3.49.44 Не допустим близко соблазн

3.49.44 საცდური არ გავიკაროთ ახლოს

დაბ.39,7-10 იგავ.1,10-15 იერ.35,5.6 დან.1,8 მათ.18,8.9; 26,41 ლუკ.22,40 იაკ.1,12; 4,7; 2პეტ.3,17 რომ.6,12-14; 1ტიმ.6,11.12

ბიბლიის მუხლები

დაბადება 39

7. ამ ამბების შემდეგ იყო, რომ თვალი დაადგა ბატონის ცოლმა იოსებს და უთხრა: "დაწექი ჩემთან”.

8. მაგრამ იუარა იოსებმა და უთხრა ბატონის ცოლს: "ჩემმა ბატონმა არც კი იცის, რა გააჩნია, რადგან მთელი თავისი ქონება მე ჩამაბარა.

9. ამ სახლში ჩემზე დიდი არავინაა; არაფერი ამიკრძალა შენს გარდა, რადგან ცოლი ხარ მისი. როგორ ჩავიდინო ეს დიდი ბოროტება და როგორ შევცოდო ღმერთს?”

10. და ყოველდღე სთავაზობდა ქალი იოსებს, რომ მის გვერდით დაწოლილიყო და მასთან ყოფილიყო, მაგრამ ვერ დაიყოლია იოსები.

იგავნი 1

10. შვილო, თუ შეეცდებიან ცოდვილნი შენს შეცდენას, ნუ დაჰყვები მათ ნებას.

11. რომ გითხრან: წამოგვყევი, ჩავუსაფრდეთ სისხლის დასაღვრელად, უდანაშაულოს უმიზეზოდ დავუდარაჯდეთ,

12. ქვესკნელივით ჩავყლაპოთ ისინი, ცოცხლად და მთლიანად, სამარეში ჩამსვლელთა მსგავსად,

13. ყოველგვარ ძვირფასეულობას მოვიპოვებთ, ნადავლით ავივსებთ სახლებს,

14. ჩვენთან იყარე წილი, ერთი ქისა გვექნება ჩვენ ყველასო!

15. შვილო, ნუ ივლი მათ გზაზე, აარიდე ფეხი მათ გზასავალს,

იერემია 35

5. და დავუდგი რექაბიანთა სახლიკაცებს ღვინით სავსე თასები და ჭიქები; ვუთხარი: "დალიეთ ღვინო!”

6. მითხრეს: "ჩვენ არ ვსვამთ ღვინოს, რადგან ასე გვიბრძანა იონადაბმა, რექაბის ძემ, ჩვენმა მამამ: ღვინო არც თქვენ დალიოთ და არც თქვენმა შვილებმა უკუნისამდეო!

დანიელი 1

8. გულში ჩაიდო დანიელმა, რომ თავი არ შეებილწა მეფის რჩეული ულუფით და მისი სასმელი ღვინით და ნებართვა სთხოვა საჭურისთუხუცესს, რომ თავი არ შეებილწა.

მათე 18

8. თუ შენი ხელი ან შენი ფეხი გაცდუნებს, მოიკვეთე და გადააგდე. გიჯობს უხელო ან უფეხო შეხვიდე სიცოცხლეში, ვიდრე ორი ხელით ან ორი ფეხით ჩავარდე საუკუნო ცეცხლში.

9. თუ შენი თვალი გაცდუნებს, ამოითხარე და გადააგდე. ცალი თვალით შესვლა გერჩივნოს სიცოცხლეში, ვიდრე ორი თვალით ჩავარდე ცეცხლოვან გეენაში.

მათე 26

41. იფხიზლეთ და ილოცეთ, რომ არ ჩავარდეთ განსაცდელში. რადგან სული მოშურნეა, ხორცი კი – უძლური”.

ლუკა 22

40. ადგილზე მისვლისთანავე უთხრა მათ: „ილოცეთ, რომ არ ჩაცვივდეთ განსაცდელში”.

იაკობი 1

12. ნეტარია კაცი, რომელიც გაუძლებს განსაცდელს, რადგან, რაკი გამოიცდება, მიიღებს სიცოცხლის გვირგვინს, რომელიც თავის მოყვარულებს აღუთქვა ღმერთმა.

იაკობი 4

7. ამიტომ დაემორჩილეთ ღმერთს, წინ აღუდექით ეშმაკს და გაიქცევა თქვენგან.

2პეტრე 3

17. თქვენ კი, საყვარელნო, რაკი წინასწარ იცით ეს, გაფრთხილდით, რომ არ აჰყვეთ ურჯულოთა ცდომილებებს და არ დაკარგოთ თქვენი სიმტკიცე,

რომაელთა 6

12. მაშ, ნუ იმეფებს ცოდვა თქვენს მოკვდავ სხეულში მის გულისთქმათა მორჩილებად.

13. ნურც გადასცემთ თქვენს ასოებს ცოდვას უმართლობის იარაღად, არამედ ღმერთს გადაეცით თქვენი თავი, როგორც მკვდართაგან გაცოცხლებულებმა და თქვენი ასოები სიმართლის იარაღად ღმერთს.

14. ვინაიდან ცოდვა ვეღარ იბატონებს თქვენზე, რადგან თქვენ რჯულის ქვეშ კი არა, მადლის ქვეშ ხართ.

1ტიმოთე 6

11. შენ კი, ღვთის კაცო, გაერიდე ამას და მისდიე სიმართლეს, ღვთისმოსაობას, რწმენას, სიყვარულს, მოთმინებასა და სიმშვიდეს.

12. იბრძოლე რწმენის კეთილი ბრძოლით, ჩაეჭიდე მარადიულ სიცოცხლეს, რომლისკენაც ხარ მოწოდებული, და მრავალი მოწმის წინაშე აღიარე კეთილი აღსარება.

__თემაზე წერდნენ__

***

“განვაგდებ სატანას და ყოველთა საქმეთა მისთა . . . ” რომელ საქმეთა? – მრუშებას, სიძვას, ბიწიერებას, სიცრუეს, პარვას, შურს, მჩხიბაობას, მარჩიელობას, თავშეუკავებლობას, მრისხანებას, ბილწსიტყვაობას, მტრობას, შუღლს, ეჭვიანობას. განვეშორები ლოთობას, უქმმეტყველებას, ამპარტავნებას, უდებებას. განვეშორები გმობას, სატანურ სიმღერებს, სპირიტიზმს . . . ყველაფერს ვერ ჩამოვთვლი. განვეშორები ყოველგვარ სიბილწეს, რაც სძაგს უფალს.

__ წმ. ეფრემ ასური __

***

ნურც საკუთარი წარმატებების გამო დაიწყებ თავის ქებას და ნურც სასოს წარიკვეთ შენი შეცოდებების გულისთვის.

__ წმ. ეფრემ ასური __

***

აკი, გაურბიხარ, საყვარელო ძმაო, ფიცხელ ცეცხლს, რათა სხეული არ დაგეწვას! მაშ, ცოდვებსაც გაექეცი, რათა შენი სხეული, სულთან ერთად, ჯოჯოხეთის დაუშრეტელ ცეცხლში სამარადისოდ არ იწვოდეს!

__ წმ. ეფრემ ასური __

***

ეშმაკი კალთაზე რომ მოგებას, მოიგლიჯე და გადააგდეო.

__ ქართული ხალხური __

***

თუ კარი დახშული დახვდება,

ეშმაკი წავა და წახდება.

__ ესპანური ანდაზა __

***

ძაღლები და პატარა ბავშვები კარგად არჩევენ ერთმანეთისაგან კეთილ და ბოროტ ადამიანებს; ისინი შთაბეჭდილებით ხელმძღვანელობენ. პირველთა მიმართ ნდომას იჩენენ და მეორეებს თავს არიდებენ. უმეტესად არც ცდებიან, თუმცა მცირე გამოცდილება აქვთ დაგროვილი, მაგრამ მეცნიერულ მეთოდიკას არ იყენებენ, სისტემატურად არც ფიზიონომიებს სწავლობენ.

__ აინშტაინი __

***

მორწმუნეს ჰკითხეს: “ისევ ცოდვილი ხარ ახლა?”

“სამწუხაროდ, კი!”

“რა განსხვავებაა შენს უწინდელ და ახლანდელ მდგომარეობას შორის?”

იგი ცოტაოდენ დაფიქრდა და თქვა: “ადრე მე ვიყავი ცოდვილი, რომელიც მირბოდა ცოდვასთან, ახლა კი ცოცხალი ვარ, რომელიც გაურბის ცოდვას”.

__ იაკობ ლევენი __

***

ღიმილი ის წუთებია, როცა სულის ბჭეს ხსნი და ფიქრს აცხავებ, როცა შიშითა და რიდით მიიპარება ეშმაკეული ყოველი, სიკვდილნანატრი, დამარცხებული.

__ ლალი ბრეგვაძე __

***

სადაც ფარა გაივლის, იქ უხსენებლის საშიშროება თითქმის აღარაა. ცხვარი კი სადაც წაეწავა, ცალ ჩლიქს კისერზე აბჯენს და მეორეთი თავს უჩეჩქავს. ზოგი ფიქრობს, რომ ცხვარს მისგან გრძელი ბეწვი იცავსო, ზოგი კი ამტკიცებს, გველი აზიზია, ცხვრის სული ეზიზღება და ამიტომაც არ კბენსო.

__ რეზო თაბუკაშვილი __

***

როცა ცდუნებისგან უკან იხევ, უკან მოგდევს, შესაძლოა გეგონოს, მაგრამ თუ კიდევ უფრო დაშორდები, შვებით ამოისუნთქავ, ცდუნება ცდუნებად რჩება შენგან მოშორებით, რომელიც აღარ გიზიდავს, ხოლო ცოდვისაგან კი სრულიად თავისუფალი ხარ და მადლობა ღმერთს, განსაცდელი ჩავლილია.

__ მ.ბ. __

***

ცდუნება შენს ზღურბლთან მოსული და დაყუდებული ცოდვაა. გიმზერს საწყალი თვალებით, უმასპინძლებ თუ არა. ნაზი და უმანკო ყვავილივით ილურსება, მაგრამ აბა ერთი შენს შიგნით შეუშვი და მის ნებას დაჰყევი – საშინელ სახეს დაინახავ.

__ მ.ბ. __