4.15.13 Жена - помощница

4.15.13 დედაკაცი - სამყაროში მარტომყოფი ადამის შემწედ გაჩენილი

- "არ ვარგა ადამის მარტო ყოფნა" - თქვა ღმერთმა დაბ.2,18 ზირაქ.36,25-27

- რადგან ადამი მთელ სამყაროში ღვთის ქმნილებათა გამცნობიერებელი ერთადერთი არსება იყო დაბ.2,19.20

- ღმერთმა ადამს დედაკაცის სახით შეუქმნა მარტოობის შემავსებელი მისი შესაფერისი შემწე - ძვალი მისი ძვალთაგანი და ხორცი - ხორცთაგანი დაბ.2,[18]-[20]-23 ტობ.8,6

- იმ ჟამიდან მოყოლებული "მიატოვებს კაცი დედ-მამას და მიეწებება თავის დედაკაცს, რათა ერთხორცად იქცნენ" დაბ.2,24 ტობ.7-9

- უფლის დიდი წყალობაა კეთილზნიანი ქალი იგავ.18,22 ზირაქ.36,21-27; 1კორ.11,7

- ცოლ-ქმარი ერთად შრომობენ, ერთი მეორეს და მეორე პირველს იცავს, ეხმარება, შვების საყრდენსა და სითბოს უზიარებს, პატივს მიაგებს, უფლობენ ერთმანეთის სხეულზე, უერთმანეთობით არ უბრკოლდებათ ლოცვა ეკლ.4,9-12 ზირაქ.36,24-27; 1კორ.7,3-5

- ქრისტიან ქმარს ცოლის მიმართ მოეთხოვება სათუთი მოპყრობა, რადგან ის მისი სიცოცხლის მადლის თანამემკვიდრეა 1პეტ.3,7

- ქრისტიან ცოლს კი - მორჩილება ქმრისადმი, გულის ფარული სიწმიდით 1პეტ.3,1-6 1კორ.11,7-12; 1ტიმ.2,11-13

 

- უქორწინებლობა სასურველია ღვთისმსახური კაცისთვის და ქალისთვის, რათა უფრო მეტად ფიქრობდნენ ზეციურზე და არა ქვეყნიურზე, მაგრამ სიძვის თავიდან ასაცილებლად უმჯობესია ქორწინება 1კორ.7,1.2.6-9.25-29.32-38

 

- დაქორწინებულთა სიშორე მხოლოდ დროებით და შეთანხმებით 1კორ.7,5

 

- და იქვე, რა თქმა უნდა, დაწერილია გაყრის არასასურველობის შესახებ, რათა გონიერებას მოუხმონ მათ, ვინც ერთმანეთის შემწეობისა და სიყვარულისთვის არიან შექმნილნი 1კორ.7,10-17.39

 

ბიბლიის მუხლები

 

დაბადება 2

18. თქვა უფალმა ღმერთმა: არ ვარგა ადამის მარტო ყოფნა. გავუჩენ შემწეს, მის შესაფერს.

19. გამოსახა უფალმა ღმერთმა მიწისაგან ველის ყველა ცხოველი და ცის ყველა ფრინველი და მიჰგვარა ადამს, რომ ენახა, რას დაარქმევდა. რომელ სულდგმულს რას დაარქმევდა ადამი, მისი სახელიც ის იქნებოდა.

20. დაარქვა ადამმა სახელი ყველა პირუტყვს, ცის ფრინველს და ველის ყველა ცხოველს. მაგრამ ადამს არ გამოუჩნდა შემწე, მისი შესაფერი.

21. უფალმა ღმერთმა ძილქუში მოჰგვარა ადამს და რა დაეძინა, გამოუღო ერთი ნეკნი და მის ადგილას ხორცი ჩაუდო.

22. ნეკნისაგან, ადამს რომ გამოუღო, დედაკაცი შექმნა უფალმა ღმერთმა და ადამს მიუყვანა.

23. თქვა ადამმა: ეს კი მართლაც ძვალია ჩემი ძვალთაგანი და ხორცი ჩემი ხორცთაგანი. დედაკაცი ერქვას მას, რაკი კაცისგან არის გამოღებული.

24. ამიტომაც მიატოვებს კაცი დედ-მამას და მიეწებება თავის დედაკაცს, რათა ერთხორცად იქცნენ.

 

ტობითი 8

6. შენ შექმენი ადამი და შემწედ უძღვენი ევა, საყრდენად - ცოლი მისი. მათგან იშვა კაცთა მოდგმა. შენ თქვი: - არ არის კარგი კაცის მარტოდ ყოფნა, შევუქმნათ მას შემწე, მისი მსგავსიო.

7. და მეც, უფალო, არა სიძვისათვის მომყავს ცოლად ეს ჩემი და, არამედ ჭეშმარიტებით. ინებე შეწყალება ჩემი და მასთან შებერება.

8. თქვა ამის შემდეგ: ამინ.

9. და დაიძინა ორივემ იმ ღამეს.

 

იგავნი 18

22. ვინც ცოლი ჰპოვა, სიკეთე ჰპოვა და უფლისგან წყალობა მიიღო.

 

ეკლესიასტე 4

9. მარტო ყოფნას სჯობს ორნი იყვნენ, რადგან კეთილად მიეზღვებათ მათ საშრომელში.

10. თუ დაეცნენ, ერთი მაინც წამოაყენებს თავის ამხანაგს. მაგრამ ვაი, მარტომყოფს, თუ დაეცა ვინღა უშველის?

11. თუ ორნი დაწვნენ, გათბებიან; მარტომყოფს კი რაღა გაათბობს!

12. თუ ერთს დასძლევს ვინმე, ორი ხომ გაუმკლავდება. მალე არ გაწყდება სამმაგი ძაფი.

 

ზირაქი 36

21. ქალი ყველა მამაკაცს მიიღებს, მაგრამ არის ასული ასულის მჯობი.

22. ქალის სილამაზე სახეს ამხიარულებს და მამაკაცისათვის ყველაზე მეტად სანატრელია.

23. თუ მას ენაც თბილი და ალერსიანი აქვს, მაშინ მის ქმარს ვერავინ შეედრება ადამის ძეთაგან.

24. ცოლის მომყვანი საუკეთესო ქონებას იძენს - შესაფერის დამხმარეს და შვების საყრდენს.

25. სადაც არ არის ზღუდე, იქ ქონება დაიტაცება, ხოლო სადაც ცოლი არ არის, იკვნესებს მოხეტიალე კაცი.

26. რადგან ვინ ენდობა იარაღასხმულ ავაზაკს, ქალაქიდან ქალაქში რომ დაძრწის?

27. ასევეა კაციც, რომელსაც არა აქვს ბუდე და, სადაც დაუღამდება, იქ ეძებს სადგურს.

 

1პეტრე 3

1. ასევე ცოლებიც დაემორჩილეთ ქმრებს, რათა თვით ისინიც კი, რომელნიც ეურჩებიან სიტყვას, შეძენილ იქნენ თავიანთი ცოლების ქცევით, სიტყვის გარეშე,

2. როცა იხილავენ თქვენს უბიწო და ღვთისმოშიშ ქცევას.

3. დაე, თქვენი სამშვენისი ნუ იქნება გარეგნული იერი: თმაწნულობა, ოქროს სამკაულები თუ მორთულ-მოკაზმული სამოსი,

4. არამედ გულის ფარული სიწმიდე, უხრწნელი სამკაული მშვიდი და თვინიერი სულისა, რაც ესოდენ ძვირფასია ღვთის წინაშე.

5. ასე იმკობდნენ თავს ოდესღაც ღვთისმოსავი წმიდა ქალები, რომლებიც ემორჩილებოდნენ თავიანთ ქმრებს.

6. ასე დაემორჩილა სარაც და ბატონი უწოდა აბრაამს, ვისი შვილებიცა ხართ, როცა კეთილ საქმეს აკეთებთ და არაფრის შიში არ გაკრთობთ.

7. და, თქვენც, ქმრებო, სათუთად მოეპყარით ცოლებს, როგორც უმყიფეს ჭურჭელს, და პატივი ეცით, როგორც სიცოცხლის მადლის თანამემკვიდრეთ, რათა ლოცვა არ დაგიბრკოლდეთ.

 

1კორინთელთა 7

1. ხოლო რაც შეეხება იმას, რის გამოც მწერდით, კაცისთვის კარგი იქნება, თუ არ გაეკარება ქალს.

2. მაგრამ სიძვის თავიდან ასაცილებლად, ყველა კაცს თავისი ცოლი ჰყავდეს და ყველა ქალს - თავისი ქმარი.

3. ქმარი ჯეროვან პატივს მიაგებდეს ცოლს, ცოლი კი - ქმარს.

4. ცოლი როდია თავისი სხეულის უფალი, არამედ - ქმარი, და არც ქმარია თავისი სხეულის უფალი, არამედ - ცოლი.

5. ნუ გაშორდებით ერთმანეთს, თუ არა ურთიერთთანხმობითა და დროებით, რათა ლოცვისთვის მოიცალოთ, მერე კი კვლავ დაუბრუნდით ერთიმეორეს, რათა სატანამ არ გაცთუნოთ თქვენი თავშეუკავებლობის გამო.

6. თუმცა ამას ვამბობ დასაშვებად და არა ბრძანების ნიშნად.

7. რადგანაც მინდა, რომ ყველა კაცი ჩემსავით იყოს, თუმცა ყველას თავისი მადლი აქვს ღვთისაგან, ზოგს - ასე, ზოგს - ისე.

8. დაუქორწინებლებსა და ქვრივებს კი ვეტყვი: ურჩევნიათ ჩემსავით დარჩნენ.

9. მაგრამ თუ თავშეკავება არ შეუძლიათ, უმჯობესია იქორწინონ, რადგანაც ქორწინება სჯობს წვასა და დაგვას.

10. ხოლო დაქორწინებულთ მე კი არ ვუბრძანებ, არამედ უფალი: ცოლი ნუ გაეყრება ქმარს.

11. მაგრამ თუ გაეყრება, აღარ გათხოვდეს, ან ქმარს შეურიგდეს; და ნურც ქმარი მიატოვებს ცოლს.

12. დანარჩენებს კი მე ვეუბნები და არა უფალი: თუ რომელიმე ძმას ურწმუნო ცოლი ჰყავს და ქალი თანახმაა იცხოვროს მასთან, ნუ მიატოვებს მას.

13. ასევე ცოლიც, რომელსაც ურწმუნო ქმარი ჰყავს და კაცი თანახმაა იცხოვროს მასთან, ნუ მიატოვებს მას.

14. რადგანაც ურწმუნო ქმარი მორწმუნე ცოლისაგან განიწმინდება, ურწმუნო ცოლი კი - მორწმუნე ქმრისაგან. თორემ თქვენი შვილები არაწმიდანი იქნებოდნენ, ახლა კი წმიდანი არიან.

15. ხოლო თუ ურწმუნოს გაყრა სურს, დე, გაეყაროს. ამ შემთხვევაში დასაც და ძმასაც გზა ხსნილი აქვთ, ვინაიდან მშვიდობისთვის გვიხმო უფალმა.

16. რა იცი, ქალო, იხსნი თუ არა ქმარს? ან შენ რა იცი, კაცო, იხსნი თუ არა ცოლს?

17. არამედ ყველა მოიქცეს ისე, როგორც განუწესა ღმერთმა და როგორც იხმო უფალმა. ამასვე ვუწესებ ყველა ეკლესიას.

25. უქორწინებელთათვის კი არ მიმიღია უფლის ბრძანება, არამედ მხოლოდ რჩევას ვიძლევი, როგორც უფლის მიერ შეწყალებული, რათა შევირაცხო სარწმუნოდ.

26. მე მგონია, ახლანდელ გასაჭირში კაცისთვის უმჯობესია ისე დარჩეს, როგორც არის.

27. ცოლიანი ხარ? ნუ ეძებ ცოლთან გაყრას. ცოლგანაშვები ხარ? ნუ ეძებ ცოლს.

28. მაგრამ თუ იქორწინებ, არ შესცოდავ, და თუ ქალწული გათხოვდება, არც ის შესცოდავს; მაგრამ ამნაირნი თავს იდებენ ურვას ხორცისას, მე კი არ მეთმობით თქვენ.

29. აი, რას გეტყვით ძმანო: უკვე იწურება ჟამი; ამიტომ ცოლიანები ისე იყავით, როგორც უცოლონი,

32. მე მინდა, უზრუნველნი იყოთ; უცოლო უფლისას ზრუნავს, თუ როგორ აამოს უფალს.

33. ცოლიანი კი ქვეყნისას ზრუნავს, თუ როგორ აამოს ცოლს.

34. განსხვავებაა გათხოვილსა და გაუთხოვარს შორისაც: გაუთხოვარი უფლისას ზრუნავს, რათა სულითაც და ხორცითაც წმიდა იყოს; გათხოვილი კი ქვეყნისას ზრუნავს, რათა აამოს ქმარს.

35. ამას გეუბნებით თქვენსავე სარგოდ: იმიტომ კი არა, რომ ქამანდი მოგდოთ, არამედ იმიტომ, რომ განუწყვეტლივ და დაუბრკოლებრივ მსახურებდეთ უფალს.

36. ხოლო ვისაც ეთაკილება, რომ მისი საქორწინოდ შეღერებული ქალი გაუთხოვარი დარჩეს, როგორც ნებავს, ისე მოიქცეს: არ შესცოდავს, თუ ქმარს გააყოლებს.

37. ხოლო ვინც ურყევად დგას და მტკიცედ გადაუწყვეტია გულში, არა როგორც აუცილებლობით იძულებულს, არამედ თავისი ნების ბატონ-პატრონს, - დაიცვას თავისი ასულის ქალწულობა, კარგად იქცევა.

38. ასე რომ, ვინც ათხოვებს თავის ქალწულს, კარგად იქცევა, მაგრამ ვინც არ ათხოვებს, კიდევ უფრო უკეთ იქცევა.

39. ქალი რჯულითაა შეკრული, სანამ ქმარი ცოცხალი ჰყავს, ხოლო თუ ქმარი მოუკვდა, თავისუფალია: ვისაც უნდა, იმას გაჰყვეს, მხოლოდ უფლის მიერ.

 

1კორინთელთა 11

7. ამრიგად, კაცი თავდაუბურავი უნდა იყოს, ვინაიდან ხატია და დიდება ღვთისა, ხოლო ქალი ქმრის დიდებაა.

8. რადგანაც კაცი კი არ არის ქალისაგან, არამედ ქალი - კაცისაგან.

9. და კაცი კი არ შეიქმნა ქალისთვის, არამედ ქალი - კაცისთვის.

10. ამიტომაც მართებს ქალს ფლობის ნიშანი ჰქონდეს თავზე ანგელოზების გულისთვის.

11. თუმცა არც კაცია ქალის გარეშე და არც ქალი კაცის გარეშე უფალში.

12. ვინაიდან როგორც ქალია კაცისგან, ასევეა კაციც ქალისგან, ხოლო ყველაფერი ღვთისაგან არის.

 

1ტიმოთე 2

11. ქალი სწავლობდეს მდუმარედ, სრული მორჩილებით.

12. მე არა ვრთავ ქალს სწავლების ნებას, და არც ქმარზე მბრძანებლობისას, არამედ რათა იყოს მდუმარედ.

13. ვინაიდან პირველად ადამი შეიქმნა და მერე ევა.

 

__თემაზე წერდნენ__

***

დაბ.2:18 - შემწე მიუთითებს, რომ ღვთის მოწოდების სრულად განხორციელებისთვის ადამის ძალა თავისთავად საკმარისი არ იყო.

შესაფერისი ნიშნავს შემავსებელს. ადამს დახმარება სჭირდებოდა ყოველდღიურ საქმიანობაში, გამრავლებაში, თანამშრომლობის მეშვეობით ორმხრივ მხარდაჭერაში.

__ბიბლია კომენტარებით 2015__

 

***

დაბ.2,18-24 - მოთხრობილია ამბავი ადამისთვის შემწის გაჩენის შესახებ... სიტყვა "შემწეს" აქ განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს, ბევრად უფრო მნიშვნელოვანი, ვიდრე ჩვეულებრივი, ყოველდღიური დახმარების გაწევაა. ეს სიტყვა ებრაულ ტექსტში ნიშნავს ორეულს, ასლს, სარკეს - პიროვნებას, შექმნილს იმისთვის, რომ მამაკაცმა თავისი თავი აღმოაჩინოს...

"მისი შესაფერი" - როგორც მამაკაცი, ისე დედაკაცი საკუთარ არსში ღმერთის არსების მატარებელია.

დაბ.2,20 - "დაარქვა ადამმა სახელი" - ადამმა წარმოდგენილი ყოველი ქმნილების სახელი სწორად განსაზღვრა. "არ გამოუჩნდა შემწე, მისი შესაფერი" - მიუხედავად იმისა, რომ ყოველი არსების შინაარსს ჩასწვდა, ადამიანმა მაინც ვერ შესძლო თავისი მსგავსი არსების მოძიება, ანუ მან დაინახა, რომ არცერთი მათგანი ადამიანი არ იყო...

__ბიბლია განმარტებებით ტ.1__

***

როგორც ადამიანებს აქვთ ჩვევა საკუთარი ძალაუფლების ნიშანი დაინახონ

იმაში, რომ მონებს, ყიდვისთანავე სახელს უცვლიან, ასევე ღმერთი ადამს, როგორც

მეფეს, აძლევს იმის უფლებას, რომ სახელები დაარქვას ყველა პირუტყვს.

__ იოანე ოქროპირი __