1.8.88 Иафет

Быт.5,32; 6,10; 7,13; 9,18.19.22-27; 10,1-5; 1Пар.1,4-7; 1Пет.3,20

1.8.88 იაფეტი

(ებრ. יָפֶת/יֶפֶת) — გავრცელებული ფართოდ

 

ნოეს ერთერთი ძე დაბ.5,32; 6,10

შევიდა კიდობანში, გადაურჩა წარღვნას დაბ.7,13; 1პეტ.3,20

მიიღო ღვთიური კურთხევა დაბ.9,22-27

მისი შთამომავლებისგან დასახლებულ იქნა მცირე აზია და ევროპა დაბ.10,2-5

 

ბიბლიის მუხლები

 

დაბადება 5

[32.] ოთხმოცდაათი წლისა იყო ნოე, როცა შვა სემი, ქამი და იაფეთი.

 

დაბადება 6

10. შვა ნოემ სამი ვაჟი: სემი, ქამი და იაფეთი.

 

დაბადება 7

13 და იმ დღეს შევიდნენ კიდობანში ნოე, სემი, ქამი და იაფეთი, და ნოეს ცოლი და მისი ვაჟების ცოლები მათთან ერთად,

 

დაბადება 9

18. ესენი იყვნენ ნოეს შვილები, კიდობნიდან რომ გამოვიდნენ: სემი, ქამი და იაფეთი. ქამი იყო ქანაანის მამამთავარი.

19. ეს სამნი იყვნენ ნოეს შვილები, მათგან მთელი დედამიწა იქნა დასახლებული.

22. დაინახა ქამმა, ქანაანის მამამთავარმა, მამის სიშიშვლე და შეატყობინა გარეთ თავის ორ ძმას.

23. აიღეს სემმა და იაფეთმა სამოსელი, მოისხეს მხრებზე, უკუსვლით მივიდნენ და დაფარეს მამის სიშიშვლე. პირი უკან ჰქონდათ მიქცეული და მამის სიშიშვლე არ დაუნახავთ.

24. გამოფხიზლდა ნოე ღვინისაგან და შეიტყო, როგორ მოეპყრა მას უმცროსი ვაჟი.

25. თქვა: წყეულიმც იყოს ქანაანი! თავისი ძმების მორჩილთა მორჩილი იყოს!

26. თქვა: კურთხეულ იყოს უფალი, ღმერთი სემისა! მორჩილად გაუხდეს მას ქანაანი!

27. განუფართოს ღმერთმა იაფეთს, სემის კარვებში დაემკვიდროს! დაემორჩილოს მას ქანაანი!

 

დაბადება 10

1. ეს არის ნოეს ძეთა მოდგმა - სემის, ქამისა და იაფეთისა. შეეძინათ მათ შვილები წარღვნის შემდეგ.

2. იაფეთის ძენი: გომერი, მაგოგი, მადაი, იავანი, თუბალი, მეშექი და თირასი.

3. გომერის ძენი: აშქენაზი, რიფათი და თოგარმა.

4. იავანის ძენი: ელიშა, თარშიში, ქითიმი. და დოდანიმი.

5. ამათგან განიფანტნენ ზღვისპირა ხალხები თავ-თავის ქვეყნებში, თითოეული თავისი ენის მიხედვით, თავისი ტომის მიხედვით, თავ-თავის ხალხში.

 

1ნეშტთა 1

4. ნოე, სემი, ქამი, იაფეთი.

5. იაფეთის ძენი: გომერი, მაგოგი, მადაი, იავანი, თუბალი, მეშექი და თირამი.

6. გომერის ძენი: აშქენაზი, რიფათი და თოგარმა.

7. იავანის ძენი: ელიშა, თარშიშა, ქითიმი და დოდანიმი.

 

1პეტრე 3

20. ოდესღაც რომ არ დაემორჩილნენ ღმერთს, რომელიც სულგრძელობით მოელოდა მათ ნოეს დღეებში, სანამ მზადდებოდა კიდობანი, რომელშიც ცოტა, ანუ რვა სული გადარჩა წყლისაგან;

 

__თემაზე წერდნენ__

***

დაბ.5,32 - ნოეს შვილებიდან წარღვნის შემდგომი თაობები წარმოიქმნებიან. სემი იქნება სემიტი ხალხების პატრიარქი, ქამი - ქამიტების, იაფეტი - იაფეტიანების, ინდოევროპელების.

__ჟენევის ბიბლიის კომენტარი__

 

***

თვითონ სიტყვა „იაფეტი“ ნიშნავს „გავრცელებას“. სხვადასხვა ხალხის მამამთავართა შორის ბიბლიის ძველი, განსაკუთრებით კი ქრისტიანი კომენტატორები ქართველთა მამამთავარსაც ასახელებენ - ზოგიერთი ცნობით, ის ყოფილა იაფეტის ძე თუბალი. საერთოდ იაფეტის შთამომავლები, ნოეს დალოცვის შესაბამისად, რაოდენობითაც და ღირსებითაც უპირატესნი იყვნენ სხვა მამამთავართა შთამომავლებზე. ნოემ იაფეტი ასე დალოცა - განუფართოს ღმერთმა იაფეტს, სემის კარვებში დაემკვიდროს, დაემორჩილოს მას ქანაანი (დაბ. 9. 27).

 

***

ნოეს სამი ვაჟის სახელი ბიბლიაში მუდამ ერთი თანმიმდევრობით მოიხსენიება, „სემი, ქამი და იაფეთი“, მაგრამ ზუსტად დაუდგენელია მათი ასაკობრივი თანმიმდევრობა. ის ფაქტი, რომ სემი რიგით პირველი მოიხსენიება, თავისთავად არ ნიშნავს, რომ იგი ნოეს პირმშო იყო, რადგან თავად სემის პირმშო (არფაქშადი) რიგით მესამედ მოიხსენიება გენეალოგიურ ნუსხაში (დაბ.10:22; 1ნეშ.1:17). დაბადების 10:21 ებრაული დედნიდან შეიძლება სხვადასხვანაირად ითარგმნოს. ზოგ თარგმანში ნათქვამია, რომ სემის უფროსი ძმა იაფეთი იყო, ზოგი კი სემს იაფეთის უფროს ძმად მოიხსენიებს. ზოგ თარგმანებში სემის შესახებ ნათქვამია, რომ ის იაფეთის უფროსი ძმა იყო. მაგრამ ბიბლიის სხვა მუხლები იმაზე მიანიშნებს, რომ სემი ნოეს მეორე ვაჟი იყო და, შესაბამისად, იაფეთზე უმცროსი.

როგორც ბიბლიიდან ვიგებთ, ნოეს ხუთასი წლის ასაკში შეეძინა ვაჟები, ხოლო, როცა დედამიწაზე წარღვნა მოხდა, იგი 600 წლისა იყო (დაბ.5:32; 7:6). წარღვნის დროს უკვე დაოჯახებულ სემზე (დაბ.6:18) ბიბლიაში ვკითხულობთ, რომ წარღვნიდან ორი წლის შემდეგ ასი წლის სემს არფაქშადი შეეძინა (დაბ.11:10). ეს იმას ნიშნავს, რომ ნოეს 502 წლის ასაკში შეეძინა სემი; ვინაიდან ქამზე ნათქვამია, რომ „უმცროსი შვილი“ იყო (დაბ.9:24), ლოგიკურია დავასკვნათ, რომ იაფეთი ნოეს პირმშო იყო, რომელიც მას 500 წლისას ეყოლა.

 

***

ერთ-ერთი ვერსიით სწორედ თუბალი და მეშექი (მოსოხი) არიან მიჩნეულნი ქართველთა ბიბლიურ წინაპრებად. მეშექისაგან მესხები წარმოშობილან, თუბალებისაგან - იბერები.

მეორე ვერსიით - თოგორმა ანუ თარგამოსია ქართველთა წინაპარი. თარგამოსს რვა შვილი ჰყავდა, რომელთაგან მეორეს ქართლოსი ერქვა. ქართლოსს ჰყავდა ხუთი შვილი: გარდაბოსი, გაჩიოსი, კახოსი, კუხოსი, მცხეთოსი.

ქართლის ცხოვრებაში მცხეთოსის მხოლოდ ერთი შვილი - უფლოსია - მინიშნებული, რომელსაც აუშენებია ქართლის ერთ-ერთი ანტიკური ქალაქი უფლისციხე.