტიანი არ არის. თუ ქრისტეა შენი უფალი, მაშინ აღნიშნულ მუხლებში იმასაც ამოიკითხავ, ჯვარი თუ რატომ უნდა აიღო. ეს ნიშნავს, რომ თავი უნდა უარყო, რაღაცას უნდა შეელიო მათ.10,38 მარ.8,34

- ბიბლიაში არსად არ წერია ხილული, რეალური ჯვრის შესახებ გარდა იმ ჯვრებისა, რომელებზეც გაეკრა უფალი და მის გვერდით კიდევ ორი ავაზაკი. შესაბამისად არ წერია რაიმე ჯვრისადმი თაყვანისცემის, ამბორისა და ტარების შესახებ

- არც ისაა სამართლიანი, რომ სიტყვა "ჯვარი" საერთოდ არ ახსენო, რაკი ის წამების იარაღია, ამოიღო შენი თარგმნილი და გამოცემული ბიბლიიდან და შეცვალო ყველა ჯვარი ბოძით

***

ჩნდება კითხვა, თუ პატივს უნდა ვცემდეთ ჯვარს, როგორც მათი ადამიანური ლოგიკა ამბობს, რა დააშავა ვირმა, რად არ აცხადებენ წმიდა ცხოველად, მასაც ხომ ეხებოდა ქრისტე?.. გეტყვით რატომაც, - ვირი არ დასჭირვებიათ, მას კერპად ვერ აქცევენ. ჯვრის თაყვანისცემის აკრძალვით კი ბიზნესი ჩაუვარდებათ. აყვირდებიან, როგორც არტემიდეს ტაძარში აყვირდნენ (საქ.19 თავში), ნაირნაირადაც შეგამკობენ, რა ცილს არ დაგწამებენ. ჯიუტად არც ღვთის სიტყვაში ჩაიხედავენ, არც შეამოწმებენ, აბა ასე არის თუ არაო. არადა წმ. წერილი გონიერს უწოდებს ამის მოქმედს

საქმენი მოციქულთა 17

11. ესენი უფრო კეთილშობილნი აღმოჩნდნენ, ვიდრე თესალონიკელნი, მთელი გულმოდგინებით მიიღეს სიტყვა და ყოველდღე წერილებს არჩევდნენ, ნამდვილად ასე თუ არისო.