1.8.12. О первых христианах

Письмо Киприана (одного из мучеников III века н. э.) своему другу Донатусу

 

«Когда я смотрю на этот мир из-под тенистых ветвей своего виноградного сада, то мир кажется очень радостным и прекрасным. Но если бы мне можно было подняться на высокие горы и окинуть взглядом широкие дикие долины, ты хорошо знаешь, что бы я увидел: разбойников на больших дорогах, пиратов в море, сражающиеся армии и пылающие города. В амфитеатрах мужчины убивают друг друга, чтобы доставить публике радость. Я увидел бы эгоизм, жестокость, бедствия и отчаяние, господствующие под крышами домов. Это плохой мир, Донатус, немыслимо испорченный мир. Но в его среде я обнаружил тихий и святой народ, который познал великую тайну. Этот народ презирают и преследуют, но его это не огорчает. Эти люди – хозяева своей души. Они победили мир. Эти люди, Донатус, - христиане, и я принадлежу к их числу»…

1.8.12. პირველ ქრისტიანთა შესახებ

ქრისტიანებს პირველად "ქრისტიანები" უწოდეს ანტიოქიაში 40-44 წლებში. საქ.11:26

 

ეკლესიის წარმოშობა

ტერმინი „ეკლესია“ ხშირად გვხვდება ძველსა და ახალ აღთქმაში და მისი მნიშვნელობა უცვლელია – ხალხთა კრებული, ან განსაკუთრებული პიროვნების მიერ შეკრებილი ხალხი განსაკუთრებული მიზნისათვის. ქრისტიანობაში – ქრისტეს მიერ შეკრებილ მორწმუნეებს ნიშნავს.

ეკლესია დაარსდა დაახლოებით 30-იან წლებში, ჩვ.წ.აღ–ით. ამაღლებამდე ქრისტემ გააფრთხილა თავისი მოწაფეები, რომ არ გასცლოდნენ იერუსალიმს, სანამ მამისგან აღთქმულს არ მიიღებდნენ და არ შეიმოსებოდნენ მაღლიდან ძალით. იესოს ამაღლებიდან 10 დღის შემდეგ, როდესაც იერუსალიმში ორმოცდაათობის დღესასწაულს აღნიშნავდნენ იუდეველები და მოწაფეებიც დღესასწაულზე იყვნენ ზედა თვალში შეკრებილნი, ლოცვის დროს მათზე სულიწმიდა გარდამოვიდა და აღივსნენ სულიწმიდით და იწყეს უცხო ენებზე საუბარი, როგორც სული ამეტყველებდა მათ. შეკრებილნი დაახლოებით 120 კაცამდე იყვნენ. ამ მოვლენამ უამრავი ცნობისმოყვარე შეკრიბა, რომელნიც სხვადასხვა ქვეყნებიდან ჩამოსული ებრაელი ელინები იყვნენ. მოციქული პეტრე გაქადაგდა მესიაზე და მოუწოდებდა მათ ერწმუნათ ქრისტე, რომელიც ჯვარს აცვეს და ღმერთმა აღადგინა მკვდრეთით. ქადაგების დროს მრავალმა ჰკითხა პეტრეს, თუ რა უნდა გაეკეთებინათ, რომ გადარჩენა მიეღოთ, რაზეც პეტრემ მიუგო: “მოინანიეთ თქვენი ცოდვები და მოინათლეთ იესო ქრისტეს სახელით, რომ მიიღოთ სულიწმიდის ნიჭი.“ (საქმე 2:30–38) იმ დღეს შეემატა მორწმუნეთა 120 კაციან ჯგუფს 3000–მდე კაცი. საეკლესიო ისტორიკოსების უმრავლესობა სწორედ ამ დღეს მიიჩნევს ეკლესიის ისტორიის დასაწყისად. მოციქულთა ნაშრომებში ეკლესია სხვადასხვანაირადაა სახელდებული. თუმცა, ერთ–ერთ სახელს გააჩნია განსაკუთრებით ზოგადი და სხვა მნიშვნელობა – ეს არის „ ქრისტეს სხეული“. ამ იდეას ყველაზე მეტად პავლე ავითარებდა, რომელიც ეკლესიას ადამიანის ორგანიზმს ადარებდა, რომელიც სხვადასხვა ორგანოთა გაერთიანებას წარმოადგენს, ორგანოთა, რომლებიც სხვადასხვა მიზნებს ემსახურება და ამავე დროს, სარგებლობა მოაქვს მთელი ორგანიზმისათვის (1კორ 12:12–30). ქრისტიანები ზრუნავდნენ ერთმანეთზე და ამ სიყვარულით, როგორც უფალმა თქვა კიდეც, გამოირჩეოდნენ ყველა სხვა ხალხისაგან. როდესაც პალესტინელი ქრისტიანები შიმშილობდნენ, პავლე მოციქული კრებდა მათთვის შესაწირებს მაკედონიასა და აქაიაში. ანტიოქიის ქრისტიანებიც ზრუნავდნენ თავიანთ ძმებზე, რომლებიც იუდეაში ცხოვრობდნენ. ყველა ეს მაგალითი, რასაც ახალ აღთქმასა და ისტორიულ წიგნებში ვაწყდებით, წარმოაჩენს ქრისტიანთა ურთიერთდამოკიდებულებას, როგორც ერთი სხეულის ნაწილებისა.

 

ადრეული ეკლესიის სტრუქტურა

მოციქულთა დროს ეკლესიის განმტკიცების მეორე მნიშვნელოვან ფაქტორად იქცა მისი ორგანიზება. ახალ აღთქმაში ჩამოთვლილნი არიან ეკლესიის სხვადასხვა სახის მსახურნი: მოციქულები, უხუცესები, მახარებლები (ევანგელისტები) და დიაკვნები. ყველა ეს ზემოთჩამოთვლილი თანამდებობები წარმოადგენენ ფუნქციებს მსახურებაში. ის ადამიანები, რომლებიც ამ მსახურებებში იდგნენ, შემოსილნი იყვნენ ძალაუფლებითა და ავტორიტეტით, რათა ეხელმძღვანელათ მორწუმნეთათვის. საეკლესიო თანამდებობების მოსახერხებელი ანალიზისათვის უპრიანი იქნება მათი დაყოფა ორ ჯგუფად – საერთოებად და ადგილობრივებად.

საერთო მსახურებს შეიძლება მივაკუთვნოთ მოციქულები, წინასწარმეტყველები, მოძღვრები (მასწავლებლები) და მახარობლები. მოციქულები 12-ნი იყვნენ, თუმცა იუდას მაგიერ შემდგომ მატათია იქნა არჩეული, ასევე ვიცით, რომ პავლეც მოციქული იყო. მოციქულებს მინიჭებული ჰქონდათ ძალა, მიეღოთ და სხვებისაკენ მიემართათ სულიწმიდის ნიჭები, რაც მათ მსახურებას უნიკალურობას სძენდა. (საქმე 8:14–17) იესოსთან თავიანთი სიახლოვის წყალობით, იმის გამო, რომ ის თავად იყო მათი მოძღვარი (რაბინი), ეჭვგარეშეა, რომ მთელი ცოდნა და უნარი უშუალოდ მისგან ჰქონდათ მიღებული. მოციქულები ქმნიდნენ ეკლესიის ხელმძღვანელების განსაკუთრებულ ჯგუფს. მათი გარდაცვალების შემდგომ, ეკლესიაში სხვა მოციქულები აღარ გამოჩენილან. მათი „უფლებამოსილებითი სიგელები“ იმდენად უდავო იყო, მათი ცხოვრება და მსახურება იმდენად ავტორიტეტული და მნიშვნელოვანი, რომ მთელი შემდგომი საეკლესიო ისტორია თავის თეორიებს, პრაქტიკულ მოძღვრებასა და საეკლესიო ცხოვრებას, უშუალოდ მოციქულთა მოძღვრებას ადარებს.

ეს სამი თანამდებობა: მოციქული, წინასწარმეტყველი და მოძღვარი (მასწავლებელი) საერთოა. მათი ძალაუფლება არ არის შემოსაზღვრული, რომელიმე ტერიტორიით, რადგან ის მთელს ეკლესიაზე ვრცელდებოდა. ყველა მოციქულს გააჩნდა თავისი სამოციქულო ძალაუფლება, იმის მიუხედავად, თუ სად იმყოფებოდნენ ისინი მოცემულ მომენტში: იერუსალიმში, ანტიოქიაში, სამარიაში, გალატიაში და ა.შ. იმავეს თქმა შეგვიძლია წინასწარმეტყველებზეც. ყველა საერთო ჯგუფში შემავალ მსახურებს ჰქონდათ ერთი საერთო ნიშანი: არც ერთი მათგანი არ იყო მიჯაჭვული რაიმე კონკრეტულ საცხოვრებელ ადგილზე, ანდა თემზე. ისინი მოგზაურობდნენ და მოძღვრავდნენ სამწყსოს. თუმცა, სიტუაცია იცვლება, როდესაც ადგილობრივ თანამდებობებს განვიხილავთ.

დიაკვნების წარმოშობა ეკლესიაში, მოციქულთა საქმეების მეექვსე თავს უკავშირდება, თუმცა თავად სიტყვა – „დიაკონი“ წმიდა წერილის ამ თავში გამოყენებული არ არის. სიტყვა „დიაკონის“ ბერძნული ანალოგია – „მსახური“, სწორედ ეს შედიოდა ამ შვიდეულის მოვალეობაში – ყოფილიყვნენ ქრისტიანული თემის მსახურები და თავის თავზე აეღოთ მისი წევრების ყველა ფიზიკური მოთხოვნილებების მოგვარებაზე ზრუნვა და პასუხისმგებლობა.

თუ საერთო თანამდებობების აღმსრულებელნი სარგებლობდნენ ძალაუფლებითა და ავტორიტეტით მსოფლიო მასშტაბით, დიაკონები და უხუცესები ძალაუფლებას ფლობდნენ მხოლოდ ადგილობრივ თემებში. ჯერ კიდევ ქრისტიანობამდელ პერიოდში, ებრაულ სინაგოგებში, არსებობდნენ უხუცესები. ქრისტიანი უხუცესები, როგორ სჩანს, უბრალო გაგრძელებაა ამ ტრადიციული საეკლესიო თანამდებობისა. პირველად ახალ აღთქმაში უხუცესი ნახსენებია საქმე 11:30–ში. ბარნაბამ და პავლემ ანტიოქიის ეკლესიის პრესვიტერებს გადასცეს მთელი შეგროვილი დახმარება. ასევე აუცილებელია, იმის მითითება, რომ პავლესთან სასაუბროდ ჩასულ უხუცესებს, მან „ეპისკოპოსები“ უწოდა (საქმე 20:28), (ქართულ თარგმანში „მწყემსი“). მოციქული საუბრობდა ყველა იმ თვისებაზე, რომლებიც აუცილებელია უხეცესისთვის თავის პირველ წერილში ტიმოთეს მიმართ და ტიტეს მიმართ. ტიტეს მიმართ წერილში პავლე მოციქული იყენებს ტერმინს „ეპისკოპოსი“ ანუ „მწყემსი“, ეს სიტყვა კიდევ ტიმოთესადმი წერილში გამოიყენება. არავითარი ეჭვი არ არის იმაში, რომ პავლესათვის ეს ორი სიტყვა „უხუცესი“ და „ეპისკოპოსი“ ერთსა და იმავეს ნიშნავდა. პეტრე თავის პირველ წერილში ლაპარაკობს უხუცესებზე, ანუ პრესვიტერებზე (1პეტრე 5:1–4) რომელთაც მეორე მუხლში უწოდებს ეპისკოპოსებს (ბერძ.) (მწემსებს–ქართულად). ყველა ეს დასახელება გვხვდება პირველ ქრისტიანულ ტექსტებში, ეს კი იმას ამტკიცებს, რომ ეკლესიის არსებობის პირველივე დღეებიდან ეს ორი ტერმინი გამოიყენებოდა თანაბრად ადამიანთა ერთი და იგივე ჯგუფის აღსანიშნავად. სულიერ ზედამხედველობას თემზე, სწორედ უხუცესები ახორციელებდნენ. სიტყვა „უხუცესი“ ნიშნავს უბრალოდ ასაკით უფროსს ადამიანს, რომელიც სარგებლობს დამსახურებული ავტორიტეტით და გავლენით თავის თემში. სიტყვა „ეპისკოპოსი“ ზუსტი თარგმნით ნიშნავს „ზედამხედველს“, ადამიანს, რომელიც ახორციელებს ზედამხედველობას. „მწყემსი“ ნიშნავს მეცხვარეს. ამგვარად სიტყვა „უხუცესი“ განეკუთვნება უფრო ადამიანურ ურთიერთობებს, ადამიანურ პატივისცემას, იმ დროს, , როცა სიტყვები „ეპისკოპოსი“ და „ხუცესი“ ადამიანს უფრო მეტად მისი მოვალეობების კუთხით ახასიათებენ – სულიერი მოღვაწეობა იქნება ეს, თუ მისი სამწყემსო მოღვაწეობა. დროთა განმავლობაში ყველა ამ სიტყვათაგან უფრო ხშირად გამოყენებადი გახდა ტერმინი „ეპისკოპოსი“. „პრესვიტერი“ – „უხუცესის“ ბერძნული ექვივალენტია და ინგლისურ ენაშიც ანალოგიურად ჟღერს. თუმცა, სამწუხაროდ, ამ სიტყვამ სერიოზული ცვლილება განიცადა თავისი მნიშვნელობით. აუცილებელია ვიცოდეთ, რომ ახალ აღთქმაში ყველა ეს სახელწოდება (უხუცესი, პრესვიტერი, ეპისკოპოსი, მწყემსი) ერთსა და იმავეს ნიშნავს და მხოლოდ მრავლობით ფორმაში გვხვდება. ჩვენ ვერ აღმოვაჩენთ ახალი აღთქმის ტექსტში, თუნდაც ერთხელ ამ სიტყვების მხოლობით რიცხვში ხსენებას. მოციქულები ყოველთვის წერდნენ: “ეპისკოპოსები, ხუცესები, მწყემსები და პრესვიტერები“.

 

პირველი ქრისტიანები

პირველი ეკლესია, ანუ პირველი წმიდებისგან შემდგარი კრებული, ებრაელი იუდეველებისგან შედგებოდა და ითვლებოდა იუდაიზმის ერთ–ერთ განშტოებად, ჯერ კიდევ სახარებაში ვხედავთ, რომ მრავალი რაბინი ისმენდა იესოს სწავლებას და გარკვეული სიმპათითაც იყვენენ მის მიმართ განწყობილნი, მათ შორის იყო ნიკოდემოსი. გარკვეული დროის განმავლობაში სანამ ქრისტიანები მიიჩნეოდნენ იუდაიზმის ერთ­ერთ განშტოებად ისინი არ იდევნებოდნენ რომაელების მიერ, რადგან იუდაიზმი ებრაელთა ხელშეუხებელ რელიგიად იყო მიჩნეული და რომაელები მას არ კრძალავდნენ, მაგრამ როდესაც იუდეველმა რაბინებმა, ქრისტაინების შევიწროება დაიწყეს, მორწმუნენი იძულებულნი გახდნენ გამოყოფოდნენ იუდაიზმს და აი მაშინ უკვე დაიწყო რეპრესიები ეკლესიის ისტორიაში.

44 წელი — ქრისტიანთა დევნა ჰეროდე მეფის დროს

51 წელი — მოციქულთა კრება იერუსალიმში

62 წელი — ქრისტიანთა დევნა იუდეაში

64 წელი — ქრისტიანთა პირველი დევნა ნერონის დროს

96 წელი — ქრისტიანთა მეორე დევნა დომიციანეს დროს

106 წელი — ქრისტიანთა მესამე დევნა ტრაიანეს დროს

166 წელი — ქრისტიანთა მეოთხე დევნა მარკუს ავრელიუსის დროს

202 წელი — ქრისტიანთა მეხუთე დევნა სევერეს დროს

235 წელი — ქრისტიანთა მეექვსე დევნა მაქსიმიანეს დროს

250 წელი — ქრისტიანთა მეშვიდე დევნა დეცი ტრაიანეს დროს

257 წელი — ქრისტიანთა მერვე დევნა ვალერიანეს დროს

261 წელი — ქრისტიანთა შეწყნარება-დათმენის პირველი ედიქტები გალიენის დროს

275 წელი — ქრისტიანთა მეცხრე დევნა ავრელიანეს დროს

303 წელი — ქრისტიანთა მეათე დიდი დევნა დიოკლიტიანეს დროს

313 წელი — მილანის ედიქტი ქრისტიანობის შეწყნარების შესახებ

 

ქრისტიანობა საქართველოში.

საქართველოს ქრისტიანული ეკლესია შეიქმნა ქართლში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებისთანავე — დაახლოებით 326 წელს. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია იერარქიულად საბერძნეთის ეკლესიას ექვემდებარებოდა. V საუკუნეში ვახტანგ გორგასალმა მცხეთის საეპისკოპოსო შეცვალა ქართლის საკათალიკოსოთი და კათალიკოსი ანტიოქიის პატრიარქისგან დამოუკიდებელი გახადა. ამგვარად, ვახტანგ გორგასალმა ქართლის ეკლესიას ავტოკეფალია მოუპოვა.

დაახლოებით IX-X საუკუნეებში დასავლეთ საქართველოს ეკლესია — აფხაზეთის საკათალიკოსო გამოვიდა კონსტანტინოპოლის პატრიარქის დაქვემდებარებიდან და ქართლის საკათალიკოსოს დაექვემდებარა.

XI საუკუნიდან საქართველოს მართლმდიდებელი ეკლესიის უმაღლესი მესაჭე კათალიკოს-პატრიარქის ტიტულს ატარებდა და რიგით მეექვსე იყო მსოფლიო პატრიარქთა შორის. 1054 წლის საეკლესიო განხეთქილების შემდეგ კი მართლმადიდებლურ სამყაროში დარჩენილმა საქართველოს კათალიკოს-პატრიარქმა მეხუთე ადგილზე გადმოინაცვლა ალექსანდრიის, ანტიოქიის, კონსტანტინოპოლისა და იერუსალიმის პატრიარქებს შორის.

ივანე ჯავახიშვილის აზრით, ქრისტიანობის ისტორია საქართველოში III საუკუნის დამდეგიდან იწყება, ხოლო ოფიციალურ თარიღად ცნობილი 326 წელი სარწმუნოების ოფიციალურად გამოცხადებას ეხება, რაც ყველა ქვეყანაში უფრო გვიან ხდებოდა. ქრისტიანობის გავრცელებას საქართველოში მოციქულ ანდრია პირველწოდებულს და სიმონ კანანელს მიაწერენ.

კათოლიკური ეკლესია საქართველოში მოღვაწეობს ჯერ კიდევ შუა საუკუნეებიდან, ხოლო პირველი პროტესტანტული ეკლესიები დაარსდა მე-19 საუკუნეში.

 

_თემაზე წერდნენ__

***

ქრისტეს ბევრი გაჰყვა და მისი მოძღვრებაც მრავალმა მიიღო, სხვები კი ყოყმანობდნენ, თუმცა კი სჯეროდათ, რომ მისი მეშვეობით ებრაელი ხალხი რომაელთაგან გათავისუფლდებოდა... მას ჩვევად ჰქონდა ქალაქიდან გასვლა და ზეთისხილის მთაზე ადამიანთა კურნება. იესოს გარშემო ათასობით მონამ და უბრალო ადამიანმა მოიყარა თავი. როდესაც მისი ძალა იხილეს და დარწმუნდნენ, რომ სიტყვით ყველაფრის ქმნა ხელეწიფებოდა, ხალხი ქრისტეს ქალაქში შესვლას, პილატესა და რომაელთა არმიის განდევნასა და იესოს მეფედ კურთხევას მოითხოვდა, მაგრამ მან ეს არ ისურვა.

__ იოსებ ფლავიოსი __

 

***

ნერონმა [მის მიერ გაჩენილ ხანძარში] დამნაშავეებად ქრისტიანები გამოაცხადა, რომლებმაც საყოველთაო სიძულვილი დაიმსახურეს... იმპერატორმა ისინი განსაკუთრებულ სატანჯველს მისცა. ვისგანაც ხსენებული სექტის სახელწოდება წარმოიშვა, ქრისტე, ტიბერიუსის დროს სიკვდილით დასაჯეს... შემდგომ მისი მოძღვრება ხელახლა აღორძინდა და არა მხოლოდ იუდეაში, თვით რომშიც იწყო გავრცელება...

თავიდან ისინი შეიპყრეს, ვინც თავად აღიარა (ამ სექტის მიმდევრობა), შემდეგ კი - მათი თანამოაზრეების დიდი ნაწილი... მათ დასჯას წინ საშინელი ცინიზმი უძღოდა: - ქრისტიანთა ერთ ნაწილს გარეულ მხეცთა ტყავი ჩააცვეს, სხვები კი ღამეული ჩირაღდნებივით ანთებულები დაწვეს.

ამ სანახაობას ნერონმა ცირკის არენები და თავისი ბაღებიც კი დაუთმო და ყოველივეს ხან ჩვეულებრივი მოკვდავივით გამოწყობილი უჭვრეტდა ხოლმე, ხანაც თავად მონაწილეობდა დასჯაში. ეს ადამიანები (ქრისტიანები), სამაგალითო სასჯელის ღირსნიც რომ ყოფილიყვნენ, ერთი კაცის ველური ჟინის დასაოკებლად განწირულნი, მხოლოდ სიბრალულს თუ იწვევდნენ".

__ ტაციტუსი __

 

*** 

როცა ვუყურებ ამ ქვეყანას ჩემი ვენახის ჩრდილოვანიდან, მაშინ ის ძალიან მხიარულად და მშვენიერად მეჩვენება. მაგრამ თუ მიწევს შედგომა მთაზე და თვალის მიმოვლება ფართო ველური თვალსაწიერებისთვის, კარგად იცი, რასაც დავინახავ: ყაჩაღებს დიდ გზებზე, მეკობრეებს ზღვაში, შერკინებულ ჯარებს და ცეცხლმოდებულ ქალაქებს. ამფითეატრებში მამაკაცები ხოცავენ ერთმანეთს, რათა მოსეირეებს მიანიჭონ სიამოვნება. მე დავინახავდი ეგოიზმს, სისასტიკეს, უბედურებასა და სასოწარკვეთას, გამეფებულთ სახლების ჭერქვეშ. ეს ცუდი სამყაროა, დონატუს, აზრმიუწვდომლად გაფუჭებული სამყარო. მაგრამ მის წიაღში მე აღმოვაჩინე წყნარი და წმინდა ხალხი, რომელმაც შეიცნო დიდი საიდუმლო. ეს ხალხი სძულთ და სდევნიან, მაგრამ ამით მას ვერ სწყენენ. ეს ხალხი საკუთარი სულის განმგებელია. მათ დაამარცხეს ქვეყნიერება. ეს ხალხი, დონატუს, 

ქრისტიანები არიან, და მე ვეკუთვნი მათ რიცხვს…

__ კიპრიანე (მე-3 ს-ის წამებული) თავის მეგობარ დონატუსისადმი __

 

***

იოანე ღვთისმეტყველის გარდაცვალებით დასრულდა ქრისტიანობის პირველი საუკუნე, რომელსაც მოციქულთა საუკუნე ეწოდა. ყველამ, ვინც იხილა განხორციელებული სიტყვა ღვთისა - იესო ქრისტე - და მოუსმინა მას, უფალში განისვენა, მაგრამ მაცხოვრისგან მიღებული ძალაუფლება მოციქულებმა თავიანთ მოწაფეებს გადასცეს. ამიერიდან მათ უნდა ექადაგათ სახარება დედამიწაზე, აღესრულებინათ საიდუმლონი და ღვთის სიტყვის შემწყნარებელნი ყოვლადწმინდა სამების სახელით მოენათლათ.

იესო ქრისტემ თავის მორწმუნეთ აღუთქვა, რომ მუდამ მათთან იქნებოდა. ამ აღთქმის სასოებით განმტკიცებული ეკლესია იმთავითვე უშიშრად შეხვდა თავდასხმებს. დევნა და შევიწროება კი არ აუძლურებდა, პირიქით, ზრდიდა და ძალას მატებდა მას. ქრისტიანთა მოთმინება და იმ სახელმწიფოს კეთილმოქალაქეობა, რომელიც მათ უმოწყალოდ დევნიდა, წარმართებსაც კი აოცებდა.

პირველ ეკლესიას, რომელშიც მოციქულები და მათი მოწაფენი მოღვაწეობდნენ, უკვე ჰქონდა თავისი ადათ-წესები, რომელთა შესახებაც „საქმე მოციქულთა“ და ეპისტოლენი მოგვითხრობენ. მოციქულთა სწავლებას ეკლესია უდიდესი მოკრძალებით ეპყრობოდა და მოწიწებით იცავდა.

__ ლევან მათეშვილი __

 

ბიბლიის წიგნი „საქმეები“ ნათლად აღწერს იმ წარმართულ გარემოს, რომელშიც ქრისტიანებს უწევდათ ცხოვრება. მაგალითად, კვიპროსის რომაელ პროკონსულს ურთიერთობა ჰქონდა იუდეველ ჯადოქართან (საქ. 13:6, 7). ლისტრელებს პავლე და ბარნაბა ბერძენთა ღმერთები ჰერმესი და ზევსი ეგონათ (საქ. 14:11—13). ფილიპეში პავლე შეხვდა მსახურ გოგონას, რომელიც მკითხაობდა (საქ. 16:16—18). ათენში პავლემ შენიშნა, რომ იქაურებს სხვებზე მეტად ეშინოდათ ღვთაებების. იმავე ქალაქში მან ნახა სამსხვერპლო, რომელზეც ეწერა: „უცნობ ღმერთს“ (საქ. 17:22, 23). ეფესოელები ქალღმერთ არტემიდას ეთაყვანებოდნენ (საქ. 19:1, 23, 24, 34). კუნძულ მალტაზე მცხოვრებმა ხალხმა პავლეზე თქვა ღმერთიაო, რადგან შხამიანი გველის ნაკბენმა ვერაფერი ავნო (საქ. 28:3—6). ასეთ გარემოში ქრისტიანები ფხიზლად უნდა ყოფილიყვნენ, რომ წმინდა თაყვანისმცემლობა არ შეებღალათ.