4.20.14 Отдаляемся от собрании нечестивых

4.20.14 მოვშორდეთ უღმრთოთა საკრებულოს

დაბ.49,6 რჯ.28,14; 2ნეშ.22,3-5 იობ.21,16 ფს.1,[1]-3; 25,4.5; 118,115 იგავ.1,10-15; 4,14.15; 13,19.20 ზირაქ.11,9 იერ.15,17 ეზეკ.20,18 მათ.7,13 ლუკ.23,50.51; 1პეტ.4,3.4

ბიბლიის მუხლები

დაბადება 49

6. მათ თათბირზე ნუმც მისულა სული ჩემი, მათ საკრებულოს ნუმც ზიარებულა ღირსება ჩემი! რადგან რისხვით მოკლეს კაცი და ბოროტი ნებით გამოძარღვეს ხარი.

მეორე რჯული 28

14. არ გადაუხვიო არცერთ სიტყვას, რომელსაც გიცხადებ დღეს, არც მარჯვნივ და არც მარცხნივ, არ იარო უცხო ღმერთების კვალზე და არ ემსახურო მათ.

2ნეშტთა 22

3. ისიც აქაბის სახლის გზით დადიოდა, ვინაიდან დედამისი ურჩევდა ბოროტის ქმნას.

4. უკუღმართად იქცეოდა უფლის თვალში, აქაბის სახლის მსგავსად, რადგან ისინი იყვნენ მისი მრჩევლები, მისდა საუბედუროდ.

5. მათივე რჩევით დადიოდა და გაჰყვა იორამ აქაბის ძეს, ისრაელის მეფეს, არამის მეფესთან, ხაზაელთან საბრძოლველად გალაადის რამოთში; დაჭრეს არამელებმა იორამი.

იობი 21

16. აჰა, მათ ხელში არ არის მათი კეთილდღეობა? ბოროტეულთა რჩევა შორს არის ჩემგან!

ფსალმუნი 1

1. ნეტარია კაცი, რომელიც არ მისდევს უღმრთოთა რჩევას და ცოდვილთა გზას არ ადგას, არ ზის ავყიათა საკრებულოში.

2. არამედ უფლის რჯულშია მისი მისწრაფება და მის რჯულზე ფიქრობს იგი დღედაღამ.

3. და იქნება იგი წყლის ნაკადებთან დანერგილ ხესავით, თავის დროზე რომ იძლევა ნაყოფს და არ დაჭკნება ფოთოლი მისი. და ყოველივეში, რასაც იქმს, წარმატებულია.

ფსალმუნი 25

4. არ დავმეგობრებივარ სიცრუის მოყვარულთ და მზაკვრებთან არ მივალ.

5. შევიძულე კრებული უკეთურთა და ბოროტთა გვერდით არ დავჯდები.

ფსალმუნი 118

115. შორს ჩემგან, ბოროტნო, და მე დავიცავ მცნებებს ჩემი ღმერთისას.

იგავნი 1

10. შვილო, თუ ცოდვილნი ეცდებიან შენს შეცთენას არ დაჰყვე მათ ნებას.

11. თუ გეტყვიან: წამო ჩვენთან, მოსაკლავად ჩავუსაფრდეთ, უდანაშაულოს დავუდარაჯდეთო,

12. შავეთივით ჩავყლაპოთ ცოცხლები და ალალმართალნი სასიკვდილოდ განწირულთა მსგავსადო,

13. მოვჩხრიკოთ ყოველი ძვირფასეულობა და სახლები ნაძარცვ-ნაგლეჯით ავივსოთო,

14. წილი ჰყარე ჩვენთან ერთად, ერთი ქისა გვქონდესო ყველას, -

15. შვილო, ნუ წახვალ მათ გზაზე, მოარიდე ფეხი მათ ბილიკებს,

იგავნი 4

14. ბოროტეულთა კვალზე არ იარო, უკეთურთა გზას არ დაადგე.

15. ჩამოსცილდი, ნუ გაჰყვები; გვერდზე გადადექი და გაიარე.

იგავნი 13

19. ტკბილია სულისთვის ასრულებული წადილი, უგუნურთათვის კი სისაძაგლეა ბოროტებისგან განდგომა.

20. ბრძენკაცებთან მავალი დაბრძენდება, რეგვენთა მეგობარი კი ზიანს განიცდის.

ზირაქი 11

9. საქმეზე, რომელიც შენ არ გეხება, ნუ კამათობ და ცოდვილთა დასჯაში მონაწილეობას ნუ მიიღებ.

იერემია 15

17. ლაზღანდარებში არ ვმჯდარვარ და არ გავლაღებულვარ; ცალკე ვიჯექი შენს ხელქვეშ, რადგან ამავსე ბრაზით.

ეზეკიელი 20

18. ვუთხარი მათ შვილებს უდაბნოში: თქვენი მამების წესებს ნუ მიჰყვებით, მათ სამართალს ნუ იცავთ, მათი კერპებით თავს ნუ იუწმიდურებთ-მეთქი.

მათე 7

13. შედით ვიწრო ბჭით, ვინაიდან ვრცელია ბჭე და ფართოა გზა, რომელსაც მივყავართ წარსაწყმედლად, და მრავალნი დადიან მასზე.

ლუკა 23

50. და, აჰა, ერთი კაცი, სახელად იოსები, წარჩინებული მრჩეველი, კაცი კეთილი და სამართლიანი,

51. რომელიც არ მონაწილეობდა მათ თათბირსა და მათ საქმეში და თავადაც მოელოდა ღმრთის სასუფეველს, იუდეის ქალაქ არიმათეის მკვიდრი,

1პეტრე 4

3. რადგან თქვენთვის ისიცა კმარა, რომ წარსულში წარმართთა ნებისამებრ იქცეოდით, უწმინდურებას, ბილწ გულისთქმათ, მემთვრალეობას, ნაყროვანებას, განცხრომასა და უკეთურ კერპთმსახურებას თავმიცემულნი.

4. ამიტომაც უკვირთ, რომ მათთან ერთად არ მონაწილეობთ იმავე გარყვნილებაში, და გგმობენ კიდეც.

__თემაზე წერდნენ__

***

ბოროტს და უნამუსოს ვინც არ მოშორდება, იმის ფერიაო.

__ ქართული ანდაზა __

***

ბოროტის მოქმედ კაცთან ყოფნას მხეცებთან ერთად ყოფნა სჯობს.

__ წმ. ისააკ ასური __

***

ერთხელ არისტიპს აუგად მიმართეს, ის კი დუმილით განშორდა; როდესაც აუგად მხსენებელი გამოეკიდა და ჰკითხა, რატომ გარბიხარო, არისტიპმა უპასუხა: “იმიტომ, რომ შენ უფლება გაქვს ავენაობისა, მაგრამ ეგ იმას როდი ნიშნავს, მე უნდა მოვისმინო ეგ ავენაობა.”

__ არისტიპი __

***

ბილწი, ბოროტი მსახური, თუ არ განდევნა ბატონმა,

მისი ბინძური ცოდვები გამოისყიდოს მარტო მან.

__ პანჩატანტმა __

***

ბოროტთა მზერა, მათი მოსმენა – უკვე ბოროტის დასაწყისია.

__ ფრანგული ანდაზა __

***

რამდენადაც ჩვენი სული მტკიცდება ძლიერსა და ზომიერ სულთან ურთიერთობით, მას არ შეუძლია თქვას, რამდენს კარგავს და რარიგ ირყვნება, როცა თანამოსაუბრედ მდაბალსა და სნეულ სულს არჩევს: არცერთი გადამდები სნეულება არ ვრცელდება ესოდენ სწრაფად.

__ მონტენი __

***

ერიდე ბოროტ მეზობელს, ან მოუთმინე, თუ გინდა, რომ ადამიანთა გვერდით იცხოვრო, რამეთუ არავის არ სურს სხვისი სიკეთე – ასეა მოწყობილი წუთისოფელი.

__ მარტინ ლუთერი __

***

სჯობს მარტოდ ყოფნა კაცისა, ბოროტთა თანა ყოლასა.

__ ვახტანგ VI __

***

კონის ამბის სმენასა სჯობს ყურში თითის დაცობა.

__ დავით გურამიშვილი __

***

“ვერ გამიგია რატომ არ მიშვებ ბესოსთან სათამაშოდ? – უთხრა გიომ დედას გაბუსხული ტუჩებით. – მე ვიცი რომ ის ეწევა და იგინება კიდეც, მაგრამ მე ხომ იმაზე უკეთესად ვარ გაზრდილი, ამიტომ ის ვერაფერს დამიშავებს, მე კი იქნებ კარგი გამეკეთებინა მისთვის რამე.”

“გიო, - უთხრა დედამ, - აიღე ჭიქა წყალი და ჩააწვეთე მელანი.”

გიომ გააკეთა ასე და წამოიძახა: “ო, დედიკო, ვინ იფიქრებდა რომ ერთი წვეთი მელანი ასე შეფერავდა მთელ ჭიქას!”

“ახლა ჩააწვეთე ერთი წვეთი სუფთა წყალი ამ ჭიქაში და შეხედე თუ შეიცვლება ის შეფერილობა რაც მიღებულია?”

“დედიკო, მე ვიცი რომ 50 წვეთიც კი ვერ შესცვლის მას.”

“სწორია და აი ერთი მიზეზი რატომ არ მინდა შენი სათამაშოდ გაშვება ბესოსთან. მისი სიბოროტის ერთი წვეთი ჰგავს იმ მელანს ერთ ჭიქა წყალში და მას შეუძლია გავნოს შენ ისე, რომ ვერასოდეს შესძლებ მის გამოსწორებას.”

ო, ეს ერთი წვეთი ბოროტება! ერთმა გულისთქმით შეხედვამ ჩააგდო დავითი მძიმე ცოდვაში, რასაც მოჰყვა საბედისწერო შედეგები. მხოლოდ ერთი მშიშრობა იყო, პეტრეს რომ სამგზის უარაყოფინა ქრისტე. ერთმა ვერცხლმოყვარეობამ აქცია იუდა გამცემად და თავი ჩამოახრჩობინა.

__ იაკობ ლევენი __