2.13.35 Горе вам, пресыщенные... смеющиеся ныне

2.13.35 ვაი თქვენ, მაძღარნო... ვინც ახლა იცინით

იობ.20,5-7; 21,13 ეკლ.7,6 ეს.9,20; 24,7-11; 28,7 დან.5,4-6 ამ.8,10 მათ.22,11-13 ლუკ.6,[25]; 12,19.20; 13,28; 16,14.15.25 გმცხ.3,17; 18,7-9

.

- მიიღებთ უსამართლობის საზღაურს მათ.6,16; 2პეტ.2,13 რომ.1,27

.

- ხოლო ვინც დღეს ინანიებს ცოდვებს და ვინც იცის გაჭირვება, გაიხარებენ ეს.65,13-15 ლუკ.16,25 იაკ.4,8-10 ფლპ.4,12

.

ბიბლიის მუხლები

იობი 20

5. ბოროტეულთა სიხარული ხანმოკლეა და უღვთოს ლხენა წამიერი.

6. თუნდაც ცამდე ამაღლდეს მისი დიდება და მისი თავი ღრუბლებს მისწვდეს,

7. თავისი განავალივით გაქრება საბოლოოდ; იკითხავენ მისი მნახველნი, სად არისო?

იობი 21

13. განლევენ განცხრომით თავიანთ დღეებს და ანაზდეულად ჩახდებიან შავეთში;

ეკლესიასტე 7

6. რადგან ბრიყვთა სიცილი ქვაბის ქვეშ ფიჩხის ტკაცუნს ჰგავს; ამაოებაა ეს.

ესაია 9

20. მარჯვნივ გამოგლეჯს, მშიერი დარჩება; მარცხნივ შეჭამს, ვერ გაძღება. ყველანი თავის მკლავის ხორცს დაუწყებენ ჭამას.

ესაია 24

7. გამწარდა მაჭარი, დაჭკნა ვაზი, კვნესის ყველა გულმხიარული.

8. გაცუდდა დაფდაფთა მხიარულება, შეწყდა მოზეიმეთა ყიჟინა, გაცუდდა ქნარის მხიარულება.

9. აღარ მღერიან ღვინის სმისას, გაუმწარდა თაფლუჭი მის მსმელს.

10. დაინგრა ნარბევი ქალაქი, გამოიკეტა ყველა სახლი, ვერავინ შედის.

11. ღვინოს მისტირიან ქუჩებში, ჩამწარდა ყოველი სიხარული, განიდევნა მხიარულება ქვეყნიდან.

ესაია 28

7. მაგრამ ესენიც ბარბაცებენ ღვინისაგან და ირხევიან თაფლუჭისგან; მღვდელი და ქადაგი ბარბაცებენ თაყლუჭისგან, ჩანთქმული ღვინით, ირხევიან თაფლუჭისგან, ბარბაცებენ ხილვების დროს, მერყეობენ სამართლის განკითხვისას.

ესაია 65

13. ამიტომ ასე ამბობს უფალი ღმერთი: აჰა, მაძღარნი იქნებიან ჩემი მორჩილნი, თქვენ კი იშიმშილებთ! აჰა, დარწყულებული იქნებიან ჩემი მორჩილნი, თქვენ კი გეწყურებათ! აჰა, გაიხარებენ ჩემი მორჩილნი, თქვენ კი შერცხვებით!

14. აჰა, იყიჟინებენ ჩემი მორჩილნი, გულმხიარულნი, თქვენ კი იყვირებთ გულმწუხარენი და ივალალებთ სულგამწარებულნი!

15. დაუტოვებთ თქვენს სახელს დასაწყევლად ჩემს რჩეულებს, მოგაკვდინებთ უფალი ღმერთი და თავის მორჩილთ სხვა სახელს დაარქმევს.

დანიელი 5

4. სვამდნენ ისინი ღვინოს და ოქროს, ვერცხლის, სპილენძის, რკინის, ხისა და ქვის ღმერთებს ადიდებდნენ.

5. სწორედ ამ დროს გამოჩნდნენ კაცის ხელის თითები და სასანთლის წინ, სამეფო სასახლის კირით შეფეთქილ კედელზე წერა დაიწყეს. მეფე ხედავდა ხელის მტევანს, რომელიც წერდა.

6. მაშინ ფერი ეცვალა მეფეს, ფიქრები აერია, ბარძაყის სახსრები დაუდუნდა, მუხლები აუკანკალდა.

ამოსი 8

10. დღესასწაულებს გლოვად გადაგიქცევთ და ყველა თქვენს სიმღერას გოდებად; ჯვალოს შემოგახვევთ წელზე და ყველა თავი გადაიპარსება; ავატირებ ქვეყანას, როგორც მხოლოდშობილზე ტირიან, და მწარე დღე იქნება მისი ბოლო!

მათე 6

16. და როდესაც მარხულობთ, ნუ იქნებით მწუხარენი, თვალთმაქცთა მსგავსად, თავ- პირი რომ ჩამოსტირით, რათა მმარხველებად ეჩვენონ ხალხს. ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: უკვე მიიღეს თავიანთი საზღაური.

მათე 22

11. შევიდა მეფე მეინახეთა სანახავად და იხილა იქ ერთი კაცი, რომელსაც არ ეცვა საქორწინო სამოსი.

12. და უთხრა მას: მეგობარო, როგორ შემოხვედი აქ, საქორწინოდ შეუმოსავი? ხოლო ის დუმდა.

13. მაშინ მეფემ უბრძანა თავის მსახურთ: შეუკარით ხელ-ფეხი და გარეთ გააგდეთ ბნელში. და იქნება იქ ტირილი და კბილთა ღრჭიალი.

ლუკა 6

25. ვაი თქვენ, მაძღარნო, რადგან მოგშივდებათ. ვაი თქვენ, ვინც ახლა იცინით, ვინაიდან იგლოვებთ და იტირებთ.

ლუკა 12

19. და ვეტყვი ჩემს სულს: სულო, მრავალი სიკეთე გაქვს დაგროვილი და მრავალი წლის სამყოფი; განისვენე, ჭამე, სვი და იმხიარულე.

20. უთხრა მას ღმერთმა: უგუნურო, ამაღამვე ამოგართმევენ სულს: ვისღა დარჩება შენი სარჩო-საბადებელი?

ლუკა 13

28. და იქნება იქ ტირილი და კბილთა ღრჭიალი, როცა იხლავთ აბრაამს, ისააკს, იაკობს და ყველა წინასწარმეტყველს ღმრთის სასუფეველში, ხოლო თქვენს თავს - გარეთ გამოყრილთ.

ლუკა 16

14. ყოველივე ეს ფარისევლებსაც ესმოდათ, რომლებიც ვერცხლის მოყვარულნი იყვნენ, და სასაცილოდ იგდებდნენ მას.

15. უთხრა მათ: "თქვენ თავს იმართლებთ ადამიანთა წინაშე, მაგრამ ღმერთმა იცის თქვენი გული, რადგან, რაც ამაღლებულია კაცთა შორის, სიბილწეა ღმერთის წინაშე.

25. მაგრამ აბრაამმა უთხრა: შვილო, გაიხსენე რომ შენსავე სიცოცხლეში მიიღე შენი სიკეთე, ლაზარემ კი - მხოლოდ ბოროტი. ამიტომ ახლა ის ინუგეშება, შენ კი იტანჯები.

იაკობი 4

8. ღმერთს მიუახლოვდით და ისიც მოგიახლოვდებათ. დაიბანეთ ხელები, ცოდვილნო! განიწმიდეთ გულები, ორგულნო!

9. დანაღვლიანდით, იგლოვეთ და იტირეთ. თქვენი სიცილი გლოვად იქცეს, სიხარული კი - მწუხარებად.

10. დამდაბლდით უფლის წინაშე და ის აგამაღლებთ თქვენ.

2პეტრე 2

13. ასე მიიღებენ უსამართლობის საზღაურს, ნეტარებად რომ შეურაცხავთ ყოველდღიური განცხრომა; შესვრილნი და შებილწულნი თავიანთი სიცრუით ტკბებიან, როცა ილხენენ თქვენთან ერთად.

რომაელთა 1

27. ასევე კაცებმაც მიატოვეს ქალებთან ბუნებრივი ცხოვრების წესი და გულისთქმით გახურებულნი აღერივნენ ერთმანეთს, მამაკაცი მამაკაცთან სჩადიოდა სასირცხვოს და მიიღეს თავიანთი ცთუნების საკადრისი საზღაური.

ფილიპელთა 4

12. ვიცი გაჭირვებაში ცხოვრებაც და ვიცი სიუხვეშიც, მიჩვეული ვარ ყველაფერს და ყოველივეს: სიმაძღრეს და შიმშილს, სიუხვესა და ხელმოკლეობას.

გამოცხადება 3

17. რადგან ამბობ: მდიდარი ვარ, გავმდიდრდი და არაფერი მაკლიაო. ის კი არ იცი, რომ უბადრუკი ხარ და საცოდავი, ღატაკი, ბრმა და შიშველი.

გამოცხადება 18

7. რამდენადაც განდიდდებოდა და ნებივრობდა, იმდენად მიაგეთ ტანჯვა და გლოვა. ვინაიდან გულში ამბობდა: დედოფლად ვზივარ, ქვრივი არა ვარ და გლოვას არ ვიხილავო.

8. ამიტომ ერთ დღეს მოვა მისი წყლულები, სიკვდილი, გლოვა და შიმშილი, და დაიწვება ცეცხლში, ვინაიდან ძლიერია უფალი ღმერთი, რომელიც განიკითხავს მას.

9. და დაიტირებენ და იგლოვებენ მას დედამიწის მეფეები, მასთან რომ მეძავობდნენ და ნებივრობდნენ, როცა მისი ხანძრის კვამლს დაინახავენ.