4.11.1. Отвержение служителя - отвержение Бога

Исх.16,8,, 1цар.8,[7].8,, 10,19 Матф.10,40 Лук.10,16,, 19,27 Ин.15,20 

4.11.1. ღვთისმსახურის უარყოფა ღვთის უარყოფაა

გამ.16,8,, 1მფ.8,[7].8,, 10,19 მათ.10,40; 23,2-10 ლუკ.10,16,, 19,27 ინ.15,20

 

ბიბლიის მუხლები

 

გამოსვლათა 16

8. თქვა მოსემ: საღამოხანს ხორცს მოგცემთ საჭმელად და დილით პურს გაძღომამდე, რადგან ისმინა უფალმა თქვენი ჩივილი, რომ ჩიოდით. ჩვენ ვინა ვართ? ჩვენ კი არა, უფალს შესჩიოდით.

 

1მეფეთა 8

7. უთხრა უფალმა სამუელს: შეისმინე ხალხის ყოველი სიტყვა, რასაც გეტყვის, რადგან შენ კი არ უარგყვეს, არამედ მე უარმყვეს თავიანთ მეფედ.

8. როგორც იქცეოდნენ იმ დღიდან, როცა ეგვიპტიდან გამოვიყვანე, დღემდე, როცა დამივიწყეს და უცხო ღმერთებს დაემონენ, ასევე გექცევიან შენც.

 

1მეფეთა 10

19. ახლა უარყოფთ თქვენს ღმერთს, რომელმაც გიხსნათ ძნელბედობასა და გასაჭირში, რადგან ეუბნებით: მეფე დაგვიდგინეო. აბა, წარუდექით უფალს თქვენთქვენი ტომისა და გვარეულობის მიხედვით.

 

მათე 10

40. ვინც თქვენ შეგიწყნარებთ, მე შემიწყნარებს; ხოლო ვინც მე შემიწყნარებს, შეიწყნარებს ჩემს მომავლინებელს.

 

მათე 23

2. მოსეს სავარძელზე მწიგნობარნი და ფარისეველნი სხედან;

3. მაშ, ყველაფერი, რის დაცვასაც გირჩევენ, დაიცავით და აღასრულეთ, მაგრამ მათ საქმეს კი ნუ მიბაძავთ, ვინაიდან ამბობენ და არ ასრულებენ.

4. რადგან მძიმე ტვირთს ჰკრავენ და ძნელად სატვირთველს, და ხალხს მხრებზე ადებენ; თვითონ კი თითის განძრევაც არ სურთ მის დასაძრავად.

5. და მთელ თავიანთ საქმეს აკეთებენ კაცთა დასანახავად; აგანიერებენ თავიანთ სალოცავ თასმებს და აგრძელებენ თავიანთი სამოსის კალთებს.

6. უყვართ წვეულებებზე სუფრის თავში წამოჭიმვა და წინა რიგები სინაგოგებში.

7. და სალმის ძღვნა მოედნებზე, რათა ხალხი მიმართავდეს მათ: რაბი! რაბი!

8. თქვენ კი ნუ იწოდებით ასე: რაბი! ვინაიდან ერთია თქვენი მოძღვარი - ქრისტე, ხოლო თქვენ ყველანი ძმები ხართ.

9. ნურც თქვენს მამას უწოდებთ ვინმეს ამ ქვეყნად, ვინაიდან ერთია მამა თქვენი ზეციერი.

10. და ნურც წინამძღვრებად იწოდებით, ვინაიდან ერთია თქვენი წინამძღვარი - ქრისტე.

 

ლუკა 10

16. თქვენი მსმენელი მე მისმენს და თქვენი უარმყოფელი მე უარმყოფს; ხოლო ვინც მე უარმყოფს, უარყოფს ჩემს მომავლინებელს.

 

ლუკა 19

27. ხოლო ეს ჩემი მტრები, რომლებსაც არ უნდოდათ, რომ მათი მეფე ვყოფილიყავი, აქ მომგვარეთ და ჩემს წინაშე დახოცეთ.

 

იოანე 15

20. გაიხსენეთ სიტყვა, რომელიც გითხარით: არ არის მონა, თავის ბატონზე უმეტესი. მე თუ მდევნიდნენ, თქვენც დაგიწყებენ დევნას; თუ დაიცვეს ჩემი სიტყვა, თქვენსასაც დაიცავენ.

 

__თემაზე წერდნენ__

***

ნუთუ შენ უარყოფ და უპატიოდ გაისტუმრებ მეფის მიერ მოგზავნილ მსახურს მხოლოდ იმის გამო, რომ მას ძველი, ჭუჭყიანი შესამოსელი აცვია და დიდებული ეტლით არ მოსულა შენთან, არამედ ფეხშიშველი გამოგცხადებია და ასე მოურთმევია შენთვის ხელმწიფის წერილი, მისი ანდერძი, რომლითაც მეფე მთელს თავის სამეფოსა და სამკვიდრებელს სწორედ შენ გიანდერძებს?! ნუთუ ყოველივე ამაზე უარს იტყვი მხოლოდ იმის გამო, რომ მეფის მსახური არ მოგეწონება და უღირსად მიიჩნევ მას?! რა თქმა უნდა, ასე არ იქმ, მეტიც, დიდის პატივითაც მიიღებ უაღრესი სიხარულის მომტან მსახურს, და სწორიც იქნები. ხოლო თუ ასე არ მოიქცევი, იცოდე, რომ მეფის უდიდესი რისხვა დაგატყდება თავს და სასტიკად დაგსჯის! თუ ასეა ქვეყნიური მეფის გამო, რატომ უგულებელსყოფ ზეციური მეუფის ანდერძს, მომადლებულს შენთვის, რომელშიც იგი თავის ძედ, მემკვიდრედ გაცხადებს და ზეციურ სამარადისო სამეფოს გაძლევს სამემკვიდროდ დაუსრულებელი საუკუნეებისათვის, და უგულებელსჰყოფ იმის გამო, რომ მისი მსახური უღირსად ჩაცმული და უდიერი გეჩვენება! განა იქნება ამაზე მეტი უგუნურება?!...

__ წმ. სვიმონ ახალი ღვთისმეტყველი __

 

***

ჩვენ (მოძღვრები) სინდისის ხმის მოთხოვნის თანახმად უნდა ვიღწვოდეთ, რათა ჩვენს გამო ეკლესიისთვის არავინ დაიღუპოს.

__ კიპრიანე კართაგენელი __

 

***

თუ გინდა, რომ რჩეულ ჭურჭელად იქცე, წყრომა არ დაიტოვო მოძღვრის მიმართ, ეცადე ემონო ღმერთს და მოიპოვო მორჩილება.

__ ეფრემ ასური __

 

***

ვისაც სძულს მღვდელი, მას მისი ღმერთიც სძულს.

__ ეფრემ ასური __

 

***

ღმრთის წყალობა ისეთი არაა, რომ მღვდლის სათნოებებზე იყოს დამოკიდებული.

__ წმ. იოანე ოქროპირი --

 

***

როდესაც სასარგებლო სიტყვა გესმის, ნუ განსჯი მას, ვისგანაც გესმის, რომ არ მოიკლო სასარგებლო სწავლება.

__ აბბა თალასე __

 

***

როდესაც მრევლი ზოგიერთ მოძღვარს ხედავს, რომელიც თავისი საქციელით არ შეესაბამება თავის ხარისხის ღირსებას, შფოთდება და ორჭოფობს, არის კი ნამდვილად ღმრთისმსახურება ის, რასაც ეს მოძღვრები ასრულებენ? ასეთი ერისკაცების დასამშვიდებლად და სანუგეშოდ წმიდა იოანე ოქროპირის ნათქვამს მოვიტანთ: „მღვდელი მხოლოდ პირს აღებს, დანარჩენს კი ღმერთი აღასრულებს“ - ჭეშმარიტია წმიდა ოქროპირის შენიშვნა! მთესველი ხანდახან ჭუჭყიანი ხელით თესავს მარცვალს, მაგრამ ამის მიუხედავად ღმრთის კურთხევით მინდვრები მდიდარ მოსავალს იძლევა.

__ იაკობ ნოვგოროდელი __

 

***

თუ მოძღვარი უღირსად ცხოვრობს და იმას არა იქმს, რასაც ასწავლის, შენ არ მისცემ უფალს პასუხს ამისთვის. შენ რაჲ, თუ ის ცუდად ცხოვრობს? იგი თვით მისცემს პასუხს და დაისჯება. მოძღვარი ისეთივე სუსტია, როგორც ნებისმიერი თქვენთაგანი და ამიტომ არცაა გასაკვირი, თუ სცოდავს, როგორც ადამიანი. ამისთვის გმართებს მისთვის ლოცვა, რათა გამოსწორდეს; ეს ყველას სარგებლობას მოუტანს. თუ სწორად ასწავლის და შეუფერებლად ცხოვრობს, შეხედე – უსმინე მოძღვრებს და ნუ მიბაძავ მათ, თუ ცუდად ცხოვრობენ. ასე ურჩია ქრისტემ მწიგნობრებსა და ფარისევლებზე: ყოველსა უკვე რაოდენსა გვეტყოდიას თქუენ დამარხვად, დაიმარხეთ და ყავთ, ხოლო საქმეთა მათთაებრ ნუ იქმთ, რამეთუ თქვიან და არა ყვიან (მათე 23, 2-3)

__ ტიხონ ზადონელი __

 

***

წმიდა მოძღვრება არ კარგავს თავის სიწმიდეს იმით, რომ ცოდვილი ბაგეებით იქადაგება.

__ ფილარეტი __