1.9.36 Не просящие знамения с верою

Матф.12,38-43; 13,58; 16,1-4 Мар.8,11-13 Лук.11,29-32; 16,27-31 Ин.6,22-36 Иак.4,3; 1Кор.1,22.23

1.3.36 სასწაულების რწმენით არ მთხოვნელნი

- ითხოვდნენ გამომცდელად, მწიგნობრები, სადუკეველები და ფარისევლები მათ.12,38; 16,1 მარ.8,11

- მდიდარი ჯოჯოხეთში ლუკ.16,27-31

- ხალხი გულდაგულ ეძიებს, მაგრამ ურწმუნოდ იოან.6,22-36

- ასევე ბოროტად მთხოვნელი მორწმუნეები იაკ.4,3

- იუდეველებიც, რომელთაც ჯვარცმული ქრისტე ექადაგებათ 1კორ.1,22.23

- არ მიეცემათ გარდა იონას სასწაულისა, რომელიც არ სწამთ მათ.12,39-42; 16,4 მარ.8,12 ლუკ.11,29-32

- მათი ურწმუნოების გამო უფალი არ ახდენს სასწაულს მათ.13,58

- ხოლო ზოგს დედაბრის ზღაპრები სწამთ და მიუჩნევიათ სასწაულებად 1ტიმ.4,7

 

ბიბლიის მუხლები

 

მათე 12

38. მაშინ ზოგმა მწიგნობარმა და ფარისეველმა უთხრა მას: მოძღვარო, გვსურს სასწაული ვიხილოთ შენგან.

39. ხოლო მან პასუხად თქვა: უკეთური და მემრუშე მოდგმა სასწაულს ეძებს; მაგრამ სასწაული არ მიეცემა მას, გარდა იონა წინასწარმეტყველის სასწაულისა.

40. ვინაიდან როგორც იონამ დაყო ვეშაპის მუცელში სამი დღე და სამი ღამე, ასევე დაყოფს ძეც კაცისა ქვეყნის გულში სამ დღეს და სამ ღამეს.

41. ნინეველნი აღსდგებიან განკითხვისას ამ მოდგმასთან ერთად და შეაჩვენებენ მას, ვინაიდან მათ შეინანეს იონას ქადაგებით, და, აჰა, აქ იონაზე უმეტესია.

42. სამხრეთის დედოფალი აღსდგება განკითხვისას ამ მოდგმასთან ერთად და შეაჩვენებს მას, ვინაიდან ქვეყნის დასალიერიდან მოვიდა სოლომონის სიბრძნის სასმენად, და, აჰა, აქ სოლომონზე უმეტესია.

 

მათე 13

58. და არა მოუხდენია იქ მრავალი სასწაული მათი ურწმუნოების გამო.

 

მათე 16

1. მიუახლოვდნენ საცდუნებლად ფარისეველნი და სადუკეველნი და სთხოვეს, ზეცით სასწაული ეჩვენებინა მათთვის.

2. ხოლო მან მიუგო და უთხრა მათ: საღამოს ამბობთ: ხვალ დარი იქნება, ვინაიდან ცა წითელია.

3. დილით კი ამბობთ: დღეს გაავდრდება, ვინაიდან ცა მოქუფრულია. თვალთმაქცნო, ცის ფერს არჩევთ, დროის ნიშანთა გარჩევა კი არ შეგიძლიათ.

4. უკეთური და მემრუშე მოდგმა სასწაულს ეძებს: მაგრამ სასწაული არ მიეცემა მას, გარდა იონა წინასწარმეტყველის სასწაულისა. მიატოვა ისინი და წავიდა.

 

მარკოზი 8

11. გამოვიდნენ ფარისევლები, დავა დაუწყეს და საცდუნებლად სასწაული მოსთხოვეს ზეცით.

12. მაშინ მძიმედ ამოიოხრა და თქვა: რად ეძებს ეს მოდგმა სასწაულს? ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: არ მიეცემა სასწაული ამ მოდგმას.

13. და მიატოვა ისინი, კვლავ ნავში ჩაჯდა და გაღმა გავიდა.

 

ლუკა 11

29. როცა დიდძალი ხალხი შეგროვდა, დაიწყო ლაპარაკი: უკეთურია ეს მოდგმა და სასწაულს ეძებს, მაგრამ სასწაული არ მიეცემა, გარდა იონას სასწაულისა.

30. ვინაიდან, როგორც იონა იყო სასწაული ნინეველთათვის, ასევე იქნება ძეც კაცისა ამ მოდგმისათვის.

31. სამხრეთის დედოფალი აღდგება განკითხვისას კაცთა ამ მოდგმასთან ერთად და შეაჩვენებს მათ; ვინაიდან ქვეყნის დასალიერიდან მოვიდა სოლომონის სიბრძნის სასმენად და, აჰა, აქ სოლომონზე უმეტესია.

32. ნინეველნი აღდგებიან განკითხვისას ამ მოდგმასთან ერთად და შეაჩვენებენ მას, ვინაიდან შეინანეს იონას ქადაგებისგან და, აჰა, აქ იონაზე უმეტესია.

 

ლუკა 16

27. ხოლო მან თქვა: გევედრები, მამაო, მამაჩემის სახლში მაინც გაგზავნე იგი.

28. ვინაიდან ხუთი ძმა მყავს: მივიდეს და აუწყოს მათ, რათა ისინიც არ ჩაცვივდნენ ამ სატანჯველში.

29. უთხრა მას აბრაამმა: მოსე და წინასწარმეტყველნი ჰყავთ; მათ უსმინონ.

30. ხოლო მან თქვა: არა, მამაო აბრაამ; მაგრამ თუ ვინმე მკვდართაგანი მივა მათთან, შეინანებენ.

31. და უთხრა მას აბრაამმა: თუკი მოსეს და წინასწარმეტყველთ არ უსმინეს, მკვდრეთითაც რომ აღდგეს ვინმე, არც მას ერწმუნებიან.

 

იოანე 6

22. მეორე დღეს ზღვის გაღმა მდგომმა ხალხმა დაინახა, რომ არ იყო იქ სხვა ნავი, გარდა იმ ერთისა, რომელშიაც ისხდნენ მისი მოწაფეები, იესო კი არ მჯდარიყო ნავში თავის მოწაფეებთან ერთად, არამედ მხთლოდ მოწაფეებს გაეცურათ.

23. ხოლო ტიბერიადიდან სხვა ნავებიც მიადგნენ იმ ადგილს, სადაც პური ჭამეს მას შემდეგ, რაც უფალმა მადლი შესწირა.

24. როდესაც ხალხმა დაინახა, რომ იქ აღარც იესოა და აღარც მისი მოწაფეები, თვითონაც ნავებში ჩასხდნენ და იესოს საძებნელად კაპერნაუმისკენ გასწიეს.

25. ზღვის გაღმა რომ მიაგნეს, უთხრეს მას: რაბი, როდის მოხვედი აქ?

26. მიუგო მათ იესომ და თქვა: ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: იმიტომ კი არ მეძებთ, რომ სასწაული იხილეთ, არამედ იმიტომ, რომ პური ჭამეთ და გაძეხით.

27. ხრწნადი საზრდოსთვის ნუკი ზრუნავთ, არამედ იზრუნეთ საზრდოსთვის, რომელიც რჩება საუკუნო სიცოცხლედ, და რომელსაც მოგცემთ ძე კაცისა, ვინაიდან მამა ღმერთმა აღბეჭდა იგი.

28. მათ უთხრეს: რა უნდა ვქნათ, რომ აღვასრულოთ ღმერთის საქმენი?

29. მიუგო იესომ და უთხრა მათ: ღმერთის საქმე ისაა, რომ იწამოთ მის მიერ მოვლინებული.

30. კვლავ უთხრეს მას: რა სასწაულს მოახდენ, რომ ვიხილოთ და გიწამთთ? მაინც რას მოიმოქმედებ?

31. ჩვენი მამები მანანას ჭამდნენ უდაბნოში, როგორც დაწერილია: ზეცით მისცა მათ საზრდოდ პური.

32. უთხრა მათ იესომ: ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეტყვით თქვენ: მოსემ კი არ მოგცათ პური, არამედ მამაჩემი გაძლევთ ზეცით ჭეშმარიტ პურს.

33. ვინაიდან პური ღმრთისა ის არის, რომელიც ზეცით ჩამოდის და სიცოცხლეს აძლევს ქვეყანას.

34. მაშინ უთხრეს: უფალო, ნუ მოგვიშლი ამ პურს.

35. და უთხრა მათ იესომ: მე ვარ პური სიცოცხლისა; ვინც ჩემთან მოვა, არ მოშივდება, და ვინც მიწამებს, არ მოსწყურდება არასდროს.

36. მაგრამ აკი გითხარით, რომ მიხილეთ და არ მიწამეთ.

 

იაკობი 4

3. ითხოვთ და ვერ იღებთ, იმიტომ, რომ ბოროტად ითხოვთ, რათა თქვენივე ვნებები დაიცხროთ.

 

1კორინთელთა 1

22. ვინაიდან იუდეველებიც სასწაულებს მოითხოვენ და ბერძნები ეძებენ სიბრძნეს.

23. ჩვენ კი ჯვარცმულ ქრისტეს ვქადაგებთ: იუდეველთათვის - საცდურს, ბერძენთათვის - სიშლეგეს,

 

__თემაზე წერდნენ__

***

"სასწაული რომ გვეხილა, - ამბობენ ისინი, - მოვიქცეოდით." როგორ შეუძლიათ გულდაჯერებით სწამდეთ ის, რაც არ იციან. მათ ჰგონიათ, რომ ეს მოქცევა და თაყვანისცემა ღმერთის მიმართ ერთგვარი საქმოსნური გარიგებაა ან ბანალური საუბარი. ჭეშმარიტი მოქცევა სხვა არა არის რა, თუ არა სრული თვითწაშლა და თვითდამცირება იმ ყოვლისმომცველი არსის წინაშე, რომელსაც ამდენ ხანს არისხებთ და აღიზიანებთ და რომელსაც ყოველ წამს შეუძლია დაგღუპოთ და სამართლიანადაც დაგღუპოთ. ჭეშმარიტი მოქცევა - ესაა იმის აღიარება, რომ თქვენდა თავად არაფერი არ შეგიძლიათ და არც არაფერი დაგიმსახურებიათ...

__ ბლეზ პასკალი __

 

***

ადამიანმა სასწაული არ უნდა ითხოვოს იმისთვის, რომ ირწმუნოს. სადუკეველები და ფარისევლები, დღევანდელი ტერმინოლოგიით რომ ვთქვათ სანახაობას, შოუს ითხოვენ. ღმერთი არ ახდენს სასწაულს, როდესაც უკვეთავენ. არც წმიდები ითხოვენ სასწაულს ღმერთისგან, რომ ვინმეს უმტკიცოს, აი რა მაგრები ვართო.

__ ნიკოლოზ სულუხია (ტელეინტერვიუდან)__

 

***

საბერძნეთის კუნძულ კეფალონიაზე ლეგენდის თანახმად მეკობრეები მოვიდნენ, დედათა მონასტერში შეშინებულმა მონაზვნებმა ღმერთს სთხოვეს მათი სიწმიდის დაცვა, შედეგად მონასტერში შესულ მეკობრეებს მონაზვნების ნაცვლად გველები დახვდათ. მონაზვნები გველებად გადაიქცნენ და მას შემდეგ ყოველ ღვთისმშობლობას მოდიან, რათა ღვთისმშობელს თაყვანი სცენ. როგორ შეიძლება დაჯერება რომ მონაზვნები გაუჩინარდნენ სადღაც ასტრალში და მათ მაგიერ გველები გაჩნდნენ. ეკლესიის სწავლება ხომ ცალსახად გადმოგვცემს, რომ არანაირი რეინკარნაცია, სულის ცხოველში გადასვლა-გადმოსვლა და ა.შ. არ არსებობს. ამ ლეგენდის გაგრძელებაა, რომ ყოველწლიურად მოსული, ღვთისმშობლობას დამსწრე გველები სრულიად უვნებლები ხდებიან, ხოლო მთებში დაბრუნებულნი ისევ შხამიანები არიან. მშვენიერი ისტორიაა, დაამშვენებდა ბერძნულ მითოლოგიას, მაგრამ რა ვქნათ, რომ ის ქრისტიანულ რწმენას უკავშირდება? აქ არ შეიძლება არ გავიხსენოთ მოციქულის სიტყვები:

1ტიმოთე 4

7. ხოლო უწმინდურთა და დედაბერთა ზღაპრებს ერიდე და ღვთისმოსაობაში გაიწაფე თავი.

ასეთ ზღაპრებს მრავლად შეხვდებით. მაგალითად, რომელიღაც წმიდანს ქალი ცხენად გადაუქცევია. ეს და კიდევ სხვები... არადა ეკლესია იმდენ ღრმა სწავლებას იმარხავს, ასეთი რამეებისთვის არ უნდა ეცალოს, მაგრამ სამწუხაროა, რომ საქართველოში სპეციალური სააგენტოები არსებობს, ტურებს რომ აწყობენ, ხალხის რელიგიურ გრძნობებს ბოროტად იყენებენ და ვაჭრობენ არა მხოლოდ ღვთისმშობლობისთვის... ეუბნებიან, იმ დროს ძვირი იქნება ბილეთები და მანამდე იაფად მოილოცეთო. გარდა ამისა, ჰერპეტოლოგებს ვაჩვენე ამ გველების ფოტოები და დაადგინეს, რომ ესაა Telecopux iallax ქართულად კატისთვალა გველი, ანკარისებრთა ოჯახის წარმომადგენელია, არ არის აგრესიული, შხამკბილა კია, მაგრამ ეს კბილები ყბის უკანა ნაწილშია განთავსებული (გათვლილია ხვლიკისებრთა გასანადგურებლად) და კბენის შემთხვევაში ვერ აღწევს ადამიანის ორგანიზმში. არ გვიკბენს თუ მეტისმეტად არ შევაწუხეთ. თუ ამ ყველაფერს გავითვალისწინებთ სასწაული კი არა ბუნების კანონზომიერებაა. თანაც ის საქართველოშიც ბინადრობს.

__ გურამ ლურსმანაშვილი თეოლოგი__

 

***

იონა წინასწარმეტყველის სასწაულში იესო შინაგან კათარზისს, ტრანსფორმაციას გულიახმობს, იმას, რაც თავად განიცადა; და არა ოქროს თევზების ძებნას!.

__ ცოტნე გამსახურდია __

 

***

რწმენა სულიერი ხილვაა, უხილავის ხილვა და არა სასწაულების წყურვილი, რომლებიც ზოგჯერ ასე მრავლადაა ჩვენს ირგვლივ, სურვილების მიხედვითაც, კალენდარულიც კი... "ეს მოდგმა ეძებს სასწაულს", - ამბობს მაცხოვარი და გულისხმობს, რომ არ ეძებენო რწმენით. რწმენა კი რა არის ქრისტიანისა და ვინ უნდა სწამდეს? ან რისთვის ხდება ეს სასწაულები, რომლისაც სწამთ? ნიშნისმოსაგებად სხვებისთვის, რომ ჩვენთან არისო ღმერთი?!

__ მირზა ბადიაური __