2.13.27 Время покупать вечное сокровище

2.13.27 დროა ვიძენდეთ საუკუნო საუნჯეს

- ნურავინ იწუწუნებს წუთისოფლის ამაოებით, რომ არ არის ამ ცხოვრებაში რაიმე სასიკეთო ფს.4,6.7; 38,5.6 იგავ.17,16 ეკლ.2,7-11 მათ.16,26

- საუნჯე აღმოჩენილია, საუკუნო სიბრძნის განძი მიგნებულია - ესაა ღვთის სიტყვა, ყოველგვარ მიწიერ მარგალიტებზე ძვირფასი, ესაა უფალი იესო ქრისტე იობ.28,18 იგავ.2,2-5; 3,13-18; 8,10.11.18-20; 16,16; 23,23 კოლ.2,3; 3,16

- დროა მივიდეთ უფალთან ვერცხლისუქონელნი - ვისაც არ გვაქვს ამქვეყნიური სიმდიდრენი (სულით ღარიბნი) და უსასყიდლოდ დავპურდეთ ეს.55,1.2

- ახლა დროა გავყიდოთ ყოველგვარი მიწიერი განძი, რაც გვეძვირფასება ამ ცხოვრებაში და შევიძინოთ ის ერთადერთი და საუკუნო საუნჯე მათ.13,[44-46] გმცხ.3,18

- შევუდგეთ ჩვენი ხსნის იმედს, მოვინანიოთ და გავყვეთ უფალს ფს.38,7.8 ლუკ.19,8

- ნუ ვიქნებით ქვეყნიურ საუნჯეებს მინდობილნი მათ.19,21

- დავიუნჯოთ საუნჯე ზეცაში და არა ამქვეყნად მათ.6,19-21 საქ.2,44.45; 4,32-35 კოლ.3,1-4

- რათა ჩვენი გული წარმავალს კი არ ეკუთვნოდეს, არამედ ქრისტეს ფლპ.3,7-9 კოლ.2,3 ებრ.11,24-26

- რათა ვილტვოდეთ იქით, სადაც მოგველის ჯილდო აქ გაკეთებული არჩევანისთვის მათ.27-29 მარ.10,28-30 ლუკ.18,28-30; 1კორ.2,9 ებრ.10,34

-

- სამწუხაროა, მაგრამ ვინც გააგრძელებს ამაო ყოფნას ამ წუთისოფელში, ვისი გულიც მიწიერ საუნჯეებსაა მიწებებული, კვლავაც ამაო დარჩება მისი იმედები ლუკ.14,33; 18,23.24

-

ბიბლიის მუხლები

იობი 28

18. არ არის სახსენებელი მარჯანი და ბროლი; მარგალიტზე ძვირფასია სიბრძნე.

ფსალმუნი 4

6. მრავალნი ამბობენ: ვინ გვიჩვენებს სიკეთეს? გადმოგვაფინე შუქი შენი სახისა, უფალო!

7. შენ მიეცი სიხარული ჩემს გულს უფრო მეტი, ვიდრე მათია პურის და მაჭრის სიუხვისას.

ფსალმუნი 38

5. აჰა, გოჯებით მომეცი მე დღენი, ხოლო არსება ჩემი არაფერია შენს წინაშე; არამედ სრული ამაოებაა ყოველი ძე ხორციელი. სელა.

6. ამიტომ აჩრდილს მიუყვება ადამიანი, მაგრამ ამაოდ ფაციფუცობს, აგროვებს და არ იცის, ვის დარჩება.

7. და ახლა რას ვესავ, უფალო? შენზეა ჩემი იმედი.

8. ყოველი ჩემი ბრალისაგან გადამარჩინე, ნუ გამხდი ბრიყვის გასალანძღავად.

იგავნი 2

2. ყური რომ გქონდეს სიბრძნისაკენ მიპყრობილი და გული გონიერებისკენ გეწეოდეს,

3. რომ მოუწოდებდე ჭკუას და გონებას გააღვიძებდე.

4. რომ ვერცხლივით მისი შოვნის წადილი გქონდეს და განძივით დაუწყებდე ძებნას.

5. მაშინ შეიგნებ უფლის შიშს და მოიპოვებ ღვთისმშემეცნებას.

იგავნი 3

13. ბედნიერია ის კაცი, ვინც ჰპოვა სიბრძნე და ვინც გონიერება შეიძინა!

14. რადგან მისი შეძენა სჯობს ვერცხლის შეძენას და მისი მოსავალი - ხალას ოქროს.

15. მარგალიტებზე უფრო ძვირფასია და შენგან სანატრელი არაფერი შეედრება მას.

16. მის მარჯვენაში დღეგრძელობაა, მარცხენაში სიმდიდრე და დიდებაა;

17. მისი გზები ნეტარების გზებია და ყოველი მისი ბილიკი სიმრთელეა.

18. იგი უკვდავების ხეა მათთვის, ვინც მას მოეჭიდება. ნეტარნი არიან მისი მფლობელნი.

იგავნი 8

10. მიიღეთ ჩემი შეგონება და არა ვერცხლი, ცოდნა მეტია ხალას ოქროზე;

11. რადგან სიბრძნე უკეთესია ძვირფას თვლებზე და ვერცერთი სანატრელი საგანი ვერ შეედრება მას.

18. ჩემთან არის სიმდიდრე და პატივი, ულევი დოვლათი და სიმართლე.

19. ჩემი ნაყოფი ბაჯაღლო ოქროზე უკეთესია და ჩემგან უფრო მეტი სარგებელია, ვიდრე რჩეული ვერცხლისაგან.

20. სიმართლის სავალს ვადგავარ და სიმართლის გზებით დავიარები.

იგავნი 16

16. სიბრძნის შეძენა ოქროზე უკეთესია, ჭკუის მოხვეჭა ვერცხლზე - უმჯობესი.

იგავნი 17

16. ამ ფულს რა უნდა უმეცრის ხელში? სიბრძნის შესაძენად ხომ ჭკუა არა აქვს?

იგავნი 23

23. ჭეშმარიტება შეიძინე და სიბრძნეს, შეგონებასა და გონიერებას ნუ გაჰყიდი.

ეკლესიასტე 2

7. შევიძინე მონა-მხევალნი, და მრავლად მესხნენ სახლში სახლეულნი; მყავდა ცხვარ- ძროხა იმათზე მეტი, ვისაც ჩემს უწინ უმეფია იერუსალიმში.

8. დავაგროვე ოქრო და ვერცხლი, მეფეთა განძი ყოველი მხარის; გავიჩინე მგალობელნი, კაცნი და ქალნი, და სიამენი ხორციელნი, ულამაზეს ხარჭათა დასი.

9. განვიდიდე და გავმდიდრდი უმეტეს მათსა, ვინც ჩემს წინარე არსებულა იერუსალიმს; და სიბრძნე ჩემი მევე მეყუდნა.

10. არ უარვყავი არაფერი, რაც კი მომთხოვეს ჩემმა თვალებმა, არ დავაოკე გული ჩემი სიხარულისგან, რადგან ხარობდა ჩემი გული ჩემი ნაღვაწით. ეს ყოველივე იყო ვედრი ჩემი შრომისა.

11. მერმე, როდესაც გადავხედე ყოველივეს, რაც კი შექმნა ჩემმა მარჯვენამ, და ყოველ საქმეს, ჩემს ნამოქმედარს, მივხვდი, ამაო რომ ყოფილა ეს ყველაფერი, ქარისნაბერი, და რომ არ არის სარგებელი ამ მზისქვეშეთში.

ესაია 55

1. ჰოი, მწყურვალნო, ყველანი წყალთან მიდით, და ვერცხლის უქონელნო, წადით, იყიდეთ და ჭამეთ! წადით და იყიდეთ უვერცხლოდ და უსასყიდლოდ ღვინო და რძე!

2. რისთვის ხარჯავთ ვერცხლს, თუ პურს ვერ შოულობთ? რისთვის შრომობთ, თუ ვერ ძღებით? მე მომისმინეთ და შეჭამთ საუკეთესოს, ნოყიერი საკვებით დაიტკბობთ სულს.

მათე 6

19. ნუ იუნჯებთ თქვენს საუნჯეს ამ ქვეყნად, სადაც ჟანგი და მღილი ღრღნის მას, და სადაც მპარავნი თხრიან და იპარავენ.

20. არამედ დაიუნჯეთ თქვენი საუნჯე ზეცად, სადაც ვერც ჟანგი და ვერც მღილი ვერა ღრღნის მას, და სადაც მპარავნი ვერ თხრიან და ვერ იპარავენ.

21. ვინაიდან სადაც არის საუნჯე თქვენი, იქვე იქნება გული თქვენი.

მათე 13

44. და მერე, მსგავსია ცათა სასუფეველი ყანაში დაფლული განძისა, რომელიც იპოვა კაცმა, დამალა და გახარებული წავიდა; გაყიდა ყველაფერი, რაც ებადა, და იყიდა ის ყანა.

45. და მერე, მსგავსია ცათა სასუფეველი ვაჭარი კაცისა, რომელიც ეძებს ლამაზ მარგალიტს.

46. და როცა იპოვის ძვირფას მარგალიტს, წავა, გაჰყიდის ყველაფერს, რაც აბადია, და იყიდის მას.

მათე 16

26. რას გამორჩება კაცი, თუ მოიგებს მთელს ქვეყანას და სულს კი წააგებს? ანდა რას მისცემს კაცი თავისი სულის სანაცვლოდ?

მათე 19

21. იესომ მიუგო მას: თუ გინდა, რომ სრულქმნილი იყო, წადი, გაყიდე, რაც გაბადია, მიეცი გლახაკთ, და გექნება საუნჯე ცაში; მერე მოდი და გამომყევ მე.

27. მაშინ პეტრემ მიუგო და უთხრა მას: აი, ჩვენ მივატოვეთ ყველაფერი და გამოგყევით; რა გვექნება ჩვენ?

28. ხოლო იესომ მიუგო მათ: ჭეშმარიგად გეუბნებით, რომ ვინც მე გამომყევით, მეორედ შობისას, როცა ძე კაცისა დაჯდება თავისი დიდების ტახტზე, - ერთად დასხდებით თორმეტ ტახტზე ისრაელის თორმეტი ტომის განსჯად.

29. და ყველა, ვინც მიატოვებს თავის სახლს, ან თავის და-ძმას, თავის ცოლ-შვილს თუ დედ-მამას, ანდა თავის ადგილ-მამულს ჩემი სახელის გულისთვის, ასმაგად მიიღებს საზღაურს და საუკუნო სიცოცსლეს დაიმკვიდრებს.

მარკოზი 10

28. დაიწყო პეტრემ და უთხრა მას: აი, ჩვენ მივატოვეთ ყველაფერი და შენ გამოგყევით.

29. იესომ პასუხად თქვა: ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: არ არის კაცი, რომელმაც მიატოვოს სახლ-კარი, გინდა და-ძმები, გინდა დედ-მამა, გინდა ცოლ-შვილი, გინდა ადგილ-მამული ჩემი და სახარების გულისთვის,

30. და ახლავე, ამჟამად, ასმაგად არ მიიღოს სახლ-კარიც, და-ძმაც, დედ-მამაც, შვილებიც და ადგილ-მამულიც, ხოლო მომავალ საუკუნეში - საუკუნო სიცოცხლე.

ლუკა 14

33. ასე, ვერც ერთი თქვენგანი, ვინც არ განუდგება ყველაფერს, რაც აბადია, ვერ იქნება ჩემი მოწაფე.

ლუკა 18

23. ხოლო ის დამწუხრდა ამის გაგონებისას, რადგანაც ძალიან მდიდარი იყო.

24. დამწუხრებული რომ დაინახა, იესომ თქვა: რა ძნელია მდიდართათვის ღმრთის სასუფეველში შესვლა.

28. და უთხრა პეტრემ: აი, ჩვენ მივატოვეთ ყველაფერი და გამოგყევით.

29. ხოლო იესომ მიუგო: ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: არ არის კაცი, რომელმაც მიატოვოს სახლი, გინდა ძმები, გინდა ცოლი, გინდა შვილები ღმრთის სასუფევლის გულისთვის,

30. და ახლავე არ მიიღოს გაცილებით მეტი, ხოლო მომავალში - საუკუნო სიცოცხლე.

ლუკა 19

8. ადგა ზაქე და უთხრა უფალს: აჰა, უფალო, ჩემი ქონების ნახევარს მივცემ გლახაკთ, და თუ ვინმეს ცილი ვწამე, ოთხმაგად ვუზღავ.

საქმეები 2

44. ყველა მორწმუნე ერთად იყო და ყველაფერი საერთო ჰქონდათ.

45. მონაგებსა და მამულებს ჰყიდდნენ და უნაწილებდნენ თვითეულს, იმის მიხედვით, თუ ვის რა უჭირდა.

საქმეები 4

32. ხოლო მორწმუნეთა სიმრავლეს ერთი გული ჰქონდა და ერთი სული, და არავინ იტყოდა საკუთარ ქონებას თავისად, არამედ ყველაფერი საერთო ჰქონდათ.

33. მოციქულები დიადი ძალით მოწმობდნენ უფალ იესო ქრისტეს აღდგომას, და იყო დიდი მადლი ყველა მათგანზე.

34. არავინ იყო გაჭირვებული მათ შორის, ვინაიდან მიწა-წყლისა თუ სახლების მფლობელნი ყიდიდნენ მათ და გაყიდულის საფასური მიჰქონდათ,

35. მოციქულების ფერხთით დებდნენ მას, და ეძლეოდა თვითეულს, ვისაც რა სჭირდებოდა.

1კორინთელთა 2

9. არამედ, როგორც დაიწერა: „რაც არ უხილავს თვალს, არ სმენია ყურს და არც კაცს გაუვლია გულში, ის განუმზადა ღმერთმა თავის მოყვარეთ“.

ფილიპელთა 3

7. მაგრამ რაც ჩემთვის სარგო იყო, ზარალად შევრაცხე ქრისტეს გულისთვის;

8. და ყოველივე დანარჩენიც ზარალად შემირაცხავს იმ უზენაეს სიკეთესთან შედარებით, რასაც ჰქვია ჩემი უფლის - ქრისტეს შეცნობა, რისთვისაც ვიზარალე ყოველი, და ყველაფერი ნაგვად მიმაჩნია, რათა შევიძინო იესო ქრისტე,

9. და ვიყო მასში, მაგრამ არა ჩემი სიმართლით, რომელიც არის რჯულისაგან, არამედ სიმართლით, ქრისტეს რწმენისა და ღვთისაგან რომ იღებს დასაბამს და რწმენაზევეა დაფუძნებული;

კოლასელთა 2

3. რომელშიაც დაფარულია სიბრძნისა და ცოდნის მთელი საუნჯე.

კოლასელთა 3

1. თუკი ქრისტესთან ერთად აღდექით, ზეცისას ეძიებდეთ, სადაც ქრისტე ზის ღვთის მარჯვნივ.

2. ზეცისას ფიქრობდეთ და არა მიწისას.

3. რადგანაც მოკვდით და თქვენი სიცოცხლე ქრისტესთან ერთად დაიფარა ღმერთში.

4. როდესაც გამოჩნდება ქრისტე, თქვენი სიცოცხლე, მასთან ერთად თქვენც გამოჩნდებით დიდებით.

16. დაე, ქრისტეს სიტყვა მთელი სიბრძნითა და სიუხვით დაემკვიდროს თქვენში; ფსალმუნებით, საგალობლებითა და სულიერი შესხმით ასწავლეთ და შეაგონეთ ერთმანეთს; მადლიერებით უგალობეთ უფალს თქვენს გულებში.

ებრაელთა 10

34. ვინაიდან ჩემს ტყვეობასაც თანაუგრძნეთ და თქვენი ქონების დატაცებასაც სიხარულით შეხვდით, რადგანაც იცოდით, რომ უკეთესი და წარუვალი საუნჯე გაქვთ ცაში.

ებრაელთა 11

24. რწმენით იყო, რომ მოსემ, როცა წამოიზარდა, უარი თქვა ფარაონის ასულის ძედ წოდებულიყო,

25. და ღვთის ხალხთან ერთად ტანჯვა ამჯობინა მცირე ხნით ცოდვილ განცხრომას.

26. ქრისტესავით გმობა უფრო დიდ სიმდიდრედ მიიჩნია, ვიდრე ეგვიპტის მთელი სიმდიდრე, რადგანაც ხედავდა საზღაურს.

გამოცხადება 3

18. გირჩევ იყიდო ჩემგან ცეცხლით გაწმენდილი ოქრო, რათა გამდიდრდე, და სპეტაკი სამოსი, რათა შეიმოსო და აღარ გამოჩნდეს შენი სიშიშვლის სირცხვილი, და საოლავი იცხო თვალზე, რათა იხილო.