2.2.63. Бог не хочет ни чьей гибели

Втор.4,[31],, 4цар.8,19 Матфю18,14 Ион.4,5-11,, 2Пет.3,9

2.2.63. ღმერთს არ სურს ვინმე დაიღუპოს

რჯ.4,[31],, 4მფ.8,19 ეზეკ. 33,11 იონ.4,5-11 მათ.18,14,, 2პეტ.3,9

ბიბლიის მუხლები

მეორე რჯული 4

31. რადგან მოწყალე ღმერთია უფალი, შენი ღმერთი, არ მიგატოვებს, არ დაგღუპავს და არ დაივიწყებს შენს მამა-პაპასთან ფიცით დადებულ აღთქმას.

4მეფეთა 8

19. მაგრამ არ უნდოდა უფალს იუდას დაღუპვა დავითის, თავისი მორჩილის გამო, როგორც შეპირებული იყო, რომ მისცემდა ლამპარს მას და მის შთამომავალთ სამარადისოდ.

ეზეკიელი 33

11. უთხარი მათ: ცოცხალიმც ვარ, ამბობს უფალი ღმერთი! თუ მინდოდეს ბოროტეულის სიკვდილი, თუ ბოროტეულის მოქცევა თავისი გზიდან და მისი გადარჩენა არ მინდოდეს! მოიქეცით, მოიქეცით თქვენი გზიდან, ბოროტეულნო! რისთვის უნდა დაიხოცოთ, ისრაელის სახლო!

იონა 4

5. გავიდა ქალაქიდან იონა და ქალაქის აღმოსავლეთით გაჩერდა; იქ ერთი ჩარდახი გაიკეთა, დაჯდა მის ქვეშ, ჩრდილში, და დაელოდა, რა მოუვიდოდა ქალაქს.

6. მოავლინა უფალმა ღმერთმა აყირო და იგი იონას თავსზემოთ აიზარდა, რომ დაეჩრდილებინა მისთვის და წყენა გაექარვებინა. დიდად გაახარა ამ აყირომ იონა.

7. მოავლინა ღმერთმა მეორე დღეს, განთიადისას, მატლი, გამოაჭმევინა აყირო და გახმა იგი.

8. მზე რომ ამოვიდა, მოავლინა ღმერთმა აღმოსავლეთის ცხელი ქარი; მზემ ისე დააცხუნა თავზე იონას, რომ მან, ღონემიხდილმა, სიკვდილი ინატრა, თქვა: ამ სიცოცხლეს სიკვდილი მირჩევნია.

9. უთხრა ღმერთმა იონას: მაგრად გამწარდი იმ აყიროს გამო? მიუგო: მაგრად გავმწარდი, ლამის მოვკვდე.

10. უთხრა უფალმა: შენ ერთი აყირო დაგენანა, თუმცა შენ არ დაგირგავს და არც გაგიზრდია. ერთი ღამის შვილი იყო და ერთ ღამეში გახმა.

11. აბა, მე როგორ არ დამენანოს დიდი ქალაქი ნინევე, სადაც ასოციათასზე მეტი კაცია, ერთმანეთისგან რომ ვერ გაურჩევია მარჯვენა და მარცხენა, და სადაც უთვალავი პირუტყვია.

მათე 18

14. ასევე არ ნებავს ჩემს ზეციერ მამას, რომ დაიღუპოს ერთი ამ მცირეთაგანი.

2პეტრე 3

9. არ აყოვნებს უფალი აღთქმის აღსრულებას, როგორც ზოგიერთს ჰგონია, არამედ სულგრძელია თქვენს მიმართ, რადგანაც ვისიმე დაღუპვა კი არა სურს, არამედ ის, რომ ყველა მოიქცეს სინანულად.

__თემაზე წერდნენ__

***

ღმერთის უზენაესი მსჯავრი განსხვავებულია ადამიანთა მსჯავრისაგან. ყოვლადმოწყალე და სიყვარულით ყოვლადაღსავსე უფალი რომ მრისხანების ვნებას ექვემდებარებოდეს, მაშინ მთელი კაცთა

მოდგმა დიდი ხნის წინათ იქნებოდა ამომწყდარ-გადაშენებული.

__ნეტარი ავგუსტინე__

***

უფალს არ სურს ცოდვილის სიკვდილი (ეზეკ. 33,11) იგი მოკვდა ცოდვილის ხსნისთვის. მონანიებით წარიხოცება ცოდვები მაშინაც კი, როცა ეს მონანიება უკანასკნელი ამოსუნთქვით ხდება.

__ნეტარი ავგუსტინე__

***

თუკი ღმერთი ადამიანს მიატოვებს, ეს ორგვარად ხდება: ერთია მხსნელი მიტოვება, რომელიც შეაგონებს ადამიანს კვლავ ღმერთისკენ მოიქცეს, მეორე კი - საბოლოო მიტოვებაა და ღმერთისაგან ადამიანის სრულ უარყოფას გულისხმობს. მხსნელ, ანუ ადამიანის დამმოძღვრავ მიტოვებას ღმერთი იმისთვის მიმართავს, რომ გამოასწოროს, იხსნას და განადიდოს ვნებული ადამიანი, ანდა მისი მეშვეობით სხვა ადამიანებსაც შთაუნერგოს საღმრთო მოშურნეობა და კეთილმსახურება, თავისი განდიდებისათვის განაწყოს ისინი. საბოლოო მიტოვებით კი მაშინ სჯის ღმერთი ადამიანს, როცა ეს უკანასკნელი, მიუხედავად ღმერთის მხრივ ყოველი ძალისხმევისა მის სახსნელად, კვლავაც შეუსმენელი, უგრძნობელი და განუკურნავი რჩება, ისეთი რომლის განკურნვაც უკვე სრულიად შეუძლებელია, რამეთუ ეს განკურნვაც მხოლოდ მისი თავისუფალი ნებით და არჩევანით უნდა მოხდეს. აი, მაშინ კი ამგვარი ადამიანის ხვედრი საბოლოო დაღუპვაა, ისეთი, როგორიც უფლის გამცემ იუდა ისკარიოტელს ეწია.

__წმ. იოანე დამასკელი__