2.1.23 Что запретил Адаму Бог?

2.1.23 რა აუკრძალა ადამს ღმერთმა?

დაბადება 2 (მცხეთური ხელნაწერი)

16. და ამცნო უფალმან ღმერთმან ადამს და ჰრქუა: ყოვლისაგან ხისა სამოთხისა ჭამით შჭამო.

17. ხოლო ხისა მისგან ცნობადისა კეთილისა და ბოროტისა არა შჭამოთ მისგან, რამეთუ, რომელსა დღესა შჭამოთ მისგან, სიკუდილითა მოსწყდეთ.

დაბადება 2 (საპატრიარქო)

16. გააფრთხილა უფალმა ღმერთმა ადამი, უთხრა: ყველა ხის ნაყოფი გეჭმევა ამ ბაღში.

17. მხოლოდ კეთილის და ბოროტის შეცნობის ხის ნაყოფი არ შეჭამო, რადგან როგორც კი შეჭამ, მოკვდებით.

 

სხვადასხვა თარგმანებში: ამცნო (მცნება მისცა), გააფრთხილა, უბრძანა, უთხრა

სტრონგი # 6680, צוה‎

C(pi): приказывать, повелевать, заповедовать.

D(pu): получить приказ, повеление или заповедь

 

თავისი არსით, ღმერთის ეს სიტყვები წარმოადგენს მცნებას, მამაშვილურ გაფრთხილებას, აკრძალვას, დაუცველობის შემთხვევაში, სამწუხარო შედეგის წინასწარ უწყებით

 

__თემაზე წერდნენ__

***

დაბ.2,16.17 -ში მცნებაა ღმერთისგან მოცემული კაცისთვის, გაფრთხილებაა, რომ არ მოკვდეს. ღმერთი აკისრებს ადამიანს მორალურ პასუხისმგებლობას. სპეციალურადაა შექმნილი პირობა იმისთვის, რომ ისწავლოს ღმერთისადმი მორჩილება და აირჩიოს სიკვდილი ან სიცოცხლე. შეადარე 2რჯ.30,11-20

__ ალან პ. როსი __

 

***

ადამიანი ავტონომიური, თავისთავადი, თვითმყოფადი და თავისუფალი არსებაა. ღმერთი არ ერევა მის შემოქმედებით აქტში, არ ზღუდავს მის ნებას საგნებისა და მოვლენების სახელდების ჟამს. ეს კი ნიშნავს, რომ უზენაესმა მოაზროვნესა და მეტყველ არსებას მიმადლა ყველა სულდგმულისაგან გამორჩეული ნიჭი ანუ ტალანტი - თავისუფლება. და რადგან თავისუფლება მიმადლა, მისცა არჩევანის გაკეთების, ორიენტაციის დამოუკიდებლად აღების, ნაბიჯის შემოქმედებითად გადადგმის საშუალებაც. ამის ნიშანი იყო ედემის შუაგულში აღმოცენებული ორი ხე: ხე სიცოცხლისა და ხე კეთილისა და ბოროტის შეცნობისა. პირველის ნაყოფი განამტკიცებდა უკვდავებასა და უხრწნელებას, მეორისა - პირიქით, სოფელს ავადმყოფობასა და სიკვდილს უქადდა. ორი ხე ორი გზის სიმბოლო იყო: კეთილისა და ბოროტისა. არჩევანი კი ადამიანს უნდა გაეკეთებინა: საითაც გადადგამდა ნაბიჯს, იქით წარიმართებოდა მისი ბედი. ღმერთი კაცის ნება-სურვილში ვერ ჩაერეოდა. თუ ჩაერეოდა, თავის თავს დაუპირისპირდებოდა, ადამიანში კი ადამიანს მოკლავდა, რადგან ძეხორციელი მხოლოდ თავისუფლებით, პიროვნულობითა და ნების უნარით განირჩევა არაადამიანთაგან. სამივე ცნება - აზროვნება, ნება და თავისუფლება - ერთი მთლიანობაა, რომლის ჩახშობა და ჩაკვლა ნიშნავს პიროვნების - ღვთის ნაპერწკლის, „სიცოცხლის სუნთქვის“, „ღვთის სულის“ - ხელყოფას, რაც მიუტევებელი ცოდვა და დანაშაულია. წმ. იოანე ოქროპირი ამბობს: ღმერთი ყოვლის შემძლებელია, მაგრამ არ შეუძლია ადამიანის ცხონება, თუ უკანასკნელი თვითონ არ ინებებს ცხონებას. ამის გამო ღმერთმა ედემში მხოლოდ მცნება მისცა ადამს; აუკრძალა კეთილისა და ბოროტის შემეცნების ნაყოფის ჭამა, მაგრამ ნებისყოფისათვის გზა არ დაუხშვია.

ბიბლიის კომენტატორთა თქმით, ბოროტება ხილულ სამყაროში არახილულიდან შემოიჭრა. ამქვეყნად ეს აქტი გველის მეშვეობით განხორციელდა. ეშმაკი შევიდა ქვემძრომის სხეულში, ეახლა ადამის ცოლს - ევას, დააინტერესა იგი კეთილისა და ბოროტის შემეცნების ხის ნაყოფით; აცდუნა იგი: „უთხრა გველმა დედაკაცს: არ მოკვდებით. მაგრამ იცის ღმერთმა, რომ როგორც კი შეჭამთ, თვალი აგეხილებათ და შეიქნებით ღმერთივით კეთილისა და ბოროტის შემცნობელნი. როცა დაინახა დედაკაცმა, რომ კარგი იყო საჭმელად ის ხე, რომ თვალწარმტაცი და საამური სანახავი იყო, მოწყვიტა ნაყოფი და შეჭამა. მისცა თავის კაცს და კაცმაც შეჭამა“. აი, დასაბამი ცოდვისა, საბედისწერო ნაბიჯისა, რომელიც გადადგა ადამიანმა, მოაზროვნემ, თავის თავზე კონტროლის უნარმქონე არსებამ. ცოდვა საღვთო განაწესის ანუ მცნების დარღვევაში გამოიხატა. ამ ფაქტს პირველცოდვა ეწოდება. მისი მასშტაბი და შინაარსი გლობალური, კოსმიური, ყოვლისმომცველი იყო. მან მყისიერად, ერთბაშად და თვისობრივად შეცვალა კაცის სხეულიც და ხასიათიც. ცოდვის შედეგად დაირღვა გვამისა და სულის სიმრთელე: სხეული ხრწნადად და მოკვდავად იქცა, - დაავადდა, დასნეულდა. ცოდვის შედეგი იმავდროულად გავრცელდა გარემომცველ სამყაროზე: უსულო და სულიერ საგნებზე - მინერალებზე, ფლორასა და ფაუნაზე, კოსმოსზე, მთელს გალაქტიკაზე, ნებისმიერ კუთხესა და კუნჭულზე. მატერიალური სამყარო განემსგავსა პირველსახეს და შეიძინა ის ქიმიური შემადგენლობა, ფორმა და თვისებები, რასაც დღეს ვხედავთ, აღვიქვამთ და ვსწავლობთ. ასე რომ, ჩვენი თვალთახედვის წინ მყოფი სამყარო - ჭუჭყიანი და ცოდვილი - შეიქმნა ადამიანის მიზეზით, პირველცოდვის გამო, ერთბაშად, მყისიერად, ცოდვისა და რისხვის ერთჯერადი აფეთქების შედეგად.

__ ლია ბარბაქაძე __

 

***

კოსმიური ტრაგედიის პირველშედეგი წერილში გადმოცემულია ასე: „აეხილათ თვალი ორივეს და მიხვდნენ, რომ შიშველნი იყვნენ. გადააკერეს ლეღვის ფოთლები და არდაგები გაიკეთეს.

ცოდვას და დანაშაულს, აუცილებლობის პრინციპით, სასჯელი მოჰყვა. სასჯელმა ცისქვეშეთში ყველაფერი მოიცვა. დაირღვა ჰარმონია, თანხმობა ადამიანისა ღმერთთან და გარემომცველ სამყაროსთან, მცენარეებთან და ცხოველებთან. ზოგიერთი ცხოველი გახდა მტაცებელი და მავნებელი, მცენარე კი - შხამიანი და მომწამვლელი. ყველა და ყოველივე დაიმონა ცოდვის მარწუხმა, რომლის მიზეზი არის ადამიანი - ხილული სამყაროს პატრონი, მეფე და პასუხისმგებელი. ამიტომაც ყოველი დაბადებული, პავლე მოციქულის სიტყვის თანახმად, ადამის გამო „თანაელმის და თანაკვნესის მოაქამომდე“ (რომ. 8:23).

ნუთუ ღმერთმა დაწყევლა ყოველივე და არ დაინდო ძუძუთა ბავშვიც? პასუხი ცხადია და ერთადერთი: ადამიანმა თვითონ დაიწყევლა თავი; დაიტეხა ცოდვის ლოგიკური შედეგი - სასჯელი; თავისივე მიზეზით, გაუკუღმართებული ნებით დაიავადა სხეული და დაასნეულა სხვაც. ბიბლიაში ვკითხულობთ, რომ ღმერთმა განდევნა ადამი და ევა სამოთხიდან, რაც თარგმანებით (კომენტარით) ნიშნავს შემდეგს: ადამმა თავად განიდევნა თავი სამოთხიდან, რადგან განემსგავსა მას. უმწიკვლო და მწიკვლოვანი ერთმანეთის გვერდით ვერ თავსდებიან. სამოთხეში კი მხოლოდ სიკეთე და სიწმიდე ხარობს, ბოროტების ნაფრცქვენიც არაა იქ. მითუმეტეს: იქ ჰყვაოდა და ჰყვავის ცხოვრების ანუ უკვდავების ხე, რომლის ნაყოფი გააუკვდავებდა დაცემულ ადამს - მის შებღალულ ხორცსა და სისხლს, მასთან ერთად ყოველივეს ცისქვეშეთში, უკვე ლპობისა და ხრწნისაკენ მიდრეკილს. ეს კი აღუწერელი ტრაგედია იქნებოდა, რადგან ყველაფერი გახდებოდა უკვდავი, მაგრამ მარად ლპობადი და მარად ხრწნადი. ავადმყოფობა, სიბერე და მიხრწნილება განიგრძობოდა უკუნითი უკუნისამდე; სიმყრალე და შმორი მოიცავდა ყველაფერს (შდრ. დაბ. 3:22- 24).

 

***

თვით ხის ნაყოფი კი არ ყოფილა საწამლავი, მომაკვდინებელი ის იყო, რომ იმის ჭამით ირღვეოდა ღვთის ბრძანება.

 

***

ღმერთი ეუბნება ადამიანს: შეხედე ადამ, მე მოგეცი შენ შესანიშნავი სხეული, მაგრამ მე გაძლევ შენ ძალაუფლებას, რომ შექმნა რაღაც უკეთესი, შეიქმენი შენთვის შესანიშნავი სული, აი ეს არის ის, რაც ადამიანმა უნდა გააკეთოს საკუთარი შრომით. ამიტომ, როდესაც ადამი იგზავნება ედემში, მას ეძლევა სამი მცნება, სამი და არა ერთი. პირველი მცნება: „დაამუშავე ედემის ბაღი“. ეს გახლავთ მცნება შრომის შესახებ, სამყაროს ფერიცვალების შესახებ. ნუ დაიჯერებთ ათეიზმის პროპაგანდის ზღაპრებს, როდესაც თქვენ გეუბნებიან, რომ ღმერთმა შრომით დასაჯა ადამიანი ცოდვით დაცემის გამო, არაფერი მსგავსი არ მომხდარა. ცოდვით დაცემამდე, ადამიანის მიმართ თქმული პირველი მცნება შრომას შეეხება. ცოდვით დაცემის შედეგი გახლდათ შრომის სიმძიმე, შრომის ტანჯვა, ეს გახლავთ სასჯელი ცოდვით დაცემის გამო. მაგრამ თავად შრომა გახლავთ მოწოდება ადამიანისა. ადამიანი მოწოდებულია შრომისათვის. მეორე მცნება: „დაარქვი ცხოველებს სახელები“, ეს გახლავთ სამყაროს შემეცნების მცნება. საქმე იმაშია, რომ არქაული გაგებით, თუკი გეცოდინებოდა სახელი, გექნებოდა ძალაუფლებაც.

მესამე - ეს გახლდათ მცნება მარხვის შესახებ. „არ ჭამო“ ეს გახლავთ მარხვის მცნება. მარხვა დასასრულით მართლდება.

მცნება - „არ ჭამო ცნობადის ხის ნაყოფი“, დროებით იყო მიცემული. როდესაც ადამიანი იშრომებდა და ღვთის ხატებიდან გადავიდოდა ღვთის მსგავსებაში, მაშინ ეს მცნება აღარ იმოქმედებდა და ღმერთი ეტყოდა მათ: „მიიღეთ და ჭამეთ“.

თავდაპირველად დავფიქრდეთ, კეთილისა და ბორორტის ცნობადის ხეში იყო თუ არა ბოროტება? არა. ღმერთს სიკვდილი არ შეუქმნია, ბოროტება არ შეუქმნია, ეს იყო კეთილი დასაწყისი.

მეორე საკითხი, იცოდა თუ არა ადამმა რა იყო სიკეთე და რა იყო ბოროტება? იმიტომ, რომ თუკი არ იცოდა მაშინ არც დანაშაული არ მიუძღვის, მაგრამ მან მშვენივრად იცოდა. რა არის სიკეთე? სიკეთე თავად ღმერთია, სიკეთე ადამიანია, სიკეთე გახლავთ სამყარო, რომელმაც არ იცის ცოდვა. გაიხსენეთ, როდესაც ადამი შეიქმნა, პირველი რა მოისმინა? მან მოისმინა ღვთის სიტყვები: იხილა ღმერთმა, რომ სამყარო ყოველმხრივ მშვენიერია, ამიტომ ადამმა იცოდა თუ რა არის სიკეთე, მან ბოროტებაც იცოდა თუ რა იყო, მას ამის შესახებ ღმერთმა უთხრა ევას შექმნის წინ: „არ ვარგა კაცის მარტო ყოფნა“. ეს გახლავთ ბოროტების საკვირველი განსაზღვრება, ადამიანის მარტო ყოფნა. ბოროტება გახლავთ განცალკევება, რომელიც სიცარიელეს შობს. საქმე იმაში გალხავთ, რომ ერთი საქმეა იცოდე გონებით, მეორე საქმეა ეზიარო ბოროტების ან სიკეთის რეალურ გამოცდილებას. ცოდვით დაცემამდე ადამმა პრაქტიკაში არ იცოდა არც სიკეთე და არც ბოროტება. მას ჯერ კიდევ არ ჰქონდა აღსრულებული არანაირი სიკეთე, რომ გაერთიანებულიყო ღმერთთან და გამტკიცებულიყო მასში, არც ბოროტების გამოცდილება ჰქონდა. ახლა კი ვნახოთ თუ როგორ ხდება ცოდვით დაცემა და რის გამო ხდება. ძალიან ძველი, ჯერ კიდევ ქრისტიანობამდე არსებული ებრაული ლეგენდა, აპოკრიფი გადმოგვცემს, რომ ლუციფერის ცოდვით დაცემა იმ მომენტში მოხდა, როდესაც ადამი სახელებს არქმევდა ცხოველებს. მე კვლავ შეგახსენებთ, რომ სახელის დარქმევა ნიშნავს ძალაუფლების მოპოვებას და გამოვლენას. ბიბლიის ენაზე ცხოველებს რა ეწოდებათ? ეს ის არის, რაც ზოოპარკში ცხოვრობს? ბიბლიის ენაზე ცხოველი ეწოდება ყოველივე იმას, ვინც არსებობს, ცოცხლობს. ანგელოზებიც ცოცხლობენ, ამიტომ საეკლესიო სლავურ ენაზე ანგელოზებსაც ცხოველები ეწოდებათ, მაგ: ცხოველი ექვსფრთიანი სერაფიმები და ა.შ. (ძველ ქართულ საეკლესიო ენაშიც ასეა, ყველა ცოცხალ არსებას ეწოდება ცხოველი მთარგმ.). თუკი ღმერთმა მოუწოდა ადამს, რომ მას ყოველი ცოცხალი არსებისათვის სახელები ეწოდებინა, ე.ი. ანგელოზებიც იღებენ სახელებს მისგან.

ღმერთი მოუწოდებს ანგელოზებს, რომ ისინი დაემორჩილონ ადამს და ვინ არის ლუციფერი? ლუციფერი გახლდათ პლანეტური ლოგოსი, დედამიწის მფარველი. როგორც ყველა ადამიანს, ქალაქს, ქვეყანას ჰყავს თავისი მფარველი ანგელოზი, ლუციფერი მათ შორის ყელაზე დიდი იყო, რადგან იგი დედამიწის მფარველი გახლდათ და წარმოიდგინეთ, მას ეუბნებიან, რომ მივიდეს და ადამს თაყვანი სცეს, დაემორჩილოს. წარმოიდგინეთ ჰეროდე დიდისთვის, რომ ეთქვათ, ბეთლემში, (ბაგაში) ვაჟი დაიბადა მიდი იქ, რათა თაყვანი სცე, რადგან იგია შენი ჭეშმარიტი ბატონი, რას იტყოდა ჰეროდე? იგი იტყოდა, რომ მე ჰეროდე დიდი ვარ, ის ყმაწვილი კი რას წარმოადგენდა, რომ თაყვანი ეცა მისთვის. ამ უძველესი გადმოცემის თანხმად, ლუციფერმაც იგივე თქვა, რომ იგი არ მივიდოდა ადამთან, რათა თაყვანი-ეცა მისთვის და სწორედ ამიტომ მოხდა მისი ცოდვით დაცემა.

ევას ცოდვა იმაში მდგომარეობდა, რომ იგი არ განრისხდა. მან ხომ დაინახა, რომ გველმა ტყუილი თქვა, ის კი ფილოსოფიურ დისკუსიას იწყებს მასთან, ეს უკვე ცოდვაა. ეშმაკმა დაინახა, რომ დიალოგი შედგა, ე.ი. ყველაფერი რიგზეა. თქვენ თუ გინდათ გაიგოთ ასეთი დიალოგები როგორ იმართება, მაშინ შეგიძლიათ წაიკითხოთ წიგნი კლასიკურ ასკეტიკაში - „ბალამუტის წერილები“, რომლის ავტორიც გახლავთ ინგლისელი მწერალი - კლაივ ლუისი. მე მხოლოდ აღნიშნული წიგნის დასაწყისზე მოგიყვებით. ეს წიგნი თავის თავში მოიცავს ორი ეშმაკის მიმოწერას, სადაც უფროსი ეშმაკი ასწავლის უმცროსს, თუ როგორ უნდა მიიყვანოს „კლიენტი“ სასურველ კონდიციამდე. ეს გახლავთ უდიდესი ინგლისური იუმორით დაწერილი წიგნი და აი ლუისი გადმოგვცემს, რომ უფროსი ეშმაკი - ბალამუტი წერს უმცროს ეშმაკს: თქვენ უმცროსი მაცდუნებლები რატომღაც სულ ფიქრობთ, რომ თითქოს თქვენი დავალება იმაში მდგომარეობს, რომ რაღაცაში დაარწმუნოთ ადამიანები, არაა საჭირო ასე ფიქრი, რადგან გონება მათ მიიღეს ჩვენი მტრისაგან (ღმერთისაგან) და რა თმა უნდა ამიტომაც ჩვენ აქ ვცოფდებით, ამიტომ სხვაგვარადაც შეიძლება გაკეთდეს. მაგალითად, მე მახსოვს, როდესაც მეც პატარა მაცდუნებლად დავიწყე სამსახური, ისე მოხდა, რომ ჩემი კლიენტი ლონდონის ცენტრალურ ბიბლიოთეკაში მუშაობდა და მე დავინახე, რომ იგი ფილოსოფიური ხასიათის ტრაქტატს კითხულობდა და ჩვენ ხომ მაგ პირუტყვების, მაგ მაიმუნების აზრების წაკითხვა შეგვიძლია და მე გავიგე, რომ მისი ფიქრები აბსოლუტურად არასაჭირო მხარეს იხრებოდა, კიდე ცოტაც და იგი მივიდოდა დასკვნამდე, რომ ღმერთი ჭეშმარიტად არსებობს და შენ როგორ ფიქრობ, თუკი მე შემეშინდებოდა და დავიწყებდი მის თავში კონტრ არგუენტების ჩალაგებას და ვეტყოდი წაიკითხე მარქსი, რუსო და ა.შ. არაფერი არ გამოვიდოდა, ამიტომ მე სხვაგვარად გავაკეთე და მის თავში შეუშვი აზრი: „სადილის დრო ხომ არ მოვიდა“ და წარმოიდგინე, იგი მპასუხობს: არა, მე ვფიქრობ, რომ ეს საკმაოდ მნიშვნელოვანი პრობლემაა, რის შესახებაც მე ეხლა ვფიქრობ და არ შეიძლება ეს ფიქრი სადილზე გავცვალო. ხოლო მე უთხარი მას: დიახ, ნამდვილად მნიშვნელოვანია, რომ ამის შესახებ, მშიერ მუცელზე იფიქრო და იგი ამაზე წამოეგო, ადგა და ქუჩაში გავიდა. შემდეგ მე მისი ყურადღება მივაპყარი გავსებულ ავტობუსს, ასევე ბავშვს, რომელიც გაზეთიდან სიახლეებს ამცნობდა ხალხს და ამის შემდეგ ვუთხარი: აი ეს არის ნამდვილი ცხოვრება, ამიტომ ბიბლიოთეკასთან დაახლოება სარგებელს ვერ მოგიტანს. ახლა ეს კლიენტი მშვიდობით და ბედნიერად მყოფობს ჩვენი მამის სამყოფელში. მაშ ასე ევამ დაიწყო ფილოსოფიური დისპუტი ეშმაკთან, იმის მაგივრად, რომ ეთქვა: განვედ ჩემგან!

ბალამუტი წინ მიიწევს და უკვე პირდაპირ ეუბნება მას, რომ ღმერთმა ტყუილი თქვა, რადგან იცის, რომ რომელ დღესაც შეჭამთ ამ ხის ნაყოფს, გახდებით ღმერთები და გეცოდინებათ სიკეთე და ბოროტება. ამ ფრაზაში სიმართლე დევს, რადგან ყველაზე ძლიერი ტყუილი ის არის, რომელშიც სიმართლის მარცვალი დევს. დიახ ნამდვილად, ცნობადის ხის ზიარების შედეგად, ადამიანი უნდა განიღმრთოს, ეს გახლდათ ღმერთის ჩანაფიქრი, მაგრამ შესაძლებელია გახდე ღმერთი, ღვთის ნების საწინააღმდეგოდ, ღვთის მცნების დარღვევით? არ შეიძლება. ამის შემდეგ ევა თანხმდება ეშმაკს და აქ მოხდა ცოდვა. თქვენ ხომ გესმით, რომ ბიბლიის ენაზე, მართლმადიდებლობის ენაზე ცოდვას ეწოდება ღმერთისაგან დაშორება, ეს არ გახლავთ უბრალო გარე ქმედება. თუკი მე ჩემი გული დავაცილე ღმერთს, ეს უკვე ცოდვაა, ხომ გახსოვთ ქრისტე ამბობს: თუკი შენ უბრალოდ გულისთქმით შეხედე ადამიანს, უკვე შესცოდე შენს გულში. მაშ ასე, ყოველგვარი გარე ქმედებების გვერდის ავლით, ცოდვა უკვე აღსრულდა და დაიწყო თხრობა ცოდვის შესაძლებლობებზე. რაში მდგომარეობენ ისინი, ბიბლია მათ აღწერს: და გაეხსნა ევას თვალები და დაინახა, რომ ცნობადის ხე შესანიშნავია შესახედაობით და სასიამოვნო გემოსია. რომელი თვალები გაეხსნა ევას? იგი ბრმა კნუტი ხომ არ იყო აქამდე? არა. მაგრამ აქამდე, ევა სამყაროს ღვთის დიდებაში ფერიცვალებულს ხედავდა, მაგრამ ახლა მან სამყარო თავისებურად დაინახა. გარდა ამისა, მსოფლიოს უდიდესი სიწმიდე - ცნობადის ხე ახლა რატომ იყო კარგი? იმიტომ არის კარგი, რომ იგი გემრიელია. ეს გახლავთ სუფთა უტილიტარული და მომხმარებლური დამოკიდებულება სამყაროსადმი, ეს აღარ არის მღვდლის დამოკიდებულება, ეს არის მომხმარებლის დამოკიდებულება. კატასტროფა უკვე მოხდა, ადამიანი გამოეყო ღმერთს, გამოეთიშა სამყაროს და უბრალო პარაზიტად და ექსპლუატატორად იქცა ამ სამყაროში, რომელშიც იგი მღვდელი უნდა გამხდარიყო. ევა ეზიარება, მისი გული კი კვდება. შესაძლოა სხეული ადრინდელზე უფრო მეტად ბრწყინავს, მაგრამ გული კვდება. იგი მიდის ადამთან და მასაც აძლევს ხის ნაყოფს.

__ ანდრეი კურაევი __

 

__თბილისის ფორუმიდან__

***

კი აუკრძალა და გარდა ამისა ყველაფრის ნება მისცა მაგრამ როცა გაბრიყვდა და ამას ხედავდა ღმერთი თუ რა ცოდვის ჩადენას აპირებდა ადამი რატომ არ აარიდა ამ განსაცდელს კაცობრიობა? კაი ადამმა დააშავა და ამის გამო მისი შთამომავლობა რატომ ისჯება მამის ცოდვებზე? უფალი ხომ ადამის მამაა და ისიც ისჯება ამ ცოდვის გამო? ამ მოცემულობით გამოდის უფალი არ ერევა ყოველდღიურობაში

***

მე რას ავირჩევდი ეს სუბიექტური მგონია...

რაზე მაქვს საუბარი... ხშირად იხმარება სიტყვა - ღმერთის ნებაა, უფლის ნებაა რაც მოხდება, უფალმა წაიყვანა თავისთან და ა.შ.... აი ამ მიდგომის ახსნას ვერ ვპოულობ, მაშინ სად იყო უფალი (როცა ადამი ახრამუნებდა ) თუ უფლის ნებაა ყველაფერი? და თუ არ ერევა (და ამ ყველაზე ჯიუტი ფაქტით ესე ჩანს რომ არ ერევა) მაშ ვერ ამიხსნია რატომ არის ყველაფერი უფლის ნება?

***

ბევრი ბარიერების გადალახვა და გამოცდების ჩაბარებაა საჭირო, რომ ადამიანმა ეს მიღებული თავისუფალი ნება ბოროტად კი არ

გამოიყენოს არამედ სიყვარულში და ღმერთის შეცნობაში განავითაროს, ადამიანს რა თქმა უნდა გაუჭირდა ლუციფერის მიერ მასში

შეტანილი, ასე ვთქვათ, ვირუსის გადალახვა ხოდა როცა ძალიან გაუჭირდა და ვეღარ ერეოდა ამ ეგოიზმში თავისი თავისუფალი ნების

ხარჯვის პროცესს... სწორედ ამ დროს მოდის ქრისტე დედამიწაზე და დახმარების ხელს უწვდის ადამიანებს, აქაც არ ერევა ღმერთი მის

ინდივიდუალურობაში ის უჩვენებს გზას და ადამიანმა უნდა გადაწყვიტოს რაში მოიხმარს ის თავის ამ თავისუფალ ნებას,

***

უფლის ნებაა, რომ არსებობ...

დანარჩენი ადამიანს თავისუფალი ნება აქვს მინიჭებული და თვითონ განსაზღვრავს თავის მომავალს.

ადამიანი რომ ღვთის ხატი და მსგავსია, უპირველეს ყოვლისა მის თავისუფალ ნებაში გამოიხატება. იგი არ უნდა იყოს მონა.

***

ადამმა რომ შეჭამა აკრძალული ხილი ეს მისი ნება იყო და არანაირი უფლის ნება არ ურევია ამაში ...ისმის კითხვა თუ რატომ არ შეუშალა ხელი აკრძალული ხილის ჭამაში? ...იმიტომ არ შეუშალა რომ ადამიანი ყოვლად თავისუფალია და მისი ხელის შეშლა მის თავისუფლების შეზღუდვის ტოლფასია

რატომ დარგო ეს აკრძალული ხილი ღმერთმა? ....იმიტომ დარგო რომ ადამს ქონოდა თავისუფალი არჩევანი...

***

რამე რომ ნებავს ღმერთს, არ ნიშნავს, რომ ადამიანი აპრიორი შეასრულებს მას.

მას აქვს სურვილი, მაგრამ ამავდროულად პატივს სცემს მისი შვილების თავისუფალ არჩევანს, შესაბამისად ადამიანმს შეუძლია სხვა არჩევანი გააკეთოს.

***

ისევ ადამიანს ადგება ზიანი ...მშობელსაც უნდა რომ თავისი შვილი კარგი ადამიანი იყოს მაგრამ ზოგ შემთხვევაში მისი შვილი არ ამართლებს მშობლის ნებას და ხდება ნარკომანი, ლოთი ...და ამ შემთხვევაშიც შვილი ზარალდება...

__ამოკრებილია ფორუმელთა ის აზრები, რომლებიც ახლოა ჭეშმარიტებასთან. მისასალმებელია, რომ პრიმიტიულად არავინ ახსენებდა ვაშლს, ლეღვსა თუ ყურძენს__