3.26.2 Еще молились, что услышал Господь

3.26.2 ჯერ კიდევ ლოცვაში იყვნენ, რომ უსმინათ უფალმა

დაბ.24,[45] ნეემ.2,4-6 ფს.106,6.7 ეს.58,9; 65,24 დან.9,20-23 მათ.7,7-11 საქ.10,30-33; 12,12-16 რომ.8,26-28

ბიბლიის მუხლები

დაბადება 24

45. ჯერ არ დამესრულებინა სიტყვა, რომ მხარზე სურაშემოდგმული რებეკა დავინახე. ჩავიდა ჭასთან და წყალი ამოიღო. ვუთხარი, დამალევინე-მეთქი.

ნეემია 2

4. მკითხა მეფემ: "რას ითხოვ?” და ვილოცე ცათა ღმერთის წინაშე.

5. ვუთხარი მეფეს: "თუ ინებებს მეფე, და თუ შენმა მსახურმა მადლი ჰპოვა შენ წინაშე, მაშინ გამგზავნე იუდაში, ჩემი მამების სამარხების ქალაქში, და თავიდან ავაშენებ მას”.

6. მითხრა მეფემ, რომელსაც დედოფალი ეჯდა გვერდით: "რამდენი ხანი მოუნდები ამას და როდის დაბრუნდები?” და ინება მეფემ ჩემი გაგზავნა და მეც დავუთქვი დრო.

ფსალმუნი 106

6. მაშინ შეჰღაღადეს უფალს თავიანთ უბედურების ჟამს და გაჭირვებიდან იხსნა ისინი.

7. დააყენა სწორ გზაზე, რომ მისულიყვნენ ქალაქში, სადაც უნდა დამკვიდრებულიყვნენ.

ესაია 58

9. მაშინ მოუხმობ და გიპასუხებს უფალი, შეჰღაღადებ და იტყვის: "აქ ვარ!” თუ შენი წიაღიდან უღელს მოიცილებ, თითს აღარ გაიშვერ და ბოროტებას აღარ ილაპარაკებ;

ესაია 65

24. და იქნება, სანამ მომიხმობენ - ვუპასუხებ, ჯერ კიდევ ლაპარაკში იქნებიან, რომ შევისმენ.

დანიელი 9

20. ჯერ კიდევ ვლაპარაკობდი, ვლოცულობდი და ვაღიარებდი ჩემი და ჩემი ხალხის, ისრაელის ცოდვებს და ვევედრებოდი უფალს, ჩემს ღმერთს, ჩემი ღმერთის წმიდა მთის გამო,

21. ჯერ კიდევ ვლოცულობდი, რომ კაცი გაბრიელი, რომელიც ადრე ხილვაში ვიხილე, მომიახლოვდა დაღლილ-დაქანცულს, საღამოს მსხვერპლშეწირვის ჟამს.

22. შემაგონა, მელაპარაკა და მითხრა: "დანიელ! ახლა გამოვედი, რომ მოგცე წვდომა და გონიერება.

23. შენი ვედრების დასაწყისში გამოვიდა სიტყვა და მოვედი, რომ გაცნობო იგი, რადგან დიდად პატივდებული კაცი ხარ; ჩაუკვირდი ამ სიტყვას და ჩაწვდი ხილვას.

მათე 7

7. ითხოვეთ და მოგეცემათ, ეძიეთ და იპოვით, დააკაკუნეთ და გაგეღებათ.

8. ვინაიდან ყოველი, ვინც ითხოვს - ღებულობს, ვინც ეძიებს - პოულობს და ვინც აკაკუნებს - გაეღება.

9. არის კი თქვენ შორის ისეთი კაცი, შვილმა პური სთხოვოს, მან კი ქვა მისცეს?

10. ანდა თევზი სთხოვოს და გველი მიაწოდოს?

11. მაშ, თუ თქვენ, ბოროტებმა, იცით კეთილ მისაცემელთა მიცემა თქვენი შვილებისთვის, მეტადრე თქვენი ზეციერი მამა მისცემს სიკეთეს იმას, ვინც სთხოვს.

საქმეები 10

30. მიუგო კორნელიუსმა: "ოთხი დღის წინ ამ საათამდე ვმარხულობდი, მეცხრე საათზე კი შინ ვლოცულობდი და აჰა, ჩემს წინაშე, ელვარე სამოსით შემოსილი კაცი დადგა.

31. მითხრა: კორნელიუს, შესმენილია შენი ლოცვა და მოხსენებულია შენი მოწყალებანი ღვთის წინაშე.

32. ამიტომ გაგზავნე იაფოში და დაუძახე სიმონს, პეტრედ რომ იწოდება; იგი მეტყავე სიმონთან დგას ბინად, ზღვის პირას.

33. მეც მაშინვე გამოვგზავნე შენთან და კარგად მოიქეცი, რომ მოხვედი. ახლა ყველანი ვდგავართ ღვთის წინაშე, რომ მოვისმინოთ ყოველივე, რაც უფლისგან გაქვს ნაბრძანები”.

საქმეები 12

12. გონსმოსული, მიადგა მარკოზად წოდებული იოანეს დედის, მარიამის სახლს, სადაც მრავალნი შეკრებილიყვნენ და ლოცულობდნენ.

13. პეტრემ ჭიშკარზე რომ დააკაკუნა, ერთი მოახლე, სახელად როდი, კარის გასაღებად გამოვიდა.

14. როგორც კი პეტრეს ხმა იცნო, ისე გაუხარდა, რომ ჭიშკრის გაღება დაავიწყდა, შინ შევარდა და იქ მყოფთ შეატყობინა, კართან პეტრე დგასო.

15. უთხრეს: "ჭკუიდან გადახვედი?” ის კი თავისას ამტკიცებდა. და ამბობდნენ: "ეს მისი ანგელოზი იქნება”.

16. პეტრე კაკუნს განაგრძობდა. კარი რომ გაუღეს, დაინახეს და გაოცდნენ.

რომაელთა 8

26. ასევე სულიც გვეხმარება ჩვენს უძლურებაში; ვინაიდან არ ვიცით, რისთვის ვილოცოთ, როგორ შეეფერება, არამედ თვით სული შუამდგომლობს ჩვენთვის გამოუთქმელი ოხვრით.

27. ხოლო გულთამხილავმა იცის, რა არის სულის ზრახვა, იმიტომ, რომ იგი ღვთის ნებით შუამდგომლობს წმიდათათვის.

28. ჩვენ კი ვიცით, რომ ღვთის მოყვარულებს, მისი განზრახვით მოწოდებულებს, ყოველივე სასიკეთოდ ეწევა.

----------------------------

სურათზე: ჯოვანი ლანფრანკოს - რებეკასა და ელიაზარის შეხვედრა