2.13.19 Знак на челе и на руке - о страхе чипирования

2.13.19 ნიშანი შუბლსა და მკლავზე "ჩიპების" შიშის ფონზე

ადრეც იყო საუბარი და ახლა, კორონავირუსის პანდემიის დროს, მით უფრო გაცხოველდა ხსენება ჩიპებისა. დღეს ადამიანები, რომლებიც ამაზე ლაპარაკობენ, აქვთ არა სულიერი, არამედ ჰოლივუდური ხედვა. იღებენ და ავრცელებენ დამზაფრავ საშინელებათა ჟანრის ვიდეორგოლებს იმის შესახებ, რომ ბოლო ჟამია და ეს იმიტომ მოხდა, რომ "დაგვჩიპონ". თესავენ გაუცნობიერებელ შიშს ღვთის სიტყვაში ჩაუხედავ სულებში და ისინიც ფიქრობენ, ვაი, ვაი, თუ ასეა, რა გვეშველებაო

---

სამწუხაროა, რომ ბევრი ქრისტიანიც ვარდება ამ გაურკვეველ შიშში, რადგან ისმენენ ბიბლიის კონტექსტიდან მოწყვეტილი ადგილების საფუძველზე აგებულ მტკიცებულებებს "დაჩიპვის" შესახებ და ის კი არ იციან, რომ ვიდრე ეს მოხდება გმცხ.13,16.17

---

იქამდე ღმერთი "დაჩიპავს" თავისიანებს. ნახეთ ღმერთიც აღბეჭდავს შუბლებს გმცხ.7,3

---

და ამის შემდეგ, ვნება ეწევა მხოლოდ იმ ხალხს, რომელსაც არა აქვს ღვთის ბეჭედი შუბლზე გმცხ.9,4

---

რა ნიშანია ეს? 3 შვიდიანი თუ 3 ცხრიანი, თუ სიტყვასიტყვით უნდა წარმოვიდგინოთ შტრიხკოდი კანქვეშ? - უგუნურება იქნება ასე "ბუკვალურად" გავიგოთ... მადლი შევწიროთ ღმერთს, რომ ქრისტეს მორწმუნეთა შუბლიც და მარჯვენაც უკვე დაკავებულია და აღბეჭდილია ღმერთის მიერ სულიწმიდით, რაც საწინდარია ჩვენი ხსნისა საქ.2,17; 2კორ.1,22 ეფ.1,13; 4,30

---

ბეჭედი არის კუთვნილების ნიშანი, განსაზღვრავს რისი ან ვისი თაყვანისმცემელი ვართ - ეს ქრისტიანისთვის გადაწყვეტილი საკითხია,

- რადგან სწამს ღმერთი და სულით და ჭეშმარიტებით სცემს თაყვანს რჯ.4,39

- ღვთის სიტყვები ნიშნად აქვს შუბლსა და ხელზე რჯ.6,8; 11,18

- ღვთის შეგონებებითაა აღბეჭდილი მისი ყურები იობ.33,16

- უფალს უჭირავს მისი მარჯვენა ფს.72,23

- კაჟზე გამაგრებულია მისი შუბლი და ვერ აშინებენ უკეთურნი ეზეკ.3,9

- აღბეჭდილია მგლოვიარის შუბლი სხვათა სისაძაგლის გამო ეზეკ.9,4; 2პეტ.2,7

- ნუგეშცემულია იმით, რომ მომავალში უფალთან იქნება და მის სახეს იხილავს გმცხ.14,1; 20,4; 22,4

- ფხიზლობს, მუდამ მზადაა უფალთან შესახვედრად, ცხოვრობს ისე, თითქოს უკანასკნელი დღე იყოს მის ცხოვრებაში, რადგან არავინ არ იცის ხვალინდელი დღე ვის გაუთენდება, ანუ ეს მეორედ მოსვლა მის ცხოვრებაში როდის მოხდება

- ქრისტეს ამაღლებიდან დღემდე, სწამს რომ უკანასკნელი ჟამია 1იოან.2,18 გმცხ.22,4

- და რაც მთავარია ქრისტეს მოსავია იგი, კრავის სისხლითაა მონიშნული მისი შესასვლელის კარისთავი და ორთავე წირთხლი, დარწმუნებულია, რომ უფალი არ შეუშვებს დამღუპველს მის საცხოვრისში შესამუსრავად გამ.12,23

---

ხოლო ისინი, ვინც არაეკლესიურია და ქრისტეს გარეშე ცხოვრებას ეწევა

- დავუფიქრდეთ ღმერთის გულმოწყალებას, კაენმა თუმცა არ შეინანა დანაშაული და მხოლოდ თავის მიუსაფრობაზე დაიჩივლა მის წინაშე, ღმერთმა მას ნიშანი დაადო, რათა ყოველ შემხვედრს არ შესძლებოდა მისი მოკვლა დაბ.4,15

- ღმერთს არავის დაღუპვა არ უნდა, მისიც, ვინც დღეს ნებაყოფლობით იკეთებს ჩიპს და ამით ამაყობს, მერე რა მოხდა, ეს პრაქტიკულიც კიაო;

- არც მათი, ვინც დღეს ათეისტია და ნებსით თუ უნებლიედ დარჩება ღვთის ნიშნის გარეშე და დაღუპვის ძე დაადებს თავის ნიშანს მის თავისუფალ შუბლსა და მარჯვენას

---

რას ნიშნავს შუბლი და მარჯვენა? - თავი ფიქრებია, აზროვნებაა, ხელი კი საქმიანობა. ბევრს ეშინია ჩიპის და მისი აზროვნება კი კაცთმოძულეა, უსიყვარულოდ დადის, შურიანია - ბევრი აღბეჭდილია უკვე და თავისი საქმიანობით ემსახურება ქრისტეს მოწინააღმდეგე სულს, მერე რა თუ ის ჩიპის მიღებაზე უარს იტყვის მომავალში?

- თუ უსირცხვილოა იერ.3,3

- აჭირვებს ღვთის სულს ეფ.4,30

- მრავლად არიან ანტიქრისტეები მთელი ამ 2000 წლის მანძილზე 1იოან.2,18

- ვინც თაყვანს სცემს ეშმაკს ისინი აღიბეჭდებიან გმცხ.14,9.11; 16,2; 17,5

---

ზოგი ქრისტიანი შიშით უყურებს იმ მუხლებს, სადაც ნათქვამია, რომ ვაჭრობა იქნება შეუძლებელი მხეცის ნიშანის გარეშე გმცხ.13,16.17

- ევროპის ზოგ ქვეყანაში უკვე დღეს "ქეშად" ვერაფერს იყიდი. ჩვენთანაც მოქმედებაშია საბანკო ბარათები, რომელთაც გააჩნიათ ჩიპები. მთავარი ჩიპები კი არ არის, არამედ ის, რომ თავად მხეცი მოითხოვს და ვინც თაყვანს სცემს, მათ ექნებათ ეს ნიშნები, ანუ ნიშანი აზრს კარგავს თუ არ არის თაყვანისცემა.

- დღეს ჩვენ არ ვიმყოფებით იმ ჟამში, რომ სადღაც იყოს დაღუპვის ძე და მოითხოვდეს თაყვანისცემას

- ეს "ჩიპირება" ხდება შვიდწლიანი პერიოდის მეორე ნახევარში და დღეს შვიდეულის პირველი ნახევარიც არ არის დაწყებული. დღეს ყიდვა-გაყიდვას არავინ გვიკრძალავს და თუ დავაკვირდებით დღევანდელი რეალობა აცდენილია იმას, რაც შეიძლება იყოს მომავალში

- გავიხსენოთ ელიას დროც: მთელ დედამიწას შეეხო ის გასაჭირი გარდა წმინდა წინასწარმეტყველისა, რადგან მას არ ანაღვლებდა რა ეჭამა და რა ესვა, რით შემოსილიყო. უპირველესად ის ეძიებდა მის თაყვანისცემას, ვისაც შეეძლო ეს ყოველივე მიეცა. სამ წელიწადნახევარი სკლინტს ჭამდა ხალხი და ვირის თავები ოქროს ფასი ღირდა, დედები შვილების ხორცსა ჭამდნენ, ამ დროს კი წინასწარმეტყველი ზებუნებრივად იკვებებოდა. მას არ აინტერესებდა რა ფასები იყო ქვეყანაზე, მეორე სამ წელიწადნახევარი არაებრაელ ქვრივთან გაგზავნა უფალმა და მას ზეთი და ფქვილი არ გამოლევია. (3მფ.17 თავი) ეს მიგვანიშნებს იმაზე, რომ აქცენტი ყიდვა-გაყიდვაზე კი არ უნდა გვქონდეს გადატანილი და არც იმას უნდა იწვევდეს, ყველაფერი გააკეთოთ ოღონდაც კი შევჭამოთ. უნდა მივენდოთ ღმერთს და ის იზრუნებს ჩვენს საჭიროებებზე

- მოციქული პავლე ამბობს 1თეს.5,4 "მაგრამ თქვენ, ძმანო, ბნელში როდი ხართ, რომ მპარავივით გეწიოთ დღე." თუკი ქრისტიანები ვართ, მაშინ პრეტენზიაც გვაქვს სინათლის ძეობაზე, ე.ი. ჩვენ რაღაცას წინასწარ მივხვდებით და გავიგებთ სული წმიდისადმი მორჩილებით... არ ეგების ჩვენგან იმაზე ზრუნვასა და შიშში ვიყოთ თუ როგორ დავიცვათ თავი ჩვენ თვითონ, რადგან "თუ უფალი არ დაიცავს ქალაქს, ამაოდ ფხიზლობს მისი გუშაგი." (ფს.126,1)

- ნამდვილად არ შეგვფერის რაღაც "ჩიპების" გვეშინოდეს ბრმად და უსაფუძვლოდ.

 

ბიბლიის მუხლები

 

დაბადება 4

15. "ამიტომ შვიდგზის მიეზღვება კაენის მკვლელს”. და დაადო უფალმა ნიშანი კაენს, რომ ყოველ შემხვედრს ვერ მოეკლა იგი.

 

გამოსვლა 12

23. ჩამოივლის უფალი ეგვიპტის შესამუსრავად, დაინახავს სისხლს კარისთავზე და ორთავე წირთხლზე და გვერდს აუვლის უფალი თქვენს კარს, არ შეუშვებს დამღუპველს თქვენს სახლებში თქვენს შესამუსრავად.

 

მეორე რჯული 4

39. ახლა შეიგნე და გულს ჩაიბეჭდე, რომ უფალი ღმერთია მაღლა ცაში და დაბლა მიწაზე. სხვა არ არის.

 

მეორე რჯული 6

8. ნიშნად შეიბი ხელზე და შუბლსაკრავად თვალთა შორის.

 

მეორე რჯული 11

18. ჩაიდეთ ეს ჩემი სიტყვები გულსა და სამშვინველში, ხელზე შეიბით ნიშნად და შუბლზე მიიკარით თვალებს ზემოდან.

 

3მეფეთა 17

5. წავიდა ისიც და უფლის სიტყვისამებრ მოიქცა; წავიდა და ჩაჯდა ქერითის ხევში, იორდანეს გასწვრივ.

6. მოჰქონდათ მისთვის ყორნებს დილაობით პური და ხორცი, და საღამოობითაც პური და ხორცი. წყალს კი ხევიდან სვამდა.

9. ადექი და წადი ციდონის ცარფათში და იქ იცხოვრე. ნაბრძანები მაქვს იქ ერთი ქვრივი ქალისთვის, რომ საჭმელი გაჭამოს.

14. რადგან ასე ამბობს უფალი, ისრაელის ღმერთი: ქოთანში ფქვილი არ გამოილევა და დოქში ზეთი არ დაიკლებს, ვიდრე უფალი წვიმას არ მოიყვანს ამქვეყნად.

15. წავიდა ქალი და ისე გააკეთა, როგორც ელიამ უთხრა: ჭამდა თვითონ, მისი სახლიც და ელიაც რამდენიმე ხანს.

16. ქოთანში ფქვილი არ ილეოდა და დოქში ზეთი არ იკლებდა უფლის სიტყვისამებრ, როგორც ნათქვამი ჰქონდა ელიას პირით.

 

იობი 33

16. მაშინ ხსნის ღმერთი ადამიანთა ყურებს და თავისი შეგონებებით ბეჭდავს,

 

ფსალმუნი 72

23. და მაინც მუდამ შენთან ვარ, შენ გიჭირავს ჩემი მარჯვენა.

 

იერემია 3

3. ამიტომ, შეკავდა წვიმები, არც ნაგვიანევად გაწვიმებულა. შენ კი მეძავის შუბლი გქონდა, უკუაგდე სირცხვილი.

 

ეზეკიელი 3

9. კაჟზე მაგარი ალმასივით გაგიმაგრე შუბლი. ნუ შეგეშინდება მათი, ნუ შეგაკრთობს მათი სახე, რადგან მოჯანყე სახლია”.

 

ეზეკიელი 9

4. უთხრა უფალმა: "ქალაქის შუაგულში ჩაიარე, იერუსალიმის შუაგულში და შუბლზე ნიშანი დაადე იმათ, რომ კვნესიან და მოთქვამენ ყოველი იმ სისაძაგლის გამო, რაც იქ ხდება”.

 

საქმეები 2

17. „და იქნება უკანასკნელ დღეებში, ამბობს ღმერთი, მივაფენ ჩემი სულისაგან ყველა ხორცს, და იწინასწარმეტყველებენ თქვენი ძენი და თქვენი ასულნი, თქვენი ჭაბუკები იხილავენ ხილვას და თქვენი მხცოვანნი ნახავენ სიზმრებს,

 

2პეტრე 2

7. ხოლო მართალი ლოტი ურჯულოთა უგვანი ქცევით გაწამებული, იხსნა,

 

1იოანე 2

18. ყრმანო, უკანასკნელი ჟამია, და, როგორც გსმენიათ, რომ მოდის ანტიქრისტე, აწ უკვე მრავლად არიან ანტიქრისტენი, საიდანაც ვიგებთ, რომ უკანასკნელი ჟამია.

 

2კორინთელთა 1

22. რომელმაც ასევე აღვგბეჭდა და მოგვცა წინდი სულისა ჩვენს გულებში.

 

ეფესელთა 1

13. მასში ხართ თქვენც, ვინც მოისმინეთ ჭეშმარიტების სიტყვა, თქვენი გადარჩენის სახარება, იწამეთ იგი და დაიბეჭდეთ აღთქმული სულიწმიდით,

 

ეფესელთა 4

30. ნუ შეაჭირვებთ წმიდა სულს ღვთისას, რომლითაც აღიბეჭდეთ გამოხსნის დღისთვის.

 

გამოცხადება 7

3. და უთხრა: "ნუ ავნებთ დედამიწას, ზღვასა და ხეებს, ვიდრე დავბეჭდავდეთ ჩვენი ღმერთის მონათა შუბლებს”.

 

გამოცხადება 9

4. და ითქვა მათ მიმართ, რომ არა ავნონ რა არც ბალახს მიწისას, არც მწვანილს რასმე და არც ხეს რასმე, არამედ მხოლოდ იმ ხალხს, რომელსაც არა აქვს ღვთის ბეჭედი შუბლზე.

 

გამოცხადება 13

16. და აიძულებს ყველას, დიდსა თუ მცირეს, მდიდარსა თუ ღარიბს, მონასა თუ თავისუფალს, ნიშანი დაისვან მარჯვენა ხელსა თუ შუბლზე.

17. ასე რომ, ვერავინ იყიდის ან გაყიდის რამეს, მათ გარდა, ვისაც აქვს ნიშანი - მხეცის სახელი, ან მისი სახელის რიცხვი.

 

გამოცხადება 14

1. და ვიხილე, აჰა, კრავი დგას სიონის მთაზე და მასთან ას ორმოცდაოთხი ათასი, რომელთაც შუბლებზე აწერიათ მისი სახელი და მისი მამის სახელი.

9. მესამე ანგელოზი მოჰყვა მათ და დიდი ხმით თქვა: "ვინც თაყვანსა სცემს მხეცს და მის ხატებას და მიიღებს ნიშანს შუბლზე ან ხელზე,

11. კვამლი მათი წამებისა ავა უკუნითი უკუნისამდე და არც დღისით და არც ღამით აღარ ექნებათ მოსვენება მხეცისა თუ მისი ხატების თაყვანისმცემელთ და მისი სახელის ნიშნით აღბეჭდილთ.

 

გამოცხადება 16

2. წავიდა პირველი და დასთხია თავისი თასი ქვეყნად; და მოიწყლა სასტიკი და საზარელი წყლულებით ხალხი, რომელსაც ჰქონდა მხეცის ნიშანი და თაყვანს სცემდა მის ხატს.

 

გამოცხადება 17

5. შუბლზე ეწერა საიდუმლო სახელი: "დიდი ბაბილონი, მეძავთა და დედამიწის სიბილწეთა დედა”.

 

გამოცხადება 20

4. და ვიხილე ტახტები და მათზე მხსდომნი; და გადაეცათ მათ სამსჯავრო; და იესოს მოწმობისა და ღვთის სიტყვისთვის თავმოკვეთილთა სულები, რომლებმაც არც მხეცს სცეს თაყვანი, არც მის ხატებას და არც მისი ნიშანი მიიღეს შუბლსა და ხელზე. ისინი გაცოცხლდნენ და მეფობდნენ ქრისტესთან ერთად ათას წელს.

 

გამოცხადება 22

4. იხილავენ მის სახეს, და მისი სახელი შუბლზე ექნებათ.

10. და მითხრა: "ნუ დაბეჭდავ ამ წიგნის წინასწარმეტყველების სიტყვებს, რადგან ახლოა დრო.

 

__თემაზე წერდნენ__

***

ჩიპისადმი შიში არის საფრთხობელა რომელსაც დღეს სატანა იყენებს მორწმუნეთა ყურადღების გადასატანად და ის რასაც მერე შესთავაზებს მათ იმის არმიღებაზე ისინი არც კი დაფიქრდებიან რადგან მომზადებულნი არ იქნებიან იმაში. მე ძალიან მაფიქრებს ეს ისტერიული შიში რომლითაც გამსჭვალულია ასოს გამოკიდებული ხალხი რომელთაც არ უწყიან რომ სულიერი სულიერით უნდა განისაჯოს. მოდი ჯერ. ამაზე ვიფიქროთ თუ როგორ გადავრჩეთ სულიერად და ღმერთი თავის დროზე გვიჩვენებს სულში თუ რას მოვერიდოთ. თორემ რა აზრი აქვს მისთვის ვისაც ქრისტე არ მიუღია თავის მხსნელად და უფლად თუ არ მისცემს უფლებას ჩიპი არ გაიკეთოს. უღმერთო ხომ ისედაც დაღუპილია. ვითომ ქრისტე ვისაც არ სწამს და ჩიპზე უარს იტყვის გადარჩება? შენ ქრისტეს შეუდექი ასრულებ მის მცნებებს ცდილობ იყო უფლისთვის სათნო და მზად ხარ ქრისტეს მეორედ მოსვლის შესახვედრად. მადლობა ღმერთს რომ ქრისტიანი ხარ მაგრამ ჩემო ძმაო მიმოიხედე რამდენი დაღუპვის გზაზე მდგარია ჩვენს გარშემო. როგორ ფიქრობ მათ რამეში ეხმარება ეს საფრთხობელები თუ უფრო გაურკვეველ მდგომარეობაში ვაგდებთ? ვუქადაგოთ მათ რომ მოახლოებულია ცათა სასუფეველი დავაფიქროთ ქრისტესთან შეხვედრაზე. რა ვიცი მე მგონია ეს არის მთავარი თორემ ასე რა ხერხით გაგვიკეთებენ ჩიპს ნანოტექნოლოგიით თუ სხვა ჩვენთვის უცნობი ხერხით რა მნიშვნელობა აქვს. აქ მთავარია ჩვენი არჩევანი. მაგრამ ჯერ ქრისტე უნდა ავირჩიოთ რომ ამას მივხვდეთ.

__ მირზა ბადიაური __

 

__ვიდეოქადაგება__

https://www.youtube.com/watch?v=brsODOVqmTE

 

--------------------------------------

სურათზე: შეშინებული ადამიანები ეჭვის თვალით უყურებენ დისტანციურ თერმომეტრებსა და შესაძლო ვაქცინაციასაც