2.14.27. Блаженны, кто веруют не видя

Лук.1,45 Ин.4,48-53,, 20,8.9.24-[29],, 1Пет.1,8-13,, 2Кор.5,6.7 Евр.11,1.27.39

2.14.27. ნეტარია, ვისაც არ უხილავს და სწამს

ლუკ.1,45 ინ.4,48-53,, 20,8.9.24-[29],, 1პეტ.1,8-13,, 2კორ.5,7 ებრ.11,1.27

ბიბლიის მუხლები

ლუკა 1

45. ნეტარია, ვინც ირწმუნა, რადგანაც აუსრულდება ყველაფერი, რაც ეუწყა უფლის მიერ.

იოანე 4

48. უთხრა მას იესომ: თუკი არ იხილავთ სასწაულებსა და ნიშებს, არ ირწმუნებთ.

49. კარისკაცმა მიუგო: უფალო, მოდი, სანამ არ მომკვდარა ჩემი ძე.

50. უთხრა მას იესომ: წადი, შენი ძე ცოცხალია. ერწმუნა კაცი იესოს ნათქვამ სიტყვას და წავიდა.

51. შინ რომ ბრუნდებოდა, მსახურები შეეგებნენ და უთხრეს: შენი ძე ცოცხალიაო.

52. გამოიკითხა მათგან, რომელ საათზე მოიკეთაო, და უთხრეს: გუშინ შვიდ საათზე გაუარა ცხელებამ.

53. მიხვდა მამა, რომ ეს იყო სწორედ ის საათი, როცა იესომ უთხრა: შენი ძე ცოცხალიაო.

იოანე 20

8. მაშინ შევიდა მეორე მოწაფეც, პირველად რომ მივიდა სამარხთან, და იხილა და იწამა.

9. რადგან ჯერ კიდევ არ იცოდნენ წერილი, რომ მკვდრეთით უნდა აღმდგარიყო.

24. ხოლო თომა, ერთი თორმეტთაგანი, რომელსაც ერქვა ტყუპისცალი, იესოს მოსვლისას არ იყო მათთან.

25. დანარჩენმა მოწაფეებმა უთხრეს: ვიხილეთ უფალი. ხოლო მან თქვა: თუ არ ვიხილავ მის ხელებზე ნალურსმნევს და ნალურსმნევში არ ჩავყოფ თითს, მის ფერდში კი - ხელს, არ ვირწმუნებ.

26. რვა დღის შემდეგ კვლავ სახლში იყვნენ მისი მოწაფეები, და თომაც მათთან ერთად; შევიდა იესო, თუმცა კარი დახშული იყო, მათ შორის დადგა და თქვა: მშვიდობა თქვენდა!

27. მერე კი თომას უთხრა: მოიტა შენი თითი და იხილე ჩემი ხელები; მოიტა შენი ხელი და ჩაყავი ჩემს ფერდში; ნუ იქნები ურწმუნო, არამედ გწამდეს.

28. მიუგო თომამ და უთხრა მას: უფალი ჩემი და ღმერთი ჩემი!

29. უთხრა მას იესომ: რაკი მიხილე, მიტომ მიწამე; ნეტარ არიან, ვისაც არ ვუხილავარ და მაინც მიწამეს.

1პეტრე 1

8. რომელიც არ გინახავთ და გიყვართ, ვერც ახლა ხედავთ, მაგრამ გწამთ და ენით უთქმელი და დიდი სიხარულით ხარობთ,

9. რადგანაც ამით აღწევთ თქვენი რწმენის საბოლოო მიზანს: სულების ხსნას.

10. სწორედ ამ ხსნას იკვლევდნენ და იძიებდნენ წინასწარმეტყველნი, რომელნიც გიწინასწარმეტყველებდნენ თქვენთვის განკუთვნილ მადლს.

11. და არკვევდნენ, რა დროს და რა ვითარებას მიანიშნებდა მათში დამკვიდრებული სული ქრისტესი, როცა წინასწარ უმოწმებდა მათ ქრისტეს ვნებას და ვნების შემდგომ დიდებას.

12. მათთვის გამოცხადებულ იქნა, რომ თვითონ მათ კი არა, თქვენ გმსახურებდათ ის, რაც ამჟამად გეუწყათ მახარებელთაგან, ცით მოვლენილი სული წმიდის მიერ, და რისი წვდომაც სურთ ანგელოზებს.

13. მაშ, მოისარტყლეთ თქვენი გონების წელი, იფხიზლეთ და სრული იმედი გქონდეთ მადლისა, რომელიც მოგენიჭებათ იესო ქრისტეს გამოცხადებით.

2კორინთელთა 5

7. რადგანაც რწმენით ვიარებით და არა ხედვით.

ებრაელთა 11

1. ხოლო რწმენა არის უეჭველობა იმისა, რასაც მოველით, და წვდომა უხილავისა.

27. რწმენით დატოვა ეგვიპტე და არ შეუშინდა მეფის რისხვას, რადგანაც მტკიცე იყო, როგორც მხილველი უხილავისა.