2.13.39 Ожидаемая кара и награда второго пришествя

2.13.39 მეორედ მოსვლის მოსალოდნელი მსჯავრი და ჯილდო

დან.12,1.2.13 მათ.3,7.10-12; 16,27.28 იოან.5,28-30; 2თეს.1,7-9 გმცხ. 20,12-15

ბიბლიის მუხლები

იმ დროს შენი ხალხიდან ყველა გადარჩება, ვინც კი წიგნში ჩაწერილი აღმოჩნდება. მრავალი მიწაში მიძინებული გამოიღვიძებს, ზოგი საუკუნო სიცოცხლისთვის, ზოგი საუკუნო გმობისთვის და შერცხვენისთვის.

დან. 12,1.2

შენ კი გასწიე შენი ბოლოსკენ, განისვენებ და აღდგები შენი წილის მისაღებად დღეთა დასასრულს.

დან. 12,13

როცა იოანემ დაინახა მისკენ მოსანათლავად მომავალი მრავალი ფარისეველი და სადუკეველი, უთხრა მათ: “იქედნეთა ნაშობნო, ვინ შთაგაგონათ მომავალ რისხვას გაქცეოდით? . . ცულიც უკვე დევს ხეთა ფესვთან. ყოველ ხეს, რომელიც კეთილ ნაყოფს არ გამოიღებს, მოჭრიან და ცეცხლში ჩააგდებენ . . . მე წყლით გნათლავთ მოსანანიებლად; მაგრამ ჩემს შემდეგ მომავალი ჩემზე ძლიერია, ვისი სანდლის ტარების ღირსიც არა ვარ. ის მოგნათლავთ თქვენ სულიწმიდით და ცეცხლით. მისი ნიჩაბი მის ხელთაა. ის გაწმენდს თავის კალოს, ბეღელში მოაგროვებს თავის ხორბალს, ხოლო ბზეს დაწვავს ჩაუქრობელი ცეცხლით”.

მათ. 3,7.10-12

მოვა კაცის ძე თავისი მამის დიდებით, თავის ანგელოზებთან ერთად, და მაშინ მიუზღავს თითოეულ კაცს მისი ნამოქმედარის მიხედვით. ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: არიან ზოგიერთები აქ მდგომთაგან, რომლებიც არ იგემებენ სიკვდილს, სანამ არ იხილავენ კაცის ძეს, თავის სასუფეველში მომავალს.

მათ. 16,27.28

მოდის ჟამი, როდესაც ყველანი, ვინც სამარხებში არიან, მის ხმას მოისმენენ. კეთილის მოქმედნი სიცოცხლის აღდგომისთვის გამოვლენ, სიავის მქნელნი კი – სამსჯავროს აღდგომისთვის. ჩემით არაფრის გაკეთება არ შემიძლია. როგორც ვისმენ, ისე განვიკითხავ და ჩემი სამსჯავრო სამართლიანია, რადგან მე ჩემს ნებას არ ვეძებ, არამედ ჩემი მომავლინებლის ნებას.

იოან. 5,28-30

თქვენ, შეჭირვებულთ, ლხინი ჩვენთან ერთად, უფლის ჩვენის იესოს გამოცხადებისას ზეცით, მისი ძალმოსილების ანგელოზებთან ერთად, რათა ცეცხლის ალში, აღასრულოს შურისგება ღმერთის არმცნობთა და უფლის ჩვენის იესო ქრისტეს სახარების ურჩთა მიმართ, რომელთაც სასჯელად მიეგებათ საუკუნო სიკვდილი, უფლის სახისა და მისი ძალმოსილების დიდებისაგან.

2 თეს. 1,7-9

და ვიხილე მკვდარნი, მცირენი თუ დიდნი, რომელნიც იდგნენ ტახტის წინაშე და გადაშლილი იყო წიგნები. და გადაიშალა სხვა წიგნი, რომელიც არის სიცოცხლის და თანახმად წიგნებში დაწერილისა საქმეთა მათთაებრ განისაჯნენ, მკვდარნი და დაიბრუნა ზღვამ მკვდრები, რომლებიც იყვნენ მასში. და სიკვდილმა და ჯოჯოხეთმა დააბრუნეს მკვდრები, რომლებიც იყვნენ მათში და საქმეთაებრ მისისა განისაჯა ყოველი. და ვინც სიცოცხლის წიგნში არ იყო ჩაწერილი, ჩავარდა ცეცხლის ტბაში.

გმცხ. 20,12-15

__თემაზე წერდნენ__

***

მსაჯული მართალს სჯიდეს . . . მართალნი ნეტარებდნენ და იხარებდნენ, ცოდვილთა გვემდეს ცეცხლი.

__ დავით აღმაშენებელი __

***

იქ ღმერთს გავცეთ ყველამ პასუხი. სულ ყველანი იქ მივალთ და იქ დავუდგებით ერთმანეთს პირისპირ. ვნახოთ, ვინ გამოვა მართალი, ვინ მტყუანი. ღმერთი გულს უფრო სინჯავს, მინამ საქმეს; იქ სამართალი არ გაბრუნდება . . . ღმერთი გულთამხილავია: მინამ საქმეს სასწორზედ დასდებდეს, ჯერ გულში ჩახედავს ადამიანს.

__ ილია ჭავჭავაძე __

***

ერთმა ციხის უფროსმა მიმართა გუბერნატორს თხოვნით შეეწყალებინა 5 პატიმარი, რომელთა ქცევაც 6 თვის მანძილზე იქნებოდა საუკეთესო. გუბერნატორი დათანხმდა, ოღონდ იმ პირობით, რომ ამის შესახებ არავის ეცოდინებოდა შეწყალების დღემდე.

6 თვის გასვლის შემდეგ ყველა პატიმარი (ისინი კი რამოდენიმე ასეული იყვნენ) შეკრიბეს. ესწრებოდა ყველა უფროსობა. როდესაც გამოცხადდა, რომ ხუთი მათგანისთვის ნაწყალობევი იქნებოდა თავისუფლება, მაგრამ ჯერ არ იცოდნენ ვინ იქნებოდნენ ისინი, ჩამოდგა სიჩუმე. ადვილი მისახვედრია, რაც მოხდა, როცა გამოცხადდა მათი სახელები. მაშინ როცა ყველას სურდა ამ რიცხვში თვითონაც მოხვედრილიყო. შეწყალებულთ გაიხარეს, ცრემლიც კი წასკდათ, მაგრამ ისინი ცოტანი იყვნენ. ამასთან ყველა დანარჩენი პატიმარი ისევ უნდა დარჩენილიყვნენ გისოსებს მიღმა.

ასეთია ადამიანური შეწყალება და პატიება, მაგრამ რაოდენ უკეთესია ღვთიური შეწყალება!

__ იაკობ ლევენი __

***

ერთი მისიონერი ლაპარაკობდა საუკუნო ცხოვრების შესახებ, მაშინ ერთმა წარმართმა შენიშნა, რომ ქრისტიანებს არ ემჩნევათ ე.წ. “საუკუნო სიცოცხლე,” იმიტომ რომ, როცა მოდის სიკვდილი არ არის არავითარი განსხვავება მათ შორის, რაზეც მისიონერმა უპასუხა:

“მომისმინე, მეგობარო, შენ გინახავს გუბერნატორის სახლი?”

“მინახავს.”

“რა არის მის მეორე სართულზე?”

“იქ ევროპაა” – ეს ნიშნავდა, რომ იქაა თავმოყრილი ყოველივე საუკეთესო.

“ქვემოთ რაღაა?”

“საპყრობილე.”

“სწორია”, - უთხრა მისიონერმა, - “ზემოთ გუბერნატორის სასახლეა, ქვემოთ – საპყრობილე დამნაშეთათვის. შეგიმჩნევიათ, რომ ჭიშკართან გზები იყრება, გუბერნატორი მიდის ზემოთ, პატიმრები – ქვემოთ. ასე ხდება ჩვენს შემთხვევაშიც: არის მხოლოდ ერთი ჭიშკარი – სიკვდილი, რომელსაც ყველანი გავივლით; მაგრამ შემდეგ იწყება გაყოფა: ჭეშმარიტი ქრისტიანები მიდიან “ზემოთ”, ზეცაში, ცოდვილნი კი მიდიან “უფსკრულში”, ჯოჯოხეთში”.

__ იაკობ ლევენი __

***

ნოემბრის ერთ საღამოს თოვლნარევი წვიმა მოდიოდა, ქროდა ქარი, ციოდა. ქუჩაში ორი კაცი მოაბიჯებდა. ერთი – ლაბადის გარეშე, საყელოაწეული პიჯაკით. მას სრულიად არ აწუხებს, რომ ძლიერ დასველდა, მისთვის სულერთია საით მიდის, იმიტომ, რომ მას არა აქვს თავშესაფარი! ასე დაეხეტება ამქვეყნად ადამიანების უმეტესობა. მათ არა აქვთ მიზანი. რა ელით მათ? უღმერთო ფილოსოფოსი ნიცშე ბრძანებს: “ყვავები ჩხავილით ქალაქისკენ მიფრინავენ, (სულ მალე მოთოვს კიდეც) და ვაი მას, ვისაც სახლ-კარი არ გააჩნია.” არც თქვენ გაქვთ სახლი მარადიული? მაგრამ აი, ქუჩაში მოდის მეორე მგზავრი, მის გარშემო იგივე ქარიშხალია, მაგრამ იგი მხნედ მოაბიჯებს, მოღიღინებს. რატომ? იგი შორიდან ხედავს სინათლეს თავის მარადიულ სახლში! იქ მას მყუდროება ელოდება. ასე მიაბიჯებენ უფლის რწმენით ადამიანები.

__ ვილჰელმ ბუში __

***

ჟამთა დასასრულს იქნება მხოლოდ ორი კლასი; ისინი, ვინც ერთხელ უთხრეს ღმერთს: “დე იყოს ნება შენი!” და ისინი, რომელთაც ეტყვის ღმერთი: “დე იყოს თქვენი ნებისამებრ”.

__ ს. ლუისი __

***

ყველაფერი რჩეულთა სასიკეთოდ მოიქცევა, თვით საღმრთო წერილის ყველა ბნელი და ბუნდოვანი ადგილიც. რადგან რჩეულნი თაყვანს სცემენ მათ სხვა ადგილთა ღვთაებრივი სიცხადის გამო. ყველაფერი უკეთურთა საზიანოდ მოიქცევა, თვით სიცხადეც კი, რადგან ისინი ჰგმობენ სიცხადეს მისი თანმხლები სიბნელის გამო, რომლის წვდომაც მათ ძალ-ღონეს აღემატება.

__ ბლეზ პასკალი __

***

ადამიანები ჯოჯოხეთს დროდადრო იხსენებენ, როგორც საშინელ ადგილს, მაგრამ ფიქრადაც არ მოსდით, რომ შესაძლოა თავად მოხვდნენ იქ. მათი აზრით ჯოჯოხეთი არსებობს მხოლოდ ისეთებისთვის, როგორებიც იყვნენ ჰიტლერი და სტალინი, აგრეთვე მკვლელებისთვის, მოძალადეებისა და ახალგაზრდობის გამრყვნელებისათვის, ხოლო კეთილსინდისიერი ადამიანები, რომლებიც თავის დროზე იხდიან გადასახადებს, გულს უდებენ თავიანთ საქმეს და არ ავიწყდებათ ეკლესიის საგანძურს შესწირონ რამდენიმე დოლარი, უნდა მოელოდნენ რაღაც “საუკუნო ჯილდოს.”

მაგრამ თუ ვერწმუნებით ბიბლიას, საუკუნო სიცოცხლეს ეწევიან მხოლოდ ქრისტეს მიმდევრები. ვინც იქნა მისი მადლით გამოსყიდული. მაგრამ დანარჩენები? “ნუთუ გასწირავს მოსიყვარულე ღმერთი კეთილ ადამიანებს?!” – წამოიძახებენ ჰუმანისტები და ის მორწმუნეები, რომლებიც ცდილობენ არ შეამჩნიონ მათთვის არასასურველი გვერდები ბიბლიაში, რომლებიც მიუთითებენ ჯოჯოხეთზე. რამდენადმე ისინი მართლებიც არიან, მართლაც არ სურს მოსიყვარულე ღმერთს, რომ ვინმე დაიღუპოს. უფალი არ აგვიანებს თავისი აღთქმის აღსრულებას. სურს რომ მივიდეთ მასთან მონანიებით (2 პეტ. 3,9).

__ ბილ გრემი __

***

უგულო და უნდო კაცი სასჯელს ვეღარ გადარჩება.

შურისგების დღე დადგება, მართალს ელის გამარჯვება.

__ აბაი კუნანბაევი __

***

მე დიდად მჯერა . . . როცა სხეული აღარ მექნება, სულ სხვა ქვეყანას, ზენას, მოვივლი, რაღა თქმა უნდა თუ ვიქნები ამისი ღირსი, მე ღრმადა მჯერა, რომ ეს ცხოვრება, წარმავალი, რომელიც უსასრულობასთან შედარებით წამის მემილიარდედიც არაა, გამოსაცდელად გვეძლევა ჩვენ, ადამიანებს, და როგორი ახი იქნება რომ, ვისაც არა სწამს, შეხედულებისდამიხედვით ოთხი ფიცარი რომ ერგოს მხოლოდ, ხოლო ვისაც კი სწამს და სჯერა, უცხო ვარსკვლავები მოიაროს და ყველაზე მეტად თავის სამშობლოს, კუთვნილ დედამიწას შეუმჩნეველ და წყნარ ალერსად უტრიალოს, როგორ მინდა რომ, ნება დამერთოს, გვიანი ღამით, ყველასაგან მიტოვებულ კვეტარასა და მწვანე ტაძარში, ბორჯომთან როა, ყუჩად დავივანო და იმათ ფაქიზ ქვებს რბილად შევეხო.

__ გურამ დოჩანაშვილი __

***

ვინც რას მოძებნის, მას იპოვის ამ მზისქვეშეთში –

სამარადისო მისაგებელს და ღვთის განაჩენს.

__ შოთა ორველაშვილი __

***

შორი აღარაა ის გრგვინვის ხმა, რომელსაც სასოებით მოელიან უფლის ფერხთით მუხლმოყრილნი. მალე გაისმის ის ავისმომასწავლებელი ხმა მათთვის, ვინც ამხედრებულა მის წინააღმდეგ; ხოლო ვინც მის წინააღმდეგ არა ვართ განწყობილნი, კი არ უნდა ვვარაუდობდეთ მისი წყალობის მონიჭებას ჩვენთვის, არამედ გვწამდეს და სასიამოვნოდ გვეღვრებოდეს სხეულში გრძნობა მასთან დავანებისა. დაე ნურავითარი ყოყმანი ნუ გაატვრენს ჩვენში იმედს!

__ მ.ბ. __

***

ადამიანები ტყვეები ვართ ან უფლისა ან ცოდვისა – თუ რომლისა, მკის შემდეგ შევიტყობთ საბოლოოდ. ახლა კი ვიკითხოთ თუ რომელი მეფობს ჩვენზე? გამარჯვებული თუ ძლეული? არ გაინტერესებთ რომლის უღელს იტვირთავთ საუკუნოდ? რომლის სამკვიდრებლის ბჭე გაგვეხსნება? რომლის ლანდი გვადგას თავზე? რომელს ვუკმევთ გუნდრუკს? რომლის მესას ვესწრებით? მოწყენილი მონა ხართ თუ მხიარული? მარადისობა ამ კითხვებზე პასუხს გაძალებს გინდა თუ არ გინდა.

__ მ.ბ. __