1.1.48. Библия о грузинах

- Грузины - сыны Иафета, сына Ноя: фувал (Тувал, фовел, Ивер) и Мешех (Мосох, Месх) Быт.10,2

- Вели торговлю с Твиром пленниками и медными изделями Иез.27,13

- Пророчество о наказании вместе северными людми Иез.38,2-4; 39,1-3

1.1.48. ბიბლია ქართველების შესახებ

ქართველების წინაპრები ბიბლიაში

- ნოეს ძის იაფეთის ძენი თუბალი (თობელი, თოველი, ტაბალ, Tubal, Thubal, фувал, фовел, Тувал) 

[თანამედროვე - იბერი]

და მეშექი (მუშქი, მუშეხ, მოსოქ, მოსოხ, მუსკი, Meshech, Mosoch, Мешех, Мосох) 

[თანამედროვე - მესხი] 

დაბ.10,2 

[სახელები აღებულია ქართული, ინგლისური და რუსული ბიბლიის სხვადასხვა გამოცემების მიხედვით holybible. ge]

 

- ტვიროსთან ვაჭრობდნენ ტყვეებით და სპილენძის ჭურჭლით ეზეკ.27,13

 

- წინასწარმეტყველება დასჯის შესახებ სხვა ჩრდილოელ ხალხებთან ერთად ეზეკ.38,2-4; 39,1-3

 

- ადიშის ოთხთავში საქ.2,9-ში მოხსენიებული უჟიკნი კერძო მოსაზრებებით ქართველებად არიან მიჩნეულნი. “სპარსნი და უჟიკნი და ელამიტელნი და მკჳდრნი შოვამდინარისანი და ჰურიასტანისანი და კაბადუკიაჲსანი, პონტოჲსა და ასიაჲსანი“ 

ბიბლიის მუხლები

დაბადება 10

2. იაფეთის ძენი: გომერი, მაგოგი, მადაი, იავანი, თუბალი, მეშექი და თირასი.

ეზეკიელი 27

13. იავანი, თუბალი და მეშექი იყვნენ შენი გამსაღებლები; ტყვეებს და სპილენძის ჭურჭელს გიხდიდნენ საქონელში.

ეზეკიელი 38

2. ადამის ძევ! მიაქციე პირი გოგ მაგოგელისკენ - როშის, მეშექის და თუბალის მთავრისკენ, და იწინასწარმეტყველე მასზე; 

 

3. უთხარი, ასე ამბობს-თქო უფალი ღმერთი: აჰა, შენზე ვარ, გოგ, როშის, მეშექის და თუბალის მთავარო!

 

4. გაგაბრუნებ და ყბაში ჩანგალს ამოგდებ; გამოგიყვან შენ და მთელს შენ ლაშქარს, ცხენებს და მხედრებს, ყველას, დიდებულად შემოსილთ, უშქარ კრებულს, თოროსანთ და ფარისმპყრობელთ, ყველას, მახვილიანს -

ეზეკიელი 39

1. ადამის ძევ! იწინასწარმეტყველე გოგზე და თქვი, ასე ამბობს-თქო უფალი ღმერთი: აჰა, შენზე ვარ როშის, მეშექის და თუბალის მთავარო! 

 

2. მოგატრიალებ, გამოგათრევ და წამოგიყვან ჩრდილოეთის კიდეებიდან და მოგიყვან ისრაელის მთებზე.

 

3. გაგაგდებინებ შვილდს მარცხენა ხელიდან და ისრებს მარჯვენა ხელიდან დაგაყრევინებ.

 

__თემაზე წერდნენ__

***

ტაბალები // თაბალები // თობელები - ძვ.წ. IX-VII საუკუნეების ასურული წყაროების თაბალის ქვეყანას (თა-ბა-ლუ) მკვლევართა უმრავლესობა ანტიკური ხანის დიდ კაბადოკიაში ათავსებს; მაგ., ბ.ლანდსბერგერის ვარაუდით, თაბალი მდებარეობდა ძველი მაზაკას, დღევანდელი კაისერის რაიონში - სამხრეთ-დასავლეთ კაბადოკიაში; მიჩნეულია, რომ თაბალების სახელი ასახულია ბიბლიური ეთნარქის თუბალ-//თობელის სახელში (შესაქმე, IV,22; X,2; XI, 28). ისტორიულ წყაროებსა და სამეცნიერო ლიტერატურაში არსებობს მტკიცებულებანი, რომ თუბალ//თობალის ჩამომავალნი არიან ტიბარენები, ტიბარები, იბერები ანუ ქართველები (იოსებ ფლაბიოსი, ვივიან დე სენ მარტენი, ნ.მარი, ი.ჯავახიშვილი, პ.ინგოროყვა... მსჯელობისათვის იხ., ივ.ჯავახიშვილი, 1908, გვ. 22-23; ს.ჯანაშია, 1959). თაბალებსა და ტიბარენებს სხვადასხვა ხალხებად მიიჩნევს ნ.ხაზარაძე (შდრ.: თაბალი - გვიანდელი ხეთური პოლიტიკური გაერთიანება მცირე აზიაში); მისი აზრით, ასურული თაბალ-, ძველებრაული თუბალ- და ძველ ბერძნულად ნათარგმნ ბიბლიაში დამოწმებული თობელ- შეუძლებელია ქართველური დიალექტური (შესაბამისად, ქართულ-სვანურ-მეგრული) ვარიანტები იყონ, ვინაიდან იდენტურ სახელთა მსგავსი ვარიანტულობა ხშირია ასურულ, ხეთურ, იეროგლიფურ-ლუვიურ, ძველ ებრაულ და ძველ ბერძნულ ენებში; მაგ., შდრ.: ასურული გამირ-, მუშქუ და ძველბერძნული გომერ-, მეშეჰ-; ხეთური კუმმანი და ასურული კამმანუ; ხეთური თეგერმა და ძველბერძნული თოგორმა... ნ.ხაზარაძის დასკვნით, `თაბალისათვის ნავარაუდევი ტერიტორია უძველესი დროიდანვე ხეთურ-ლუვიური ტომების გავრცელების არეალში შედიოდა" (ნ.ხაზარაძე, 1978, 64, 82). აქვე საინტერესოა იმის აღნიშვნაც, რომ თუ ბიბლიური მეშეჰი და თობელი სხვადასხვა ხალხების წინაპრებად ივარაუდებიან, ბიბლიის განმმარტებლენი თობელის შთამომავალთ იბერებთან აიგივებენ, იმ იბერებთან, რომლებიც, ამავე დროს, მკვლევართა აზრით, ტიბარენების ჩამომავლები არიან. საინტერესოა ისიც, რომ ქალაქი მაზახა//მაზაკა რომელიც მოსხთა დედაქალაქად მოიაზრება, მასალობრივად აშკარად უახლოვდება მასხ-//მასახ- ფუძეს; ნ.ხაზარაძის აზრით, კი სწორედ ამ ქალაქის სიახლოვეს ცხოვრობდნენ თობალებიც.

ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ ბერძნულ-ბიზანტიურ წყაროებში თობელები// თეობელები და ქართული თარგანების თოვილები სახელდებიან მხოლოდ ბიბლიურ კონტექსტში; კერძოდ: იოსებ ფლავიუსი (I ს.): `... თობელმა დააფუძნა თობელები, რომლებსაც ახლა იბერები ეწოდებათ" (გეორგიკა, 1961, გვ. 34; შდრ., XII საუკუნის ქართული თარგმანი: `დაამკვიდრებს უკუე თოვილისსა თოვილთასა, რომელნი აწ ივირად იწოდებიან"); ევსტათი ანტიოქელი (280-360 წ.წ.): ობელისგან წარმოიშვენ თეობელები, დღეს რომ იბერები ეწოდებათ (გეორგიკა, 1961, გვ.34); ლეონ გრამატიკოსი (XI): `... თობელისგან - თობელები, ახლანდელი იბერები, მესოხისგან - მესხენები, ახლანდელი კაბადოკიელები" (თ.ყაუხჩიშვილი, 1983, გვ.49)... შდრ., გიორგი სინგელოზი (VIII-IX): თობელისაგან წარმოდგნენ თეტალიელები, ხოლო მოსოხისგან - ილირიელები (გეორგიკა, 1941, 61-62)...

***

მუშქები (მუშქა//მუშქი), მოსხები (მოსოხი//მეშეხი), მესხიკეს მცხოვრებლები - სამეცნიერო ლიტერატურაში საყოველთაოდაა გაზიარებული, რომ ძვ.წ. XII-VII საუკუნეების ასურულ ლურსმულ წყაროებში მოხსენიებული მუშქები, ბიბლიური მოსოქ-//მოსოხ-მეშეხ- სახელწოდებები (შესაქმე, X 2, 22-32), ბერძნულ-რომაული ტექსტების მოსოხები, ძვ. .წ. IV საუკუნეში არსებული (ივ.ჯავახიშვილი, 1908, გვ. 22; ივ.ჯავახიშვილი, 1950, გვ. 18; ნ.ხაზარაძე, 1998, გვ.177; ნ.ხაზარაძე, 2001, გვ. 273) სახელმწიფო მესხიკე - (მოსხების) მესხების ქვეყანა, ქართლის ცხოვრების არიან ქართლი და ქართველთა თანამედროვე ტერმინი მესხეთი ერთმანეთთან ფორმობლივად თუ სემანტიკურ-ტერიტორიულად დაკავშირებული ტერმინებია; კერძოდ, ისინი მიემართება ქართველურ მოდგმას, რომელთა განსახლების ძირითადი ტერიტორია იყო ევფრატისა და ტიგროსის ზემო დინებები და გვიანდელი კაბადოკია-პონტოს ტერიტორია (ანატოლიის ცენტრალური ნაწილი) - მდინარე ჰალისის (კიზილ-ირმაკის) მიმდებარე ტერიტორია, ამიერკავკასიის დიდი ნაწილი; შდრ.: "ფეოდალური ხანის ნომენკლატურით, მოსხების ქვეყანა მოიცავდა: სამცხეს, ჯავახეთს, კლარჯეთს, აჭარას, ეგრისს, სავშეტს, კოლა-არტაანს, ამიერ და იმერ ტაოს, ბასიანს, სპერს, ანუ მთელ სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს" (მსჯელობისა და ვრცელი სამეცნიერო ლიტერატურის მიმოხილვისათვის იხ., ნ.ხაზარაძე, 1984, გვ. 36-70; გრ.გიორგაძე, 1985; გრ.გიორგაძე, 2002). ძვ.წ. XII საუკუნეში ზემო მესოპოტამიაში გამოჩენილი მუშქები ე.კავნიაკმა ისტორიული საქართველოს სამხრეთ-დასავლეთ ოლქებიდან ჩამოსულებად მიიჩნია (გ.მელიქიშვილი, 1965, გვ. 22); ნ.ხაზარაძის აზრითაც, `მუშქები, აბეშლაელების მსგავსად, ჩრდილოეთიდან უნდა გავრცელებულიყვნენ სამხრეთისაკენ ხეთების სამეფოს დაცემის შემდეგ (ნ.ხაზარაძე, 2002, გვ. 124); მკვლევარის ვარაუდი ეფუძნება იმას, რომ ხეთურ ლურსმულ ტექსტებში მუშქები საერთოდ არ არიან მოხსენიებული. ჩვენი აზრით, სავსებით დასაშვებია, რომ მუშქთა წინაპრებად ქასქები ან სულაც, ხათები მოვიაზროთ; შესაბამისად, ხეთებისთვის ცნობილი იყვნენ ქასქები; ლოგიკური ჩანს ქაშქების სახელწოდების განიხილვა მუშქუ ეთნონიმთან მიმართებითაც (გრ. გიორგაძისა და ე.ფონ შულერის მოსაზრებების შესახებ იხ., ნ.ხაზარაძე, 2001, გვ.283)... შდრ.: ხეთები ქასქებთან დებდნენ სხვადასხვა ხასიათის ხელშეკრულებებს; ქასქები და ხათები კი მონათესავე ტომებად ითვლებიან! რამდენადაც, არაინდოევროპელი ხათების ტერიტორიაზე ინდოევროპელი ხეთები მოსულები არიან, ლოგიკურია ვარაუდი, რომ ხათების მემკვიდრე ქასქებსა და ხეთებს შორის დაძაბული ურთიერთობა იყო; ამ ყოველივეს გათვალისწინებით, შესაბამისად, სხვაგვარად დადგება ქართველურ ტომთა მიგრაციის საკითხიც (ჩვენი თვალსაზრისი ემყარება ს.ჯანაშიას კონცეფციას; ამის შესახებ, იხ. ქვემოთ).

შენიშვნა: კ.ფ.ლემან-ჰაუპტი ფიქრობდა, რომ ქართველები საქართველოს ტერიტორიაზე ჩამოყალიბდნენ ჩრდილო მესოპოტამიიდან მოსული კარდუხების (ისტორიული გორდუენეს - კორდუქის მკვიდრების) და წინა აზიიდან მოსული მესხების შერწყმის შედეგად (ვიმოწმებთ გ. მელიქიშვილის მიხედვით; გ.მელიქიშვილი, 1965, გვ.19-20)

ბერძნულ წყაროებში მოსხების ტომი პირველად ნახსენებია ძვ.წ. VI ს. ბერძენი მწერლის ჰეკატიოს მილეტელის მიერ; მისი მოწმობით მოსხები კოლხური ტომია; ისინი ცხოვრობდნენ მატიენების (მითანის) მეზობლად - მესოპოტამიის ჩრდილოეთით ანდა მცირე აზიის ჩრდილი-აღმისავლეთით (თ.ყაუხჩიშვილი, 1976, გვ. 43-44). ჰეროდოტეს (ძვ.წ. V) მიხედვით, მოსხები კოლხებთან, სასპეირებთან, ხალიბებთან (ქალიბებთან), მაკრონებთან, ტიბარენებთან, მოსინოიკებთან და მარებთან ერთად ცხოვრობდნენ მცირე აზიის ჩრდილოეთით შავი ზღვის აღმოსავლეთ თუ სამხრეთ სანაპიროზე სპარსეთის მეფე დარიოსის I (ძვ.წ. 524-485) დროს (იხ. ჰეროდოტე, 1976, გვ.634; თ.ყაუხჩიშვილი, 1976, გვ.47, 660). სტრაბონის (ძვ.წ. 64 - ახ.წ. 24) მიხედვით, მოსხები ცხოვრობენ კოლხების გვერდით შავი ზღვის სანაპიროზე ჰენიოხებისა და კერკეტების სამხრეთით; სტრაბონისვე ცნობით, ადრინდელი მოსხური ქვეყანის (ივარაუდება ძვ.წ. IV საუკუნეში არსებული მოსხიკე? ალბათ, უფრო მუშქების საცხოვრისი - ტ.ფ.) ერთი ნაწილი აქვთ კოლხებს, მეორე - იბერებს და მესამე - არმენიელებს (თ.ყაუხჩიშვილი, 1976, გვ.140-145). იოსებ ფლავიოსის აზრით (39-95) მოსოხენები დაფუძნებულნი არიან მოსოხის მიერ და "ახლა მათ კაბადოკიელები ეწოდათ; კაბადოკიელთა ეს ძველი სახელი შემორჩენილია მათი დედაქალაქის სახელად, რომელიც არის მაზახა" (იოსებ ფლავიოსი, 1987, გვ. 103); ევსტათი ანტიოქელთან (280-360 წ.წ.) კაბადოკიელთა წინაპრებად დასახელებულია მესხენები, მათ ეთნარქად კი - ოსოხი (გეორგიკა, 1961, გვ. 34). ორი საუკუნის შემდეგ კი პროკოპი კესარიელი მესხთა (მესხოი) საცხოვრისად მიიჩნევს იბერიის გასწვრივ არსებულ მთებს (გეორგიკა, 1965, გვ.127). სტეფანე ბიზანტიელთან (IV-VII) დადასტურებულია ეთნონიმი მოსხი; იგი მიჰყვება რა სტრაბონს, მოსხებს ასახელებს კერკეტების ზემოთ (ე.ი. სამხრეთით - ტ.ფ.). XI საუკუნის მოღვაწე ლეონ გრამატიკოსი უცვლელად იმეორებს წინა თაობების მოსაზრებებს და იაფეტის შვილად მიჩნეულ მესხოსგან მომდინარედ მიიჩნევს მესხებს, რომელთაც ახლა კაბადოკიელები ეწოდებათო...(გეორგიკა, 1963, გვ.3-4)... მოსხ-//მესეხ-//მესხ- ტერმინთან დაკავშირებით საინტერესოა ჩრდილო-კავკასიურ ენათა მონაცემები: პ.უსლარისა და ა.დირის ცნობებით დაღესტნურ ენათა სამყაროში ქართველების აღსანიშნავად იყენებენ ტერმინს - მოსოქი//მუსექი; იგი მიემართება, აგრეთვე, წოვა-თუშებსაც (გ.ბურჭულაძე, ბ.შავხელიშვილი, 1993, გვ.325). შდრ., აგრეთვე: მეს-ხ- > ვესკ > ბასკ-; მსჯეკობისათვის იხ., ი.ზიცარი, 1998)ვარაუდებენ, რომ მესხ-, მოსხ- მუსხ- ფუძეები ქართველური დიალექტური ვარიანტებია; მათთვის ამოსავალი შეიძლება იყოს *მას- ძირი (შდრ., მასის მთა - არარატის ძველი სახელი), ხოლო -ხ- იყოს ხურიტულ-ურარტულ-კავკასიური სუფიქსი (საკითხის მიმოხილვისათვის იხ., რ.აბაშია, 2001), რომელიც კრებითობა-წარმომავლობას გამოხატავს: *მას-ხ-.

ჩვენი აზრით, *მას-ხ- მართლაც შეიძლება იყოს ამოსავალი ფორმა, მაგრამ წარმოდგენილი ფორმები ისევე ვერ მიიჩნევა ქართველურ დიალექტურ (ზანურ-სვანურ-საერთოქართველურ) ვარიანტებად, როგორც, მაგ., სხვადასხვა ძველ ენაში დადასტურებული თარგამოსი// თოგარმა// თორგომა //თეგერამა //თილგარიმუ, არარატი //ურარტუ და სხვა პარალელური ფორმები; ამ რიგის მასალა ისე ძველია, რომ სათავე წინარექართველურ-კავკასიურ პერიოდსა და სხვადასხვა მსესხებელი ენის ფონემატურ თავისებურებებში უნდა ვეძიოთ (შდრ., ივ.ჯავახიშვილი, 1960, გვ.401-402; გ.თოფურია, 1970, გვ. 120; მ.ქურდიანი, 2000, გვ.189; ნ.ხაზარაძე, 2001, გვ. 285 და სხვ.).

ვფიქრობთ, სადავო არ უნდა იყოს, რომ მოსხები//მესხები ერთერთი ძველი ქართველური ტომის სახელია, რომელიც მეზობელ თუ არამეზობელ სახელმწიფოთაგან ისტორიის ერთ მონაკვეთში განზოგადებული იყო "ყოველთა ქართველთა" სახელად.