2.12.18 Шествие в Иерусалим

2.12.18 იერუსალიმში დიდებით შესვლა

მათ.21,7-16 მარ.11,7-10 ლუკ.19,35-42 იოან.12,12-20

ბიბლიის მუხლები

მათე 21

7. მოჰგვარეს მას ვირი და ჩოჩორი, ზედ თავიანთი სამოსელი დაუფინეს და დაჯდა მათზე.

8. დიდძალი ხალხი თავის სამოსელს უფენდა გზაზე. სხვები კი ხეებიდან რტოებს ჭრიდნენ და გზაზე უფენდნენ.

9. ხოლო ხალხი, წინ რომ უძღოდა და უკან მისდევდა, ღაღადებდა: "ოსანა დავითის ძეს! კურთხეულია უფლის სახელით მომავალი! ოსანა, მაღალთა შინა!”

10. იერუსალიმში რომ შევიდა, მთელი ქალაქი შეიძრა; კითხულობდნენ: ვინ არისო იგი?

11. ხალხი კი ამბობდა: "ეს იესოა, წინასწარმეტყველი გალილეის ნაზარეთიდან”.

12. შევიდა იესო ტაძრად და გამორეკა ყველა გამყიდველი და მყიდველი, ვინც ტაძარში იყო; ააყირავა ფულის გადამცვლელთა მაგიდები და მტრედების გამყიდველთა სკამები.

13. უთხრა მათ: "დაწერილია: ჩემი სახლი სამლოცველო სახლად იწოდება, თქვენ კი მძარცველთა ბუნაგად გიქცევიათ იგი!”

14. მივიდნენ მასთან ბრმები და კოჭლები ტაძარში და განკურნა ისინი.

15. მღვდელმთავრებმა და მწიგნობრებმა დაინახეს საოცრებანი, მან რომ მოახდინა, ასევე ბავშვები, რომლებიც ტაძარში იძახდნენ: ოსანა დავითის ძესო! და გაბრაზდნენ.

16. უთხრეს: "თუ გესმის, რას ამბობენ ისინი?” იესომ უთხრა: "დიახ! ნუთუ არასოდეს წაგიკითხავთ: ჩვილთა და ძუძუმწოვართა პირით დაიმკვიდრე დიდება”.

მარკოზი 11

7. მიუყვანეს ჩოჩორი იესოს. ზედ თავიანთი ტანისამოსი დაუფინეს და შეჯდა მასზე.

8. ბევრმა დაუფინა გზაზე თავისი ტანისამოსი, ზოგმა კი - ველზე მოჭრილი რტოები.

9. ღაღადებდნენ წინ მიმავალნი და უკან მიმყოლნიც: "ოსანა! კურთხეულია უფლის სახელით მომავალი!

10. კურთხეულია ჩვენი მამის, დავითის მომავალი სამეფო! ოსანა, მაღალთა შინა!”

ლუკა 19

35. მიჰგვარეს იესოს, ტანისამოსი დააფინეს ჩოჩორს და ზედ შესვეს იგი.

36. მიმავალს კი თავის ტანისამოსს უფენდნენ გზაზე.

37. ზეთისხილის მთის დაღმართს რომ მიუახლოვდა, მისმა მრავალრიცხოვანმა მოწაფეებმა ხმამაღლა და სიხარულით იწყეს ღმერთის ქება-დიდება ყველა ძალთაქმედებისათვის, რაც იხილეს.

38. ამბობდნენ: "კურთხეულია უფლის სახელით მომავალი მეფე! მშვიდობა ზეცად და დიდება მაღალთა შინა!”

39. ზოგიერთმა ფარისეველმა ხალხიდან უთხრა მას: "მოძღვარო, აუკრძალე შენს მოწაფეებს”.

40. მიუგო მან პასუხად: "თქვენ გეუბნებით, ესენი რომ გაჩუმდნენ, ქვები აღაღადდებიან”.

41. ქალაქს რომ მიუახლოვდა და დაინახა, ატირდა მის გამო.

42. ამბობდა: "დღეს რომ მაინც გცოდნოდა, რა არის სამშვიდობო შენთვის, მაგრამ ახლა დაფარულია ეს შენს თვალთაგან.

იოანე 12

12. მეორე დღეს სადღესასწაულოდ მოსულმა დიდძალმა ხალხმა გაიგო, რომ იერუსალიმში მიდიოდა იესო.

13. აიღეს პალმის ტოტები, მის შესაგებებლად გავიდნენ და იძახდნენ: "ოსანა! კურთხეულ არს უფლის სახელით მომავალი, მეფე ისრაელისა!”

14. იესომ ჩოჩორი იპოვა და ზედ შეჯდა, როგორც დაწერილია:

15. "ნუ გეშინია, სიონის ასულო. აჰა, შენი მეფე მოდის ჩოჩორზე მჯდომი”.

16. მისი მოწაფეები თავიდან ვერ მიხვდნენ ამას, მაგრამ, როცა განდიდდა იესო, მაშინ გაიხსენეს და მიხვდნენ, რომ ეს მასზე იყო დაწერილი, და ასე მოექცნენ მას.

17. და მოწმობდა მის შესახებ ის ხალხი, რომელიც მასთან იყო, როცა საფლავიდან გამოიხმო ლაზარე და მკვდრეთით აღადგინა იგი.

18. ამიტომ შეეგება ხალხი, რაკი გაგონილი ჰქონდა, რომ ეს სასწაული მოახდინა.

19. ფარისევლებმა კი ერთმანეთს უთხრეს: "ხედავთ? ვეღარაფერს ვხდებით. მთელი ქვეყანა მას მიჰყვება”.

20. დღესასწაულზე თაყვანსაცემად ამოსულთა შორის ბერძნებიც იყვნენ.