2.3.11. Вера в Спасителя

Ин.3,15.[16],, 5,46 Деян.4,12,, 20,21,, 1Пет.1,8.9,, 1Ин.4,9.10.19 Рим.5,8.10,, 10,4,, 2Кор.5,19-21 Флп.2,11,, 1Тим.1,15.16

2.3.11. რწმენა მაცხოვრისადმი (საუკუნო სიცოცხლის მომნიჭებლისადმი)

ინ.3,15.[16]; 5,46 საქ.4,12; 20,21; 1პეტ.1,8; 1ინ.4,9.10 რომ.5,8-10; 10,4; 2კორ.5,19-21 ფლპ.2,11; 1ტიმ.1,15.16

ბიბლიის მუხლები

იოანე 3

15. რათა ყოველი მისი მორწმუნე კი არ წარწყმდეს, არამედ ჰქონდეს საუკუნო სიცოცხლე.

16. ვინაიდან ისე შეიყვარა ღმერთმა ქვეყანა, რომ მისცა თავისი მხოლოდშობილი ძე, რათა ყოველი მისი მორწმუნე კი არ წარწყმდეს, არამედ ჰქონდეს საუკუნო სიცოცხლე.

იოანე 5

46. ვინაიდან მოსე რომ გწამდეთ, მეც მიწამებდით, რადგანაც მან ჩემთვის დაწერა.

საქმენი მოციქულთა 4

12. სხვის მიერ არვისგანაა ხსნა და არც კაცთათვის მიცემული სხვა სახელია ცის ქვეშ, ვისი წყალობითაც ვიხსნიდით თავს.

საქმენი მოციქულთა 20

21. იუდეველებსა და ელინებს ვაუწყებდი ღვთის წინაშე სინანულს და ჩვენი უფლის იესო ქრისტეს რწმენას.

1პეტრე 1

8. რომელიც არ გინახავთ და გიყვართ, ვერც ახლა ხედავთ, მაგრამ გწამთ და ენით უთქმელი და დიდი სიხარულით ხარობთ,

1იოანე 4

9. ღვთის სიყვარული იმით გამოგვეცხადა, რომ ღმერთმა თავისი მხოლოდშობილი ძე მოავლინა ამ ქვეყნად, რათა მისი წყალობით ვცხონდეთ.

10. სიყვარული ისაა, რომ ჩვენ კი არ შევიყვარეთ ღმერთი, არამედ მან შეგვიყვარა ჩვენ, და მოავლინა თავისი ძე ჩვენი ცოდვების მალხინებლად.

რომაელთა 5

8. მაგრამ ღმერთი თავის სიყვარულს ჩვენდამი ამტკიცებს იმით, რომ ქრისტე მოკვდა ჩვენთვის, როცა ჯერ კიდევ ცოდვილნი ვიყავით.

9. ახლა კი, როცა მისი სისხლით გავმართლდით, მით უფრო გადავურჩებით რისხვას მისი წყალობით.

10. ვინაიდან, თუ მისი ძის სიკვდილით შევურიგდით ღმერთს, როცა მტრები ვიყავით, მით უმეტეს, შერიგებულნი გადავრჩებით მისი სიცოცხლით.

რომაელთა 10

4. რადგანაც რჯულის დასასრული ქრისტეა ყოველი მორწმუნის გასამართლებლად.

2კორინთელთა 5

19. რადგანაც ღმერთმა ქრისტეში შეირიგა ქვეყანა, არ შეურაცხა ხალხს მისი ცოდვები და მოგვცა ჩვენ შერიგების სიტყვა.

20. ამრიგად, ქრისტეს გულისთვის ვართ მოვლინებულნი, და, თითქოს ღმერთი შეგაგონებდეთ ჩვენი მეშვეობით, ქრისტეს სახელით გთხოვთ: შეურიგდით ღმერთს,

21. რომელმაც ცოდვის არმცოდნე ცოდვის მსხვერპლად აქცია, რათა ღვთის სიმართლედ ვქცეულიყავით მასში.

ფილიპელთა 2

11. და ყველა ენამ აღიაროს, რომ იესო ქრისტე არის უფალი, სადიდებლად ღვთის და მამისა.

1ტიმოთე 1

15. სარწმუნოა და ყოველგვარი შეწყნარების ღირსია სიტყვა, რომ ქრისტე იესო მოვიდა ქვეყნად, რათა ეხსნა ცოდვილნი, რომელთა შორისაც პირველი მე ვარ.

16. მაგრამ სწორედ იმიტომ ვიქენ შეწყალებული, რომ იესო ქრისტეს პირველად ეჩვენებინა ჩემში მთელი დიდსულოვნება მათდა სანიმუშოდ, მომავალში რომ ირწმუნებენ მას საუკუნო სიცოცხლისათვის.

__თემაზე წერდნენ__

***

ძე ღმერთის ყოვლადსრული არსებობა საკუთრივ მამა-ღმერთის არსობრიობას ეკუთვნის... ძის არსებობა მამისაგანაა და არის კიდეც მამაში და მამის მიერ. მამაც ძეშია და ძის მიერაა, რამეთუ, რაც საკუთრივ მამისგანაა, სწორედ ეს არის ძეც. მამა ძეშია და ძის მიერაა, როგორც სიტყვაშია და სიტყვისმიერაა გონება, როგორც ნაკადულში და ნაკადულისმიერაა წყარო.

__წმ. ათანასე ალექსანდრიელი__

***

ამიტომაც ძე არის მამის ხატი, ჭეშმარიტი და განუსხვავებელი ხატი, გარეშემოწერილობა ღმრთაებისა, რომელშიც იხილვება და შეიცნობა მამა.

__წმ. ათანაზე ალექსანდრიელი__

***

რაკიღა მამის ჰიპოსტასი იყო, ძე გარდუვალად იმთავითვე უნდა ყოფილიყო მისი ხატი და გარეშემოწერილობა, რამეთუ გარეთ კი არ შემოიწერება ღმერთის ხატი, არამედ თვით ღმერთია ამ ხატის მშობელი, და ხედავს რა საკუთარ თავს ძეში, უხარის მის გამო.

__წმ. ათანასე ალექსანდრიელი__

***

განა შეიძლება ოდესმე არ ეხილა მამას თავი საკუთარ ხატში? - ამიტომაც ძე მარადის იშვება მამისგან.

__წმ. ათანასე ალექსანდრიელი__

***

ღმრთაება მამისაგან გადმოურვრელად და განუყოფლად ჰგიებს ძეში და მამის წიაღში არასოდეს იშრიტება ძის ღმრთაება.

__წმ. ათანასე ალექსანდრიელი__

***

მამა და ძე ერთნი არიან არა იმ აზრით, თითქოს ესთი ორ ნაწილად იყოს გაყოფილი, რომლებიც ერთს რასმე შეადგენენ, და არც იმ აზრით რომ ერთი რამ თითქოს ორი სახელით იყოს წოდებული. პირიქით, რიცხვით ორნი იმიტომ არიან, რომ მამა - მამაა, და არა - ძე, და ძეც - არა და არა - მამა; ბუნება კი ერთია. და თუ ძე სხვაა თავისი შობით, იგი ერთია მამისა თავისი ღმრთაებით... მამა და ძე - ორნი არიან და ამასთანავე - ერთიც, ანუ ეს არის განუყოფელი და განუსხვაებელი ერთიანობა ღმრთაებისა.

__წმ. ათანასე ალექსანდრიელი__

***

ძის არსებობას არა აქვს მიზეზი: როგორც მამას აქვს არსებობა ყოველგვარი მიზეზის თვინიერ, ასევე მისი ბრწყინვისთვისაც - ძისთვისაც არ უნდა ვეძებდეთ არსებობის რაღაც მიზეზს, ამიტომაც წერილ არს: "პირველად იყო სიტყვა და სიტყვა იგი იყო ღმრთისათანა და ღმერთი იყო სიტყვა იგი (იოანე 1,1), და არაფერს დასძენს მახარებელი თუ რატომ და რისთვისაა ძე.

__წმ. ათანასე ალექსანდრიელი__

***

ერთი ვთქვა ქვეყნად უფალი,

ღვთისებრ მსაჯულად მქცეველი

მასწავლებელი უსწავლელთ,

უსჯულოთ მომაქცეველი,

აღმმართებელი დაცემულთ,

აღმართულთ გარდამქცეველი,

თვისთა სამწყსოსა ცხვართათვის

სისხლისა დამაქცეველი.

__დავით გურამიშვილი__